-

გასულ კვირას უკრაინაში თავდაპირველად ფარული და შემდეგ საჯაროდ წარმართული მრავალთვიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება დასრულდა.

8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ვალერი ზალუჟნი - ЗСУ-ს მთავარსარდალი, რომელიც არმიას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან მეთაურობდა და უკრაინის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გახდა. ზალუჟნისა და ზელენსკის გუნდს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად ფუჭდებოდა, უკრაინული წყაროების ცნობით, ხშირად სამხედრო გადაწყვეტილებები ზალუჟნის გვერდის ავლით პოლიტიკური ლოგიკით მიიღებოდა. ამავე წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისში ეჭვიანობდნენ ზალუჟნის მზარდ რეიტინგზეც. 

როგორც მოსალოდნელი იყო წარუმატებელი კონტრიერიშის ფონზე  პრეზიდენტსა და მის მთავარ გენერალს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა და საჯარო სივრცეში ზალუჟნის მიერ The Economist-ისთვის მიცემული ინტერვიუთი გადმოვიდა. უკრაინული წყაროების მიხედვით, ბოლო თვეებში ზელენსკი ЗСУ-ს ზოგიერთ სარდალთან ზალუჟნის გვერდის ავლით ურთიერთობდა. ასეთ მოცემულობაში ზელენსკის ფავორიტი არმიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი იყო. ამაზე მეტყველებდა ისიც, რომ სირსკი ბევრად უფრო ხშირად ჩნდებოდა ფრონტის ხაზზე სტუმრად მყოფ ზელენსკის გარემოცვაში. 

ამ გარემოემებების გათვალისწინებით სირსკი მთავარსარდლის პოსტზე ყველაზე სავარაუდო კანდიდატად მიიჩნეოდა და მისი დანიშვნაც არ წარმოადგენდა მოულოდნელობას. 

58 წლის სირსკი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია, სირსკის სახელს უკავშირდება ЗСУ-ს მთავარი გამარჯვებები - კიევის დაცვა და ხარკივის კონტრიერიში, მაგრამ სწორედ მას მიიჩნევენ ბახმუტის 10-თვიანი წარუმატებელი კამპანიის მთავარ არქიტექტორადაც.

ზალუჟნისთან შედარებით სირსკი ნაკლებად ცნობილური ფიგურაა, კიდევ უფრო ნაკლებია მისი მხარდაჭერა არმიის რიგებში, ЗСУ-ს ნაწილში სირსკის საბჭოთა სტილის მეთაურის რეპუტაცია აქვს. ამასთანავე, სირსკის პატივს სცემენ მისი ასკეტიზმისა და ოპერაციების დეტალური დაგეგმვის გამო, განსაკუთრებით თვალშისაცემია სირსკის ხშირი ვიზიტები უკრაინული არმიის მოწინავე პოზიციებზე ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში. 

მოსკოვიდან კიევამდე 

 

უკრაინული არმიის მომავალი მთავარსარდალი 1965 წელს საბჭოთა რუსეთის ქალაქ ვლადიმირში დაიბადა. სირსკის მამა საბჭოთა არმიის საკადრო ოფიცერი იყო და მისი ვაჟიც ბავშვობიდანვე სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. 1970-იანი წლების მიწურულს მამა სამსახურის გასაგრძელებლად უკრაინაში გადაიყვანეს. საშუალო განათლება ალექსანდრ სირსკიმ ქალაქ ხარკივში მიიღო, სწორედ ხარკივს მიიჩნევს სირსკი მშობლიურ ქალაქად. 

ქალაქ ვლადიმირში დარჩნენ სირსკის ნათესავები, მათ შორის ძმა ოლეგიც, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ გასულ კვირას მოძებნა. "მასთან (რედ, სირსკი) ურთიერთობა არ მაქვს, მე ისიც არ ვიცი სად არის. ის უკვე ძალიან დიდი ხანია უკრაინაშია, იქ ოჯახი ყავს, მასზე არაფერი ვიცი",- ამბობს TACC-თან საუბარში ოლეგ სირსკი. სოციალური ქსელებში მისი აქტივობის მიხედვით, ოლეგ სირსკი მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. 

გამორჩეული მოსწავლე უმაღლესი განათლების მისაღებად ამერიკული West Point-ის საბჭოთა ანალოგში, მოსკოვის საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში (МВОКУ) გაგზავნეს. МВОКУ-ში სირსკი 1982-1986 წლებში სწავლობდა. დაახლოებით ამავე პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობდნენ რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური და მიმდინარე ომის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, დუმის დეპუტატი ანდრეი კარტაპოლოვი. 

