დემოკრატიის სიკეთეებსა და უპირატესობებზე კამათის ისტორია არისტოტელესა და პლატონთან იწყება და დღემდე პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ საკითხად რჩება. ერთი მხრივ თომას ჰობსი და ალექსის დე ტოკვილი, და სულ ბოლოს სამუელ ჰანტინგტონი ღიად გამოხატავდნენ სკეპსისს დემოკრატიის ეკონომიკურ ეფექტურობასთან მიმართებით - ისინი შიშობდნენ, რომ რედისტრიბუციისა და ექსპროპრიაციის პოპულისტური მოთხოვნები, საბოლოოდ ძირს გამოუთხრიდა დემოკრატიას.
მეორე მხრივ, იყვნენ განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსები, რომლებიც იზიარებდნენ არსებულ რისკებს და მიუხედავად ამისა, მაინც სჯეროდათ, რომ მოქალაქეების პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებას, მხოლოდ დემოკრატიული წყობა დაიცავდა საუკეთესოდ, რაც საბოლოოდ განვითარებას მოიტანდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ წარმოქმნილ ახალ რეალობაში, ეს დისკუსია კიდევ ერთხელ გახდა ცენტრალური. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიული [ამ შემთხვევაში განვითარებული] სახელმწიფოების უმრავლესობა დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობოდა, დემოკრატია ნაკლებად ეფექტური გამოდგა ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის.
ამის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ აზიური, ოლიგარქიული ავტოკრატიები გახდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც ყველაზე დიდ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიეს. ამავდროულად, სწორედ ოლიგარქიულ-ავტორიტარული რეჟიმები გახდა აფრიკის ეკონომიკური წარუმატებლობისა და სიღარიბის მთავარი მიზეზი.
ეკონომიკური განვითარება და დემოკრატია
ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში არსებობდა პრაქტიკული აკადემიური კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დემოკრატიზაციის დონე და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის.
ამ კონსენსუსის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა პრინციპულად შესაძლებელი იყო არსებითი დემოკრატიზაციის გარეშე. ამავე თემაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, დემოკრატიზაციის დონე ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე არც დადებითად მოქმედებდა და არც უარყოფითად. ცხადია, როგორც ეკონომისტები, ასევე პოლიტოლოგები ხშირად საუბრობდნენ დემოკრატიული წყობის სხვა უპირატესობებზე [სამოქალაქო თავისუფლებებზე, სტაბილურ გარემოზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებაზე], მაგრამ მიიჩნეოდა, რომ დემოკრატიული წესრიგი არ აჩქარებდა ეკონომიკურ ზრდას.
1950-იანი წლების მიწურულს, პოპულარული იყო სეიმურ მარტინ ლიპსეტის მიერ მაქს ვებერისა და ტალკოტ პარსონსის ნაშრომებზე დაყრდნობით შექმნილი ე.წ. მოდერნიზაციის თეორია, რომელიც მომდევნო წლებში ცნობილი გახდა, როგორც “ლიპსეტის ჰიპოთეზა.” 1959 წელს გამოცემულ სტატიაში ამერიკელი სოციოლოგი ამტკიცებდა, რომ რეალურად ეკონომიკურ ზრდას მოჰქონდა დემოკრატია და არა პირიქით.
ლიპსეტი დემოკრატიას ეკონომიკური განვითარების პირდაპირ პროდუქტად განიხილავდა და ირწმუნებოდა, რომ მდიდარ ან ახალ გამდიდრებულ ქვეყნებს უფრო მეტი შანსი ჰქონდათ შეექმნათ სტაბილური დემოკრატიული წყობა.
ამ თეორიის მომხრეები მოდერნიზაციაში უმთავრესად ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციას, სწრაფ ურბანიზაციას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობდნენ. მათი აზრით, სწორედ ეს გარდაქმნიდა ტრადიციულ საზოგადოებას თანამედროვედ. ეს კი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობის აუცილებელ პრერეკვიზიტს წარმოადგენდა.
