ჰეზბოლას გული და ირანის მთავარი აქტივი - ვინ იყო ბეირუთში მოკლული ჰასან ნასრალა
მოკლულია შეიხი ჰასან ნასრალა - ჰეზბოლას გენერალური მდივანი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ახლო აღმოსავლეთში.
ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ 27 სექტემბერს ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰეზბოლას სათავო ოფისზე განხორციელებული მასირებული საჰაერო დარტყმის დროს ნასრალა ორგანიზაციის სხვა ლიდერებთან ერთად შენობაში იმყოფებოდა.
ჰეზბოლას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება ნასრალას ბედის შესახებ, ნარსალას შესახებ დუმს ირანიც.
64 წლის ნასრალა ცხოვრების ნახევარი (32 წელი) ჰებზოლას გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. იდუმალების ფარდაში გახვეული ჰასან ნასრალას აღმასვლა პირდაპირ უკავშირდება ირანს - ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ნასრალას რეგიონში ირანის მიერ ორგანიზებული ე.წ. წინააღმდეგობის რკალის მთავარ აქტივს უწოდებდნენ. ნასრალა ორგანიზაციის რიგით მესამე და ყველაზე პოპულარული ლიდერი იყო, რომლის გავლენაც ცდებოდა ლიბანს.
ნასრალას ლიდერობის ქვეშ ჰეზბოლა წლების განმავლობაში წვრთნიდა პალესტინელ მებრძოლებს, ასევე ამბოხებულებს იემენსა და ერაყში. მისი ლიდერობის ქვეშ ჰეზბოლა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სარაკეტო არსენალის მფლობელი გახდა.
ნასრალამ განსაზღვრა ჰეზბოლას ევოლუცია ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფიდან, რომელიც ლიბანის სამხრეთში ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა დაჯგუფებამდე, რომელიც ლიბანის არმიაზე ძლიერია და ქვეყნის საკვანძო პოლიტიკურ მოთამაშემდე. ჰეზბოლა დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში - დამოუკიდებელი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მომსახურების სისტემითა და ძალოვანი უწყებებით.
დღეს ჰეზბოლა მსოფლიოში უმსხვილესი შეიარაღებული არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნია.
ნასრალა 1960 წელს ბეირუთის სამხრეთში, ბურჯ-ჰამუდის უბანში მცხოვრები ბოსტნეულის გამყიდველის ოჯახში დაბადებული მეცხრე შვილია.
სამოქალაქო ომში ჩართულ ლიბანში, თინეიჯერი ნასრალა შიიტური წინააღმდეგობის ორგანიზაცია "ამალს" შეურთდა - ქვეყნის სექტარიანული პოლიტიკური სისტემის პირობებში შიიტები ყველაზე ჩაგრულ უმცირესობას წარმოადგენდნ.
თეოლოგიური განათლების მისაღებად ახალგაზრდა ნასრალა შიიტებისთვის წმინდა ქალაქ ნაჯაფში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იმამის მუქთადა ალ-სადრის სემინარიაში გაემგზავრა, თუმცა კურსის დასრულება ვერ შეძლო - ალ-სადრი სადამ ჰუსეინმა სიკვდილით დასაჯა, ხოლო მისი სტუდენტები ქვეყნიდან გააძევა.
ნასრალა ლიბანში მშობლიური "ამალში" დაბრუნდა, თუმცა უკვე 1982 წელს ლიბანში ისრაელის შეჭრის შემდეგ ორგანიზაციაში განხეთქილება მოხდა. ნასრალამ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ამალი დატოვა და ახალი ჯგუფი დაარსა.
სწორედ ეს დაჯგუფება გახდა ჰეზბოლას პრეკურსორი, რომლის შექმნაშიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა საკვანძო როლი შეასრულა. მანამდე ბექაას ხეობაში დაბანაკებულმა ჰეზბოლამ ოფიციალური განაცხადი 1985 წელს გაავრცელა.
ორგანიზაცია ღია წერილში ისლამის პრინციპულ მტრებად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ასახელებდა. ამავე წერილში ისრაელი მუსლიმთა მიწების ოკუპანტად იყო გამოცხადებული, ხოლო "სიონისტური სახელმწიფოს" განადგურება ორგანიზაციის უპირველ მიზნად ცხადდებოდა.
ორგანიზაციის ზრდის პარალელურად წინაურდებოდა ნასრალაც - თავდაპირველად როგორც რიგითი მებრძოლი, მალე ნასრალა ქალაქ ბაალბეკში დაჯგუფების მეთაური გახდა, მალევე ის ბექაას ხეობის უფროსად დაინიშნა, შემდეგ კი ბეირუთში ორგანიზაციის ლიდერად გადაიყვანეს.
ჰეზბოლას გენერალურ მდივნად ნასრალა 1992 წელს, 32 წლის ასაკში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი, აბას ალ-მუსავი ისრაელის საავიაციო დარტყმას ემსხვერპლა.
დაჯგუფების ლიდერის პოსტზე ნასრალას პირველი ბრძანება ალ-მუსავის ლიკვიდაციაზე საპასუხო ზომების ორგანიზება იყო. ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს 1 ისრაელელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა ჰეზბოლამ ტერაქტი მოაწყო თურქეთში ისრაელის საკონსულოში და ბუენოს-აირესში მდებარე ებრაული ცენტრის შენობაზე, რასაც 29 ადამიანი ემსხვერპლა.
