ისრაელზე ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმიდან 1 წელი გავიდა - 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზის სექტორი და ახლო აღმოსავლეთი ბოლო ათწლეულში ძალადობის ყველაზე მასშტაბურმა ტალღამ მოიცვა.
ახალი რეგიონული ომი, რომლის საფრთხეც ყოველდღიურად იზრდება საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს.
7 ოქტომბერი ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი ხალხის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი დღეა. ჰამასთან მიმდინარე ომი კი მალე ებრაული სახელმწიფოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი გახდება.
7 ოქტომბერი ისრაელის სპეცსამსახურების ყველაზე დიდი ჩავარდნაა. ისრაელის პასუხი ისრაელისა და არაბული ქვეყნების დაპირისპირებების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და სისხლიან ომში ტრანსფორმირდა.
გასული 1 წელი პალესტინელებისთვის ნაქბას (1948 წელი) შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელია 12 თვეა - ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით მოკლულია 41 ათასზე მეტი ადამიანი (რიცხვი არ ანსხვავებს კომბატანტებს და მშვიდობიან მოქალაქეებს).
უკანასკნელ კვირებში საომარი მოქმედებების ზონა გაფართოვდა - ისრაელი რიგით მეოთხე სახმელეთო ოპერაციას აწარმოებს ლიბანის ტერიტორიაზე. საზღვრის ორივე მხარეს ევაკუირებულია ასი ათასობით ადამიანი, ხოლო მზარდი დაძაბულობა რეგიონს ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ დესტაბილიზაციის ყველაზე მასშტაბური ტალღით ემუქრება.
ამ მოცემულობაში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ და საკვანძო მოკავშირედ რჩება. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს სურს რეგიონული კონფლიქტი მათ ინაუგურაციამდე ამოიწუროს.
სურვილების მიუხედავად 5 ნოემბერს არჩევნებში გამარჯვებული ამერიკის 47-ე პრეზიდენტი წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობად გაფართოებად რეგიონულ კონფლიქტს მიიღებს. თეთრი სახლის ახალ ბინადარს მაქსიმალურად სწრაფად მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ომის დაწყების პირველივე დღიდან კონფლიქტის გაფართოების პრევენცია იყო. ომის პირველ დღეებში ბაიდენმა რეგიონში დამატებითი სამხედრო დანაყოფები გაგზავნა, მიზანი ირანისა და ჰეზბოლას შეკავება და ისრაელის დაცვა იყო.
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მთავარი გზავნილი ირანისა და მისი მოკავშირეების მიმართ შესაძლოა ერთ ფრაზაში მოვაქციოთ - "არც გაბედოთ."
მსგავსი იყო თეთრი სახლის გზავნილი ისრაელის მიმართაც - ომის პირველივე დღეებში ჯო ბაიდენმა ისრაელის მთავრობას და მოქალაქეებს მოუწოდა არ გაიმეორონ იგივე შეცდომები რაც ამერიკამ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაუშვა.
ვაშინგტონის მცდელობების მიუხედავად, ომი გრძელდებოდა, სუსტდებოდა როგორც ირანის შეკავების ბერკეტები, ასევე თეთრი სახლი ეტაპობრივად კარგავდა გავლენას ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებებზე.
დე-ესკალაციისკენ მოწოდებების მიუხედავად ისრაელი ეტაპობრივად ზრდიდა ღაზაში მიმდინარე ოპერაციის მასშტაბსა და ინტენსივობას, პარალელურად კი იზრდებოდა საომარი მოქმედებების არეალი.
ამ თვალსაზრისით საბედისწერო აღმოჩნდა ჰეზბოლას აწ უკვე ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას გადაწყვეტილება ჰამასის თავდასხმის პარალელურად 8 ოქტომბერს ე.წ. სოლიდარობის ფრონტი გაეხსნა ლიბან-ისრაელის საზღვარზე.
ჰეზბოლასა და ისრაელს შორის დაპირისპირება ეტაპობრივად მწვავდებოდა და კულმინაციას გასულ 2 თვეში მიაღწია. ამ დროის განმავლობაში საავიაციო დარტყმებითა და დივერსიული ოპერაციებით ისრაელმა პრაქტიკულად სრულად გაანადგურა დაჯგუფების სამხედრო-პოლიტიკური ლიდერშიპი.
პარალელურად ფართოვდება ისრაელის სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში, რომლის ოფიციალურად გაცხადებული მიზანი 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის უზრუნველყოფა და ჩრდილოეთ ისრაელიდან ევაკუირებული 60 ათასამდე მოქალაქის სახლებში დაბრუნებაა.
გასული 1 წლის განმავლობაში ისრაელის მოქმედებებს ლიბანში 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (რიცხვი არ ანსხვავებს ე.წ. კომბატანტებს და მშვიდობიან მოქალაქეებს), მათ შორის 127 არასრულწლოვანი. მსხვერპლის დიდი ნაწილი ბოლო 2 კვირაში განვითარებულ მოვლენებზე მოდის.
უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გაიზარდა ირანის მიერ ორგანიზებული შიიტური წინააღმდეგობის რკალის თავდასხმები ისრაელზე, მათ შორის სირიაში, იემენსა და ერაყში მოკალათებული შეიარაღებული დაჯგუფებებისგან.
აპრილში დაირღვა კიდევ ერთი დაუწერელი წესი და დამასკოში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურების ლიკვიდაციის პასუხად ირანმა ისრაელს ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით შეუტია. საჰაერო შეტევის მთავარი მიზანი ებრაული სახელმწიფოს სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.