ამ თეორიის თანახმად, ეკონომიკური განვითარების შედეგად წარმოიქმნებოდა ურბანული, განათლებული და მოცულობითი საშუალო კლასი, რომლისთვისაც სამოქალაქო თავისუფლებები და დემოკრატიული წყობის სხვა სიკეთეები პირველადი მნიშვნელოვნების იქნებოდა. შედეგად, ეს გახდებოდა დემოკრატიული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს თეორია იდგა იმ დაშვებაზე, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ეტაპობრივად დაიწყებოდა დემოკრატიული ტრანსფორმაცია. საბოლოოდ, მოდერნიზაციის ამ თეორიამ ვერ გამოკვეთა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიულ ტრანზიციას შორის.
ჩინეთი - ნატურალური ექსპერიმენტი
ამ დებატის ერთგვარ ლაბორატორიულ ექსპერიმენტს წარმოადგენდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 1970-იანი წლების მიწურულს, დენ სიაოპინის მიერ წამოწყებული რეფორმები ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, გეგმური ეკონომიკის მოშლას და ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანას გულისხმობდა. ეკონომიკური რეფორმების დაწყებიდან მალევე გამოიკვეთა ჩინეთის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი.
ვაჭრობის დაშვებამ და კერძო ინიციატივის გაჩენამ საშუალება მისცა ჩინეთს საქმეში გამოეყენებინა თავისი რესურსები - პირველ რიგში იაფი მუშა ხელის უზარმაზარი ბაზარი. ჩინეთში ეკონომიკური გამოცოცხლება დაიწყო და ეკონომიკური რეფორმების დაწყებიდან პირველ 15 წელიწადში ჩინეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 12%-ით იზრდებოდა.
ერთი მხრივ ამგვარი დინამიკა ახალ არგუმენტს აძლევდა მოდერნიზაციის თეორიის მომხრეებს, რომლებიც ახლა უკვე ცოცხლად უყურებდნენ როგორ ვითარდებოდა ეკონომიკა პოლიტიკური დემოკრატიის გარეშე. მეორე მხრივ, ამავე თეორიის მიხედვით, ჩინეთის ამგვარ ეკონომიკურ ზრდას საკმარისი დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ქვეყნის დემოკრატიზაცია.
სწორედ ამ ვარაუდს ეყრდნობოდა ჩინეთთან მიმართებით კოლექტიური დასავლეთი 1980-იანი წლებიდან 2018 წლამდე. დასავლეთში არსებობდა მოლოდინი, რომ ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ, ჩინეთი ეტაპობრივად სრულ და ფუნქციურ საბაზრო ეკონომიკად ჩამოყალიბდებოდა, რასაც გარდაუვალად უნდა მოჰყოლოდა ქვეყნის დემოკრატიზაცია.
პირველი სერიოზული საგანგაშო სიგნალი ჩინეთიდან 1989 წელს მაშინ წამოვიდა, როდესაც დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით პეკინის ტიანანმენის მოედანზე შეკრებილ ასი ათასობით სტუდენტს კომუნისტურმა პარტიამ ტანკები და ჯარი დაუპირისპირა. დღეს ეს მოვლენები ტიანანმენის სასაკლაოს სახელითაა ცნობილი.
არსებითად, ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობამ, მაშინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობისგან დიამეტრულად განსხვავებული დასკვნები გამოიტანა - მიხეილ გორბაჩოვისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის სოციალისტური იდეები კვლავ აქტუალური იყო და საბოლოო მიზანს წარმოადგენდა - საბჭოთა ხელმძღვანელობაში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ძალაუფლებაზე კომუნისტური პარტიის მონოპოლია იყო და საჭირო იყო ამის შეცვლა. ჩინეთში პირიქით - ფიქრობდნენ, რომ სოციალისტურმა იდეებმა არ გაამართლა და საჭირო იყო საზოგადოებრივი წყობის გარდაქმნა, ხოლო ერთადერთი, რისი შენარჩუნებაც მიზანშეწონილად ჩათვალეს, ეს იყო კომუნისტური პარტიის მონოპოლია ძალაუფლებაზე.
