"თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა",- ამონარიდი საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადებიდან ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონთან დაკავშირებით. განცხადებას ხელი აწერს 38 სასწავლებელი.
პოლიტიკის მიღმა
2022 წლის აპრილში ნოვოსიბირსკის საქალაქო კოლეჯის დირექტორმა, სერგეი ჩერნიშოვმა მხარი დაუჭირა ანტი-საომარი გამოსვლებისთვის დაკავებულ სტუდენტებს. ჩერნიშოვმა უარი თქვა სტუდენტებთან "აღმზრდელობით სამუშაოებზე" რასაც მისგან პოლიცია ითხოვდა - "განათლება პოლიტიკის მიღმაა",- განაცხადა ჩერნიშოვმა.
ეს თანამედროვე რუსეთში ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ფრაზა "პოლიტიკის მიღმა" ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა დასაცავად გამოიყენეს. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ანტი-საომარი წერილები გაავრცელეს სხვადასხვა პროფესიულმა გაერთიანებებმა, ხელმომწერებს შორის იყვნენ ადვოკატთა ფედერალური პალატის წევრებიც. მეორე დღესვე იმავე პალატის 11-მა წევრმა ხელი მოაწერა კოლეგების საპასუხო წერილს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "ადვოკატურა პოლიტიკის მიღმაა." ტექსტი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების მხარდაჭერით სრულდებოდა.
Комерсанть-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსი მედიკოსების 83% უარყოფითად აფასებდა ომის შემდეგ რუსეთის გარიცხვას სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებიდან. რუსი ექიმების უკმაყოფილების ერთ ფრაზაში ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება - "მედიცინის მეცნიერება პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს."
თანამედროვე რუსეთში პოლიტიკის გამიჯვნას ყველაზე ხშირად სპორტთან მიმართებით ითხოვენ. სხვადასხვა დროს ამას ითხოვდა პრეზიდენტი პუტინი, ვიცე-პრემიერი, დმიტრი ჩერნიშენკო, დუმის დეპუტატი და ყოფილი ჰოკეისტი, ვიაჩესლავ ფეტისოვი და ბევრი სხვა პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი.
"აპოლიტიკურობის" ისტორია თანამედროვე რუსეთში
რუსეთი ყოველთვის არ ყოფილა ფუნდამენტურად დეპოლიტიზებული საზოგადოება, მაგრამ თაობა, რომელიც ახლა 60-70 წლისაა (რუსეთის მოქმედ ლიდერთა უმეტესობა სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფისაა) 1970-იან წლებში ფორმირდებოდა.
ამ ეპოქის საბჭოთა კავშირში უკვე წარსულში დარჩა სტალინური პერიოდის პრაქტიკები, როდესაც არასაკმარისი პოლიტიკურ ენთუზიაზმში ეჭვიც კი ხშირად ტრაგიკულად სრულდებოდა. ე.წ. უძრაობის ხანაში კვლავ სავალდებულო იყო კომუნისტური მოძღვრებისთვის ერთგულების საჯარო ფიცი, მაგრამ ამ გამოსვლების გულწრფელობის თითქმის არავის სჯეროდა.
გარედან საბჭოთა კავშირი უკიდურესად პოლიტიზებული საზოგადოების შთაბეჭდილებას ქმნიდა, სინამდვილეში კი ხალხი მკვეთრად დეპოლიტიზებული იყო. პარტიული ყრილობებსა და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს უფრო მეტად რიტუალური დანიშნულება ჰქონდა, ვიდრე რეალური პოლიტიკური შინაარსი.
გვიან საბჭოთა კავშირის საზოგადოების ამ უცნაური მდგომარეობას დეტალურად აანალიზებს თავის წიგნში "ყველაფერი იყო მარადიული, სანამ ეს არ დასრულდა" ანთროპოლოგი, ალექსეი იურჩაკი.