რუსული უმაღლესი განათლების მიუხედავად ამ დროისთვის სირკის სამხედრო კარიერა მხოლოდ უკრაინას უკავშირდებოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სირსკი პოლტავის რაიონში დისლოცირებული მოტო-მსროლელი დანაყოფის მეთაური გახდა. 1990-იან წლებში სირსკი სათავეში ჩაუდგა უკრაინის ეროვნული გვარდიის 6-ე დივიზიის ერთ-ერთ პოლკს, ხოლო შემდეგ ბატალიონს. 2000-იან წლებში კი სირსკის უკრაინის 72-ე მექანიზებული ბრიგადის ჯერ შტაბის უფროსად, ხოლო შემდეგ ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. საყურადღებოა, რომ სწორედ ამ ბრიგადამ შეასრულა საკვანძო როლი კიევის დაცვის ოპერაციისას 2022 წლის მარტში. 

1996 წლის სირსკიმ წარჩინებით დაასრულა სწავლა უკრაინის შეიარაღებული ძალების აკადემიაში, ხოლო 2005 წელს უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია. სირსკიმ დაიცვა დისერტაცია რის შემდეგაც სამხედრო მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მიენიჭა. უკვე 2009 წელს სირსკიმ პრეზიდენტ, ვიქტორ იუშჩენკოსგან გენერალ-მაიოროს წოდება მიიღო. 

უკრაინისთვის ბოლო მშვიდობიან, 2013 წელს სირსკი ЗСУ-ს მთავარი სამეთაურო ცენტრის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოსტზე სირსკი ნატოსთან თანამშრომლობისა და არმიის ალიანსის სტანდარტებზე გადასვლის პროცესს კურირებდა. სირსკის ნაცბობების თქმით, გენერალი თავისუფლად მეტყველებს ინგლისურად - ცნობილია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე სირსკი რეპეტიტორებთან მეცადინეობდა, ხოლო მას შემდეგ ენის შესწავლას დამოუკიდებლად აგრძელებს. 

დებალცევო

 

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ალექსანდრ სირსკი ანტი-ტერორისტული (АТО) ოპერაციის შტაბის უფროსად დაინიშნა. 

2015 წლის თებერვალში სირსკი პირადად იმყოფებოდა დონეცკის ოლქის პატარა ქალაქ დებალცევოს მიდამოებში, რომელიც იმ დროს ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი იყო. დებალცევო და მისი მიმდებარე სოფლები იჭრებოდა ე.წ. ДНР-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ქალაქი შემდგომი იერიშებისთვის ЗСУ-ს ხელსაყრელ პლაცდარმს აძლევდა. სწორედ ამ პლაცდარმის ჩაჭრა სურდათ დონეცკელ ბოევიკებს, რომლებსაც იმ დროს უკვე ღიად უჭერდნენ მხარს რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილები. 

სირსკის ვიზიტის მიზანი ვითარებაში გარკვევა იყო, ის მეთაურობდა რამდენიმე საბრძოლო შეტაკებას, მათ შორის ქალაქიდან უკრაინული ნაწილების გასვლასაც. უკრაინული წყაროების ცნობით, მაღალი თანამდებობის მიუხედავად, სირსკი არ ხელმძღვანელობდა მთელ ოპერაციას და მისი ჩართულობა მხოლოდ ეპიზოდური იყო, ხოლო ერთპიროვნულ მეთაური იმდროინდელი მთავარსარდალი, ვიქტორ მუჟენკო იყო. 

რუსული პროპაგანდა დებალცევოში შექმნილ ვითარებას ЗСУ-ს პანიკურ გაქცევად წარმოადგენდა, რომელსაც თან ახლდა დიდი მსხვერპლი. მოგვიანებით სირსკი იტყვის, რომ ქალაქიდან უკრაინული არმიის გასვლა ორგანიზებული და კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო. 

"ჩემს დანაყოფებთან ერთად დავიკავეთ 2 საკვანძო სიმაღლე იმ გზის გასწვრივ, რომლითაც გავდიოდით. ჩვენი გასვლის მომენტში მოწინააღმდეგის ყველა საყრდენი პუნქტი და საცეცხლე წერტილები ჩვენ კონტროლქვეშ რჩებოდა. ამიტომ ქალაქიდან გასვლა ორგანიზებულად მოხდა - ფეხით თუ ტექნიკით, მაგრამ ორგანიზებულად",- ამბობდა სირსკი უკრაინსკა პრავდასთან საუბარში

დებალცევოში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სამხედროზე მეტად უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. საქმე ის არის, რომ სწორედ ამ დღეებში ბელარუსის დედაქალაქში უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები შეიკრიბნენ. ე.წ. მინსკის ფორმატის ფარგლებში ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ "დებალცევოს ალყაში" ათასობით უკრაინელი სამხედრო იყო მოქცეული და მათ გადასარჩენად კიევი სერიოზულ დათმობებზე უნდა წასულიყო. 

მინსკის მოლაპარაკებების დასრულებამდე ქალაქის შენარჩუნება და შემდეგ უკვე ქალაქიდან მეტნაკლებად ორგანიზებული გასვლა დადებითად შეაფასა უკრაინის იმდროინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და სირსკის ოპერაციის ხელმძღვანელობისთვის ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი მიანიჭეს. 

