პუტინი ეკონომიკის მდგომარეობაზე წუხს და თვლის, რომ ომის მიზნები მიღწეულია - Reuters

ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად წუხს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე და ამ ფონზე მზად არის მიიჩნიოს, რომ უკრაინასთან ომის მიზნები მიღწეულია. 

ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ 5 წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

გაზრდილი სამხედრო ხარჯების ფონზე, რუსეთის ეკონომიკა გასული 3 წლის განმავლობაში მაღალი ტემპებით იზრდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო მწვავე პრობლემას ქმნის სამუშაო ძალის დეფიციტი და მაღალი საბაზისო განაკვეთები, რომელთა შემოღებაც მაღალი ინფლაციის მოსათოკად იყო საჭირო. 

"ამ ფაქტორების გათვალისწინებით რუსეთის ელიტაში ჩამოყალიბდა განწყობა, რომ კონლფიქტის მოლაპარაკებებით დასრულება სასურველია"- ნათქვამია Reuters-ის მასალაში. 

მასალის გამოქვეყნებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში, რომელშიც პუტინს მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში ტარიფებით და ახალი სანქციებით დაემუქრა. 

გასულ თვეებში Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამის სანაცვლოდ უკრაინის უკვე ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონებას და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას ითხოვს. 

წყაროების ცნობით, გასულ წელს უკრაინაში მიღწეული ტერიტორიული წინსვლის ფონზე პუტინი მიიჩნევს, რომ ომის მიზნები მიღწეულია, რადგანაც საოკუპაციო არმია უკვე აკონტროლებს ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ სახმელეთო კორიდორს.

ამ ფონზე, ვლადიმირ პუტინი უფრო მეტად წუხს ეკონომიკის მდგომარეობაზე და კერძოდ მაღალ საბაზისო განაკვეთებზე, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ეკონომიკის არასამხედრო სექტორებს. 

Reuters-ის წყაროების ცნობით, პუტინმა უკმაყოფილება გამოხატა გასული წლის დეკემბერში კრემლში გამართულ მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა. 

22 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბიზნეს ლიდერებთან განიხილა საკრედიტო აქტივობის კლებასთან დაკავშირებული ეკონომიკური რისკები. 

ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებს ხშირად აკრიტიკებენ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, მათ შორის რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის უფროსი, სერგეი ჩემეზოვი, ასევე, როსნეფტის პრეზიდენტი, იგორ სეჩინი. 

წყაროების ცნობით, რუსეთის საბანკო სექტორის უმსხვილესი წარმომადგენლები, გერმან გრეფი და ანდრეი კოსტინი მიიჩნევენ, რომ რუსეთში სტაგფლაციის რისკი გაიზარდა. 

სწორედ ოლიგარქებისგან წარმოქმნილ წნეხს უკავშირებენ ცენტრალური ბანკის მონეტარული კაბინეტის გადაწყვეტილებას უცვლელი დარჩენილიყო საბაზისო განაკვეთი - ბაზარი საბაზისო განაკვეთის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებდა. 

უფრო ვრცლად რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

 

მსგავსი სიახლეები