ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების ინდექსს (DESI), რომელსაც ციფრული საჯარო სერვისების კატეგორიაში, როგორც წესი, ერთი გამარჯვებული ჰყავს. საუბარია ქვეყანაზე, რომელსაც 2016 ტექნოლოგიურმა ჟურნალმა Wired-მა „მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ციფრული საზოგადოება“ უწოდა. ეს ევროპული ქვეყანა არც ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკა, 83 მილიონიანი გერმანია და არც, მეორეადგილოსანი, 67 მილიონიანი საფრანგეთია, არამედ - ესტონეთი.
ესტონეთი, ქვეყანა 1.3 მილიონიანი მოსახლეობითა და 45 ათასი კმ2-იანი ტერიტორიით, საიდანაც ნახევარი ტყეა.
ესტონეთი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი 45 წელიწადი, როდესაც კომუნიზმისგან და ნაცისზმისგან თავისუფალი დასავლეთ ევროპელები ეკონომიკურ ბუმს განიცდიდნენ, საბჭოთა ოკუპაციაში გაატარა.
მეორე მხრივ, არც ისაა გასაკვირი, რომ ქვეყანამ, რომელმაც დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან მხოლოდ და მხოლოდ 13 წელიწადში შეძლო რადიკალურად ცვლილებების გატარება და ევროკავშირში შესვლა, ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა და მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე, საკუთარი ადგილის დამკვიდრება.
მაგრამ მხოლოდ ამით ვერ აიხსნება, როგორ მოექცა ესტონეთი მსოფლიოს ციფრული ტრანსოფორმაციის წინა ხაზებში - 2004 წელს ესტონეთთან ერთად ევროკავშირს ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. ამავდროულად, ცივი ომის შემდგომი სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დასავლელ მოკავშირეებს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, დღესაც ჩამორჩებიან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, „ევროპული სილიკონის ველის“ ხსენებაზე პირველი არც ბერლინი, არც პარიზი, არც რიგა ან ვილნიუსი, არამედ ტალინი გაახსენდებათ. დღეს ერთ სულ მოსახლეზე იმდენი სტარტაპი არსადაა, რამდენიც ესტონეთში, ტემპი კი არ ეცემა - გასულ ათ წელიწადში ესტონეთის ტექნოლოგიურ სფეროში უკვე ათასობით ახალი კომპანია შეიქმნა.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ შეძლო ესტონეთმა დროის მოკლე მონაკვეთში ევროპის ტექნოლოგიური ლიდერი გამხდარიყო.
დავეწიოთ და გავასწროთ ევროპას
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ესტონელების მთავარი ამოცანა დაკარგული 45 წლის რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრა იყო, რაც ესტონელებს საშუალებას მისცემდა, თავისუფალ, ევროპულ და მდიდარ ქვეყანაში მშვიდად ეცხოვრათ.
„როცა დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, დასაკარგი არაფერი გვქონდა, მოსაპოვებელი კი - ყველაფერი. სწორედ ეს იყო განწყობა, რამაც ცვლილებები შვა,“ - ამბობს რეალპოლიტიკასთან ინტერვიუში ანდრეს სუტი, ესტონეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების ყოფილი მინისტრი.
ამავდროულად, საოკუპაციო რეჟიმისგან თავის დახსნამ 1990-იან წლებში ესტონელებს შანსი გაუჩინა, ახალი წესრიგი თავად განესაზღვრათ - თავად გადაეწყვიტათ, როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ესტონეთი.
ამ გზაზე ესტონელები სანიმუშო მაგალითად სკანდინავიური ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ფინეთსა და შვედეთს ისახავდნენ, ვისთანაც მჭიდრო გეოგრაფიული, კულტურული და ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ.
„რა იქნება ჩვენი ნოკია?“ - კითხულობდა ლენარტ მერი, ესტონეთის პირველი პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ.
რა უნდა ყოფილიყო 90-იან წლებში „ესტონური ნოკია“, თუ არა ინფორმაციული ტექნოლოგიები? „ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით ცოტა იღბალიც გჭირდება... ჩვენ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდით, რადგანაც ისედაც უნდა ჩაგვედო ინვესტიცია ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და ფინანსურად ეფექტური საზოგადოების შენებაში,“ - გვითხრა ანდრეს სუტმა.
ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენა ინტერნეტის შექმნასა და მის სწრაფ განვითარებას დაემთხვა. პარალელურად, დამოუკიდებელ ესტონეთში ისედაც არსებობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საჭიროება სახელმწიფო თუ კერძო სერვისებისთვის. ისევე, როგორც ქვეყანას მდგრად ეკონომიკურ მოდელზე გადაწყობა ესაჭიროებოდა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ტექნოლოგიურ განვითარებას ქვეყნისთვის სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდათ - ამ მიმართულებით წინსვლა ესტონური პოლიტიკური ელიტისთვის საბჭოთა მემკვიდრეობისგან თავის დახსნისა და ახალი, თანამედროვე ესტონეთის გაჩენის ნიშანი უნდა ყოფილიყო.
ამ გზაზე ესტონელებს ორი შესაძლო კურსის აღება შეეძლოთ - გადმოეღოთ დასავლური სისტემა, რაც კომუნიზმით გაღატაკებულ ქვეყანას ზედმეტად ძვირი დაუჯდებოდა, ან თავად უფრო იაფად შეექმნათ უკეთესი, სრულიად ახალი სისტემა.
საბოლოოდ, ისინი რისკს არ შეუშინდნენ და მეორე, ამბიციური გზით წავიდნენ. საამისოდ, მათ ესტონეთისგან “ციფრული საზოგადოების” შექმნა განიზრახეს.
პირველი მოსავალი
90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ამ მიდგომამ ესტონეთის ციფრული ტრანსფორმაციის ორი საეტაპო პროდუქტი, მონაცემთა მართვის სისტემა იქს-როუდი და ციფრული აიდი-ბარათი შვა.
2001 წელს ჩაშვებული იქს-როუდი ესტონეთის მთავრობის მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა, რომელიც ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს. იქს-როუდის მეშვეობით, სხვადასხვა ესტონური სამთავრობო სტრუქტურა ერთმანეთს მონაცემებს უზიარებს. სხვა ქვეყნებში მსგავს სტრუქტურებს თავ-თავიანთი სისტემები აქვთ. ესტონეთმა იქს-როუდით მსგავსი გადაფარვები თავიდან აირიდა, რითაც ზედმეტი ხარჯების დაზოგვა შეძლო.
მოგვიანებით, მისი ეფექტურობის გამო, იქს-როუდის გამოყენება კერძო კომპანიებმა და უცხო ქვეყნებმაც დაიწყეს. მაგალითისთვის, თუ ესტონელი ფინეთში აფთიაქში შევა, იქს-როუდის გამოყენებით აფთიაქარს შეუძლია ნახოს, რომელი წამალი გამოუწერეს პაციენტს ესტონეთში.
ამავდროულად, ესტონეთში სავალდებულო გახდა ციფრული აიდი-ბარათები. დღეს მსგავსი რამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც გვხდება, მაგრამ ესტონეთი ამ მხრივ მოწინავე ქვეყანა იყო და ამ ტექნოლოგიის განვითარების სიღრმით დღესაც ლიდერია. ელექტრონული აიდი-ბარათის გამოყენება ესტონეთში მობილური ტელეფონითაც შესაძლებელია - ამისთვის საჭიროა სპეციალური სიმ-ბარათი, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია ექნება დატანილი.
გარდაქმნა
ინოვაციური ტექნოლოგიების გამოგონების მიუხედავად, ესტონეთის ციფრულ საზოგადოებად გარდაქმნას 2000-იანების დასაწყისში ერთი დიდი წინაღობა ედგა - თავად საზოგადოების ჩართულობა.
21-ე საუკუნის დასაწყისში, ესტონელების მცირე ნაწილს თუ ჰქონდა წვდომა კომპიუტერსა თუ ინტერნეტზე - უამრავს კომპიუტერის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ინტერნეტი კი მოსახლეობის მესამედზე ნაკლებს ჰქონდა გამოყენებული. ამასთან, ინტერნეტის საწყის ეტაპზე, ადამიანები პირადი საჭიროებებისთვის მის აუცილებლობას ნაკლებად ხედავდნენ.
ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, ესტონეთის მთავრობამ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მუშაობა. 1996 წელს ესტონეთის მომავალი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და მაშინდელი განათლების მინისტრი იააკ აავიკსოო ვეფხვის ნახტომის პროგრამის ინიციატივით გამოვიდნენ. პროგრამის არსი იმაში იყო, რომ ტექნოლოგიური განათლება ესტონელებს სკოლის ასაკიდანვე მიეღოთ.
2000 წელს ინტერნეტი ყველა ესტონურმა სკოლაში შევიდა. მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსები მასწავლებლებსაც უტარდებოდათ.
ამასთან, მთავრობამ მოსახლეობას კომპიუტერის უფასო კურსები შესთავაზა, რითაც ესტონელების 10%-მა ისარგებლა. თავად მთავრობა 2000 წელს „გაციფრულდა“ და მას შემდეგ ქაღალდს აღარ იყენებს.
2001 წელს ინტერნეტთან წვდომა ესტონეთმა ადამიანის უფლებად აღიარა, ხოლო 2002 წელს მთავრობამ ვაი-ფაის უფასო ქსელი შექმნა, რომელიც ქვეყნის დასახლებული არეალის უდიდეს ნაწილს ფარავდა. მოსახლეობას აგრეთვე საშუალება ჰქონდა, ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტით, 500 საჯარო ადგილას, ინტერნეტ-კაფეებსა და ბიბლიოთეკებში ესარგებლა.
„ბოლო წლებში, როცა ესტონურ სტარტაპებს ვსტუმრობდი, სულ ვეკითხებოდი, როგორ აღმოჩნდნენ ტექნოლოგიების სფეროში და მპასუხობდნენ, ვეფხვის ნახტომის ბავშვები ვართო. ის ხალხი, ვინც 14-15 წლისამ ინტერნეტი მიიღო, ახლა 35 წლისაა,“ - გაიხსენებს მოგვიანებით ტომას ჰენდრიკ ილვესი.
ინოვაციური ხედვისა და სწორი სტრატეგიის მიუხედავად, ციფრული ტრანსფორმაციის სასურველი სისწრაფით განხორციელება ესტონეთის მთავრობას დახმარების გარეშე არ ხელეწიფებოდა.
ესტონეთს არასდროს ჰყოლია ცალკეული უწყება, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებდა. ნაცვლად ამისა, ტალინში ტექნოლოგიური პოლიტიკას პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები დარგის სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით წარმართავდნენ. ამ ადამიანებს რაოდენობა, ჯამში 25-საც კი არ აჭარბებდა.
„ესტონეთში ციფრული ტრანსფორმაცია მუდამ კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის შედეგი იყო,“ - გვითხრა ანდრეს სუტმა. მართლაც, ციფრული ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე კერძო სექტორი მთავრობის მხარდამხარ მუშაობდა.
ვეფხვის ნახტომთან ერთად, კერძო სექტორმა და პირველყოვლისა, ბანკებმა, დაიწყეს პროგრამა Look@World, რომელიც, ვეფხვის ნახტომის მსგავსად, ტექნოლოგიური განათლების გავრცელებას ემსახურებოდა.
ესტონურმა ბანკებმა, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მოქალაქეებისთვის სასწავლო კურსების უზრუნველყოფის გარდა, მათ დიდი ინვესტიციები ჩადეს ინტერნეტ-ბანკის სისტემებში და შემოღებიდანვე აქტიურად იყენებდნენ ციფრულ აიდი-ბარათებს.
ამ ყველაფრით ბანკები თავადაც ხეირობდნენ - ესტონეთის ციფრულ საზოგადოებად გარდაქმნა, ბანკის ფილიალის ყველგან გახსნის აუცილებლობას აქრობდა, რითაც ბანკები საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსებს ზოგავდნენ.
„ბანკების ინტერესში იყო, რომ ფილიალი ყველგან არ ჰქონოდათ. ამიტომაც, ინტერნეტ-ბანკები აიტაცეს. რაღაც ხანი სოფლებში დადიოდნენ და ხალხს, განსაკუთრებით ხანში შესულებს, კომპიუტერის გამოყენებას ასწავლიდნენ,“ - ამბობს ტომას ჰენდრიკ ილვესი.
ამ ყველაფრის - კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის - შედეგად, რამდენიმე წელიწადში ინტერნეტს უკვე ესტონელების 90%-ზე მეტი იყენებდა.
თუმცა, საზოგადოების ტექნოლოგიურ განათლებასთან ერთად, ესტონური ციფრული პროდუქტების წარმატების საწინდარი ხალხის ნდობაა - პირადი მონაცემების სათანადო დაცვა ადამიანებს უსაფრთხოების განცდას უქმნის, რის გამოც ისინი ციფრული სისტემისთვის მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის განდობას არ უფრთხიან.
“ყველას პირადი ინფორმაცია უნდა დავიცვათ. ნდობა, ძირითადი პრინციპია. თუ ხალხი ელექტრონულ სერვისებს არ ენდობა, მაშინ არასდროს გამოიყენებენ,“ - ამბობს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპი, რომელიც მოგვიანებით, ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში ევროკომისარი გახდა.
ნდობის საფუძველი ციფრული ინფრასტრუქტურის მოწყობის წესია. მონაცემები ისეა შენახული, რომ მათზე დაშვება მხოლოდ იმათ აქვთ, ვისაც კონკრეტულ ვითარებაში მათი გამოყენება უწევს, მაგალითად, პაციენტსა და მის ექიმს. თუ ამ ინფორმაციის მოპოვებას ვინმე სხვა შეეცდება, სისტემა განგაშს ატეხს.
განგაშის საფუძველი კი სისტემას 2007 წელს ჰქონდა. მაშინ, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ქალაქის ცენტრიდან საბჭოთა ჯარისკაცის მონუმენტი გადაეტანა, რასაც თავდაპირველად ეთნიკური რუსების ორდღიანი ძალადობრივი არეულობა, შემდეგ კი უპრეცედენტო კიბერ-თავდასხმა მოჰყვა.
ესტონეთის ციფრული ინფრასტრუქტურა დროებით გაჩერდა.
კიბერ-თავდასხმა რუსული IP-მისამართებიდან განხორციელდა, ინსტრუქციებს რუსულად გასცემდნენ და მოსკოვში, ესტონელების კითხვებ,ს უპასუხოდ ტოვებდნენ. როგორც ესტონეთის მთავრობაში ამბობენ, თავდასხმა „კრემლმა დაგეგმა, შემდეგ კი მას სხვა მავნე ჯგუფები შეუერთდნენ.“
თავდასხმის შემდეგ, ესტონელებმა უსაფრთხოების ისეთი ზომები მიიღეს, რამაც ციფრული ინფრასტრუქტურის დაცულობის განცდა, კიდევ უფრო გააძლიერა.
ესტონეთში გაიხსნა NATO-ს კიბერ-თავდაცვის ცენტრი, სადაც კიბერ-უსაფრთხოების წვრთნები ტარდება. გარდა ამისა, მთავრობამ ლუქსემბურგში შექმნა მონაცემთა საცავი, სადაც მონაცემებთა ასლებია შენახული. ამგვარად, თუ ესტონეთი კიდევ გახდება კიბერ-თავდასხმის მსხვერპლი, მათ მონაცემებზე წვდომა აღარ შეეზღუდებათ.
ცხოვრება ციფრულ რესპუბლიკაში
ციფრულმა ტრანსფორმაციამ არამხოლოდ ტექნოლოგიების სფეროზე, არამედ თითოეული ესტონელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.
დღეს ესტონელებისთვის უაღრესად მარტივია ბევრი ისეთი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრა, რომლებსაც სხვა, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყნების მოქალაქეების უაზროდ დიდი დრო, ძალისხმევა და ნერვები ეწირება.
