უკრაინაში მოკლულია ВДВ-ს 31-ე ბრიგადის მეთაური, ანდრეი კონდრაშკინი

უკრაინაში მოკლულია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 31-ე მოიერიშე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრე კონდრაშკინი. 

რუსეთის არმიის პოლკოვნიკის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის როსგვარდიის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ გაავრცელა

ხოდაკოვსკის ინფორმაცია მალევე დაადასტურეს სხვა Z-ბლოგერებმაც და სახელმიწფო მედიამ. საყურადღებოა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში კონდრაშკინი უკვე მეორე  ლიკვიდირებული  ВДВ-ს ბრიგადის მეთაურია. 

"სანამ ანდრეისთან ერთად ხელდახელ ვიბრძოდით, ძალინ დავმეგობრდით. დღეს კი ყველა ძალიან დაგვამძიმა ამბავმა მისი დაღუპვის შესახებ. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს და ამხანაგებს",- წერს ხოდაკოვსკი.

ხოდაკოვსკი არ აზუსტებს თუ ფრონტის რა მონაკვეთზე და როდის დაიღუპა კონდრაშკინი. მისი თქმით, მათ ერთმანეთი რუსეთის არმიის მიერ მარიუპოლის ოკუპაციის შემდეგ გაიცნეს. 

რაც შეეხება 31-ე მოიერიშე ბრიგადას, ცნობილია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მომენტში ბრიგადა ჰოსტომელის აეროდრომის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა. 

აღნიშნული ბრიგადა მონაწილეობას იღებდა 2014 წელს ყირიმის ოკუპაციაშიც - მაშინ, უკრაინული ბერკუტის ფორმაში გადაცმულმა ბრიგადის ჯარისკაცებმა ყირიმის პარლამენტის შენობა დაიკავეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 2017 წელს 31-ე ბრიგადა ქვეყნის საუკეთესო სამხედრო ქვედანაყოფად დასახელდა. 

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, კონდრაშკინმა სამხედრო განათლება რიაზანის სადესანტო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში გააგრძელა. 

უკრაინული წყაროების ცნობით, კონდრაშკინი პირადად მონაწილეობდა 2014 წელს ილოვაისკის ბრძოლაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიასთან 2020 წელს მიცემულ ინტერვიუში კონდრაშკინი ამბობს, რომ სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა 3 შეიარაღებულ კონფლიქტში. 

მაღალი ალბათობით საუბარია ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომზე და ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში 2014-2015 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებულ კონფლიქტში. ჯერ კიდევ 2020 წელს კონდრაშკინი ВДВ-ს 56-ე ბრიგადას მეთაურობდა, უცნობია, მანამდე კი 108-ე ბატალიონს. უცნობია როდის დაინიშნა კონდრაშკინი 31-ე ბრიგადის მეთაურად. 

ბოლო ცნობებით, აღნიშნული ბრიგადის დანაყოფები ქალაქ ბახმუტთან მოქმედებენ, სადაც უკრაინის არმია უკვე 2 თვეა კონტრიერიშს აწარმოებს. 

"კონდრაშკინის დავალება იყო მოეგერიებინა უკრაინის 3-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის იერიშები ანდრიივკის სამხრეთით, რათა არ დაეშვათ 72-ე მოტო-მსროლელი ბრიგადის დანაყოფების ალყაში მოქცევა, რომლებსაც ჩვენი მებრძოლები სოფელში ანადგურებდნენ",- წერს უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი. 

ბახმუტიდან დაახლოებით 7 კილომეტრით დაშორებული ანდრიივკის გათავისუფლების შესახებ უკრაინამ 16 სექტემბერს გამოაცხადა. ბუტუსოვის ცნობით, ანდრეევკასთან რუსეთის დაცვა უკრაინელმა მებრძოლებმა სწორედ იმ მონაკვეთთან გაარღვიეს, რომელზეც კონდრაშკინის ბრიგადა მოქმედებდა. 

კონტექსტი 

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ზაპორიჟიისა და დონეცკის საზღვარზე, ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე მოკლულია ВДВ-ს 247-ე მოიერიშე ბრიგადის პოლკის მეთაური, მაიორი ვასილი პოპოვი. 

საყურადღებოა, რომ ომის დაწყების შემდეგ პოპოვი ამ პოლკის მეორე მოკლული მეთაურია - პირველი, პოლკოვნიკი კონსტანტინ ზიზევსკი ჰოსტომელის აეროდრომის მიდამოებში, შეჭრის პირველივე დღეებში დაიღუპა. 

BBC-ის რუსული სამსახურისა და Медиазона-ს ერთობლივი პროექტის მიხედვით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე დადასტურებულია 31-ე მოიერიშე ბრიგადის 170 ჯარისკაცის სიკვდილი, მათი 17% კი ოფიცრები არიან. 

მსგავსი სიახლეები