ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსეთის პირველი სამხედრო გემი შევიდა
ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პირველი სამხედრო გემი შევიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ OSINT ანალიტიკოსი HI Sutton სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიტიკოსის ცნობით, საუბარია პროექტ 22870-ის ტიპის გემზე, რომელიც პირველი ივლისამდე, ბაზირების მუდმივ ლოკაციაზე, ნოვო-როსიისკის პორტში იმყოფებოდა, თუმცა 3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ 5 ივლისს ოჩამჩირის პორტში შენიშნეს.
საყურადღებოა, რომ 3 ივლისს უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГРУ) ნოვო-როსიისკის პორტზე საზღვაო დრონებით განხორციელებული იერიშის შესახებ გამოაცხადა.
გამოცემა Naval News-ის ცნობით, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთს ამ კლაფისიფიკაციის სულ 3 სამხედრო გემი ჰყავს. აქამდე ოჩამჩირეში განთვასებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) რამდენიმე კატერი.
ამ პროექტის გემის ოჩამჩირის პორტში შესვლა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემის მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტია.
კონტექსტი
ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირების მუდმივი პუნქტის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გასული წლის 5 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბჟანია მაშინ აცხადებდა, რომ შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.
იმავე დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის გახსნას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევად შეაფასა და მოუწოდა რუსეთს დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. რუსეთის მოქმედებები გააპროტესტა საქართველოს მეგობართა ჯგუმა ეუთოს საპარალმენტო ასამბლეაში.
მიუხევად ამისა, მიმდინარე წლის იანვარში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საზღვაო ბაზა რამდენიმე თვეში დაიწყებდა ფუნქციონირებას.
ივნისში, პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებდა, რომ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნით რუსეთის შავი ზღვის აკვატორიაზე კონტროლის დამატებითი ბერკეტის შექმნას ცდილობდა.
ამასთანავე, ლილუაშვილი ამბობდა, რომ რთული მდებარეობისა და მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ რუსეთს ოჩამჩირის პორტი დიდი სამხედრო გემების ნავსადგომად გამოეყენებინა.
OSINT ანალიტიკოსების, ცნობით, ოჩამჩირის პორტს შეუძლია ერთდროულად მიიღოს რამდენიმე დიდი სამხედრო გემი, მათ შორის როგორც სადესანტო, ასევე ფრეგატები.
პროექტ 22870-ის გემები როგორც წესი საბუქსირო-სამაშველო გემად კლასიფიცირდება, თუმცა სამხედრო ექსპერტების ცნობით, ამ ტიპის გემები ხშირად აცილებენ როგორც ფრეგატებს, ასევე სადესანტო გემებს, ხოლო საომარი მოქმედებების დროს ამ ტიპის გემებით სარაკეტო სისტემები გადააქვთ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლის პორტზე განხორციელებული წარმატებული და მტკივნეული შეტევების შემდეგ, რუსეთმა ოჩამჩირე შესაძლოა გამოიყენოს ბაზად საბრძოლო მისიებისთვის.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ აზოვისა და შავ ზღვაში ჯამურად 26 რუსული სამხედრო გემი დააზიანა ან გაანადგურა, რაც სხვადასხვა მონაცემებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თითქმის მესამედია.
ამ ფონზე, რუსეთი იძულებული გახდა ფლოტის გადარჩენილი და ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანი გემები ყირიმის წყლებიდან გაეყვანა.