ტიანანმენის მოვლენების მიუხედავად დასავლეთი და მათ შორის, პირველ რიგში აშშ, მყარად ინარჩუნებდნენ რწმენას, რომ ეკონომიკური ზრდის კვლადაკვალ ჩინეთი ეტაპობრივად - თუ სრულად არა - ლიბერალური-დემოკრატიის მსგავს რეჟიმად ჩამოყალიბდებოდა, რაც შესაძლებელს გახდიდა ჩინეთის თავსებადობას დასავლეთის გრძელვადიან ინტერესებთან. სწორედ ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული დასავლეთი, როდესაც მხარი დაუჭირეს ჩინეთის ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაში და მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 2001 წელს.
ამ წლების განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბდა, ქვეყანაში უკვე არსებობს ურბანული, მოცულობითი საშუალო კლასი, თუმცა დემოკრატიზაციის ნიშნები აქ დღემდე არ იკვეთება. მეტიც, 2018 წელს, კომპარტიამ გენერალური მდივნის ორვადიანი საკონსტიტუციო ლიმიტი გააუქმა, რაც სახალხო რესპუბლიკის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, სი ძინპინს საშუალებას აძლევს, შეუზღუდავად დარჩეს ამ პოსტზე.
ჩინეთის დემოკრატიზაციაზე დასავლური ოცნება, ჯერ ეკონომიკურ დაპირისპირებაში, სატარიფო ომებში და საბოლოოდ აშშ-სთან სტრატეგიული პაექრობით დასრულდა, რაც მომდევნო ათწლეულების მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენა იქნება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოში დემოკრატიზაციის მესამე ტალღა დაიწყო, რამაც კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური დებატი დემოკრატიის სიკეთეებზე. ამ პერიოდში, ახალი და უფრო დახვეწილი სტატისტიკური ანალიზის მეთოდების გამოყენებით, დეტალურ გადახედვას დაექვემდებარა ლიპსეტის თეორიაც. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკელი ეკონომისტის ადამ პრჟენოვსკის ნაშრომებს.
პრჟენოვსკი თავის ნაშრომებში იკვლევდა ლიპსეტის ჰიპოთეზის დასაბუთებას დემოკრატიის წარმომშობის მიზეზების შესახებ. თავის კვლევებში პრჟენოვსკიმ გაამყარა ლიპსეტის არგუმენტი, რომ მაღალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, პრჟენოვსკიმ უარყო ლიპსეტის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ და მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან.
სტატისტიკური ანალიზის ახალი ტექნიკის მეშვეობით პრჟენოვსკიმ დაასაბუთა, რომ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა არ იყო პირდაპირ კავშირში დემოკრატიზაციასთან და სინამდვილეში დემოკრატიული ტრანზიციები ხშირად არაპროგნოზირებადი და შემთხვევითი იყო. გარდა ამისა, პრჟენოვსკიმ გააბათილა სამუელ ჰანტინგტონის და მისი მიმდევრების არგუმენტები, რომლებიც თავიანთ თეორიებში ამბობდნენ, რომ დემოკრატიები და ავტოკრატიები ეკონომიკურად ერთნაირად წარმატებულები არიან.
დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება
ცხადია, ამ წლების განმავლობაში, ეკონომისტები სკრუპულოზურად აღრიცხავდნენ დემოკრატიული წყობის ყველა უპირატესობას, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად შეეხებოდა დემოკრატიის უპირატესობას უზრუნველეყო ეკონომიკური ზრდა.
არსებობდა კონსენსუსი, რომ დემოკრატიზაციას არ აქვს არც მნიშვნელოვნად დადებითი და არც არსებითად უარყოფითი გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ამ კონსენსუსის ცენტრალური დაშვება იყო ის, რომ ეკონომიკური ზრდა დემოკრატიის გარეშეც იყო შესაძლებელი.
