ზელენსკი: არის ომის წელს დასრულების შანსი, ტრამპს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე

პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წელს არის შანსი ამერიკული და ევროპული მხარდაჭერით უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდეს.

პოლონელი ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა 2025 წელს ომის დასრულების შანსები, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა: "დიახ, არსებობს."

"ტრამპს ძალიან სურს ომის დასრულება... მას შეუძლია რუსეთზე ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს ეშინია ამერიკისა და ჩინეთის... ტრამპს შეუძლია აიძულოს (რუსეთი შეაჩეროს ომი). ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ტრამპთან, რომ არსებობს უკრაინის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები და მან უნდა აიძულოს პუტინი ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში ამ ომის დასასრულებლად." - თქვა მან.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპმა უკრაინას უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები უნდა შესთავაზოს, რომლებიც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ უკრაინელები შეძლებენ დაიცვან საკუთარი თავი და სხვა ქვეყნები, თუ "პუტინი კვლავ წავა."

მან ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინას ჰყავს ისეთი ძლიერი პარტნიორი, როგორიც არის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროკავშირი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი იარაღის წარმოება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს იარაღის წარმოება "თავისთვის," რათა რუსებმა გაიგონ, რომ ევროპას აქვს თავდაცვის საშუალებები და ამ გზით შესაძლებელი იქნება რუსეთის შეჩერება.

15 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა, სადაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.

იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას შეხვდა.

მსგავსი სიახლეები