1990-იან წლებში ჰეზბოლა ნასრალას მეთაურობით დაბალი ინტენსივობის საომარ მოქმედებებს ახორციელებდა ლიბანში სამხრეთში დაბანაკებული ისრაელის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. დაპირისპირება 2000 წელს, ისრაელის არმიის ლიბანიდან გასვლით დასრულდა, რამაც ნასრალას არაბულ სამყაროში დიდი პოპულარობა შესძინა.
ლიბანიდან ისრაელის გასვლა ნასრლამ სიონისტების წინააღმდეგ არაბების პირველ გამარჯვებად გამოაცხადა. ისრაელის არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი ჰადი ნასრალაც - ამ დროიდან მოყოლებული არაბული ტრადიციის მიხედვით ჰასან ნასრალას აბუ ჰადიდ (ჰადის მამად) მოიხსენიებდნენ.
რამდენიმე წლის განმავლობაში ლიბან-ისრაელის საზღვარზე შედარებით მშვიდი პერიოდი იყო. მშვიდობა 2006 წელს, მას შემდეგ დასრულდა, რაც ნასრალამ საზღვარზე განლაგებული ისრაელური დანაყოფების წინააღმდეგ რეიდის ბრძანება გასცა. რეიდს 8 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, კიდევ 2 კი ტყვედ ჩავარდა, რამაც ისრაელის მასირებული სამხედრო ოპერაცია გამოიწვია.
ისრაელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბომბავდა სამხრეთ ლიბანში მდებარე ჰეზბოლას პოზიციებს და ბეირუთს, ხოლო ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 4 ათასზე მეტი რაკეტა გაისროლა.
სამხედრო დაპირისპირების 31 დღის განმავლობაში 1125 ლიბანელის (მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო) და 119 ისრაელელი ჯარისკაცი და 45 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რამდენიმეჯერ დაიბომბა ნასრალას ოფისები და სახლი, თუმცა ის უვნებლად გადარჩა.
2009 წელს ნსარსალმ ჰეზბოლას ახალი პოლიტიკური მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაჯგუფების განახლებულ ხედვას შეიცავდა. მანიფესტი 1985 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით არ შეიცავდა რეფერენს ისლამური რესპუბლიკის შესახებ, თუმცა შენარჩუნებული იყო მაქსიმალურად ხისტი ხაზი ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
აქედან 4 წლის შემდეგ ნასრალამ გამოაცხადა, რომ ჰეზბოლა განვითარების ახალ ეტაპზე გადადიოდა - დაჯგუფება სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში ირანთან დაახლოებული დიქტატორის, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარეს ჩაერთო. სირიის სამოქალაქო ომში ჰეზბოლას ჩართვას ლიბანელთა უკმაყოფილება მოჰყვა.
უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ლიბანში 2019 წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. თავდაპირველად ნასრალა დემონსტრაციების მიმართ სიმპათიას აფიქსირებდა, თუმცა მას შემდეგ რაც დემონსტრაციების მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური ცვლილება გახდა ჰეზბოლას წევრები აქციების დაშლაში ჩართო.
ლიბან-ისრაელის საზღვარზე ვითარება გასული წლის 8 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული უპრცედენტო თავდასხმის შემდეგ შეიცვალა. ნასრალამ ღაზაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ჰამასთან სოლიდარობის ნიშნად ისრაელის მიმართულებით სარაკეტო და დრონების შეტევების ბრძანება გასცა. ნასრალა ამბობდა, რომ დაპირისპირება საზღვარზე იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ ისრაელი არ დაასრულებდა სამხედრო ოპერაციას ღაზაში.
ამ დროის განმავლობაში ჰებზოლამ ისრაელის მიმართულებით 8 ათასი რაკეტა გაისროლა, შეტევები ხორციელდებოდა დრონებისა და ანტი-სატანკო რაკეტებით.
თვეების განმავლობაში ისრაელი ჰეზბოლას მოზომილი საჰაერო დარტყმებით პასუხობდა, გარკვეულ ეტაპზე კონფლიქტის ესკალაციის მიუხედავად მხარეები ბოლო მომენტში უარს ამბობდნენ საომარი მოქმედებების მასშტაბირებაზე, თუმცა ბოლო კვირებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
ისრაელმა ლიბანში მასობრივი საჰაერო დარტყმების კამპანია დაიწყო. პარალელურად ფეთქდებოდა ჰეზბოლას კუთვნილი ათასობით საკომუნიკაციო მოწყობილობა - ნასრალას ბოლო გამოსვლა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. ტელეფონით ტრანსლირებულ გამოსვლაში ნასრალამ მომხდარს ისრაელის მიერ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა უწოდა და აღიარა, რომ დაჯგუფებამ მტკივნეული დანაკარგები განიცადა.
ოპერაცია ოფიციალური დასახელებით "ახალი წესრიგი" მართლაც რეგიონში მართლაც ახალ წესრიგს ქმნის. გასული კვირების განმავლობაში ისრაელის მიერ ორგანიზებული დივერსიული ოპერაციების და საავიაციო დარტყმების შედეგად ჰებზოლას ხელმძღვანელობა პრაქტიკულად განახევრებულია.
ლიკვიდირებულები არიან: ჰეზბოლას სამხედრო მეთაური, ფუად შუქრი, ჰეზბოლას ელიტური სპეცრაზმის "რადვანის" მეთაური, იბრაჰიმ აქილი, ჰელები. რაკეტების და დრონების პროგრამის ხელმძღვანელები.