ჟოზეპ ბორელი ბირთვული შეთანხმების განსახილველად ირანში ჩავიდა

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ირანში ჩავიდა.

ბორელის ვიზიტი, რომელიც 24-25 ივნისს გაგრძელდება, თეირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებებს დაეთმობა.

ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს შეხვდება.

თეირანში აცხადებენ, რომ შეხვედრის ერთ-ერთი თემა ირანისთვის სანქციების რეჟიმის შემსუბუქება იქნება.

მარტის ბოლოს ბირთვული ხელშეკრულების მხარეები ვენის მოლაპარაკებების დროს მიღწეულს პროგრესზე საუბრობდნენ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ირანმა აშშ-სგან ისლამური რევოლუციის გუშაგების ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღება მოითხოვა, პროცესი ჩიხში შევიდა.


გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

მსგავსი სიახლეები