-

2000 წლის მაისში რუსეთის ეკრანებზე დანილა ბაგროვი დაბრუნდა - 1990-იანი წლების საჰიტო ბლოკბასტერის БРАТ-ის მთავარი გმირი. ალექსეი ბალაბანოვმა ფილმის მეორე ნაწილი გადაიღო - თუკი პირველი ნაწილი კომერციული ჰიტი გახდა, ფილმის სიქველი ნამდვილ წინასწარმეტყველურ, საკულტო კლასიკად იქცა. 

ფილმი მალევე გახდა არამხოლოდ კინოგაყიდვის, არამედ ვიდეო კასეტებისა და CD საუნდტრეკების გაყიდვების ლიდერიც. წინა ფილმისგან განსხვავებით, სიქველი გაცილებით უფრო ცალსახა და მარტივი გასაგებია - განსაკუთრებით მთავარი გზავნილის ნაწილში. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი რუსული კინოს გმირი ნამდვილ ეროვნულ გმირად გადაიქცა. ფილმში გაჟღერებული ფრაზები, მთავარი გმირის შეხედულებები და მიდგომები, მომდევნო წლებში რუსეთის პოლიტიკურ მეინსტრიმში გადავა - ხშირად გასაოცარი სიზუსტით. 

პირველ სერიაში ლოკალურ ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ, მთავარი გმირები მზად არიან დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტად გლობალურ ბოროტებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ამერიკაში მდებარეობს. ამ ფონზე დანილა ბაგროვის კრიმინალური ოდისეა ეროვნულ იდეად იქცევა. 

ამერიკაში ჩასული გმირისთვის ამერიკა ყალბი პაროდიაა, შეიცვალა დრო, გმირები და რეჟისორები, მაგრამ დარჩა ბოევიკი რუსულად - როდესაც ძალადობა არ არის მხოლოდ ძალადობა, არამედ ეს არის ბრძოლა რაღაც 'დიდი იდეისთვის'. 

ფილმი პოსტ-საბჭოთა რუსეთის ცნობიერების კვინტესენციაა, რომელშიც "სიმართლე კანონზე მაღლა დგას". ამერიკაში ჩადის დიადი რუსული ეროვნული სიმართლე მკვლელობებით სარტირში და შელახული სიწმინდეების გამო შურისძიებით. 

სიუჟეტი 

მთავარი გმირის პროფესია გაურკვეველია, მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილიც არ აქვს. ის ერთ ჩვეულებრივ, ღარიბულ ოჯახში დაბადებული პროვინციელი ბიჭია, რომელიც მამის გარეშე გაიზარდა. ასეთი წარსულის მქონე პერსონაჟი ბევრ ახალგაზრდაში ნაცნობ ასოციაციებს იწვევდა - ბევრს უნდოდა დანილა ბაგროვს დამსგავსებოდა. 

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დანილა ჩეჩნეთში ომობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ ტანჯავს პოსტ-ტრავმული სინდრომი. პირიქით, ომმა ის "ნამდვილ კაცად" აქცია და პრობლემების 'სწორი და სამართლიანი' გადაჭრა ასწავლა. 

პირველ ფილმში მთავარი გმირის მტრები განგსტერული კაპიტალიზმის აგენტები, ე.წ. კომერსანტები არიან, რომელთა საქმიანობის სფერო ასევე გაურკვეველია. მაგრამ უკვე სიქველში ირკვევა, რომ დანილას მთავარი მტერი ოკეანს გადაღმა ცხოვრობს. სწორედ ამერიკა წარმოადგენს გლობალური ბოროტების სარწეველს. სწორედ ისინი უქმნიან პრობლემებს დანილა ბაგროვს და შესაბამისად, რუსეთსაც. 

ფილმიდან ჩანს, რომ ამერიკელები არამხოლოდ მონაწილეობენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ტრეფიკინგსა და შავკანიანების ჩაგვრაში, არამედ უკვე რუს პატიოსან სპორტსმენებსაც ატყუებენ, ხოლო როცა მათი თაღლითობა აშკარავდება, კვალის დასამალად მოტყუებული ჰოკეისტის ძმასაც კლავენ. 

თავის მხრივ ოკეანის გადაღმა მოკალათებული 'არამზადების' დასჯა რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა სპეცოპერაცია. მიზანია დივერსიულ-მზვერავი ჯგუფის შეკვრა, რომელიც სადამსჯელო აქციას მტრის ბუნაგში ჩაატარებს, მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, გაანეიტრალებს მტრებს და მოახდენს მოწმეების ევაკუაციას. 

ფილმის მიმდინარეობისას ირკვევა, რომ დივერსიულ-მზვერავი ჯგუფი, უფრო მეტია ვიდრე სადამსჯელო რაზმი და სინამდვილეში  სხვა არაფერია, თუ არა სიმართლისთვის მებრძოლი იდეალისტების დანაყოფი. მთავარი გმირისა და შეთავსებით რაზმის მეთაურის მოტივატორი არა მატერიალური სარგებელი ან შურისძიება, არამედ 'სიმართლისთვის ბრძოლაა'.