მომდევნო წლებში სირსკი აქტიურად მონაწილეობდა ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში, ჯერ შტაბის ხელმძღვანელის, ხოლო შემდეგ მეთაურის რანგში. 

2019 წლის აგვისტოში ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად დაინიშნა, ხოლო 23 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე სირსკიმ გენერალ-პოლკოვნიკის წოდებაც მიიღო. 

კიევის დაცვა 

 

უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სირსკიმ თვითონ გამოთქვა სურვილი რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ეხელმძღვანელა დედაქალაქის დაცვის ოპერაციისთვის. მოგვიანებით სირსკი აღიარებს, რომ რუსეთის ასეთი თავხედური თავდასხმას არ ვარაუდობდა. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაში ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ომს აღმოსავლეთ რეგიონებში დაიწყებდა. 

"მიუხედავად იმისა ჩვენ რისი გვჯეროდა, ჩვენ სამხედროები ვართ და ჩვენ განვახორციელეთ ყველა მოსამზადებელი სამუშაო",- ამბობდა სირსკი Washington Post-თან ინტერვიუში. 

დედაქალაქის დაცვისთვის სირსკიმ თავდაცვის 2 რკალი მოაწყო, ერთი შემოგარენში, მეორე კი უშუალოდ კიევში. ოპერატიულად შეიქმნა კომუნიკაციის სისტემა ცენტრალურ სამეთაურო შტაბსა და იმ სექტორებს შორის, რომლებადაც სირსკიმ ქალაქი და მისი შემოგარენი დაჰყო. ამავდროულად, ომის პირველ დღეებში ოფიცრებს მისცეს საშუალება ადგილზე მიეღოთ ტაქტიკური გადაწყვეტილებები ცენტრალურ პუნქტთან კომუნიკაციის გარეშე. 

ამ ძალისხმევის მიუხედავად იყო პრობლემებიც - იქიდან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელობა რუსეთის თავდასხმას აღმოსავლეთში ვარაუდობდა, დედაქალაქში დისლოცირებული სამხედრო დანაყოფების დიდი ნაწილი სწორედ დონბასში იყო გადასროლილი.

არსებობდა რისკი, რომ საკადრო სამხედროების რიცხვი არ იქნებოდა საკმარისი რუსეთის დარტყმის მოსაგერიებლად. ამ ვითარებაში ЗСУ-ს სარდლობამ უკრაინის სხვა ქალაქებიდან სამხედრო სასწავლებლებისა და დროებითი მოხალისეობრივი ბატალიონების დიდი ნაწილი დედექალაქისკენ გადაისროლა. ასეთი სახელდახელო მობილიზაციის სიმბოლოდ იქცა შეჭრის პირველ დღეებში ცეცხლასროლი ავტომატების დარიგება მოსახლეობისთვის. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დასრულდა უკრაინის ტაქტიკური ავიაციის, არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაადგილება ბაზირების მუდმივი წერტილებიდან. 

ამ გადაწყვეტილებების წყალობით ЗСУ-მ რუსეთის თავდაპირველი დარტყმის მოიგერია. სირსკის თქმით, რუსები კიევის დაკავებას 72 საათში გეგმავდნენ.

BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროს ცნობით, გენერალს სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი 4 დღის განმავლობაში საერთოდ არ უძინია. "2 კვირა ძილის გარეშე, მხოლოდ რაღაც მცირე ნაწყვეტებში ვახერხებდით დაძინებას, მაგრამ ამოცანა შევასრულეთ",- ამბობს სირსკი კიევის ბრძოლის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში

კიდევ ერთი კრიტიკული მომენტი მაშინ დადგა, როდესაც დედაქალაქის ჩრდილოეთით სოფელ მოშუნთან რუსეთის არმიამ კიევზე გადამწყვეტი იერიშისთვის  მძლავრი მოიერიშე დაჯგუფება შეკრა. მოშუნს რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგისტრალი კვეთს, რუსეთმა სოფელში 200 ერთეული ჯავშანტექნიკა შეიყვანა, რომელიც სავსე იყო საზღვაო ქვეითებითა და მედესანტეებით. 

ამ ფონზე ЗСУ-ს სარდლობამ მდინარე ირპენზე მდებარე დამბის აფეთქების ბრძანება გასცა. მაღალი ალბათობით, სწორედ ამან გაანეიტრალა დედაქალაქის წინაშე არსებული ბოლო მნიშვნელოვანი საფრთხე. 

2022 წლის მარტის მიწურულს გაწელილი და თხლად გაბნეული რუსეთის არმია კიევის ოლქიდან გაიქცა - კიევის დაცვის ოპერაციისთვის ალექსანდრ სირსკის უკრაინის უმაღლესი ჯილდო ეროვნული გმირის ოქროს ვარსკვლავი მიანიჭეს. 