ამავდროულად, ყველა ვალიდური კვლევა აჩვენებდა, რომ დემოკრატიული წყობის პირობებში გაცილებით უფრო ნაკლები იყო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების შანსი. ამის დადასტურებაა ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ამატრია სენის ნაშრომი, რომელიც მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ მასობრივი შიმშილის შემთხვევები შეუძლებელი ხდება დემოკრატიული წყობაში. მეტიც, სენმა დაამტკიცა, რომ მასობრივი შიმშილის ყველა შემთხვევა ავტოკრატიებში ვითარდებოდა.
ამის მიუხედავად, საშუალო მაჩვენებლები მიუთითებდა, რომ ავტოკრატიებსა და დემოკრატიებში ადგილი ჰქონდა დაახლოებით ერთნაირ ეკონომიკურ ზრდას. მსგავსების მიუხედავად, ფუნდამენტური სხვაობა იკვეთებოდა ამ ეკონომიკური ზრდის ხარისხისა და შინაარსის კუთხით - საქმე ის არის, რომ ავტოკრატიული ეკონომიკები იზრდებოდნენ ან ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა, მაშინ როდესაც დემოკრატიული ეკონომიკების ზრდა სტაბილური და მდგრადი იყო.
აქედან შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ ავტოკრატიების ეკონომიკური ზრდა ძირითადად დამოკიდებული იყო შემთხვევითობაზე - იმაზე, თუ როგორი მთავრობა იყო ხელისუფლებაში და რა ნაბიჯებს გადადგამდნენ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ეკონომიკურად წარმატებული ავტოკრატიები, გაცილებით უფრო მეტია ეკონომიკურად ძალიან წარუმატებელი ავტოკრატიების რიცხვი. თავიანთ ნაშრომებში ჰექტორ ალმეიდამ და დანიელ პერეირამ დაამტკიცეს, რომ ავტოკრატიებში ეკონომიკური ზრდის ვარიაცია 4.5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე დემოკრატიებში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ ერთ წარმატებულ ლი კვან იუზე მოდის 10 წარუმატებელი რობერტ მუგაბე. შეჯამების სახით შეიძლება დავასკვნათ, რომ აქამდე არსებული აზრით, დემოკრატია განაპირობებდა მდგრად და სტაბილურ ზრდას, მაშინ როდესაც ავტოკრატიაში შეიძლება მიგვეღო სწრაფი ზრდა ან სწრაფი დაღმასვლა, რასაც სიღარიბის და ჩამორჩენის ბევრი წელი მოჰყვებოდა. ეს კი ცხადია გაცილებით უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე პირიქით.
ამ კონსენსუსის საფუძველი ჰარვარდის ეკონომიკის პროფესორის, რობერტ ბეროუს კვლევები იყო. ე.წ. რეგრესული ანალიზის მეთოდის გამოყენებით ბეროუ ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური უფლებების გაფართოება [დემოკრატიზაცია] არ იყო კორელაციაში ეკონომიკურ ზრდასთან. ბეროუს თქმით, დემოკრატიზაციასა და დინამიურ ზრდასთან კორელაციის დასადასტურებლად საჭირო საფუძველი არ არსებობდა.
ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ბეროუ საუბრობდა კორელაციაზე და არა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. სწორედ დემოკრატიისა და ეკონომიკური ზრდის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას ეხებოდა 2019 წელს გამოსული აკადემიური კვლევაც. სხვებთან ერთად, ამ კვლევის ავტორები არიან დარონ აჯემოღლუ და პოლ რობინსონი - სწორედ ეს ორი ეკონომისტია ავტორი ბოლო ათწლეულის მთავარი ეკონომიკური ბესტსელერისა why nations fail.
კოლეგებთან ერთად აჯემოღლუ და რობინსონი თავიანთ კვლევაში სამი განსხვავებული მეთოდის გამოყენებით ასკვნიან, რომ სინამდვილეში დემოკრატია იწვევს ეკონომიკურ ზრდას. ამ ნაშრომზე დაყრდნობით პროფესიულ სივრცეში ახალი აკადემიური კონსენსუსი ჩამოყალიბდა.
ახალი კონსენსუსი
აჯემოღლუს და მისი კოლეგების მტკიცებით, საშუალოდ ქვეყნები, რომლებმაც დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზა გაიარეს 20%-ით უფრო მდიდრები არიან იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც კვლავ ავტოკრატიებად დარჩნენ.