მთავარი გმირის მთელი იდეოლოგია ერთ სიტყვაშია მოქცეული - სიმართლე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარი აღმატებულობისა და სიმართლის აბსოლუტური რწმენა. ფილმის მიხედვით, სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკელები და ამერიკა აბსოლუტური ბოროტებაა, ხოლო აბსოლუტურ ბოროტებასთან და მის დამქაშებთან ბრძოლა ყველა მეთოდით შეიძლება. 

ეს არის დოგმატური და აქსიომატური გზავნილი, რომელსაც არ სჭირდება მტკიცებულებები და რომელიც მაყურებელს მთელი ფილმის განმავლობაში მიეწოდება. 

ფილმის კულმინაცია მტრის ბუნაგში მთავარი გმირის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციაა - ჩიკაგოს ერთ-ერთ როკ კლუბში შეჭრილი დანილა, ერთი მეორის მიყოლებით კლავს ამერიკელ ბოროტმოქმედებს. კადრი კომპიუტერული თამაშის ესთეტიკას იმეორებს, რითაც თითქოს ხაზს უსვამს - ადამიანის მოკვლაში რთული არაფერია. 

სცენის ფინალურ კადრებში რუსი გმირი ამერიკელებს კიდევ ერთ დანაშაულზე წაასწრებს - ისინი უყურებენ პორნოს ძალადობის ელემენტებით. ამან კიდევ ერთხელ უნდა გაუსვას ხაზი პროტაგონისტის სიმართლესა და მორალურ უპირატესობას.

ფილმში ყველაფერი მარტივია და ერთ 'სიმართლეს' ემსახურება - აქ არის მტერი, აქ ვართ ჩვენ. მოკალი და არ იფიქრო. 

ფილმის მთავარი გმირის მიერ წარმოთქმული ფრაზები ტიპური საბჭოთა ორაზრის მაგალითია - როდესაც სინტაქსურად გამართული წინადადება დაცლილია სემანტიკური შინაარსისგან. აზრის ნაკლებობას რეჟისორი მთავარი გმირის 'უდანაშაულო' და ბავშვური ემოციით სავსე სახის მსხვილი კადრებით აბალანსებს. 

ფილმის ერთ-ერთ ბოლო სცენაში სცენარისტებს ალექსანდრე ნეველის სიტყვების ალუზია შემოაქვთ, რომელიც ნეველმა ლივონიელების წინააღმდეგ გამართული ბრძოლის წინ წარმოთქვა. ამჯერად ნეველის სიტყვებს, რომ "ღმერთი სიმართლეშია და არა ძალაში" კუთხეში მიყენებული და რუსულის არმცოდნე ამერიკელი ბოროტმოქმედი, თანამედროვე რუსი სიმართლის რაინდისგან ისმენს. 

რუსული ფაშიზმის მიმები 

თეთრი ამერიკელი ბოროტმოქმედების გარდა ფილმში ნაჩვენებია ჩაგრული შავკანიანები. თავის მხრივ, გარკვეული სიმართლე და შესაბამისად ძალა აქვთ შავკანიანებსაც - ისინიც ჩაგრულები არიან. დროთა განმავლობაში მათ შეიძლება შიგნიდან დაასუსტონ წყეული ამერიკა და ხელი შეუწყონ რუსეთის ეროვნულ მისიას - სიმართლის დამყარებას. 

ბოროტმოქმედი თეთრებისა და ჩაგრული შავკანიანების გარდა, ამერიკაში არიან უკრაინელებიც, ფილმის ენაზე ხოხოლები. უკრაინელი ემიგრანტები, რომლებიც რატომღაც უხეშები და საზიზღრები არიან. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ყველა მათგანი ბანდერას იდეოლოგიის მიმდევარია. (მოგვიანებით ეს სიტყვა ზუსტად ამ ტრანსკრიპციით бендеровцы რუსული პროპაგანდის და პოლიტიკური ელიტის მიერ უკრაინის დასახასიათებლად ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა გახდება). 

ცხადია, ბენდეროველები ამერიკელი ბოროტმოქმედების დამქაშები არიან და ცხადია მათი განადგურება ფილმის გმირების მორალური ობლიგაციაა, რასაც აკეთებს კიდეც სადამსჯელო რაზმის კიდევ ერთი წევრი, დანილას უფროსი ძმა. ტუალეტში ბენდეროველის ჩაცხრილვას თან ახლავს რუსი სიმართლის რაინდის ფრაზა: "ნაძირლებო, თქვენ პასუხს სევასტოპოლისთვისაც აგებთ." 

ეს შელახული და წართმეული ეროვნული სიწმინდის, ანუ ყირიმისთვის შურისძიებას წარმოადგენს. 

უნდა ითქვას, რომ ფილმში ბოროტმოქმედი ამერიკელების გარდა, არიან ჩვეულებრივი ამერიკელებიც, რომლებიც უკლებლივ ყველა სცენაში გულუბრყვილო იდიოტებად არიან წარმოდგენილნი. თავის მხრივ იდიოტობად წარმოჩენილია უბრალო ადამიანური ნდობა - თუ თქვენ დეტალურად არ გაგჩხრიკეს, არ გაგაშიშვლეს და არ დაგამცირეს სასაზღვრო პუნქტზე, ფილმის მიხედვით თქვენ იდიოტების ქვეყანაში იმყოფებით. 

შესაძლოა ამერიკელების ნდობის ბოროტად გამოყენებაც, რითაც მათ სასარგებლო იდიოტებად გადააქცევთ - როგორც ეს ფილმის ერთ-ერთი გმირის, სატვირთოს მძღოლის ბენის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც დანილა ქვეყნიდან გასაქცევად იყენებს. 

ფილმში უყურადღებოდ არ არის დატოვებული 'გლობალური სიონიზმის ბოროტი ძალებიც', რუსული წარმოშობის ებრაელი პერსონაჟის განსახიერებით, რომელიც გულუბრყვილო დანილას ატყუებს და გაფუჭებულ ავტომობილს მიჰყიდის. 

სიმართლის დამყარების სპეცოპერაცია რუსი სექსმუშაკის გამოხსნით სრულდება - დანილას სამშობლოში მიჰყავს თანამემამულე, რომელიც შეცდა და ამერიკულ მახეში გაება. უკვე თვითმფრინავში მჯდომი პერსონაჟები ვოდკას ითხოვენ, რაზეც ეკიპაჟის წევრი პასუხობს, რომ აფრენის დროს ალკოჰოლური სასმელებს არ გასცემენ. "ბიჭუნა, შენ ვერ გაგვიგე, ვოდკა მოგვიტანე, ჩვენ სამშობლოში ვბრუნდებით." 

ფილმის ბოლოს სცენას მუსიკალურად ნაუტილუს-პომპილიუსის ცნობილი სიმღერა Good buy America აფორმებს. 

ეროვნული იდეა 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმოქმნილ ქაოსში ახალი ეროვნული იდეის უშედეგო ძებნის შემდეგ ბალაბანოვის ფილმმა მოსახლეობას უკიდურესად გამარტივებული და მაცდური პასუხები შესთავაზა: რუსები ძლიერები არიან, იმიტომ რომ მათ უკან სიმართლე დგას. ამერიკელები კი სუსტები და ფარისევლები არიან, რადგანაც მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ. 

რიგით მაყურებელს ფილმი დასრულებულ და თვითკმარ კვაზი-ფასეულობებს სთავაზობს. მთავარი გმირი არ არის ადამიანი, რომელმაც რაღაც შექმნა ან ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, არამედ მკვლელი, რომელმაც ყალბი პასპორტით შეაღწია მტრის ბუნაგში და სადამსჯელო სპეცოპერაცია ჩაატარა. 

ამავდროულად ფილმის ორივე ნაწილში მაყურებელი ვერ ნახავს გალამაზებულ რეალობას - ფილმში შესაშური სიზუსტით არის გადმოტანილი იმდროინდელი რუსეთის განუყრელი რეკვიზიტები: ბინძური ბაზრები, რეკეტიორები, ბანდიტები, კორუმპირებული პოლიციელები, ალკოჰოლიზმი და მარგინალები. და მიუხედავად ნაჩვენები სოციალური კატასტროფისა, გაურკვეველია, საიდან ჩნდება და ღვივდება განცდა - ჩვენ ყველაზე უკეთესები ვართ.

ბალაბანოვს არ გადაუღია ფილმი რეჟიმის დაკვეთით, როგორც ეს მაგალითად ლენი რიფენშტალს "ნების ტრიუმფი" ნაცისტურ გერმანიაში. შესაძლოა ფილმის ავტორებს არ ჰქონდათ კონკრეტული გზავნილი მაყურებლების მიმართ და უბრალოდ უკვე არსებულ რეალობას, რუსეთის მოსახლეობის ფიქრებს და აზრებს აღწერდნენ. 

ფილმი აჩვენებდა რუსეთის მოსახლეობაში არსებულ დამცირებისა და უსამართლობის განცდას, რომელიც პასუხს მოითხოვდა. ფილმის პრემიერის მომენტში, რუსეთი პოსტმოდერნულ ეიფორიაში იმყოფებოდა, სადაც არაფერი იყო ნამდვილი და განსაკუთრებით პოლიტიკა.

ფილმის გამოსვლის მომენტში არავინ აღიქვა ის წინასწარმეტყველებად, რომელშიც ახალი ეპოქის რუსეთი იყო აღბეჭდილი. 

მსგავსი სიახლეები