ტრამპმა ჩინეთის დაზვერვისთვის სანქციების დაწესება სავაჭრო ზავის გამო გადადო – FT
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მასშტაბური კიბერ-ჯაშუშობის კამპანიისთვის სანქციები არ დაუწესოს, რათა არ ჩაშალოს სავაჭრო ზავი და მომავალ გაზაფხულზე კვლავ შეხვდეს სი ძინფინგს.
ვითარების არსი: Financial Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრმა სახლმა გადადო სანქციების დაწესება ჩინეთის სადაზვერვო უწყებისა და მისი კონტრაქტორების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ აშშ-ის სატელეკომუნიკაციო ქსელების წინააღმდეგ მიმართულ ჰაკერულ კამპანიაში, რომელიც ცნობილია როგორც Salt Typhoon.
- წყაროების თქმით, ამის მიზეზი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესის ხელშეწყობაა.
- "რამდენიმე პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკის მიზანი პეკინის მიმართ ახლა 'სტაბილურობის' უზრუნველყოფაა. ეს სტრატეგია იმოქმედებს მანამ, სანამ შეერთებული შტატები არ შეამცირებს დამოკიდებულებას ჩინურ იშვიათ მინერალებზე. ტრამპს ასევე არ სურს საფრთხე შეუქმნას მის დაგეგმილ ვიზიტს პეკინში, რომელიც აპრილში უნდა შედგეს." - წერს გამოცემა.
ჩაშლილად: გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ იმედგაცრუება გამოიწვია აშშ-ის მთავრობაში მყოფ "ქორებს" შორის.
- კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს უგულებელყოფს სავაჭრო შეთანხმებების გამო.
- კრიტიკოსების დამატებით შეშფოთებას იწვევს ადმინისტრაციის მზადება მაღალი დონის შეხვედრისთვის, რათა კომპანია Nvidia-ს მიეცეს ლიცენზია მოწინავე H200 ჩიპების ჩინეთში ექსპორტზე.
- ამავდროულად, სი ძინფინგთან ოქტომბრის სამიტამდე, ტრამპი განიხილავდა კიდევ უფრო მძლავრი Blackwell-ის ჩიპების გაყიდვის ნებართვის მიცემის შესაძლებლობას, თუმცა მრჩევლებმა ის დაარწმუნეს, რომ ამ ნაბიჯზე უარი ეთქვა.
დიდი სურათი: წყაროების ინფორმაციით, ბოლო კვირებში თეთრმა სახლმა გააძლიერა ჩინეთის მიმართ პოლიტიკის კოორდინაცია.
- ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, სტივენ მილერს, დაევალა უზრუნველეყო, რომ პროფილურ სამინისტროებს თავი შეეკავებინათ იმ ზომებისგან, რომლებიც დიპლომატიურ დათბობას საფრთხეს შეუქმნიდა.
- ეს დავალება ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიცა, რომელმაც გაოცება გამოთქვა ჩინური კორპორაცია Alibaba-ს შესახებ თეთრი სახლის შიდა დოკუმენტის გამოქვეყნების გამო.
- დოკუმენტში, რომელიც გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობოდა, ნათქვამი იყო, რომ ტექნოლოგიური გიგანტი, სავარაუდოდ, მხარს უჭერს ჩინეთის სამხედრო ოპერაციებს აშშ-ის წინააღმდეგ.
- თავად Alibaba ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
კონტექსტი: კიბერ-ჯაშუშობის კამპანია Salt Typhoon ამერიკული ციფრული ინფრასტრუქტურისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევა.
- წლის დასაწყისში ჯეიკ სალივანმა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, ამ ოპერაციას მასშტაბით "უნიკალური" უწოდა.
- მისი თქმით, ჩინეთის დაზვერვამ არა მხოლოდ ამერიკელი მაღალჩინოსნების ტელეფონებზე მოიპოვა წვდომა, არამედ შეაღწია აშშ-ის ყველა დიდ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, რის გამოც მას აქვს შესაძლებლობა "მოსასმენად ნებისმიერი ტელეფონი აირჩიოს."
- პეკინი უარყოფს თავისი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მონაწილეობას ამერიკული ქსელების გატეხვაში.
- ამავდროულად, Financial Times-ის წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობამ და სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა Salt Typhoon-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელო პროგრესს მიაღწიეს.