ხარკივის კონტრიერიში 

 

კიევის ოლქიდან რუსების გაქცევის შემდეგ, საომარი მოქმედებების მთავარმა თეატრმა კვლავ აღმოსავლეთში გადაინაცვლა. ალექსანდრ სირსკი კი სათავეში ჩაუდგა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება Хортица-ს, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძოდა.

სწორედ სირსკის მიიჩნევენ ხარკივის კონტრიერიშის მთავარ არქიტექტორად - 2022 წლის სექტემბერში ელვისებური დარტყმის ფარგლებში ЗСУ-მ 500-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

"ჩვენს ჯარისკაცებს უკან დახევა მობეზრდათ, ვგრძნობდით, რომ მოწინააღმდეგისთვის ისეთი დარტყმა უნდა მიგვეყენებინა, რომლის შემდეგაც მათი ფრონტი ჩამოიშლებოდა",- ამბობდა სირსკი მოგვიანებით TCN-თან ინტერვიუში. 

ხარკივის ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება აქტიურად აანონსებდა კონტრიერიშის ქვეყნის სამხრეთში. უკრაინელთა მთავარ სამიზნედ კი დნეპრის მარჯვენა ნაპირზე რუსების ერთადერთი პლაცდარმი, ქალაქი ხერსონი მიიჩნეოდა. ამ ფონზე რუსეთის არმიამ რეზერვების ძირითადი ნაწილი სწორედ ხერსონისკენ გადაისროლა. 

შედეგად საოკუპაციო არმიის რიგები ჩრდილო-აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად დასუსტდა, თავდაცვის ხაზები დაუცველი იყო, ჯარი ცოცხალი ძალის ნაკლებობას განიცდიდა. რუსეთის არმიის სისუსტე შესანიშნავად გამოიყენეს სირსკის ჯარებმა.

რუსეთის არმია ვარაუდობდა ფრონტალურ შეტევას ქალაქ ბალაკლეაზე. ამ მოლოდინის საპირისპიროდ ЗСУ-მ ქალაქს გვერდი აუარა და შეტევა ფლანგიდან განავითარა. მოულოდნელი წარმატების შემდეგ, სირსკიმ ოპერაციის თავდაპირველი გეგმას აუხვია - ჩანაფიქრის მიხედვით, პირველი დარტყმის შემდეგ ЗСУ თავდაცვაზე უნდა გადასულიყო, თუმცა რუსების სწრაფი გაქცევისა და ფრონტის ჩამოშლის შემდეგ, სირსკიმ არმიამ უბრძანა ადევნებოდნენ გაქცეულ მოწინააღმდეგეს. 

ტერიტორიების გათავისუფლებისა და დიდი მორალური გამარჯვების გარდა ხარკივის კონტრიერიშმა ЗСУ-ს საჭირო და დეფიციტური სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც მისცა, რომელიც გაქცეულ ოკუპანტებს პოზიციებზე დარჩათ. "რუსეთის არმია ЗСУ-სთვის მძიმე შეიარაღების მთავარი სპონსორი გახდა",- წერდა Wall Street Journal.

"საბოლოო რეზულტატი (რედ. კონტრიერიშის) ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ჩაფიქრებული გვქონდა. ჩვენ დაახლოებით 2 ათასი კვადრატული კილომეტრით ნაკლები ტერიტორიის გათავისუფლებას ვგეგმავდით",- ამბობდა ღიმილიანი სირსკი Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

სირსკის თქმით, კონტრიერიშის მთავარი შედეგი ის იყო, რომ მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის არმიის დამარცხება შესაძლებელია - "მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის არმიის დამარცხება საჭიროა და შესაძლებელია, რომ ისინი გარბიან, თან საკმაოდ სწრაფადაც." 

მიიჩნევა, რომ სწორედ ხარკივის კონტრიერიშმა აიძულა პუტინი გამოეცხადებინა სამხედრო მობილიზაცია. სვატოვესა და კრემენნაიას მიმართულებით ЗСУ-ს წინსვლის შეჩერება რუსეთმა ათასობით გაუწვრთნელი მობილიზებულების ხარჯზე შეძლო, რომლებიც ფრონტის ხაზზე პირდაპირი ვაგონებიდან გადაჰყავდათ. 

Ground Zero - ბახმუტი

 

ხარკივის კონტრიერიში უკრაინის არმიისა და პირადად ალექსანდრ სირსკის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებად დარჩა, ბახმუტის კამპანიის ერთგვაროვნად შეფასება გაცილებით რთულია. 

თავად სირსკის არაერთხელ უთქვამს, რომ წმინდა სამხედრო კუთხით მისი პასუხისმგებლობის ზონაში აღმოჩენილი ქალაქი არ წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილს. 2022 წლის შემოდგომაზე აღმოჩნდა, რომ ბახმუტის აღება პრინციპულად მნიშნველოვანი იყო რუსეთის არმიისთვის, რომელიც პირველ რიგში ვაგნერის დანაყოფებით იყო წარმოდგენილი. 