დინამიზმი და რეალური პოლიტიკური პროცესი სსრკ-ში ე.წ. პერესტროიკის ეპოქაში დაბრუნდა. ღიაობის პოლიტიკამ და მეტნაკლებად კონკურენტული არჩევნების დაშვებამ საზოგადოების პოლიტიზაცია გამოიწვია. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მანამდე არნახული აქტივობები მიმდინარეობდა - პოლიტიკური ამბიციის მქონე მოქალაქეები კენჭს იყრიდნენ სხვადასხვა დონის არჩევნებზე, მიმდინარეობდა დებატები, პროფესიული გაერთიანებები მუშაობდნენ რეფორმების გეგმაზე, საზოგადოება დაინტერესდა პოლიტიკური ცხოვრებით და მასზე დაკვირვება დაიწყო.
უმაღლეს საბჭოში პირველად გამოჩნდნენ ფრაქციები და მათი დამოუკიდებელი ლიდერები. აქედან გამომდინარე ცენტრალიზებული შეზღუდვის არ არსებობის პირობებში სსრკ-ში ახალი პოლიტიკური კულტურა დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ჩამოყალიბდა.
პოლიტიზებული იყო 1990-იანი წლების რუსეთიც. ამ დროიდან ახალი ხელისუფლების მოწინააღმდეგებმა უკვე დაიწყეს საზოგადოებაში ძველი წყნარი და აპოლიტიკური ცხოვრების ნოსტალგიის გაღვივება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ეს ნოსტალგია მის სასარგებლოდ გამოიყენა. დამოუკიდებელ ან კრიტიკული მედიებზე კონტროლს სხვადასხვა მეთოდით სახელმწიფო ამყარებდა. მკაცრდებოდა კანონმდებლობა პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, მათ შორის ახალი პარტიის დარეგისტრირება, დაიწყო არჩევნების შედეგების მასობრივი ფალსიფიკაცია.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მოსახლეობის პასიური თანხმობის ფონზე პუტინის მმართველობის წლებში კრემლი საზოგადოების ხანგრძლივი და თანმიმდევრული დეპოლიტიზაციის პროგრამას ატარებდა.
პროცესმა კულმინაციას 2010-იანი წლების შუაში მიაღწია, სხვადასხვა არჩევნებზე ხელისუფლების მთავარი სტრატეგია აქტივობის მიზანმიმართული შემცირება გახდა. ხელისუფლება ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლებად მიეპყრო საზოგადოების ყურადღება არჩევნებისკენ. ამ მექანიზმის პრინციპი მარტივია - ვინც სწორად აძლევს ხმას, იმას ხელისუფლება საარჩევნო უბნებზე თავისით მიიყვანს, ხოლო დანარჩენები ჯობია არჩევნებზე საერთოდაც არ მივიდნენ.
შედეგად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობის ისტორიული ანტი-რეკორდი იყო - 47.8%. 2021 წელს მაჩვენებელმა 51% შეადგინა. შედარებისთვის 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 65%-ს აღემატებოდა.
მობილიზაციიდან დემობილიზაციამდე
ამგვარი მიდგომა თავდაყირა აყენებს გავრცელებულ წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ ავტორიტარულ ხელისუფლებას მოსახლეობის მასობრივი და გულმხურვალე მხარდაჭერა სჭირდება.
ნებისმიერი ავტორიტარული ხელისუფლების პირველი ამოცანა ხელისუფლებაში დარჩენაა. გარდა ამისა, ასეთ მთავრობას სურს "ხელი არ შეუშალონ მუშაობაში." ხელის შემშმელი კი მათი აზრით სწორედ საჯარო პოლიტიკა, დამოუკიდებელი პარტიები, დებატები, დამოუკიდებელი მედიები და დემოკრატიული ცხოვრების სხვა ელემენტებია.
პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი ირწმუნება, რომ არჩევნების უაზრობის და ე.წ. კლოუნადის განცდას რუსეთის მოსახლეობას თავს მიზანმიმართულად ახვევენ, რათა მოქალაქეებმა პოლიტიკური პროცესის მიმართ ინტერესი დაკარგონ. ამ მეთოდით ხდება ე.წ. სისტემური პარტიების დომინაცია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მოქალაქეებს აქვთ განცდა და არც თუ უსაფუძვლო, რომ რეალურად არჩევანი არ არსებობს, არავინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას.
