ტრამპის დამაჯერებელი მოგება და დემოკრატების შიში - პირველი დებატების შედეგები

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართა. დებატები ამჯერად CNN-მა დააორგანიზა. დარბაზში არ იმყოფებოდნენ მაყურებლები და პოლემიკა 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

დებატების დასრულებიდან გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, ხმათა 67%-ით გამარჯვებულად დონალდ ტრამპი გამოცხადდა. ამავე აზრზე არიან ანალიტიკოსებისა და პოლიტიკური კომენტატორების უმრავლესობა. 

დონალდ ტრამპის მოულოდნელი და დამაჯერებელი გამარჯვების ფონზე, დემოკრატიული ბანაკის წარმომადგენლები საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. კანდიდატის შეცვლა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ეს ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. 

90 წუთის განმავლობაში, 81 წლის პრეზიდენტი აჟღერებდა სხვადასხვა ფაქტებს, ცდილობდა აეხსნა კონტექსტი და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დეტალები სხვადასხვა საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით - საემიგრაციო პოლიტიკიდან ეროვნულ უსაფრთხოებამდე. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ბაიდენი ვერ გამოიყურებოდა თავდაჯერებულად.

დონალდ ტრამპმა მისთვის დამახასიათებელი შეტევის სტრატეგია აირჩია - ჯო ბაიდენს თავზე ბრალდებებს აყრიდა და, თუ New York Times დავუჯერებთ, ზოგან უბრალოდ იტყუებოდა კიდეც. დებატების დაწყებიდან მალევე ტრამპი პერსონალურ შეტევაზეც გადავიდა და ბაიდენს 'ლუზერი' უწოდა.  მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი ბაიდენზე ბევრად ენერგიულად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.

დებატებში ტრამპის გამარჯვებამ, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობაში ახალი კითხვები გააჩინა, რომელშიც ფორმალურად უკვე გადაწყვეტილი იყო კანდიდატების ვინაობა. 

გარდა ამისა, უცნობია თუ რას იზამს დონალდ ტრამპი მარცხის შემთხვევაში - 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ პროცესი სამართლიანი იქნება. საყურადღებოა, რომ ტრამპს დღემდე არ უღიარებია მარცხი წინა საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, 2020 წელს ადგილი ჰქონდა შედეგების უპრეცედენტო ფალსიფიკაციას. ტრამპის შტაბის ყველა საჩივარი მტკიცებულებების არ ქონის საფუძველზე სხვადასხვა დონის რამდენიმე სასამართლომ უარყო. 

პანიკა დემოკრატიულ ბანაკში 

გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპს და ბაიდენს უკვე ეკავათ პრეზიდენტის პოსტი, დებატების მთავარი ინტრიგა მდგომარეობდა არა დაპირებებსა და სიტყვებში, არამედ, იმაში თუ, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებდნენ კანდიდატები ამომრჩევლებზე. 

რეაქციების მიხედვით, დემოკრატიულ პარტიაში უსიამოვნოდ გაოცებულები არიან დებატების შედეგებით - თანაპარტიელებს არ მოეწონათ, თუ როგორ გამოიყურებოდა და ჟღერდა პრეზიდენტი ბაიდენი. 

"აგრესიული პანიკა" - ასე აღწერს დემოკრატების რეაქციას დებატების შედეგებზე ტელეარხი CNN. "კატასტროფა ჯო ბაიდენისთვის" - ასე გამოეხმაურა დებატებს გამოცემა Atlantic. "ბაიდენი დამთავრებულია" - ამბობს გამოცემა Politico-სთან საუბარში ერთ-ერთი დემოკრატი. 

დებატების დასრულებიდან მალევე, New York Times-ის გავლენიანმა კოლუმნისტმა, ნიკოლას კრისტოფმა ბაიდენს მოუწოდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ. მიუხედავად დემოკრატების მიმართ ტრადიციულად ლოიალურმა გაზეთმა მსგავსი პათოსის რამდენიმე სვეტი გამოაქვეყნა. 

ბაიდენის ასაკი მის წინააღმდეგ არსებული მთავარი ფაქტორია - ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტია. წლების განმავლობაში რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ ბაიდენს აღარ ძალუძს პრეზიდენტობა. დემოკრატები უარყოფდნენ ამ შეხედულებას, თუმცა, მათი რეაქცია დებატებზე მეტყველებს, რომ შესაძლოა პოზიცია შეცვალონ. 

რამდენიმე ამერიკული გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი დებატებზე გაციებული იყო. თავად ბაიდენმა განაცხადა, რომ ყელი სტკივა, რითაც, შესაძლოა აიხსნას მისი უჩვეულოდ 'დამჯდარი' ხმა, მაგრამ არ ხსნის კანდიდატის დაბნეულობას და სირთულეებს მეტყველებაში. 

ჯო ბაიდენზე ბევრად ახალგაზრდა არ არის დონალდ ტრამპიც (78 წლის) - მას ახასიათებს ხანგრძლივი, ხშირად გადაუბმელი და ზიზღიანი გამოსვლები. დემოკრატები მიუთითებდნენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ვერ იქნება ისეთი გაუწონასწორებელი ადამიანი, როგორც ტრამპია. 4 წლის წინ ამ აზრს დაეთანხმა ამომრჩევლების უმრავლესობა. 