ბახმუტის კამპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პირად პიარ-კამპანიად გადაიქცა. გასულ ზამთარში ბახმუტი რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე სისხლისმღვრელ და ხანგრძლივ ბრძოლაში გადაიზარდა, სადაც ორივე მხრიდან დაღუპულების რაოდენობა ათეულობით ათასით განისაზღვრება. 

BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროების ცნობით, გარკვეულ მომენტში მთავარსარდალი ზალუჟნი ქალაქიდან ჯარების გაყვანას და უფრო მომგებიან პოზიციებზე გამაგრებას ემხრობოდა, მაგრამ ამ დროისთვის ბახმუტმა უკრაინული ხელმძღვანელობისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. 

ფორტეცია ბახმუტი უკრაინელი სამხედროებისა სიმამაცისა და მშობლიური მიწისთვის მათი თავდადების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. ამ პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე პრეზიდენტის ოფისმა არ მიიღო ვალერი ზალუჟნის წინანადება და ქალაქისთვის სისხლიანი ბრძოლები 2023 წლის მაისამდე გაგრძელდა - მაისის მიწურულს ვაგნერის ძალებმა სრულად დაიკავეს ქალაქი.

სირსკის მომხრეები ბახმუტის 10-თვიან კამპანიას უკრაინის დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ და ამის არგუმენტად ომის თეატრიდან ვაგნერის გაქრობა მოჰყვათ. "ვაგნერი პრიგოჟინის სიკვდილამდე გავანდგურეთ"- ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტირს ყოფილი მოადგილე, ჰანა მალიარი. 

ეჭვგარეშეა, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროების დარჩენამ ვაგნერის ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად შეამცირა, თუმცა ბევრი უკრაინელი სამხედრო ეჭვქვეშ აყენებს იმ საფასურს რაც ЗСУ-მა ამისთვის გადაიხადა. უკრაინელ სამხედროებში გავრცელებულია აზრი, რომ ბახმუტის კამპანიის დროს სირსკის მიდგომა გაუმართლებლად სასტიკი იყო, კრიტიკოსების თქმით, სირსკი არ უფრთხილდებოდა უკრაინელი სამხედროების სიცოცხლეს. 

"სირსკის ბახმუტიდან ჯარები იქამდე ბევრი თვით ადრე უნდა გაეყვანა, ვიდრე მოწინააღმდეგე ქალაქს დაიკავებდა",- ამბობენ უკრაინელი სამხედროები Financial Times-თან საუბარში. ერთი შეხედვით, დანაკარგების თანაფარდობა ბახმუტში უკრაინელთა სასარგებლო იყო, თუმცა განსხვავებული იყო მათი ხარისხი. თუ, რუსეთის მხრიდან დანაკარგების უდიდესი ნაწილი რეციდივისტებზე მოდიოდა, უკრაინის მხარეს ყველაზე გამოცდილი და მოტივირებული დანაყოფები ცვდებოდნენ. 

"დარხეული გვაქვს - ეს არის განწყობა იმ ოფიცრებისა და ჯარისკაცებს შორის, რომლებმაც ბახმუტის კამპანია სირსკისთან ერთად გაიარეს",- ნათქვამია უკრაინელი ოფიცრის ტელეგრამ არხში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, რომელიც სირკის მთავარსარდლად დანიშვნას ეხებოდა.

ბახმუტში ყველაზე გამოცდილი დანაყოფების დატოვებით უკრაინა იძულებული გახდა, დაანონსებული კონტრიერიშის ფარგლებში აქცენტი მობილიზებულ ჯარისკაცებზე გაეკეთებინა. საბოლოოდ კონტრიერიშის დაწყება გამოუცდელ დანაყოფებს მოუწიათ, რომლებიც ყველაფერთან ერთად სამეცნიერო სიზუსტით აგებული ეშელონირებული თავდაცვის წინაშე აღმოჩნდნენ. 

ბახმუტი კიდევ ერთხელ გახდა განხეთქილების საგანი გასულ ზაფხულში - New York Times-ის ცნობით, ამერიკელი კონსულტანტები უკრაინელებს ურჩევდნენ არ გაებნიათ ძალები ბახმუტის ირგვლივ და რესურსები სამხრეთში მთავარი დარტყმისთვის გადაენახათ. უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტის, იური ბუტუსოვის ცნობით, ამავე ლოგიკას იზიარებდა ვალერი ზალუჟნიც. 

მიუხედავად ამისა, სირსკის დანაყოფებმა 2023 წლის მაისის მიწურულს ბახმუტის ირგვლივ ახალი იერიში წამოიწყეს. ალექსანდრ სირსკი აქტიურად ურთიერთობდა დასავლურ პრესასთან და ყველა ინტერვიუში ბახმუტის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდა. "ეს ჩვენი ღირსების საქმეა, ბახმუტის დაცვისას ბევრი თანამებრძოლი დავკარგეთ, ჩვენ ვალდებულები ვართ ქალაქი დავიბრუნოთ",- ამბობდა სირსკი BBC-სთან ინტერვიუში. 

