ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახმელეთო ჯარების უფროსად მიხაილო დრაპატი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა სახმელეთო ჯარების ახალ მეთაურად გენერალი, მიხაილო დრაპატი დანიშნა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ სოციალურ ქსელებში ავრცელებს. 

გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 ნოემბერს გამართული უმაღლესი მთავარსარდლის საგანგებო კაბინეტის სხდომის შემდეგ გახდა. 

ზელენსკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო თვეებში მიხაილო დრაპატი წარმატებით ხელმძღვანელობდა თავდაცვით ოპერაციას ხარკივის ოლქში. 

პოსტს ამ დრომდე ალექსანდრ პავლიუკი იკავებდა, რომელიც 11 თებერვალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებისა და საკადრო გადახალისების ფარგლებში მოხდა. 

ვინ არის მიხაილო დრაპატი 

მიხაილო დრაპატი უკრაინის ახალი სამხედრო თაობის კიდევ ერთი გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოფიცერია. დრაპატი უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კუსდამთავრებულია, მეტიც ის ოპერატიულ-ტაქტიკური მომზადების დონით გამოშვების საუკეთესო სტუდენტად დაასახელეს. 

ბევრი კოლეგის მსგავსად დრაპატისთვის ომი 2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო. იმ დროს დრაპატი უკრაინის 72-ე მექანიზებული ბრიგადის მეორე ბატალიონის მეთაური იყო. დრაპატიმ პოპულარობა მალევე მოიპოვა - მისი ბატალიონი ქალაქ მარიუპოლში რუსი ბოევიკების მიერ პოლიციის განყოფებილების შენობაში დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად გაგზავნეს. პირადად დრაპატი იჯდა იმ საბრძოლო მანქანის საჭესთან, რომელმაც სწრაფად გაარღვია ბოევიკების მიერ აგებული ბარიკადები. იმ დროისთვის ოკუპირებულ ქალაქში ბარიკადის გარღვევის კადრი მალევე გახდა ვირუსული მთელ უკრაინაში. 

მალევე დრაპატიმ პოპულარობასთან ერთად სამხედროებს შორის დიდი პროფესიული პატივისცემა მოიპოვა. ამჯერად საქმე გაცილებით უფრო რთულ და სარისკო საკითხს ეხებოდა. 2014 წლის აგვისტოში 2 უკრაინული ბატალიონი რუსეთის რეგულარული არმიის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა საზღვრისპირა სოფელ იზვარინოსთან ალყაში მოაქციეს. 

ალყაში მოქცევის შემდეგ ერთ-ერთმა ბატალიონმა იარაღის დაყრა და რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა ამჯობინა. დრაპატიმ კი ბრძოლა გადაწყვიტა - ბატალიონი გარღვევაზე წავიდა. კარგად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად დრაპატიმ ალყიდან 260-მდე მებრძოლი და 60 ერთეული ჯავშანტექნიკა გამოიყვანა. 

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობის შემცირების შემდეგ, 2016 წელს დრაპატი 58-ე მოტო-ქვეითი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 2019 წლიდან დრაპატი ЗСУ-ს გაერთიანებული ძალების მეთაურის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დრაპატი ჯარების ოპერატიული დაჯგუფება ხერსონის მეთაურად მსახურობდა. ამ თანამდებობაზე დრაპატი ხერსონის გათავისუფლების ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და საკვანძო ფიგურა იყო. 

დრაპატის ყოფილი ქვეშერმდომები გენერალს ახასიათებენ როგორც გამოცდილ ოფიცერს, რომელიც ყოველთვის ცდილობს პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენას და ყველაფერს აკეთებს დანაკარგების შესამცირებლად. 

"ეს არის მასშტაბური, გამბედავი და კრიტიკული აზროვნების ადამიანი, მას აქვს ყველაფერი რაც თანამედროვე მეთაურს სჭირდება",- ამბობს იური ბუტუსოვი მიხაილო დრაპატის შესახებ.

მიმდინარე წლის მაისში ხარკივში რუსეთის შეაიარაღებული ძალების თავდაპირველად წარმატებული იერიშის შემდეგ, დრაპატი საგანგებო რეჟიმში ფრონტის ამ მონაკვეთზე გადაიყვანეს. დრაპატი ოპერატიულ-ტაქტიკურ დაჯგუფება ხარკივს მეთაურობდა, მისი სარდლობის პერიოდში რუსეთის არმიას ხარკივის ოლქში არსებითი წინსვლა არ ჰქონია. 

მსგავსი სიახლეები