სოციოლოგი გრიგორი იუდინი ამბობს, რომ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის საყრდენი სინამვდილეში საზოგადოების იძულებითი დეპოლიტიზაციაა. სამოქალაქო ჩართულობის აღკვეთა კი ქვევიდან წამოსული ნებისმიერი ინიციატივის ჩანასახშივე განადგურებას გულისხმობს. იუდინის თქმით, საუბარია როგორც ოპოზიციურ განწყობებზე, ასევე ზომაზე მეტად პრო-სახელისუფლებო ინიციატივებზეც.
ამის მაგალითია რუსი ნეონაციონალისტის, იგორ ხოლმოგოროვის შემთხვევა - 2022 წლის მარტში ხოლმოგოროვს უკრაინასთან ომის მხარდაჭერი მიტინგის ჩატარება აუკრძალეს. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მისი პოზიცია არ მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ ამ მიტინგის ინიციატივა ხოლმოგოროვს ეკუთვნოდა და ხელისუფლებისგან არ მოდიოდა. აქედან მალევე მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ომის მხარდამჭერი დიდი მიტინგი გაიმართა.
მკვეთრად გამოხატული დეპოლიტიზაციის ფონზე, საზოგადოების იდეოლოგიზაცია იმავე ალექსეი იურჩაკის მიხედვით გვიან საბჭოთა ეპოქის პარადოქსია.
"პოლიტიკა ბინძური საქმეა"
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაანონსებისას დასავლეთის ქმედებებითა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით 'აღშფოთებული' პუტინი ამბობდა - "გავიმეორებ - ჩვენ მოგვატყუეს, სახალხო ენაზე, რომ ვთქვათ გადაგვაგდეს. დიახ, ხშირად გვესმის, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ ამ დონეზე?!"
იგივე ფრაზა გამოიყენა ფაშისტური გამოცემა Царыград-ზე გამოქვეყნებული სვეტის ავტორმა, რომელიც რუსეთის უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის გამკაცრებას ამართლებდა. შეხედულება პოლიტიკური საქმიანობის სიბინძურის შესახებ განსაკუთრებით გავრცელებულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
ამ აზრის ვარიაციები ანტიკური პერიოდის ფილოსოფებთან გვხვდება, მაგრამ რუსეთში ის ყველაზე მკაფიოდ და თანმიმდევრულად იმპერატორ ალექსანდრ III-ს აღმზრდელმა და თავისი დროის ყველაზე გავლენიანმა იდეოლოგმა, კონსტანტინ პობედონოსცევმა ჩამოაყალიბა.
1884 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში - "ჩვენი ეპოქის დიადი ტყუილი" პობედონოსცევი დასავლური პარლამენტარიზმის ფენომენზე მსჯელობდა. იდეოლოგის მთავარი სათქმელი იყო, რომ პარლამენტარიზმში ძალაუფლება არა უმრავლესობას, არამედ რამდენიმე პარტიის ლიდერს ეკუთვნის, ხოლო არჩევნებზე "საუკეთესო მოქალაქეების" ნაცვლად ყველაზე თავხედები იმარჯვებენ. ავტორი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთში გავრცელებული პარლამენტარიზმი რამდენიმე დეპუტატის პირადი ინტერესების აღსრულების ინსტრუმენტია.
პობედონოსცევის მტკიცებით, არჩევითი პოლიტიკური სისტემის პირობებში (იგულისხმება იმ დროის დასავლური მონარქიები), როდესაც პოლიტიკოსები მათი პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ჩვეულებრივ ხალხს არ აქვთ უფრო მეტი უფლებები, ვიდრე თვითმპყრობელი და ერთთმართველი მეფისას (იგულისხმება რუსეთის იმპერია).
პობედონოსცევი არაფერს ამბობს იმაზე, რომ არჩევით პოლიტიკურ სისტემებში მოქალაქეებს მმართველის შეცვლა შეუძლიათ, რაც რუსეთის მსგავსი თვითმპყრობლური მონარქიების პირობებში უბრალოდ წარმოუდგენელია.
ცხადია, დემოკრატიული სისტემები არ არის იდეალური და კორუფციული თუ ანგარებიანი გათვლები არჩევით სისტემებში ხშირი მოვლენაა. აზრი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულია, თუმცა რუსეთში ეს აზრი ერთგვარ კოლექტიურ მანტრად ტრანსფორმირდა. ერთი შეხედვით, ამ აზრის გავრცელება ხელისუფლებისთვის არ უნდა იყოს სასურველი, მაგრამ საქმე ის არის, რომ თანამედროვე რუსეთის მსგავსი რეჟიმებს მასობრივი საზოგადოებრივი პრო-აქტიური მხარდაჭერა სულაც არ სჭირდებათ.