გენერლის ამგვარი განწყობის მიუხედავად, ЗСУ-მ ვერ შეძლო ქალაქის დაბრუნება და არმიის წინსვლა კლიშიივკასა და ანდრიივკასთან შეჩერდა, რომლის დასაკავებლადაც უკრაინელ მებრძოლებს რამდენიმე თვე დასჭირდათ. 

ბახმუტზე განვითარებული შეტევა და რესურსების გაბნევა არაერთი დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინის კონტრიერიშის არამთავარი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამავე აზრს იზიარებს Osint ანალიტიკოსი, უკრაინის არმიის რეზერვის ოფიცერი, ფსევდონიმით Tatarigami.

"სირსკის დაუღალავი მცდელობები ტაქტიკური წინსვლისკენ, მუდმივად ფიტავს ჩვენს ძვირფას ადამიანურ რესურსს, რაც საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ტაქტიკური წინსვლით მთავრდება. სირსკი როგორც მეთაური გაკოტრებულია, ხოლო მისგან მომავალი ბრძანებები არმიაში დემორალიზაციას იწვევს"- წერდა ანალიტიკოსი აგვისტოს მიწურულს. 

ЗСУ-ს მთავარსარდლად დანიშნვის დღემდე სირსკი ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება Хортица-ს, სწორედ ამ დაჯგუფების პასუხისმგებლობის ზონაში შედის ქალაქები კუპიანსკი და ლიმანი, რომელიც უკრაინელებმა გასულ წელს გაათივისუფლეს და რომლებსაც უკვე მრავალი თვეა რუსები უტევენ. 

"ჩვენი მიზნები უცვლელია: შევინარჩუნოთ პოზიციები... მაქსიმალური დანაკარგების გზით გამოვფიტოთ მოწინააღმდეგე",- ამბობდა სირსკი Reuters-ისთვის იანვარში მიცემულ ინტერვიუში. 

ასკეტი და ომის მათემატიკოსი 

 

2014-15 წლებიდან დონბასში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან სირსკის სამხედრო წრეებში ირბისის მეტსახელით მოიხსენიებენ. 

"მე მომწონს ეს ცხოველი, ის აერთიანებს ეშმაკობას, ძალას, სიმამაცეს, არ ეშინია უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის. ჩვენ ახლა ასეთ ვითარებაში ვართ"- ამბობდა სირსკი TCN-თან ინტერვიუში. 

კიდევ ერთ ინტერვიუში სირსკი აღნიშნავდა, რომ არასდროს უბრძოლია რიცხობრივად ნაკლებ მოწინააღმდეგესთან - "ისინი ყოველთვის რაოდენობით გვაწვებოდნენ."

მაღალი ალბათობით, სწორედ ამით არის განპირობებული სირსკის ხასიათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი - ნებისმიერი ოპერაციის უკიდურესად მცირე დეტალებამდე დაგეგმვა და მისი აღსრულების თითოეულ ეტაპზე აქტიური ჩართულობა. სირსკის კრიტიკოსები მისი ხასიათის ამ შტრიხს ასეთი დონის მხედარმთავრის სისუსტედ მიიჩნევენ და გენერალს მიკრომენეჯმენტის მიმართ სწრაფვაში ამხელენ, რაც ხშირად ართულებს დასახულ ამოცანას. 

უკრაინელ ჯარისკაცებისა და დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სირსკის საბჭოთა გამოცდილებასა და გავლილ რუსულ სკოლაზე.

"სირსკის მსგავსება საბჭოთა სამხედრო სკოლასთან მისი უმაღლესი განათლებით ამოიწურება. მისი სტილი მკვეთრად გამოირჩევა საბჭოთა და რუსული იერარქიული პრაქტიკისგან. ის ნატოს დეცენტრალიზებული მეთაურობის პრინციპის ერთგულია და ხაზს უსვამს, საბრძოლო სულისკვეთების მნიშვნელობას. სირსკის თქმით, თანამედროვე მეთაური მუდმივ კავშირზე უნდა იყოს ჯარისკაცებთან. ყოველდღიურად ის ჯარისკაცებისგან 300-მდე შეტყობინებას იღებს",- წერდა The Economist-ის ალექსანდრ სირსკის შესახებ გამოქვეყნებულ მასალაში. 

ყურადღებას იქცევს ზალუჟნისა და სირსკის განსხვავებული პერსონალური ხასიათიც - თუ კი ზალუჟნი არმიაში პატივცემულ, მაგრამ უფრო დაახლოებულ და უშუალო მეთაურად აღიქმებოდა სირსკიზე იმავეს ვერ ვიტყვით. სირსკის არმიაში საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანის რეპუტაცია აქვს, რომელიც გარკვეულ დისტანციას იჭერს უახლოესი გარემოცვის წევრებთანაც. 

