ზალუჟნი: არანაირ კომპრომისს არ მივიღებთ, რუსეთის ჯარებმა უკრაინა უნდა დატოვონ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის თქმით, უკრაინელი სამხედროები არანაირ კომპრომისზე არ წავლენ, სანამ რუსთის ჯარები უკრაინიდან არ გავლენ.
ამის შესახებ, ვალერი ზალუჟნიმ, აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის მეთაურთან, მარკ მილისთან საუბარში განაცხადა.
"ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ მთელი უკრაინის ტერიტორია, რუსული ოკუპაციისგან. ჩვენ ამ გზაზე არ შევჩერდებით, არანაირი პირობებით. უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს და კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებებს ერთი პირობა აქვს - რუსეთმა უნდა დატოვოს მთელი უკრაინის ტერიტორია",- განაცხადა ზალუჟნიმ.
ცოტა ხნის წინ, მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე სერიოზულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, სრული გამარჯვების მიღწევა, შესაძლოა განუხორციელებელი იყოს, როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის.
მარკ მილის თქმით, ზამთრის პაუზამდე არსებობს მოლაპარაკებების განახლების შანსი, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებები, დიპლომატიური მიღწევებითაც გაამყაროს.
ЗСУ-ს მთავარსარდალის თქმით, ფრონტის ხაზზე სტაბილური და კონტროლირებადია. "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ მტრის მოქმედებას ბელარუსის საზღვართან და ვაშენებთ საიმედო ზღუდეს უკრაინის დასაცავად ჩრდილოეთიდან".
ზალუჟნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის არმია აგრძელებს იერიშს ხარკოვის რაიონში, ხოლო რუსები ცდილობენ შეტევების განვითარებას ბახმუტის, სოლედარის, მაიორსკის, პავლოვკის, ავდეევკას და მარიინკას მიმართულებით, თუმცა უკრაინა წარმატებით ახერხებს იერიშების მოგერიებას.