უკრაინის გენშტაბი: ხარკოვთან 4 რუსული ტანკი და 50 სამხედრო გავანადგურეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, ხარკოვთან ახლოს, შასტიას დასახლებაში (ლუჰანსკი) ოთხი რუსული ტანკი გაანადგურეს.
რუსული მხარის მსხვერპლი ორმოცდაათ ჯარისკაცს აღწევს.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, კრამატორსკთან ახლოს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ჯამში უკრაინის საზენიტო ძალებმა ექვსი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.
პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - აეროდრომებზე, იარაღის საწყობებზე - ასევე სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიაქვს.
ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას ბელარუსის, ყირიმის, ლუჰანსკის მიმართულებებიდან უტევს.
პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ.