-

"მე ვარ შეხვედრის დამსწრე, რომელზეც ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას სთავაზობდა ქართული ფულისა და სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტაციის დაბეჭდვას. საქართველო ამ პროდუქციას გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტის სახით მიიღებდა. შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო იყო კეთილი ნების ნიშნად საქართველოს მთავრობას ბრიტანული კომპანიისთვის 200 ათასი დოლარი გადაერიცხა, ამ თხოვნაზე პრემიერმა სიგუამ დაუფიქრებლად უპასუხა, რომ საქართველოს ამის საშუალება არ ჰქონდა", — მიხეილ ჯიბუტი, მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი 1992-1994 წლებში. 

საბჭოთა მემკვიდრეობა

არსებობის ბოლო წლებში საბჭოთა კავშირი მძიმე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. გეგმური ეკონომიკის კრახის შემდეგ, ამ სუბიექტში შემავალი თითქმის ყველა რესპუბლიკა ნგრევამ, ეთნიკურმა კონფლიქტებმა და ქაოსმა მოიცვა.

სულ უფრო სუსტდება საკავშირო ცენტრი. იმპერიის პერიფერიებში ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა ეთნიკური კონფლიქტები, იყო მუდმივი პოლიტიკური კრიზისები. 

ამ ფონზე იზრდებოდა და ძალას იკრებდა ნაციონალისტური განწყობები. სულ უფრო მეტი რესპუბლიკა (ერთ-ერთი პირველი საქართველო იყო 1989 წლის 9 აპრილს) ითხოვდა სსრკ-ს კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლით განსაზღვრულ უფლებას და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.  

მძლავრი ეროვნული მოძრაობაა ბალტიისპირა რესპუბლიკებში და უკვე დაწყებულია შეიარაღებული კონფლიქტი ყარაბაღში. ამას ხელს უწყობს ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ყოველდღიურად მწვავდება. 

იზრდება ფარული ინფლაცია და მძაფრდება დეფიციტი. სასურსათო ტალონები, რომელიც საბჭოთა პროვინციებისთვის მანამდეც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ნელ-ნელა აღწევს საკავშირო ცენტრსაც და მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებს.

სსრკ-ს  დასასრულს აჩქარებდა ასევე  გორბაჩოვის მიერ წამოწყებული გლასნოსტი და პერესტროიკა. ამ პერიოდში იბეჭდებოდა მანამდე აკრძალული წიგნები, დაიწყო რამდენიმე ახალი გაზეთისა და ჟურნალის გამოცემა, სადაც თამამად საუბრობენ რეჟიმის დანაშაულებზე და რეპრესიებზე. 

გორბაჩოვის მიერ წამოწყებულმა სანახევრო ეკონომიკურმა რეფორმებმა თავისი შედეგი გამოიღო  - ძველი სისტემა ვეღარ მუშაობდა და ვერც ახალი, საბაზრო სისტემა შეიქმნა. სსრკ-ს დასასრულის დასაწყისის ერთ-ერთი მანიშნებელი გახდა ასევე 1989 წელს მაღაროელების მასშტაბური გაფიცვა. მაშინ ჯამში ნახევარი მილიონი მაღაროელი გაიფიცა, რაც აქამდე გაუგონარი ამბავი იყო საბჭოთა კავშირში. 

რიგითი საბჭოთა მოქალაქის წარმოდგენაში მშრომელთა გაფიცვები  მხოლოდ "კაპიტალისტურ დასავლეთში იყო შესაძლებელი, სადაც კლასობრივ ბრძოლაში მშრომელები თავისი უფლებებისთვის იბრძოდნენ" და არა საბჭოთა კავშირში კი, სადაც არსებული კონვენციური წარმოდგენით, წარმოების საშუალებები დიდი ხანია საერთო სახალხო საკუთრებაში იყო გადასული.

მაღაროელები ითხოვენ ელემენტარულს - სურსათს, საკვებს, საპონს, ნორმალურ ხელფასს. საბჭოთა ხელმძღვანელობა წავიდა კომპრომისზე და გასცა დაპირებები, რომლებსაც ვერასოდეს აასრულებდა. ვითარება კონტროლიდან გადიოდა, ხოლო  მკაცრი და ეფექტური სახელმწიფო კონტროლის გარეშე კი, სოციალიზმის ეკონომიკური სისტემა ბანქოს სახლივით იშლებოდა. 

სოციალისტურ წყობაში სახელმწიფო და ეკონომიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. სახელმწიფო კონტროლი აუცილებელია იმისთვის, რომ მაღაზიაში იყოს პური, სახლებში იყოს ელექტროენერგია. 

კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ,  რაც სსრკ-მ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების უმეტესობა სრულ პოლიტიკურ განუკითხაობასა და ქაოსში  ჩაეფლო, რამაც ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. 

გამონაკლისი მხოლოდ ბალტიის ზღვისპირა სახელმწიფოები იყო. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სამოქალაქო კონსოლიდაციის ხარჯზე სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარება შეძლეს, რითაც თავი დააღწიეს საყოველთაო სიღატაკესა და ქაოსს.