სირსკი ცნობილია თავისი ასკეტურობითაც, მისი ძალის გრაფიკი მკაცრად რეგულირებულია და დღეში 4.5 საათს შეადგენს. მისივე თქმით, ის ყოველდღიურად დილის 5 საათსა და 20 წუთზე იღვიძებს, დღე კი 1-საათიანი ფიზიკური ვარჯიშით იწყება. სირსკი არ ეწევა და თითქმის არასდროს არ სვამს, მის სამუშაო კაბინეტში კი ყოველთვის იდეალური წესრიგია. 

სირსკის კიდევ ერთი გამორჩეული შტრიხი ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში ხშირი ვიზიტებია - "მეთაური უნდა გრძნობდეს არმიის სულს",- ამბობს გენერალი.

ამ პროფესიული მივლინებებიდან იღებს სათავეს ალექსანდრ სირსკის კიდევ ერთი ჰობი. ფრონტისპირა პოზიციებზე სირსკი როგორც წესი დილის საათებში მიდის და გვიან საღამოს ბრუნდება. უკან დაბრუნებამდე კი სირსკი უკლებლივ ყოველთვის იღებს საღამოს ცის ფოტოს, გენერლის თქმით, მზის ჩასვლა აღმოსავლეთ უკრაინაში განსაკუთრებით ლამაზია. დაისის ფოტოებს გენერალი საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა მის თანამებრძოლებს უგზავნის. ჰანა მალიარის თქმით, უკვე დიდი ხანია სირსკის სთხოვს, ომის დასრულების შემდეგ მისი ფოტოების გამოფენა დააორგანიზოს, თუმცა თხოვნაზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია. 

შედარებით ნაკლებად ცნობილია სირსკის სამხედრო ფილოსოფიასა და არსებულ ვითარებიდან გამოსავლის მისეული ხედვის შესახებ. ვალერი ზალუჟნისგან განსხვავებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის 2 წლის განმავლობაში სირსკის პროგრამული სტატიები არ გამოუქვეყნებია. 

არმიის მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნებულ პირველ შეტყობინებაში სირსკი წერდა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი სამხედრო ხელმძღვანელობის ყველა ორგანოს მიერ მკაფიო და დეტალური დაგეგმარება იქნება. 

"ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყოველთვის იყო და არის უკრაინული არმიის მთავარი ფასეულობა"- ნათქვამია შეტყობინებაში. 

მეორე კუთხით, არმიის საკმაოდ დიდ ნაწილში სირსკის უხეში მეთაურის რეპუტაცია აქვს, მეთაურის, რომელიც დაქვემდებარებულებს ხშირად იმაზე მეტს სთხოვს, ვიდრე ობიექტურად შესაძლებელია. "სახმელეთო ჯარების მეთაურის შესახებ დამკვიდრა რეპუტაცია მეთაურისა, რომლისთვისაც ამოცანის შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის შესასრულებლად საჭირო მსხვერპლი",- წერს უკრაინსკა პრავდა

დასავლელი ჟურნალისტები, რომელთა რესპოდენტიც სირსკი ყოფილა ხშირად აღნიშნავენ გენერლის ნაკითხობის მაღალ დონეს. Guardian-ის ჟურნალისტი, რომელიც სირსკის გასულ ზაფხულში გასაიდუმლოებულ სამეთაურო პუნქტზე შეხვდა წერდა, რომ გენერლის საწოლთან კლაუზევიცის ტომი დევს. 

ამავე ინტერვიუში სირსკი საუბრობდა, რომ ომის პრინციპები ანტიკური საბერძნეთისა და რომის დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა. "შეიცვალა შეიარაღება, მისი სირთულე და პროცესების ავტომატიზაციის დონე, თუმცა პრინციპები უცვლელია"- ამბობდა სირსკი. 

Reuters-ისთვის ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში სირსკი ხაზს უსვამდა, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება მაღალტექნოლოგიური ომის სტადიაზე გადადის. იდენტური თეზისი ჰქონდა თავისი ბოლო სტატიებში ვალერი ზალუჟნისაც, რამაც გააჩინა განცდა, რომ სირსკისა და ზალუჟნის ხედვა ომის მომავალზე ფუნდამენტურად მსგავსია. 

ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა შექმნილ ვითარებაში ომის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა სირსკი პასუხობს: "შანსი ყოველთვის არის, საჭიროა მათი პოვნა და გამოყენება."

ზალუჟნის შემდეგ 

 

უკვე დიდი ხანია დასავლური წყაროები ალექსანდრ სირსკის უკრაინის მნიშვნელობით მეორე გენერლად მოიხსენიებენ. თავისებურად აფასებენ სირსკის მნიშვნელობას რუსები - იმავე Reuters-თან ინტერვიუში სირსკიმ ახსენა, რომ მასზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. რუსი Z-ბლოგერები სულ ცოტა ორჯერ იუწყებოდნენ სირსკის ლიკვიდაციის შესახებ. სირსკი ამ თემაზე ვრცლად არ საუბრობს - "მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს სარაკეტო დარტყმები",- თქვა გენერალმა. 