ავტორებმა შეისწავლეს 175 ქვეყანა 1960-2010 წლამდე პერიოდში.
1960 წელს ამ ქვეყნების მხოლოდ 31% წარმოადგენდა დემოკრატიას [Heritage Foundation] ხოლო 2010 წელს მათი რიცხვი 64.1%-ს აღწევდა. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა დემოკრატიული ტრანსფორმაციის 122 და ავტოკრატიული კონსოლიდაციის 71 შემთხვევა. ე.წ. ინსტრუმენტული ცვლადების მეთოდის გამოყენებით ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დემოკრატიზაცია წლიურად საშუალოდ 1%-ით ზრდის შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 25 წლიან პერსპექტივაში, დემოკრატიული ქვეყნები 20%-ით უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ავტოკრატიაში დარჩენილი სახელმწიფოები.
ამ კვლევის შედეგები დაადასტურა ელიას პაპაიოანუს და გრიგორიუს სირუნისის კიდევ ერთმა კვლევამ. ბერძენი ეკონომისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია საშუალოდ განაპირობებს 0.5%-1% დამატებით ეკონომიკურ ზრდას ყოველწლიურად.
ამავე კვლევებით გამოვლინდა ისიც, რომ ავტოკრატიული რეჟიმები მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო სწრაფად იზრდებიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დაღმასვლას განიცდიან. კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც ამ კვლევებიდან გამომდინარეობს არის ის, რომ დემოკრატიები იმუნურია პოლიტიკური არასტაბილურობის მიმართ.
საქმე იმაშია, პოლიტიკურად სტაბილური შეიძლება იყოს როგორც დემოკრატია, ასევე დიქტატურაც, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად არ აისახება დემოკრატიებში, ამგვარი არასტაბილურობა კი დამანგრევლად მოქმედებს ავტოკრატიული რეჟიმების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე.
დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ მომხდარი ეკონომიკური ზრდის მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება, მათ შორის, განსაკუთრებით საინტერესოა პორტუგალიის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების გამოცდილებები. ყველა ამ ქვეყანაში დემოკრატიზაციამ მოიტანა სტაბილური ეკონომიკური ზრდა და განვითარება.
ამის მაგალითად გამოდგება ჩილეც, რომელიც ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. მიჩნეულია, რომ ჩილეს ეკონომიკურ წარმატებას საფუძველი აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო დიქტატურის წლებში ჩაეყარა და შესაძლოა, ეს ასეც იყოს, თუმცა თუ დავაკვირდებით რიცხვებს, აღმოვაჩენთ, რომ ჩილეს ძირითადი ეკონომიკური ზრდა 1990-იან წლებზე მოდის. ეს ის წლებია, როდესაც ჩილეში უკვე დაწყებულია დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ეფექტურად ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები.
ამ შემთხვევაში წარმატების ისტორიაზე მეტად უფრო თვალსაჩინო შეიძლება იყოს იმის ამსახველი შემთხვევები თუ რა შეიძლება დაემართოს ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიის მაგივრად ავტორიტარულ გზას ირჩევენ.
არგენტინა - დაღმასვლის 100 წელი
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში არგენტინა მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოების ათეულში შედიოდა. 1871-დან 1914 წლამდე არგენტინის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენდა. არგენტინა უფრო მდიდარი იყო, ვიდრე გერმანია და საფრანგეთი და მცირედით ჩამორჩებოდა ავსტრალიასა და აშშ-ს.