საქართველომ მსგავსი ვერაფერი მოახერხა. მეტიც, საქართველოს იმდროინდელი ეკონომიკა არათუ სსრკ-ს, არამედ მსოფლიოს ეკონომიკური ისტორიის რამდენიმე ანტირეკორდის მფლობელია.

დამოუკიდებლობის პირველი წლები

 

1990 წლისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა,  საქართველო საშუალოდ განვითარებული ქვეყანა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების შორის ეკონომიკური სიდიდით, მერვე ადგილს იკავებდა.

რესპუბლიკას ჰქონდა განვითარებული ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის სექტორი. უმუშევრობა თითქმის სრულად იყო დაძლეული, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნდა ფინანსური დანაზოგი. 

თუმცა, მიუხედავად არც თუ ისე ცუდი მაჩვენებლებისა, ეს ყველაფერი სსრკ-ს გეგმურ ეკონომიკაში ხდებოდა, რაც ეკონომიკურ სურათს თავდაყირა აყენებს. საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე იმ არაჯანსაღი ეკონომიკური მოცემულობიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარეობდა, რომელიც დასასრულს უახლოვდებოდა.

ერთ დღეს მოქალაქეებმა გაიღვიძეს და დანაზოგი, რომელსაც წლები აგროვებდნენ, ისე გაუფასურდა, რომ პრაქტიკულად მხოლოდ იმ ქაღალდს წარმოადგენდა, რომელზეც იყო დაბეჭდილი. სხვადასხვა შეფასებით, საბჭოთა კავშირში ფარული ინფლაცია 5 ათას პროცენტსაც აღწევდა. 

ცხადია, მთელს კავშირში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი გავლენას ახდენს საქართველოზეც. ეკონომიკური რღვევა გრძელდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებშიც. 

9 აპრილის სასაკლაოს შემდეგ, საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობა დემორალიზებული იყო და სწრაფი ტემპით კარგავს გავლენასა და ლეგიტიმაციის ნარჩენებს. იკრებდა ძალას ეროვნული მოძრაობა, რომელიც პრაქტიკულად მთავრობად ყალიბდებოდა და თავის დროს ელოდებოდა. 

ეს დრო მალე მოვიდა - 1990 წელს  საქართველოს ხელმძღვანელობაში კრემლის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯგუფები მოვიდნენ.

საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე ბლოკმა "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა, რომლის სათავეში ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ყოფილი დისიდენტი, ფილოლოგი ზვიად გამსახურდია იყო. 

მთავარი პრობლემები ახლა იწყება - ამ დროისთვის უკვე დაწყებულია განხეთქილება ეროვნული მოძრაობაში, რაც ცოტა ხანში სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება; კონფლიქტის კერები ღვივდება სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, რაც მალე შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება. პარალელურად, კიდევ უფრო მწვავდება 1989 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისი. 

1991 წლის 31 მარტს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ტარდება, მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს ერთადერთ კითხვას — "ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?" 

ამავე წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობას აცხადებს. 1991 წლის 26 დეკემბერს სსრკ-მ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის საქართველოში უკვე სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

22 დეკემბერს დაწყებული ომი თბილისში 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 6 იანვარს ზვიად გამსახურდიას მთავრობა დამხობილია, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში კიდევ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. 

1991 წელი -  საქართველოს ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა.

1992 წლის 7 მარტს თბილისში ჩამოდის სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის და თენგიზ სიგუას გუნდს უერთდება. თბილისის აეროპორტში ჩამოსული შევარდნაძე მადლობას უხდის ინტელიგენციას, რომელმაც "დემოკრატიის დასაცავად ხელში ავტომატი აიღო". 

ამ დროისთვის დაპირისპირების კერებია ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტი ღვივდება აფხაზეთშიც. დროთა განმავლობაში საქართველო ორივე რეგიონზე დაკარგავს კონტროლს, 400 ათასამდე პირი კი დევნილად იქცევა. 

1992 წელი -  საქართველოს ეკონომიკა 44 პროცენტით შემცირდა

ეს არის წელი, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდულად შემცირდა. იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა 90-იანების დასაწყისში, წარმოუდგენელი იყო ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარება. 

გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე საქართველოში საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტთან ერთად ცოდნის დეფიციტიც გამოვლინდა. 

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქვეყანა საკუთარი ნაივური წარმოდგენების, უუნარობისა და უცოდინარობის მსხვერპლი აღმოჩნდა. საქართველოში ვერ განხორციელდა ვერც შოკური თერაპია და ვერც თანმიმდევრული (გარდაუვალი) ცვლილებები. 

1993 წელი - საქართველოს ეკონომიკა 29 პროცენტით შემცირდა

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო იყო. 

