წინა წელთან შედარებით, რუსეთის არმიაში დეზერტირების რაოდენობა გაორმაგებულია
2024 წლისგან განსხვავებით, 2025 წელს რუსეთის არმიაში დეზერტირობის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია.
ვითარების არსი: ამის შესახებ Frontelligence-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა მოხმარების დოკუმენტებსა და ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს ეყრდნობა.
-
ანალიტიკოსების შეფასებით, დეზერტირების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული მკვეთრად გაიზარდა, და ეს ტრაექტორია ამ დრომდე ნარჩუნდება.
-
არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2025 წელს დეზერტირების რაოდენობა 70 ათასს გადააჭარბებს, რაც ფრონტზე მოქმედი ცოცხალი ძალის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
ჩაშლილად: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შიდა დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, ერთ-ერთ დივიზიაში დეზერტირობის 3 400 შემთხვევაა რეგისტრირებული. შედარებისთვის - იმავე დივიზიაში მთელი 2024 წლის განმავლობაში სულ 3 200 შემთხვევა ფიქსირდებოდა.
- ცალკეულ ბრიგადებში დეზერტირების რაოდენობა ექვსჯერ არის გაზრდილი. მაგალითად, მე-2 მოტომსროლელ ბრიგადაში მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 756 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა მთელი გასული წლის განმავლობაში სულ 1,189 შემთხვევა იყო გამოვლენილი.
-
თუ ადრე დეზერტირობა ყველაზე ხშირად სამხედრო ბაზებზე ფიქსირდებოდა, წელს ამისთვის ყველაზე გავრცელებული ადგილებია სამედიცინო დაწესებულებები და ფრონტის მოწინავე პოზიციები.
-
დეზერტირობის შემთხვევების 73% მოდის საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცებზე, საიდანაც ყოველი მეხუთე (22%) მსჯავრდებულია ან ყოფილი პატიმარია.
-
დეზერტირების საშუალო ასაკი 37 წელია. ყველაზე ხშირად სამსახურის გაგრძელებაზე უარს 35-44 წლამდე მამაკაცები ამბობენ - სპეციალისტების შეფასებით, ეს ირეკლავს რუსეთის არმიის ასაკობრივ შემადგენლობას.
სიღრმისეულად: სპეციალისტების შეფასებით, დეზერტირების რაოდენობას ჯერჯერობით არ მიუღწევია კრიზისული ნიშნულისთვის, თუმცა, მიუხედავად დასჯის სასტიკი მეთოდებისა, შემთხვევების ზრდა რუსეთის არმიის სერიოზულ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.
- კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ პრობლემის შემდგომმა გამწვავებამ საოკუპაციო არმიაში სერიოზული განხეთქილება გამოიწვიოს.
- Frontelligence-ის შეფასებით, გასულ წელს რუსეთის არმიიდან დეზერტირებულმა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.
კონტექსტი: რუსეთის არმია დეზერტირობას სხვადასხვა მეთოდით ებრძვის: ხშირად გამოიყენება დეზერტირების ფიზიკური დასჯა, შეურაცხყოფა, წამება, სიკვდილით დასჯის ინსცენირება და რეალური დახვრეტა.
- ამ მეთოდების ეფექტურობა არათანაბრადაა გადანაწილებული, თუმცა ზოგიერთმა სამხედრო ნაწილმა მოახერხა დეზერტირების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაბრუნება.
მაგალითად, 144-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ 1 400-ზე მეტი დეზერტირიდან 1 100-ზე მეტი უკან დააბრუნა.