2021 წლის შემოდგომაზე Левада Центр-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, რუსეთის დუმას მოსახლეობის მხოლოდ 25% ენდობოდა, ხოლო მთავრობას 35% - ეს მაჩვენებლები სავსებით საკმარისია და კომფორტულია ხელისუფლებისთვის.
რუსეთის რეჟიმი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საზოგადოების პასიურობაა: მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ დისტანცირდება მათ ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისგან და არ მონაწილეობს აქტუალური ამბების განხილვაში. მოსახლეობისთვის თავს მოხვეული აზრი, რომ "პოლიტიკა ბინძური საქმეა" კი ამ საზოგადოებრივი პასიურობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. "რაც უფრო ნაკლები ადამიანი ინტერესდება და მონაწილეობს პოლიტიკაში, მით უფრო მარტივი ასეთი ადამიანების მართვა",- ამბობს სოციოლოგი, გრიგორი იუდინი.
ასეთი განწყობები განსაკუთრებით მომგებიანი ხელისუფლებისთვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პუტინის მიმართ რუსეთის მოსახლეობის ნდობა ყველაზე ცუდ შემთხვევებშიც კი ორჯერ აღემატება ნდობას სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტების მიმართ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რომ რუსეთის რეჟიმმა შეძლო არამხოლოდ პოლიტიკის მიმართ მასობრივი უნდობლობის დანერგვა, არამედ ამ განტოლებიდან პუტინის წარმატებით გაყვანაც.
როგორც შედეგი 2017 წელს მიერ იმავე Левада-ს მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ამბობდა, რომ პოლიტიკით არ ინტერესდებიან, რადგანაც ეს "ბინძური საქმეა." სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გზავნილი შემდეგია: თუ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაშინ ფალსიფიცირებულ არჩევნებში გასაკვირი არაფერია, ხელისუფლების უცვლელობა და ერთი კაცის განუყოფელი 24-წლიანი მმართველობაში კი არაფერი საშიში, არაფერია განსაკუთრებული ხელისუფლების ოპონენტთა დაჭერებსა და მკვლელობებშიც.
ბოლოსიტყვაობაა
ცხადია პოლიტიკაზე აქტიური დაკვირვება და პროცესში მონაწილეობა შეიძლება არ იყოს საინტერესო ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ საქმე ის არის, რომ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ რეჟიმებში, რისკენაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიიწევს მოქალაქეების ამგვარი განწყობა პრაქტიკულად რეჟიმის მხარდაჭერის ტოლფასია.
პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა შესაძლოა რთული იყოს, საჭიროა აქტიური დაკვირვება პოლიტიკურ პროცესზე, პოლიტიკოსების რეპუტაციაზე, პარტიულ პროგრამებსა და ხედვებზე, საკუთარი აზრის ქონა ხანდახან უცხო და რთულ საკითხებზე.
ამ კუთხით დემოკრატიასა და ტოტალიტარულ სისტემებს შორის მოჩვენებითი მსგავსებაც არის - ორივე მათგანი მოქალაქეებისგან აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობას მოითხოვს. საქმე ის არის, რომ დემოკრატიულ სისტემებში პოლიტიკოსები განსხვავებულ ბანაკებსა და ხედვებს წარმოადგენენ, ხოლო ტოტალიტარულში ერთადერთს. ასევე, ის, რომ დემოკრატიებში პოლიტიკური პასიურობისთვის მოქალაქეების მიმართ რესპრესიები არ იწყება.
ავტორიტარული ხელისუფლების საკმარისია მოქალაქეების პასიურობა - აქედან გამომდინარე პოლიტიკის მიღმა დასარჩენად საუკეთესო ხერხი ასეთი ხელისუფლების შეცვლაა. მოქალაქეების პოლიტიკური პასიურობა მხოლოდ დემოკრატიის პირობებში არ აძლიერებს რომელიმე პოლიტიკურ ძალას და ამავდროულად არ უქმნის საფრთხეს ამ მოქალაქეს.