1993 წლის მიწურულს საქართველო ოდნავ უფრო მდიდარი იყო, ვიდრე დღევანდელი კონგო (მშპ — 439$) და მოზამბიკი (მშპ — 415$), მაგრამ უფრო ღარიბი,  ვიდრე დღევანდელი უგანდა, ტაჯიკეთი, იემენი, ჰაიტი, ეთიოპია, ტანზანია, ყირგიზეთი და უზბეკეთი. 

საქართველოში გამეფებულ განუკითხაობასა და უკანონობას 1993 წელს რუსეთის მხრიდან ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა დაემატა. 

იმისდა გამო, რომ საქართველომ უარი თქვა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინიციატივით შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში [დსთ] გაწევრიანებაზე, რუსეთმა შეამცირა და 1993 წელს საერთოდაც შეწყვიტა საქართველოსთვის კუთვნილი მანეთების გაცემა. 

საბოლოოდ, საქართველოს ფინანსური საცავები სრულად დაცარიელდა.  ეროვნული ბანკში მხოლოდ დახეული, უვარგისი ფული და ხუთკაპიკიანები დარჩა. საჭირო იყო ახალი ფულადი ერთეულის შემოღება. 

ეროვნული ვალუტის შემოღებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს დაიწყო, თუმცა ახლა უკვე გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამ პერიოდში ხელისუფლება ეროვნული ვალუტის შემოღების თაობაზე სერიოზულ მსჯელობაზე გადავიდა. 

თავდაპირველად გადაწყდა გარდამავალი ფულადი ერთეულის ე.წ. კუპონის შემოღება. გეგმის მიხედვით კუპონი უნდა გამხდარიყო გარდამავალი ვალუტა, სანამ მიმოქცევაში ლარი შემოვიდოდა. კუპონი მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და ფასების სტაბილიზაციისთვის დაიბეჭდა.

აქ კიდევ ერთხელ იჩინა თავი მაშინდელი საქართველოსთვის დამახასიათებელმა არაკომპეტენტურობამ და არაკეთილსინდისიერებამ. ეროვნულმა ბანკმა ფულადი მასის კონტროლის მაგივრად, ამ ფულის ფორსირებული ბეჭდვა დაიწყო. ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს პირდაპირ ეროვნული ბანკიდან გამოჰქონდათ კრედიტი, იმავე დღეს ყიდულობდნენ ამერიკულ დოლარს და შემდეგ ელოდნენ კუპონის გაუფასურებას. შედეგად მსესხებლები ეროვნულ ბანკს უკვე გაუფასურებულ, ქაღალდადქცეულ ვალუტას უბრუნებდნენ.

ფულის მასის უკონტროლობამ კუპონი სრულიად გააუფასურა, ქვეყანაში ოთხნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. ცხადია, ემისიის არნახული მასშტაბების ფონზე დაჩქარდა ინფლაცია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

კუპონის კრახის შემდეგ დაკითხვაზე დაიბარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დემურ დვალიშვილი. სამართალდამცავების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია სახელმწიფოს მევალეების შესახებ, დვალიშვილმა განაცხადა, რომ მევალეების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მის სამუშაო რვეულში ინახებოდა.

გამოძიების ვერსიით, დაკითხვიდან გამოსულმა დვალიშვილმა, სიცოცხლე მილიციის განყოფილების დერეფანში თვითმკვლელობით დაასრულა.

1994 წელი - საქართველოს ეკონომიკა 11 პროცენტით შემცირდა:

დროის მოკლე მონაკვეთში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებლებით, საქართველო მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი რეკორდსმენია. 1990 წლიდან 1995 წლამდე საქართველოს ეკონომიკა ჯამურად 68 პროცენტით შემცირდა.

ქართული ფულადი ერთეული შექმნას კიდევ წელიწადზე მეტი დაჭირდა და საბოლოოდ 650 ტონა ქართული ფულით დატვირთული გემი ფოთის პორტში შემოვიდა. 

დასრულდა სამოქალაქო ომი, შეწყდა შეიარაღებული კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამ პერიოდიდან საქართველოში ე.წ. სტაბილიზაციის პერიოდი დაიწყო - ეს დაეტყო ეკონომიკასაც. 

1995 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.6 პროცენტით გაიზარდა

ეს პირველი წელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამ წლის ორი ოქტომბრიდან საქართველოს ოფიციალური ვალუტა ქართული ლარი მიმოქცევაში ჩაეშვა და ორწლიანი შესვენების შემდეგ პირველად დამტკიცდა ბიუჯეტი.

ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულებამ, მეტნაკლებად ფუნქციური ცენტრალიზებული ხელისუფლების ჩამოყალიბებამ და ეკონომიკური ქაოსის აღმოსაფხვრელად გადადგმულმა ნაბიჯებმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. 

1996-1997 წლებში საქართველოს ეკონომიკა 10-10 პროცენტით გაიზარდა.

ეს არის ეკონომიკის პირველი ორნიშნა ზრდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული შოკიდან, როდესაც აზიის ფინანსური კრიზისი დაიწყო. აზიურ ბაზრებზე განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთმა -  საქართველოს მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა - დეფოლტი გამოაცხადა. ამ ყოველივემ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობას.