სირსკის დამოკიდებულება მოწინააღმდეგის მიმართ უკიდურესად სერიოზულია - "თითოეული, ვინც სათანადოდ არ აფასებს რუსებს განწირულია მარცხისთვის",- ამბობდა გენერალი The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე კანდიდატთა შორთლისტში 2019 წლიდანაა. მაშინ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პოსტზე რუსლან ხომჩაკი დანიშნა. კიდევ უფრო აქტიურად განიხილებოდა სირსკის კანდიდატურა 2021 წელს, როდესაც თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნი დანიშნეს. 

ზელენსკის ოფისში ზალუჟნის სირსკის ჩანაცვლებით სურვილის არსებობის შესახებ The Economist გასული წლის დეკემბერში წერდა. თავად სირსკი აღნიშნულ ხმებზე ყოველთვის კატეგორიულად რეაგირებდა ფრაზით - "არმია პოლიტიკის მიღმაა."

მიუხედავად ამისა, სირსკისა და ზელენსკის შორის ახლო პერსონალური ურთიერთობა აშკარა იყო 2022 წლის ზაფხულიდან და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ბოლო თვეებში. 

ამ მოცემულობაში სირსკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მთავარსარდლის პოსტზე ზალუჟნისთან კონკურენცია იქნება. სავარაუდოა, რომ ყოველ ნაბიჯზე წარუმატებელსა თუ წარმატებულზე სირსკის გათავისუფლებულ ზალუჟნის შეადარებენ და მაღალი ალბათობით, ამ შედარებაში სირსკის უპირატესობა არ ექნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში უკრაინული არმიისგან ფრონტის მნიშვნელოვან გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია. სირსკის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს შიდა მდგომარეობა - უკრაინაში უახლოეს თვეებში სამხედრო მობილიზაციის გამკაცრებას გეგმავენ. 

განსხვავებულია სირსკისა და ზალუჟნის სასტარტო პოზიციებიც. კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის გამოკითხვით ზალუჟნის უკრაინელთა 92% ენდობოდა, ხოლო 72% მისი გადაყენების წინააღმდეგი იყო. შედარებისთვის სირსკის მიმართ ნდობა 50%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო გამოკითხულთა მესამედი მას საერთოდ არ იცნობდა. 

კიდევ ერთ უარყოფით ასპექტი ზალუჟნის გათავისუფლების გარემოებებია, რომელიც პრეზიდენტის ოფისის უჩვეულო კომუნიკაციის გამო "გაწელილ პოლიტიკურ სერიალში გადაიზარდა." ამ ვითარებაში ნებისმიერ ახალ მთავარსარდალს მოსახლეობა და არმია პრეზიდენტისადმი მორჩილ პოლიტიკურ ფიგურად აღიქვამს, რომელიც სრულად დამოკიდებულია პრეზიდენტზე. 

ამ სირთულეების მიუხედავად, არის დადებითი მხარეებიც: პრეზიდენტის ოფისსა და ზალუჟნის შორის უნდობლობა, არმიაში ერთმმართველობის პრინციპის მოშლა ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენდა არმიის მორალურ მდგომარეობაზე. მით უფრო, რომ ზელენსკი კონსტიტუციის ფარგლებში დარჩა, რომლის მიხედვითაც მას აქვს სრული უფლება დანიშნოს ის მხედარმთავარი რომელსაც სრულად ან უფრო მეტად ენდობა. 

ოპტიმისტურად აფასებენ უკრაინული წყაროები დაანონსებულ ცვლილებებს სხვადასხვა ჯარების ხელმძღვანელობაში - ამ პოსტებს ძირითადად 2014-2015 წლების ბრძოლებში გამორჩეული ახალგაზრდა ოფიცრები დაიკავებენ. არმიის ხელმძღვანელობის კონსოლიდაციამ და ერთიან ჩარჩოში მოქცევამ შესაძლოა დადებითი ეფექტი იქონიოს ქვეყნისთვის ასეთ რთულ ვითარებაში. 

სირსკისა და ზელენსკის პოზიციები ემთხვევა კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში. გასული წლის ზაფხულში ABC-ის ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ აპირებდა სირსკი ომი დასრულებას, გენერალმა უპასუხა, რომ "უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, ოღონდ გამარჯვების შემდეგ."

ჟურნალისტი ასეთ ფორმულირებამ არ დააკმაყოფილა და გენერალს დამატებითი კითხვა დაუსვა: გთხოვთ გაგვიზიარეთ როგორ დასრულდება ომი, როგორი იქნება ეს დასასრული ფიზიკურად? 

"ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინის დროშები იფრიალებს ჩვენი საზღვრების მთელ სიგრძეზე ყირიმის ჩათვლით",- განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ. 

მსგავსი სიახლეები