შიმშილისა და ომისგან ემიგრაციაში გაქცეულ ევროპელებს არჩევანის გაკეთება აშშ-სა და არგენტინას შორის უწევდათ. იმ დროის არგენტინა მაგნიტივით იზიდავდა ემიგრანტებს მთელი მსოფლიოდან. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 1914 წელს ბუენოს-აირესის მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში იყო დაბადებული. არგენტინაში მოიპოვებოდა სასარგებლო წიაღისეული და ნაყოფიერი მიწები, განვითარებული იყო მეცხოველეობა და საზღვაო ვაჭრობა. ამ პერიოდს არგენტინაში Belle Epoque-ს უწოდებენ, რაც პირდაპირ თარგმანში “დიდებულ ეპოქას” ნიშნავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არგენტინას ჰქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განვითარებული სახელმწიფო ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, დღეს არგენტინა ერთ სულ მოსახლეობაზე ანგარიშით ბელარუსზე ოდნავ მდიდარია და მცირედით ჩამორჩება აზერბაიჯანს. ბუნებრივად ისმის კითხვა - რამ განაპირობა არგენტინის ასეთი სწრაფი დაღმასვლა?
საქმე ის არის, რომ პირველი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური შოკის და შემცირებული ვაჭრობის ფონზე არგენტინაში ეკონომიკური პრობლემები გაჩნდა, რაც მალევე პოლიტიკურ არასტაბილურობაში გადაიზარდა. 1930 წლიდან დაიწყო სამხედრო გადატრიალებების ციკლი. ამ დროიდან დღემდე ქვეყანაში სულ 5 სამხედრო გადატრიალება მოხდა [1943; 1962; 1966; 1976].
სხვადასხვა დროს ინფლაციამ აქ 5000% შეადგინა. ქვეყანა ხან წარმოების ნაციონალიზაციას ახდენდა, ხან შემოსავლებს “ათანაბრებდა”. სამხედრო გადატრიალებას მარქსისტები ანაცვლებდნენ, მარქსისტებს - პერონი, პერონს კიდევ ვიღაც და იმ ვიღაცას ისევ პერონისტები.
შიგადაშიგ პოპულისტ მთავრობებს შორის ჭკვიანი რეფორმატორიც გამოერეოდა, თუმცა როგორც წესი, მათ რამდენიმე თვეს თუ აცლიდნენ და ისევ იგივე გზას უბრუნდებოდნენ. საერთო ჯამში 1930-2000 წლებში ქვეყანას 14 გენერალი და 12 სამოქალაქო პირი მართავდა. მეზობელ ბრაზილიაში პოპულარულია ხუმრობა, რომ “მხოლოდ არგენტინელებისნაირ დახვეწილ ხალხს შეეძლო ასეთი მასშტაბის კოლაფსი განეცადა".
ბოლო 80 წლის განმავლობაში არგენტინა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენია გაკოტრების რაოდენობებით - ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ თავი ცხრაჯერ გამოაცხადა ბანკროტად - მათ შორის ბოლოს 2020 წელს. ამ თემასთან დაკავშირებით ეკონომისტები ხშირად ხუმრობენ, რომ მსოფლიოში სულ ოთხი ტიპის ქვეყანები არსებობენ, ესენია: განვითარებული ქვეყნები, განუვითარებელი ქვეყნები, იაპონია და არგენტინა.
არგენტინის ისტორიული დაღმასვლის მიზეზებზე საუბრისას რთულია რომელიმე ერთი კონკრეტული მიზეზის გამოკვეთა. როგორც არგენტინელი ეკონომისტი რაფაელ დი ტელა ამბობს - "თუ 70 ათასი ტყვია გესროლეს, ნამდვილად რთულია დაადგინო რომელი მათგანი იყო სასიკვდილო".
მიუხედავად ამისა, ეკონომისტები არგენტინის ისტორიული კრახის რამდენიმე შესაძლო მიზეზს გამოყოფენ. პირველ რიგში ის არის, რომ მართალია მეოცე საუკუნის დასაწყისში არგენტინა მდიდარი ქვეყანა იყო, მაგრამ ის არ ყოფილა მოდერნული სახელმწიფო. არგენტინის ეკონომიკური წარმატება ძირითადად დაფუძნებული იყო სასოფლო-სამეურნეო სექტორზე და ამ სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობაზე. არგენტინა ძალიან იყო დამოკიდებული ბრიტანეთთან ვაჭრობაზე, რაც პირველი მსოფლიო ომისა და მოგვიანებით, დიდი დეპრესიის წლებში, სერიოზულ პრობლემად გადაიქცა.