1998 – 2003 წლები: საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები 2 პროცენტამდე შემცირდა, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ახალი ტალღა დაიწყო.

ეს წლები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ დროს მოხერხდა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რამდენიმე საერთაშორისო პროექტის, გაზსადენისა და მილსადენის პროექტის დაწყება, რამაც გააძლიერა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და ქვეყანაში ცივილური ეკონომიკური წესრიგის პირველი ნიშნები გააჩინა.

მიუხედავად ამისა, საქართველოში არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტები, კრიმინალი და კორუფცია ქვეყნის ცხოვრების წესად იქცა, რაც ეკონომიკაზეც აისახა. 

ხელისუფლების უუნარობა გაეტარებინა საზოგადოების ნორმალური ცხოვრებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი რეფორმები, აფერხებდა ქვეყანას და არ აძლევდა რეალური განვითარების საშუალებას. 

კორუფციის მასშტაბები საქართველოში წლიდან წლამდე იზრდებოდა, ვერ ხერხდებოდა ენერგეტიკული პრობლემის გადაწყვეტა, პრობლემად რჩებოდა ორგანიზებული დანაშაულის მზარდი გავლენა და ჩრდილოვანი ეკონომიკის დიდი წილი. ამ ფონზე ხელისუფლების მხარდაჭერა დღითიდღე მცირდებოდა და საბოლოოდ 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სახელისუფლებო ბლოკმა 2 პროცენტი აიღო. 

ვარდების რევოლუცია და რეფორმები

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო ძალის მანიპულაციებმა და შედეგების ფაქტობრივმა გაყალბებამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. პროცესმა კულმინაციას 23 ნოემბერს მიაღწია - მოხდა „ვარდების რევოლუცია“, გადადგა შევარდნაძე და მოვიდა ახალი ხელისუფლება. 

2004 წელი - საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა;

2005 წელი - ამ მაჩვენებელმა 9.6 პროცენტს მიაღწია.

"ვარდების რევოლუციის“ შედეგად ჩამოყალიბებულმა ახალმა მთავრობამ მალევე დაიწყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის საყოველთაო კამპანია. 

სწრაფად და ეფექტურად განხორციელებული რეფორმების ტალღამ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა დაიმსახურა და რაც მთავარია, გააჩინა შესაძლებლობა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის.

ახალი მთავრობა ძირითადად მემარჯვენე ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდა, რაც ეკონომიკაში სახელმწიფოს ზომის  და გადასახადების შემცირებას, რეგულირების მინიმუმამდე დაყვანას და ბიუროკრატიული აპარატის შესუსტებას გულისხმობდა. ბევრის აზრით, ეს ეკონომიკური რეფორმები ზედმეტად ხისტი და მოკლევადიან პერიოდზე იყო გათვლილი. 

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სახელმწიფოს ფუნქციური სისტემის მოწესრიგებამ, კორუფციის აღმოფხვრამ და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმოებულმა კამპანიამ დადებითი შედეგები მალევე გამოიღო. 

საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაიწყო, ამას ხელს უწყობდა რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო ბუმი და ნავთობის ფასების ზრდაც, რომლის პირობებში დინამიკურად იზრდებოდა რეგიონის სხვა ეკონომიკებიც. 

2006 წელი: რუსული ემბარგო და 9.6 პროცენტიანი ზრდა.

საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი ვერ შეუშალა 2006 რუსეთის მიერ მოწყობილმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დივერსიამაც - 2006 წელი: რუსული ემბარგო და 9.6 პროცენტიანი ზრდა.

2006 წლის 22 იანვარს საქართველო-რუსეთის საზღვარზე გაურკვეველ ვითარებაში მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა, მალევე წყობიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზი "კავკასიონიც". რუსეთზე თითქმის სრულად ენერგოდამოკიდებული საქართველო გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რამდენიმე თვეში რუსეთმა გაზის ტარიფი 100 პროცენტით გაზარდა.

რუსეთის სადამსჯელო ზომები ამით არ ამოწურულა. იმავე წელს რუსეთმა აკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე მთავარი ქართული ექსპორტის, ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვა. მიზეზად როსკომნადზორის მაშინდელმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დაასახელა. ის ქართული ბიზნესები, რომლებიც უმთავრესად რუსეთის ბაზარზე იყვნენ დამოკიდებულნი ერთ დღეში გასაღების მთავარი ბაზრის გარეშე დარჩნენ.

2006 წლის სადამსჯელო ოპერაცია რუსეთმა ქართველთა მასობრივი დეპორტაციით დაასრულა - 2006 წლის შემოდგომაზე 5 000-მდე ქართველი რუსეთიდან საქართველოში სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს.

ამის მიუხედავად, ქვეყანაში დაწყებული რეფორმებისა და ეკონომიკის გარდაქმნის ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ეკონომიკური ზრდა არათუ არ შემცირებულა, არამედ ოდნავ გაიზარდა კიდეც. 

