ვასილი ზვარიჩი უკრაინული მარცვლეულის გადმოყრის გამო პოლონეთს რეაგირებას სთხოვს
პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ზვარიჩი პოლონეთის ხელისუფლებას უკრაინული მარცვლეულის გადმოყრისთვის შესაბამის რეაგირებას და დამნაშავეების დასჯას სთხოვს.
პოლონელი ფერმერებისთვის მთავარ გამოწვევას ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, უკრაინიდან იმპორტირებული იაფი საკვები და უსამართლო კონკურენცია წარმოადგენს. დემონსტრანტები, როგორც ბრიუსელისგან, ასევე ეროვნული მთავრობისგან წარმოების ხარჯების შემცირებას და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას მოითხოვენ.
პოლონელმა ფერმერებმა 25 თებერვლის ღამით პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე გაჩერებული ვაგონებიდან 160 ტონა მარცვლეული გადმოყარეს. პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინული მარცვლეულის გადმოყრის მე-4 და ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
აღნიშნული ფაქტი პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ზვარიჩმა მკაცრად დაგმო და აღნიშნულ ქმედებას ფერმერების მიმართ უპატივცემულობა უწოდა.
“პოლიციამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და კანონის დამრღვევები დასაჯოს. რუსული აგრესიის პირობებში ასეთი ქმედებები უკრაინელი ფერმერების, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების უპატივცემულობაა. სირცხვილი, ბატონებო!“, - ვასილი ზვარიჩი.
პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა პოლონელი ფერმერების მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაყრის გამო წუხილს გამოთქვამს.
“ვწუხვარ, რომ ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა, მეორე მხრივ, უნდა გახსოვდეთ, რომ პოლონეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც პროტესტის უფლება არსებობს და ეს კონსტიტუციითაა გარანტირებული“, - ანჯეი დუდა.
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ფერმერების საპროტესტო აქციაზე ანტიუკრაინული ლოზუნგების უკან შესაძლოა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იდგნენ.
„დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის ფერმერთა საპროტესტო მოძრაობის „მითვისების“ მცდელობა რადიკალური და უპასუხისმგებლო ჯგუფების მიერ, შესაძლოა რუსეთის აგენტების გავლენის ქვეშ. მოვუწოდებთ პროტესტის ორგანიზატორებს, გამოავლინონ და თავიანთი რიგებიდან ჩამოიცილონ რამდენიმე ინიციატორი. ეს ქმედებები არ ეხმარება არც ფერმერებს და არც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას. ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, რუსეთის დიქტატორი, ვლადიმირ პუტინია“, - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.