ქვეყნის დაღმასვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად ასახელებენ მოსახლეობის გაუნათლებლობასაც - მეოცე საუკუნის დასაწყისში არგენტინაში განათლება მხოლოდ ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომიც და საჭიროც, მოსახლეობის 75% კი წერა-კითხვის უცოდინარი იყო.
ყველა ზემოთჩამოთვლილ ფაქტორს თავისი წვლილი ჰქონდა არგენტინის ისტორიულ დაღმასვლაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან და გარდამტეხ ფაქტორად დემოკრატიული ინსტიტუციების არ არსებობა უნდა მივიჩნიოთ.
სწორედ სათანადო, ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების არ არსებობამ შეუძლებელი გახადა ქვეყნისთვის გამკლავებოდა მოკრძალებული მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისებს - არგენტინას არ აღმოაჩნდა ამისთვის საჭირო ინსტიტუციები.
სამხედრო გადატრიალებების ციკლი და დემოკრატიული წყობის მუდმივი წყვეტა ამგვარი ინსტიტუციების არ არსებობის ერთადერთი გამოხატულება არ არის. დესტაბილიზაციის წლებში არგენტინის ყველა მმართველი და პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით და მასზე მანიპულირებით საკუთარი უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას ცდილობდა, რაც გამოსდიოდა კიდეც.
"ინსტიტუტების მშენებლობამ არგენტინაში ძალიან სწრაფი და კლიენტელისტური გარიგებების ფორმა მიიღო",- ამბობს დარონ აჯემოღლუ.
საინტერესოა დავაკვირდეთ ავსტრალიის მაგალითს, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში არგენტინის მსგავსად ვითარდებოდა და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებიც ერთმანეთის მსგავსი ჰქონდათ.
მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ბედი დიამეტრულად განსხვავებული აღმოჩნდა და დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მდიდარ სახელმწიფოდ რჩება. ავსტრალიაში გარანტირებული იყო პოლიტიკური კონკურენცია, დამოუკიდებელი სავაჭრო მექანიზმები, დამოუკიდებელი სასამართლოები, სახელმწიფო ხელს უწყობდა განათლების გრძელვადიან პროგრამებს. სწორედ ამ ფაქტორებმა მისცა საშუალება ავსტრალიას წარმატებით გამკლავებოდა ყველა გამოწვევას ბოლო 80 წლის განმავლობაში.
თავის მხრივ, სწორედ ამ ფაქტორების არ არსებობის გამო განიცდის არგენტინა დღემდე ჯერ არნახულ დაღმასვლას.
ინკლუზიური და ექსტრაქციული ინსტიტუციები
დემოკრატია აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ისეთი პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, რომელშიც გარანტირებულია მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა.
სინამდვილეში ბევრი რეჟიმი თავის თავს დემოკრატიულს უწოდებს, ისინი ატარებენ არჩევნებს, მათ აქვთ დემოკრატიული წყობის სხვა ელემენტებიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - თუ არჩევნები მანიპულირებულია, ფართოდაა გავრცელებული კლიენტელისტური მიდგომები, არ გვაქვს სახეზე სამართლიანი და რეალური შეჯიბრებითობა, ამას დემოკრატიას რთულად თუ ვუწოდებთ.
ქვეყნებში, რომელთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ცალკეული პერსონები დომინირებენ და არ არსებობს გამართული სამოქალაქო საზოგადოება - მხოლოდ არჩევნების ჩატარება არაფერს იძლევა. რეალური დემოკრატია მოითხოვს ძალისხმევას - საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს არამხოლოდ დემოკრატიული პოლიტიკური კონსტრუქცია, არამედ საზოგადოებრივიც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დემოკრატიის მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად იცვლება. დღეს დემოკრატიას ცუდი დრო უდგას - მთელ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ისმის დემოკრატიული სისტემების კრიტიკა.
მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულებში ჩატარებული აკადემიური კომპლექსური კვლევები და მონაცემთა მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ სინამდვილეში დემოკრატია ძალიან დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. დემოკრატიზაცია დადებითად მოქმედებს განათლების და ჯანდაცვის ხარისხზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე, რაც ჩვენთვის თანამედროვე წარმატებულ საზოგადოებებთან თუ ქვეყნებთან ასოცირდება.