2007 წელი - საქართველოს ეკონომიკა 12.6 პროცენტით გაიზარდა

2007 წელს ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა რეკორდული 12.6 პროცენტი შეადგინა. ეს პირველი და ჯერჯერობით ბოლო წელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ეკონომიკა ორნიშნა ციფრით გაიზარდა.

2008 წელი, აგვისტოს ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და სააკაშვილის ხელისუფლების შემდგომი წლები

ბოლო წლებში აკრეფილი ეკონომიკური ზრდა 2008 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი საქართველოში იარაღისა და ტანკების ძალით შეაჩარა და ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. 

აგვისტოს ომის მიუხედავად, 2008 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.4 პროცენტით გაიზარდა. 

აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიას მალევე მოჰყვა გლობალური ფინანსური კრიზისიც და 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. კლება 3.7 პროცენტიანი იყო.  

ომისა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოში რეფორმების ტემპი საგრძნობლად შემცირდა. მაშინდელი მთავრობის დაუბალანსებელმა და ჭარბმა ძალაუფლებამ გააჩინა სხვა პრობლემებიც. 

გაიზარდა სახელმწიფოს საპოლიციო ფუნქციები და ეს ფუნქციები როგორც წესი ხისტად სრულდებოდა. პრობლემები შეიქმნა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის მიმართულებითაც. ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის გადატეხის მიუხედავად, მომდევნო წლებში გაგრძელდა მკაცრი პოლიციური ღონისძიებები და ძალოვანი სტრუქტურების ხელში პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება აღმოჩნდა. 

პრობაციონერების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა, იზრდებოდა სასჯელაღსრულების ადგილებში მყოფი მოქალაქეების რიცხვიც. 

ამას ემატებოდა ისიც, რომ ქვეყანაში არ განხორციელებულა სრულმასშტაბიანი სასამართლო რეფორმა, მართალია საწყის ეტაპზე სასამართლო ხელისუფლებაში დამარცხდა კორუფცია, მაგრამ მოსამართლეთა კორპუსი ხელისუფლების სრულ პოლიტიკურ მორჩილებაში აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა გააჩინა რიგით მოქალაქეებში დაუცველობის განცდა გააჩინა, სახეზე იყო ავტორიტარული ტენდენციები. მწვავე პრობლემები შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით. ცხადია, ეს ტენდენციები აისახა ეკონომიკაზეც.

ამის ფონზე 2010-2012 წლებში ეკონომიკა ძირითადად წინა წლების ინერციით და დაბალი საბაზისო ეფექტის საფუძველზე იზრდებოდა. ამ წლებში საქართველოს მშპ-ს ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6.6 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით მოკრძალებულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. 

ბევრი წარმატების მიუხედავად, არსებობდა პრობლემები სოციალური პოლიტიკის მიმართულებითაც, რიგ სფეროებში სახელმწიფოს როლის შემცირებამ ან გარკვეული სფეროებიდან სახელმწიფოს მთლიანად გასვლამ შექმნა სხვა სახის პრობლემებიც. 

წინა წლებში გამოვლენილი ეკონომიკური ზრდის ფონზე ქვეყანა მნიშვნელოვნად გამდიდრდა, მაგრამ როგორც ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც რეფორმებით იზარალეს ან ვერ იხეირეს, სახელმწიფომ ვერ მოახერხა ეკონომიკური ზრდის შედეგებით მიღწეული წარმატების გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე. პრობლემას წარმოადგენდა სამომხმარებლო ფასების სწრაფი ზრდაც. 

ამ მოცემულობამ მოსახლეობაში გააჩინა დაკვეთა მზრუნველ მთავრობაზე, რომელიც თავის თავზე უფრო მეტ სოციალურ ტვირთს აიღებდა. მალევე საქართველოში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს ამ მზრუნველი ფუნქციის შესრულება ლამის ერთპიროვნულად თავის თავზე აიღო. 

ოცნების ეკონომიკა

 

პირადი ფინანსური რესურსი და გულუხვი ფილანტროპის იმიჯი საშუალებას აძლევდა ივანიშვილს, გაეცა ეკონომიკური დაპირებები, რომლებიც იმთავითვე არარეალური იყო, თუმცა ნათელი იყო, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ოცნება“ პრიორიტეტად სოციალურ საკითხებს აიღებდა და ეკონომიკურ სტრატეგიაც სწორედ ამას დაეფუძნებოდა.

სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის „ქართული ოცნების“ გუნდს მეტად ხელსაყრელი პირობები ჰქონდა. 

ამ დროისთვის საქართველოში უკვე დასრულებული იყო ფუნდამენტური რეფორმების დიდი ნაწილი, რომელმაც საქართველო თითქმის სრულად საბაზრო ეკონომიკად ჩამოაყალიბა, ამ მხრივ საქართველოს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები უსწრებდნენ.

