უკრაინის გვარდია: კიევის რეგიონზე რუსული შეტევა შევაკავეთ

 

უკრაინის ეროვნული გვარდია აცხადებს, რომ კიევის რეგიონში, ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტზე რუსული იერიში შეაკავეს.

ცოტა ხნით ადრე უკრაინის სასაზღვრო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა "ვილჩას" საკონტროლო პუნქტის გავლით კიევის რეგიონში (ობლასტი) შეიჭრა.

გვარდიის ინფორმაციით, "ვილჩესთან" რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის შეტაკება გაიმართა. 

"უკრაინის არმია უკან არ იხევს. უკრაინის გვარდია, პოლიცია და მესაზღვრეები თავიანთ პოსტებზე იმყოფებიან და თავდაცვის ხაზს ამაგრებენ", - ნათქვამია გვარდიის პრეს-რელიზში.

 


რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.

პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - აეროდრომებზე, იარაღის საწყობებზე - ასევე სამოქალაქო პუნქტებზე სარაკეტო იერიში მიაქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას ბელარუსის, ყირიმის, ლუჰანსკის მიმართულებებიდან უტევს.

პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ.

მსგავსი სიახლეები