გასულ კვირას ჰასან ნასრალასა და ჰამასისი პოლიტიკურ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე პასუხად ირანმა ისრაელზე მასირებული ბალისტიკური შეტევა განახორციელა.
ამ დროისთვის მსოფლიო ისრაელის საპასუხო დარტყმის მოლოდინშია, განიხილება დარტყმები ირანის ნავთობწარმოების ინდუსტრიასა და ბირთვულ ობიექტებზე.
პარალელურად პალესტინელების მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე. სულ უფრო ინტენსიურ ხასიათისაა ისრაელის არმიის რეიდები, მათ შორის საუბარია საჰაერო დარტყმებზე. უფრო მასშტაბური და სასტიკია ისრაელელი ახალმოსახლეების ძალადობის კამპანია ადგილობრივი პალესტინელების წინააღმდეგ. ამ ფონზე აშშ ახალშენებში ძალადობაში მხილებულ ადამიანებს პერსონალური სანქციები დაუწესა. გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე მოკლულია 700-ზე მეტი პალესტინელი (რიცხვი არ ანსხვავებს ე.წ. კომბატანტებს და მშვიდობიან მოქალაქეებს).
ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული 250 მძევალიდან 100 გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდა. 10-მდე მძევალი სახლში ისრაელის არმიის ოპერაციების შედეგად დაბრუნდა. სულ ცოტა 12 მძევალი ჰამასმა მოკლა, კიდევ რამდენიმე კი ისრაელის არმიის დარტყმების ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობაში 101 ისრაელელი რჩება, მათ შორის არიან უცხო ყვექნის მოქალაქეები.
გასული 1 წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ასობით საათი დახარჯა, თუმცა ივლისის მიწურულს ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარისა და პრემიერ ნეთანიაჰუს უარის შემდეგ კატარის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების საბოლოოდ შევიდა ჩიხში.
ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი და როგორც ჩანს ერთადერთი სტრატეგია ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლება იყო - მიდგომის ჩავარდნის შემდეგ, თეთრ სახლს ახალი სტრატეგია არ წარმოუდგენია.
7 ოქტომბერს განცდილი კატასტროფული ჩავარდნის შემდეგ ისრაელის სპეცსამსახურებმა ნდობა და რეპუტაცია ნაწილობრივ ბოლო 2 კვირაში ჰეზბოლასთვის მიყენებული ეფექტური დარტყმების შედეგად აღიდგინა. პარალელურად ისრაელი აგრძელებს დარტყმებს ირანის მიერ კონტროლირებად დაჯგუფებებზე რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში.
გასული 1 წლის განმავლობაში ირანის მიერ ორგანიზებულმა წინააღმდეგობის რკალმა მტკივნეული დანაკარგები განიცადა, ხოლო მათი პოტენციალის აღდგენას არაერთი წელი დასჭირდება.
ჰამასისა და ჰეზბოლას საბრძოლო პოტენციალის შემცირების მიუხედავად კომენტატორების შეფასებით ისრაელის სტრატეგიული მდგომარეობა მაინც რთულია:
- არმია ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე აწარმოებს საომარ მოქმედებებს;
- ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზაში და კვლავ უცნობია თუ როგორია დასრულების გეგმა, მანამდე კი ვითარება სულ უფრო მეტად ემსგავსება პერმანენტულ ოკუპაციას;
- გასული 1 წლის განმავლობაში ისრაელის ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო, რომლის აღმოფხვრასაც წლები დასჭირდება;
- მკვეთრად შემცირდა ავიამიმოსვლა, ხოლო ეილათის პორტი კვლავ არ მუშაობს;
- პარალელურად იზრდება ისრაელის საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაცია
პარალელურად შეჩერებულია ისრაელისა და რეგიონის არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. გაერთიანებული საამიროებს, ბაჰრეინსა და მოროკოს არ გაუწყვეტიათ კავშირები ისრაელთან, თუმცა ურთიერთობები შესამჩნევად დაიძაბა.
სრულად შეჩერებულია ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესი საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იყო.
მრავალწლიანი დავიწყების შემდეგ პალესტინური საკითხი კვლავ გლობალური დღის წესრიგის ნაწილია. ეს ყველაფერი კი უპრეცედენტო მსხვერპლისა და ღაზაში ნგრევის არნახული მასშტაბის ფონზე ხდება.
კვლავ უცნობია თუ რა იქნება ღაზაში ომის დასრულების შემდეგ - რა ბედი ეწევა 2 მილიონამდე დროებით გადაადგილებულ პალესტინელს და როგორი იქნება სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი.
მოლოდინების მიუხედავად, გასული 1 წლის განმავლობაში თანამდებობა არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ პოზიციები კიდევ უფრო გაიძლიერა ბიბი ნეთანიაჰუმ. ამ დროისთვის ნეთანიაჰუს აქვს პოლიტიკური კაპიტალი დაბრკოლების გარეშე მიიღოს მომდევნო წლის ბიუჯეტი და როგორც მინიმუმ კიდევ 1 წლით გაიხანგრძილვოს მმართველობა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით ნეთანიაჰუ კვლავ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, მასზე მაღალი პოპულარობით ყოფილი პრემიერი, ნაფტალი ბენეტი სარგებლობს, რომლის საჯარო პოზიციები პალესტინური სახელმწიფოს საკითხზე კიდევ უფრო ხისტია.
დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს იდეა კი ისე მიუწვდომელია როგორც არასდროს.