როგორც ოცნების რვაწლიანმა მმართველობამ აჩვენა, ამ ხელსაყრელი წინაპირობების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეკონომიკურ ნაწილში წარუმატებელი აღმოჩნდა.

მეტიც, ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, „ოცნების“ სათავეში ყოფნის რვაწლიანი პერიოდი უფრო წარუმატებელია, ვიდრე ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობა.

რვა წლის შემდეგ ფაქტია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან შემცირდა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო ცხოვრების დონე თითქმის არ გაუმჯობესებულა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში ქვეყანა უფრო მეტად წინა წლების ინერციით ვითარდებოდა. 

ძნელია, დავასახელოთ „ქართული ოცნების“ რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ეკონომიკაში, თუმცა შედარებით მარტივია შეცდომების და იმ არაეფექტიანი გადაწყვეტილებების გამოყოფა, რომლებმაც ქვეყნის განვითარება შეაფერხა.

მაგალითად, საკონსტიტუციო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ დაჰყვა „ქართული მარშის“ და სხვა ულტრა-მემარჯვენე, პრო-რუსული ჯგუფების მოთხოვნას და  ახალი კონსტიტუციით უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აკრძალა. მხოლოდ ამ რეგულაციის გამო საქართველომ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაკარგა.

გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის გამოშვება (ეს დარგი ოცნებას პრიორიტეტულად ჰქონდა გამოცხადებული)  მხოლოდ 2013 და 2018 წლებში გაიზარდა, დანარჩენ წლებში სექტორის გამოშვება მნიშვნელოვნად მცირდებოდა. 

ამ ფონზე მცირდებოდა სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში. კლების ტენდენცია 2014 წელს გამოიკვეთა და მას შემდეგ განუხრელად გრძელდება. შედარებისთვის, სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მშპ-ში 2012 წელს 9,2 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 7,2 პროცენტი შეადგინა.

2014 წლის 1 სექტემბერს „ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება "იმ ქვეყნების ჩამონათვალის შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მოგზაურობა უვიზოდ შეუძლიათ". ამ დადგენილების შესაბამისად სავიზო რეჟიმი დაწესდა ან გართულდა 23 სახელმწიფოსთვის. ქვეყანაში გართულებული შემოსვლის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტული ნაკადი.

ამ პერიოდში მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებამ ქვეყანას დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დააკარგვინა. 2012 წლისთვის რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშიც კი არ შედიოდა, ხოლო 2020 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია.

2012 წელთან შედარებით რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა 167 პროცენტით არის გაზრდილი.

რუსეთის წილის ზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობისა და მიმოსვლის ხელშეკრულება. ამ შეთანხმებით ქართულ პროდუქციას მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და მოცულობით რუსეთზე ბევრად უფრო დიდ ბაზარზე თავისუფალი წვდომა მიეცა. ამ პერიოდში ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობა ძალიან გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა რუსეთთან ვაჭრობის დინამიკასთან შედარებით უმნიშვნელოა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთი ამ დროისთვის აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. 

2012 წლიდან 2019 წლამდე რუსეთში გამავალი ექსპორტის მოცულობა 961 პროცენტით გაიზარდა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტი მოცულობა 132 პროცენტით არის გაზრდილი.

ცხადია, რუსეთთან ვაჭრობა და მათ შორის გაზრდილი ექსპორტიც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით სასარგებლოა, თუმცა არსებობს 2006 წლის გამოცდილებაც, როდესაც ვითარება საქართველოს საზიანოდ შემოტრიალდა. 

იმას, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება პოლიტიკური ზეწოლისთვის, ადასტურებს 2019 წლის ივნისში, თბილისში მომხდარი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ განვითარებული მოვლენები. მაშინ რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოში.

სხვა წარუმატებლობათა ფონზეც, სახელმწიფო კომპანიების წამგებიანობა “ქართული ოცნების” მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შტრიხია. სახელმწიფო კომპანიები საქართველოში ოდესღაც მოგებაზეც გადიოდნენ - მაგალითად, 2012 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მოგებამ 150 მილიონი ლარი შეადგინა.

„ოცნების“ მმართველობის უკლებლივ ყოველ წელს საწარმოები გადიოდნენ ჯამურ ზარალზე, რომელიც ხშირად ასეულობით მილიონ ლარს აღემატებოდა. სახელმწიფო კომპანიების წამგებიანობის მიზეზებს შორის სხვადასხვა დროს მსხვილი აქტივების ჩამოწერა და გაცვლითი კურსის ცვლილება სახელდებოდა. ამგვარი ტრენდის კიდევ ერთ მიზეზზე ილაპარაკა „ოცნების“ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. "დღეს სახელმწიფო კომპანიები არაეფექტიანობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ". − განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ბოლო 8 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ამ კომპანიების დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებში 1,5 მილიარდი ლარი გადარიცხა. ამ თანხის ნაწილი კომპანიებში ირიცხებოდა, როგორ კაპიტალდაბანდება, ან როგორც სუბსიდია. მიუხედავად დიდი ოდენობით საბიუჯეტო დახმარებისა, ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ვალდებულებებიც. 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო საწარმოების ჯამური ვალი 72%-ით გაიზარდა.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების ვალს, ქვეყნის მთლიან საგარეო ვალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ამ საწარმოების ჯამური ვალდებულებები მშპ-ს 18.5%-ია.

