ზელენსკი: ევროპას იარაღის ერთობლივი წარმოება სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ევროპამ უნდა გააფართოოს იარაღის ერთობლივი წარმოება, რაც მას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს თავი გლობალური უსაფრთხოების ვითარების ნებისმიერ განვითარებაში.
ამის შესახებ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენცია "საზოგადოება და თავდაცვაზე" გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თითქმის ორწლიანმა ომმა დაამტკიცა, რომ ევროპას სჭირდება საკუთარი არსენალი თავისუფლების დასაცავად, რაც მთელ ევროპას ან მის ნებისმიერ ნაწილს მისცემს შესაძლებლობას გაუძლოს და შეინარჩუნოს თავი გლობალური ვითარების ნებისმიერ განვითარებაში.
"ალიანსი კარგია. მაგრამ ალიანსის ნაწილების სიცოცხლისუნარიანობა არა მხოლოდ უკეთესია, არამედ ის არის ის, რაც დაეხმარება ალიანსს ოყოს თანმიმდევრული, ეფექტური, გლობალური უსაფრთხოების ლიდერი ნებისმიერ პირობებში. და იმისათვის, რომ შეიქმნას არსენალი თავისუფლების დასაცავად, ევროპას სჭირდება იარაღის ერთობლივი წარმოება - ბევრად უფრო მასშტაბური წარმოება, ვიდრე ახლა," - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ამბიციები შეიძლება მხოლოდ იქ შეჩერდეს, სადაც საკმარისი ძალა იქნება მათ შესაჩერებლად.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვითი საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და ბრიტანეთთან. ამასთან, მან ისაუბრა ჩეხეთთან, შეერთებულ შტატებთან და გერმანიასთან შესაბამის შეთანხმებებზე.
"და, რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება არის ერთად მუშაობა, ერთად ვაწარმოოთ, ერთად გავძლიერდეთ. უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი. ჩვენ გვინდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის შეგვეძლოს დავეყრდნოთ მსოფლიოში საუკეთესო იარაღს და აღჭურვილობას," - თქვა ზელენსკიმ. "ამიტომ, შვედეთთან ერთობლივი წარმოება ჩვენთვის პრიორიტეტულია. და დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც მე და თქვენ შევძლებთ ვნახოთ უკრაინაში პირველი ერთობლივი საწარმოს გახსნა."