NYT: ამერიკელი გენერლები დიპლომატიის შანსს ხედავენ, ბაიდენი საპირისპირო აზრზეა

ამერიკელი სამხედრო ხელმძღვანელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხერსონის გათავისუფლებასთან ერთად უკრაინის იერიშმა კულმინაციას მიაღწია და საჭიროა ამ მიღწევის მოლაპარაკებების მაგიდასთან გამყარება, თუმცა პრეზიდენტი ბაიდენი საპირისპირო აზრზეა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს

საუბარია აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელზე, მარკ მილიზე - გაზეთის ცნობით, მილი მიიჩნევს, რომ უკრაინამ ზამთრის დადგომამდე მაქსიმუმს მიაღწია და ზამთარში საბრძოლოს მოქმედებების ინტენსივობის შემცირება გარდაუვალია, ამ ფონზე კი საჭიროა ამ მიღწევების დიპლომატიურ დონეზე გამყარებაც. 

ამასთანავე აღნიშნულია, რომ მილის წინადადება არ გულისხმობს 'საჩუქარს' მოსკოვისთვის და საუბარია კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის საკითხთან დაკავშირებით სამუშაოს დაწყებაზე. მილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სამხედრო გზებით დასახული ამოცანების შესრულება შესაძლოა შეუძლებელი იყოს როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. 

მილისგან განსხვავებული აზრი აქვს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს - ისინი მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი პაუზა რუსეთს ძალების აღსადგენად საჭირო დროს მისცეს და არცერთი მხარე არ არის მზად სერიოზული პროცესის დასაწყებად.

ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ კონფლიქტი მოლაპარაკებებით დასრულდება, თუმცა მათი შეფასებით ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. შესაბამისად აშშ-ს არ მართებს უკრაინის მიმართ წნეხი სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. 

გაზეთის წყაროს ცნობით, ამავე შეხედულებას იზიარებს ჯო ბაიდენი და მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. მათი აზრით, პუტინს ჯერ კიდევ არ გამოუვლენია დიალოგის მზაობა, ხოლო უკრაინელები ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით შთაგონებულები არიან. 

ბაიდენი და მისი მრჩეველი მიიჩნევენ, რომ თუ კი აშშ კონფლიქტის ამ ეტაპზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვა, ამან შესაძლოა არასწორი სიგნალი გაუგზავნოს ვლადიმირ პუტინს. თეთრ სახლში შიშობენ, რომ პუტინი ამ ფონზე შეეცდება გაწელოს კონფლიქტი და მისი ამოცანები უნებლიედ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა შეასრულონ. 

 

მსგავსი სიახლეები