მონაცემთა დაჯამებით გამოდის, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ზარალმა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში ფინანსური ვალდებულებები გაიზარდა 2,9 მილიარდი ლარით. ასევე, 1,2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ამ საწარმოების ხარჯი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებისთვის გადარიცხული თანხა 1,4 მილიარდ ლარს უტოლდება.

სახელმწიფო საწარმოებში და შვილობილ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასს აღემატება. 

2013 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ წამოიწყო ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, რომლის მიზანიც იყო ჯანდაცვაზე მოსახლეობის წვდომის გაზრდა. სპეციალურად ამ მიზნით დაარსდა სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო ჯანდაცვის დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა. წლების განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნეოდა.

უნდა ითქვას, რომ რეფორმის შედეგად მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ წლების განმავლობაში ამით უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ დადებითი ეფექტის მიუხედავად, სისტემის ამოქმედებამ ჯანდაცვის ისედაც პრობლემურ სფეროში უამრავი ახლი სირთულე წარმოქმნა.

საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების პირველივე დღიდან - 2013 წლის პირველი ივლისიდან - პროგრამა გადასახადის გადამხდელებისთვის იმ ძირგახვრეტილ ჭურჭლად იქცა, რომელიც ბოლომდე ვერასდროს შეივსო. პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთანავე, უკლებლივ ყოველი წლის ბოლოს საჭირო იყო თანხის დამატება. როგორც წესი, პროგრამის ბიუჯეტი მესამე კვარტალში იწურებოდა.

რეფორმა იმთავითვე მოკლებული იყო ხარჯების სათანადო აღრიცხვას და ამ ხარჯების ეფექტიანობის მონიტორინგს. დაინერგა ეგრეთ წოდებული „ერთი შემსყიდველის პრინციპი“, რომლითაც კლინიკებსა და პაციენტებს შორის ერთადერთი გამტარად სახელმწიფო დარჩა. სფეროდან თითქმის სრულად განიდევნა კერძო დაზღვევა, რომელიც იმ დროისთვის ჯანდაცვაში ფეხის მოკიდებას ცდილობდა.

პროგრამის არასათანადო მიზნობრიობამ მისი ხარჯები არარეალურად გაზარდა. შეიქმნა სამედიცინო მომსახურების ჭარბი მოთხოვნა და ამის ფონზე გაიზარდა მომსახურების ფასები. ამავდროულად, პროგრამა არ იყო ორიენტირებული პრევენციაზე, ე.წ. პირველად ჯანდაცვაზე და აქცენტს, ძირითადად, უკვე დასმულ დიაგნოზზე აკეთებდა. ეს ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ძვირთან ერთად არაეფექტიანიცაა.

პროგრამის ფარგლებში სათანადო სიზუსტით არ იყო გაწერილი ხარჯების მიზნობრიობა და არ წარმოებდა ხარჯების ზუსტი აღრიცხვა, რამაც წარმოქმნა ჭარბი მოთხოვნა მედიკამენტებზე. ხდებოდა ცალკეული სამედიცინო დაწესებულებების სუბსიდირება. მოცემული ფაქტორების შედეგად გაჩნდა ტარიფებისა და ფასების ზრდის ძლიერი სტიმული.

ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ფასებზეც. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. პროგრამის გაზრდილი ხარჯების დაფარვა ძირითადად სოციალური დახმარებებისა და გადასახდელების შემცირების ხარჯზე ხდებოდა.

ამგვარად, 2013-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვაზე ქვეყანამ 4 მილიარდზე მეტი დახარჯა, სამინისტროს თავდაპირველ გეგმასთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 400 მილიონი ლარია.

"ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევის, ცხოვრების დონის ზრდისა და მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის დაპირებით მოვიდა. თუმცა, ოცნების 8-წლიანი მმართველობის თავზე ამ მიმართულებითაც ძირითადად კეთილდღეობის ზრდის ტემპის შემცირება იკვეთება.

2012 წლის მაისთან შედარებით, მიმდინარე წლის მაისში სურსათზე ფასების 49.7%-ით გაიზარდა. ამგვარად გამოდის, რომ სწორედ ამდენით გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები "ქართული ოცნების" 8-წლიან მონაკვეთში.

უნდა ითქვას, რომ ფასების ზრდა აღნიშნულ პროდუქტებზე ინფლაციის ზოგად მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მოსახლეობაზე ძალიან მტკივნეულად აისახება, განსაკუთრებით კი - მოსახლეობის შედარებით გაჭირვებულ ფენაზე.

ინფლაციის გარდა, ასევე, აღსანიშნავია ის ნაბიჯები, რომლითაც მთავრობამ სხვადასხვა სახის პროდუქცია მიზანმიმართულად გააძვირა.

ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური თავისუფლების აქტი სახელმწიფოს ახალი საყოველთაო გადასახადის დაწესებისთვის რეფერენდუმის ჩატარებას ავალდებულებს. ამ პირობებში მთავრობისთვის ახალი თანხების მობილიზაციის ყველაზე მოქნილი და რეალურ გზა კი სააქციზო გადასახადის გაზრდაა.

ბიუჯეტის შევსების მიზნით ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ გააძვირა აქციზის ღირებულება. 2017 წლიდან სახელმწიფო აქციზის ღირებულება გაიზარდა სააქციზო პროდუქციის თითქმის ყველა სახეობაზე, თამბაქოს ნაწარმისა და საწვავის ჩათვლით.

აქციზის ფასის მომატებით გაიზარდა შესაბამისი პროდუქტის ღირებულებაც. ნავთობპროდუქტზე აქციზების ფასის ზრდამ დაახლოებით 20-25 თეთრით გააძვირა ყველა სახის საწვავი.

2014- 2018 წლამდე პერიოდში სააქციზო გადასახადი ქვეყანაში ხუთჯერ გაიზარდა. სააქციზო გადასახადის გაზრდის პროცესი ამით არ დასრულებულა. ფასი გაიზარდა 2018 წელსაც, ცვლილებები კი 2019 წლიდან ამოქმედდა.

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 95%-ით არის გაუფასურებული, ხოლო ევროსთან მიმართებით გაუფასურება 77%-ს შეადგენს. 

ეკონომიკური მემკვიდრეობის გასაგებად, მშპ-ს წლიური საშუალო ზრდის მონაცემები უნდა შედარდეს.

მაგალითად, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6,2%-ით იზრდებოდა.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს 2004-2012 წლებში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6,5%-ით იზრდებოდა.

ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, თუკი 2020 წელს ეკონომიკის ნავარაუდევ 5%-იან კლებას გავითვალისწინებთ, ეკონომიკური ზრდის წლიური საშუალო ტემპი 2.3%-ს გაუტოლდება.

სხვადასხვა ეკონომიკური ასპექტის გამო ამგვარი შედარებით შეიძლება კორექტული არ იყოს. ძირითადად საუბარი ე.წ. საბაზისო ეფექტზე, რაც იმას გულისხმობს, რომ 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის გამო ეკონომიკური ზრდა 2012 წლამდე პერიოდში უფრო მარტივი მისაღწევი იყო. ამის მიუხედავად მოცემული მონაცემები მთავარ ტრენდს მაინც უტყუარად აჩვენებს.

მსგავსი ვითარებაა იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ხელისუფლებების ეკონომიკურ მემკვიდრეობას უფრო ზუსტი საზომით შევადარებთ - თუ, მაჩვენებლებს ერთმანეთთან ლარში გამოხატულ ჯამურ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებულ მშპ-თი შევადარებთ, ქართული ოცნება მაინც ყველაზე წარუმატებელი იქნება.

მაგალითად:

1995-2003 წლები: მშპ - 10,9 მილიარდი ლარიდან - 17.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა - 63%;

2004-2012 წლები: მშპ - 17.8 მილიარდი ლარიდან 30.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა -70.7%;

2012-2020 წლები: მშპ - 30.4 მილიარდი ლარიდან 38.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ზრდა 25.9% [წლევანდელი 5%-იანი კლების გათვალისწინებით]

მსგავსი სურათი გვექნება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით:

1995-2003 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 2 317 ლარიდან 4 488 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 93%;

2004-2012 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 4 488 ლარიდან 8140 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 81%;

2012-2020 წლები: მშპ ერთ სულ მოსახლეზე - 8 140 ლარიდან 10 358 ლარამდე გაიზარდა, ზრდა 27% [წლევანდელი 5%-იანი კლების გათვალისწინებით];

ამგვარად გამოდის, რომ "ქართული ოცნება" ეკონომიკურად დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე წარუმატებელი ხელისუფლებაა.

ეკონომიკური წარუმატებლობის გარდა, უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ გადაჭრილა ჭარბი ძალაუფლების პრობლემაც - ამ წლების განმავლობაში არ განხორციელებულა სასამართლოს რეფორმა და პირიქით, გაუარესდა კიდეც. 

საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ კლანსა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები. 

კვლავ სახეზე გვაქვს ძალაუფლების კონსოლიდაცია ვიწრო ჯგუფის მიერ, რომლის სათავეში ფორმალური პასუხისმგებლობის არმქონე და ანგარიშვალდებულების მიღმა მყოფი ადამიანია. 

პანდემიის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა. თვალსაჩინოებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა ბოლოს 26 წლის წინ, 1994 წელს დაზარალდა. ბოლო 15 წლის მინიმუმზეა უცხოური ინვესტიციებზე, ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს ქვეყნის საგარეო ვალი.  

ამ ფონზე საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები სულ უფრო მუქ ფერებში მოჩანს. 

მსგავსი სიახლეები