"თუ ასე გაგრძელდა სანქციები გარდაუვალია",- მთავარი ო 'ბრაიენის გამოსვლიდან

14 მაისს, თბილისში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო 'ბრაიენის პრეს-კონფერენცია გაიმართა. 

ო 'ბრაიენი, თავის გამოსვლაში, რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას შეეხო, მათ შორის, ამერიკის პირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერებისა და სანქციების დაწესების პარამეტრებს. 

რეალპოლიტიკა წარმოგიდგენთ მთავარ აქცენტებს ო 'ბრაიენის პრეს-კონფერენციიდან

  • სტრატეგიულ პარტნიორობაზე - ენტონი ბლინკენის თანაშემწე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, თუ კვლავ რამდენად ორმხრივია სტრატეგიული პარტნიორობის სურვილი; 
  • ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონზე - ჯიმ ო 'ბრაიენის თქმით, მათ განიხილეს ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონი, როგორც ქართულ ოცნებასთან, ასევე, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან, თუმცა, როგორც კანონის შინაარსი, ასევე, ის ფორმა, რომლითაც მოხდა მისი მიღება, "არ შეესაბამება ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებს."
  • ო 'ბრაიენის თქმით, თუ კი მიღებული კანონი არ შეიცვლება ევროკავშირს სტანდარტებთან შესაბამისობაში, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა; 

    "ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი (აშშ-საქართველო) ურთიერთოებებისთვის."

  • ო 'ბრაიენი ამბობს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ფინანსური დახმარება - რადგანაც ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოაზრებული იქნება არა მოკავშირედ, არამედ მოწინააღმდეგედ.
  • ბიძინა ივანიშვილზე - ო 'ბრაიენის თქმით, ამერიკულ დელეგაციას ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი ჰქონდათ, თუმცა, წინასწარი კომუნიკაციის დროს, პრემიერმა კობახიძემ მათ განუცხადა, რომ ივანიშვილი მათ არ შეხვდებოდა, რადგანაც ის დე ფაქტოდ ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფება. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული ამ ეტაპზე არ არის. 
  • ამერიკელი დიპლომატი შეეხო ქართული ოცნების მიერ მრავალჯერ ნახსენებ გლობალური ომის პარტიას, რასაც მან კონსპირაცია უწოდა. 

    "ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) ამდენად ცუდად ინფორმირებულია გასაოცარი და სამწუხაროა."

  • სანქციებზე - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ შეიცვლება, ოცნების მაღალჩინოსნებს და მათ ოჯახის წევრებს პერსონალური სანქციები დაუწესდებათ, რაც მოიაზრებს ფინანსურ და გადაადგილების შეზღუდვებს.

    "თუ კი ეს კანონი დარჩება დღევანდელი ფორმით და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუ კი დავინახავთ, რომ ადგილი აქვს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იქნება შეზღუდვები. ეს შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება ფინანსურ მხარეს, ასევე, ამ გადაწყვეტილების აღმარუსლებელი პირების მოგზაურობას."

 

  • აქციებსა და მთავრობის რეპრესიებზე - ჯიმ ო 'ბრაიენის ამბობს, რომ ამერიკის სურს, რომ თბილისში მიმდინარე აქციები მშვიდობიანი იყოს, მაგრამ ასევე მშვიდობიანი უნდა იყოს პოლიციის ყოფნაც. 

    "ჩვენ გვსურს, რომ აღარ ვიხილოთ დემონსტრანტების დაშინება, არც დემონსტრაციებსა და არც მათ სახლებსა და საკუთრებაში, როგორც ეს წინა დღეებში მოხდა. ამ დაშინების კამპანიის უკან მდგომი ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს."

ჯიმ ო 'ბრაიენის თქმით, კანონის დღევანდელი ფორმით საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები მოკლე ვადებში გადახედავენ გადაწყვეტილებებს. 

იმედის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ კანონი არსებული ფორმით სტიგმატიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებს ეხება, რომლებიც ღიად საუბრობენ თავიანთი დაფინანსების წყაროებზე. ჯიმ ო 'ბრაიენის თქმით, კანონი რეალურად არ ეხება იმ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების წყაროებიც ფარულია. 

მსგავსი სიახლეები