რიში და შაჰინი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქციების გაფართოების აქტს წარადგენენ
				ამერიკის სენატში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ტანკერების“ ფლოტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მნიშვნელოვანი გაფართოების აქტს წარადგენენ.
ვითარების არსი: აქტი ორპარტიულია და მისი წარმდგენები სენატის საგარეო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და მისი დემოკრატი კოლეგა ჯინ შაჰინი არიან.
- „ჩრდილოვან ფლოტს“ უწოდებენ რუსეთის საკუთრებაში არსებულ ტანკერებს, რომლითაც კრემლი დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას და საქონლის წარმომავლობის დამალვას ცდილობს.
 - სანქცირებული პროდუქციით მოვაჭრე გემების წინააღმდეგ შეზღუდული სანქციები თავდაპირველად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, მისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს დააწესა.
 
ჩაშლილად: აქტის მიღების შემთხვევაში ის შეეხება რუსული წარმოების თხევადი გაზის ტრანსპორტირების ოპერაციებს და, სასანქციო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდება სამხედრო-ინდუსტრიულ სექტორს.
- „პუტინი მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ხრიკს გამოიყენებს, რათა გვერდი აუაროს ამერიკულ სანქციებს. ჩვენ უნდა დავანგრიოთ მისი ჩრდილოვანი ფლოტი, რომელსაც ის ომის დასაფინანსებლად იყენებს,“ – ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.
 - Financial Times-ის ცნობით, აქტს ტრამპთან პერსონალურად დაახლოებული კიდევ ორი სენატორის – ლინდსი გრემისა და ტომ კოტონის – მხარდაჭერა აქვს.
 
სტრიქონებს შორის: ახალი ორპარტიული აქტი სენატში კრემლის ფინანსური წნეხის გაზრდილ მადაზე მეტყველებს.
- გასულ კვირას ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა წარადგინეს კიდევ ერთი ორპარტიული აქტი, რომელიც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითვალისწინებს.
 - ახალი აქტის პარალელურად, გრემი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ წინ წაწიონ მათ მიერ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებული კიდევ ერთი აქტის მიღების პროცესი, რომელიც რუსული ენერგორესურსების შემსყიდველი ქვეყნებისათვის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
 
კონტექსტი: რუსეთს ახალი სანქციების დამუქრებითა და ძველების გამკაცრებით პერიოდულად დონალდ ტრამპიც ემუქრება, თუმცა კონკრეტული ნაბიჯებისგან ამერიკელი პრეზიდენტი ამ დრომდე თავს იკავებს.
- 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების სანაცვლოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებს რუსული ნავთობის იმპორტზე უარი და ჩინეთისთვის 50%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესება მოთხოვა.
 - სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი ჯონ თიუნი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მზად არის რუსეთის სანქცირების აქტების კენჭისყრაზე გამოსატანად, თუმცა ამისათვის თეთრი სახლისგან „მწვანე შუქს“ ელოდება.