ამასთან ერთად, ეს აკადემიური კვლევები და სხვადასხვა სახის დაკვირვებები კიდევ ერთხელ ადასტურებს უინსტონ ჩერჩილის მიერ დემოკრატიის შეფასებას - “საზოგადოების გრძელვადიანი განვითარებისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით დემოკრატია ბევრად უკეთესია, ვიდრე არსებული ალტერნატივები.”
არსებობენ პოლიტიკოსები და აქტორები, რომლებსაც ხელს აძლევთ დემოკრატიის დასუსტება. მათ შორის პირველ რიგში საუბარია ძლევამოსილ პოლიტიკურ ლიდერებზე ავტოკრატიული ტენდენციებით. არსებითად სწორედ ეს არის ის, რასაც თვალს ვადევნებთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
თუ დავაკვირდებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი, ვნახავთ, რომ 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ამ ქვეყნებმა დიდ ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწიეს - ჩამოყალიბდა სრულად საბაზრო ეკონომიკები თავისი კონკურენტული უპირატესობებით, მაგრამ ამავდროულად ეს დემოკრატიული ექსპერიმენტი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, რაც სისტემაში ბევრი სისუსტის არსებობას განაპირობებს, რომელთა პირადი სარგებლისთვის გამოყენება შედარებით მარტივია.
თუ დავაკვირდებით დასავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიულ სტრუქტურას - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მედიის თავისუფლებით, პოლიტიკური პარტიებით - ვნახავთ, რომ ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა.
ინსტიტუტები რომლებიც ქმნიან სტაბილურობას, უზრუნველყოფენ ინდივიდების უფლებას ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში, განახორციელონ ინვესტიციები, მიიღონ განათლება და დადონ ხელშეკრულებები - სწორედ ეს არის ის, რასაც ინკლუზიურ ეკონომიკურ ინსტიტუტებს უწოდებენ. ეს ინსტიტუტები დაკავშირებულია როგორც სტიმულებთან, ასევე შესაძლებლობებთან.
ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც პროცესის მონაწილე ყველა ადამიანს საზოგადოების განსხვავებული ფენებიდან წარმატების თანაბარი შანსი ექნებათ, სხვაგვარად ეკონომიკური ზრდა ძალიან არათანაბარი იქნება, რაც სტაბილური კეთილდღეობისთვის არასაკმარის წინაპირობას წარმოადგენს.
კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იდეა არის ის, რომ შეუძლებელია ამ ეკონომიკური ფაქტორების განცალკევება პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებისგან - ხშირად პოპულარულია აზრი, რომ საჭიროა ერთგვარი ავტოკრატია ან დიქტატურა, რომელშიც პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებული იქნება ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ხელში, რომლებიც ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო, სწორ ნაბიჯებს გადადგამენ - ეს თითქმის არასდროს მუშაობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თავად ეკონომიკური ინსტიტუციები მეტწილად განსაზღვრულია პოლიტიკური ინსტიტუციებით.
ასევე, არსებობს წარმოდგენა, რომ თუ ქვეყანაში მოიძებნება საკმაირისი რაოდენობის ჭკვიანი ადამიანი, რომელიც დაწერს სწორ კონსტიტუციას, ქვეყანაში უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები, მაგრამ ეს სიმართლე არ არის.
ინსტიტუციები ევოლუციური პროცესის შედეგია - პოლიტიკისა და სოციალური ნორმების ინტერაქციის, პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით საზოგადოებრივი ჩართულობის რეზულტატი. სწორედ ამიტომ, ინსტიტუციების გარდაქმნა შეუძლებელია უბრალოდ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერების შეცვლით.
ცხადია, ამ პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა, განსხვავებული აზრებისა და იდეების შეჯიბრებითობა. ასევე, წარმატებული გამოცდილებებისა და მაგალითების შესწავლა და დაკვირვება.