2020 წლის საპრეზიდენტო დებატებზე ბაიდენი კომპეტენტური, დისციპლინირებული და ამერიკული პოლიტიკის გამჭრიახი ვეტერანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. წლევანდელ დებატებზე ბაიდენი არ ჰგავდა საკუთარი თავის 4 წლის წინანდელ ვერსიას - ის საუბრობდა დამჯდარი ხმით, არადამაჯერებელ მანერაში და კამათის დაწყებიდან 15 წუთიც არ იყო გასული, როდესაც მეტყველებაში პრობლემები შეემჩნა. 

ტრამპმა ამჯერად უარი თქვა ოპონენტთან განგრძობით გადაძახილზე და წამყვანების მიერ დასმულ კითხვებს ლაკონიურად და სწრაფად პასუხობდა. 

საყურადღებოა, რომ წლევანდელი დებატები წინა წლებისგან განსხვავებული წესებით ჩატარდა - კანდიდატებს უნდა ეპასუხათ წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, რისთვისაც 1 წუთი ჰქონდათ, ხოლო ამ დროს ოპონენტის მიკროფონი გათიშული იყო. 

დებატები მალევე გადაიზარდა პერსონალურ დაპირისპირებაში - ბაიდენმა ტრამპს შეახსენა, რომ უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და რომ მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. 

თავის მხრივ ტრამპმა ბაიდენს შეახსენა, რომ მისი შვილი ჰანტერი ასევე მსჯავრდადებული და გახმაურებული სექსუალური სკანდალის ობიექტია. 

პერსონალური თავდასხმების მიუხედავად, ტრამპის დაცვის ხაზი მისთვის ყველაზე მომგებიან თემაზე იყო აგებული - მას მარტივად გადაჰყავდა ნებისმიერ თემაზე საუბარი საემიგრაციო კრიზისზე და ყოველ ჯერზე კრიზისის მიზეზად ბაიდენის არაეფექტურ პოლიტიკას ასახელებდა. 

უკრაინა და ღაზა 

2020 წლის დებატებისგან განსხვავებით, რომელზეც საგარეო პოლიტიკა უკანა პლანზე იყო, ამჯერად კანდიდატები მალევე გადაერთნენ ამ თემაზე. 

წამყვანების კითხვას, მზად არიან თუ არა კანდიდატები მიიღონ ვლადიმირ პუტინის პირობები უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ორივე კანდიდატმა უარყოფითად უპასუხა. 

ჯო ბაიდენმა მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის მოთხოვნების მიღება არ შეაჩერებს რუსეთის პრეზიდენტს და ის შემდეგ თავს დაესხმება ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა უკრაინის დაპყრობაზე და ამაზე მასთანაც უსაუბრია, თუმცა შეჭრისკენ მას ბაიდენის სისუსტემ უბიძგა. ტრამპის თქმით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების პანიკური გაყვანა სისუსტის ნიშანი იყო, რომელიც პუტინმა შესაძლებლობის ფანჯარად აღიქვა. 

ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არ მოხდებოდა ჰამასის თავდასხმა ისრაელზე, რადგან მის დროს ირანი მოწყვეტილი იყო ფინანსურ ნაკადებს და ის უბრალოდ ვეღარ აფინანსებდა ჰამასს. 

წამყვანის ჩაკითხვაზე, მიიღებს თუ არა ტრამპი პუტინის პირობებს, უარყოფითად უპასუხა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონფლიქტის დასრულებას ინაუგურაციამდე შეძლებს. ამასთანავე, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ იმარჯვებს კონფლიქტში და მწუხარება გამოთქვა მაღალი მსხვერპლის გამო. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიოში საუკეთესო გამყიდველი უწოდა და იმ ათეულობით მილიარდ დოლარზე მიუთითა, რომელიც დახმარების სახით უკრაინამ აშშ-სგან მიიღო. 

ამერიკა - ჩამორჩენილი ქვეყანა

ტრამპი კვლავ მიმართავდა მის საყვარელ მეთოდს - პრობლემების გაზვიადებას . თანამედროვე აშშ-ს ტრამპმა მესამე მსოფლიოს ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. გარდა ამისა, ტრამპმა ბაიდენი კორუფციასა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. 

განსაკუთრებით მწვავედ წარიმართა დებატები, როდესაც საუბარი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ჩამოვარდა - კანდიდატები ირწმუნებოდნენ, რომ სწორედ მათი მმართველობის დროს შეიქმნა უფრო მეტი სამუშაო ადგილი. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა აბორტები იყო - აქ დონალდ ტრამპი კარგად იყო მომზადებული და დეტალურად ახსნა თავისი პოზიცია აკრძალვებთან დაკავშირებით. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტა ამ უფლების შტატებისთვის დაბრუნებაა, რაც მოხდა კიდეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს აბორტების სრულ აკრძალვას. 

რას უნდა ველოდოთ 

დებატებამდე საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა ფაქტობრივად გარკვეული იყო, თუმცა ბაიდენის გამოსვლამ პროცესში კორექტივები შეიტანა. საპრეზიდენტო კანდიდატების დამტკიცება პარტიების ყრილობაზე ხდება, რომელიც აგვისტოს ბოლოს იმართება ხოლმე. 

ტექნიკურად, დემოკრატიულ პარტიას შეუძლია კანდიდატის ჩანაცვლება, მაგრამ პოლიტიკურად ამის გაკეთება უკიდურესად რთული იქნება და ბაიდენის თანხმობის გარეშე კი, უბრალოდ შეუძლებელი. 

დემოკრატიული პარტიის ყრილობა აგვისტოს მიწურულს ჩიკაგოში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები