ზელენსკი რუსების სარაკეტო თავდასხმაზე: რაკეტების უმეტესობა ჩამოვაგდეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 5 დეკემბერს უკრაინაში რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული მერვე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, მადლობა გადაუხადა საჰაერო თავდაცვის ძალებს, ენერგეტიკოსებს და ყველა უკრაინელს.

ზელენსკის მიმართვის ვიდეო მესიჯი მის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო საჰაერო თავდაცვის ძალებს, ჩვენს ენერგეტიკოსებს და ჩვენს ხალხს. საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. ენერგეტიკოსებმა უკვე დაიწყეს ელექტრომომარაგების აღდგენა. ჩვენი ხალხი არასოდეს ნებდება. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.

კონტექსტი

5 დეკემბერს, 13:00 საათის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. კერძოდ, ცნობილი გახდა ოდესის რეგიონში ორი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანების შესახებ, კრივოი როგის ნაწილი (დნეპროპეტროვსკის ოლქი) და სუმის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10-მდე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

ამავდროულად, საჰაერო თავდაცვამ კიევის რეგიონში დაფიქსირებული 10 რუსული რაკეტიდან 9 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები