ვინ ვინ არის იტალიის ახალ მთავრობაში

იტალიას პირველი ქალი პრემიერი ჰყავს - ჯიორჯა მელონიმ მთავრობის ფორმირების შესახებ იტალიის პრეზიდენტს ცოტა ხნის წინ აცნობა. 

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობის კაბინეტი სამი პარტიის წევრებით დაკომპლექტდა, ესენია: fratelli d'Italia, Forza Italia და Lega Nord. 

ვინ შევიდა მთავრობაში? 

  • მატეო სალვინი - ახალი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-პრემიერის და ტრანსპორტის მინისტრის პოსტს ერთდროულად დაიკავებს. სალვინი ვიცე-პრემიერი იყო მარიო დრაგის მთავრობაშიც;

  • ჯიანკარლო ჯორჯეტი - ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, რომელიც მატეო სალვინის მოადგილე და პარტია ჩრდილოეთის ლიგის ერთ-ერთი ლიდერია. ჯორჯეტის იგივე თანამდებობა ეკავა მარიო დრაგის მთავრობაშიც, მას სხვადასხვა თანამდებობებზე ნამუშევარი აქვს ჯუზეპე კონტეს მთავრობაშიც;

  • ანტონიო ტაიანი - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ახალ მთავრობაში სილვიო ბერლუსკონის თანაპარტიელმა და ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანტონიო ტაიანიმ დაიკავა. ტაიანი 1994-2008 წლებში ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, გარდა ამისა ის იყო ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში 2008-2010 წლებში; 

  • მატეო პიანტედოსი - იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრად მატეო სალვინის თანამებრძოლი და მისი მარჯვენა ხელის სახელით ცნობილი მატეო პიანტედოსი დაინიშნა. პიანტედოსი ახალი მთავრობის შემადგენლობაში ყველაზე მოულოდნელი ნომინაცია იყო. გასულ წლებში პიანტედოსი მატეო სალვინის აპარატის უფროსის პოსტს იკავებდა, მუშაობდა დედაქალაქის პრეფექტადაც; 

  • გუიდო კროშეტო - თავდაცვის მინისტრად fratelli d'Italia-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტიის ყოფილი პრეზიდენტი, გუიდო კროშეტო გახდა. კროშეტო გამოცდილი პოლიტიკოსია - 25 წლის ასაკში ის პრემიერ-მინისტრ, ჯოვანი გორიას ეკონომიკური მრჩეველი გახდა. ნამუშევარი აქვს სხვადასხვა თანამდებობაზე სილვიო ბერლუსკონის რამდენიმე კაბინეტში;

ქვეყნის დანარჩენი 10 სამინისტრო და 8 დეპარტამენტი იმავე პარტიის წევრებზე გადანაწილდა. მთავრობის ფორმირებას უკვე გამოეხმაურა რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა და განაცხადა, რომ მთავრობას ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი აქვს. 

იტალიის ახალი მთავრობის დამტკიცების ოფიციალური ცერემონია ხვალ, 22 ოქტომბერს გაიმართება. 

კონტექსტი

ბოლო 2 წლის განმავლობაში იტალიას ეროვნული თანხმობის, ტექნოკრატიული მთავრობა მართავდა, რომელსაც მარიო დრაგი ხელმძღვანელობდა. 

კოალიციაში წარმოქმნილი უთანხმოებების ფონზე დრაგიმ რამდენჯერმე გამოთქვა გადადგომის სურვილი, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. დრაგის მიერ შეკოწიწებულ კოალიციაში ბოლო უთანხმოების მიზეზი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის საკითხი გახდა, რასაც კოალიციაში შემავალი 5 ვარსკვლავის მოძრაობის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. 

დრაგის გადადგომის შემდეგ, 25 სექტემბერს, გენერალური არჩევნები ჩაინიშნა, რომელშიც ჯიორჯა მელონის იტალიის ძმებმა გაიმარჯვეს. მელონის პარტიამ ხმათა 25% მიიღო და დიდი უპირატესობით პირველ ადგილზე გავიდა. 

მსგავსი სიახლეები