ელექტრონული აიდი-ბარათით, რომელსაც მოსახლეობის 98% იყენებს, ესტონელებს ინტერნეტით 4000-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ. ესტონეთში ამბობენ ხოლმე, რომ სახელმწიფო სერვისებისთვის მხოლოდ სამ შემთხვევაშია საჭირო სახლიდან გასვლა - ქორწინებისას, უძრავი ქონების ყიდვისას და განქორწინებისას.
ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფერო - განათლება, სასამართლო სისტემა, ჯანდაცვა, ბანკები, გადასახადები, პოლიცია, კანონმდებლობა თუ არჩევნები, ერთიანი ციფრული ინფრასტრუქტურის ნაწილია.
თუ ექიმთან მიხვალთ, მას თქვენი სამედიცინო ისტორია თავის კომპიუტერში დახვდება - გარეთ არც არაფრის ძებნა და შევსება მოგიწევთ. თუ სასწრაფოს გამოძახება დაგჭირდათ, თქვენკენ მომავალი ექიმები გზაში შეამოწმებენ სამედიცინო ისტორიას, პულსს, წნევას და სხეულის ტემპერატურას. მათ ასევე შეეძლებათ, გზიდანვე დაგარეგისტრირონ საავადმყოფოში, რათა იქ მისულს დაუყოვნებლივ ჩაგიტარონ გამოკვლევა ან ოპერაცია. როცა ექიმი წამალს გამოგიწერთ, კომპიუტერში შეიყვანს. აფთიაქში რომ მიხვალთ, თავად შეეძლებათ ნახონ, რა გამოგიწერეს.
2005 წლიდან, ესტონეთში ონლაინ ხმის მიცემა დაინერგა. 2019 წელს, ესტონელი ამომრჩევლების 44%-მა ხმა სახლიდან გაუსვლელად მისცა, მათ შორის საზღვარგარეთის 143 ქვეყნიდან.
ცხოვრების გამარტივებასთან ერთად, ესტონელები ციფრული ინფრასტრუქტურის საშუალებით, საბიუჯეტო ხარჯებსაც ზოგავენ. მაგალითისთვის, საბაჟოსა და საგადასახადო სააგენტო ონლაინ სისტემით გადასახადების გადახდას ხუთი წუთი სჭირდება. შედეგად, მთავრობამ სააგენტოს შტატი გაანახევრა, გადასახადების ანაზღაურება კი ერთ კვირაში ხერხდება.
იქს-როუდის შემოღებით, ესტონეთის საჯარო სამსახური ერთი კალენდარული წელიწადის განმავლობაში 820 სამუშაო წლის სამუშაოს ზოგავს. მთავრობის თანახმად, ამხელა ძალისხმევის დაზოგვით, ქვეყანა წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ზოგავს, რაც, სხვა შემთხვევაში, ხელფასებისა და სხვა ხარჯებისთვის იქნებოდა საჭირო.
ნატო-ს მოკავშირეებისადმი გაცემული პირობის შესაბამისად, ქვეყანა თავდაცვაზე დაახლოებით ამდენივეს ხარჯავს. სწორედ ამიტომ, ესტონეთში ხუმრობენ, რომ ეროვნულ თავდაცვას უფასოდ იღებენ.
ეკონომიკური ტრანსფორმაცია
ბუნებრივია, ციფრულმა ტრანსფორმაციამ არამხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ მთელი ეკონომიკა გარდაქმნა. თუ აქამდე ესტონეთის მთავარი ინდუსტრია ხე-ტყის ჭრა იყო, ახლა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებია.
დღეისათვის ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 7% ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მოდის, ტექნოლოგიური კომპანიების ჯამური ღირებულება კი 1.3 მილიონიან ქვეყანაში $1 მილიარდს აჭარბებს. თუმცა სხვა ყველაფერთან ერთად, ეს მნიშვნელოვანწილად იმ ერთმა კომპანიამ განაპირობა, რომელიც ესტონეთის ციფრული ტრანსფორმაციის სავიზიტო ბარათად იქცა.
2001 წელს, ოთხმა ახალგაზრდა ესტონელმა ვებ-გვერდი Kazaa შექმნა, სადაც ფაილების გაგზავნა უფასოდ შეიძლებოდა. სისტემას ხშირად იყენებდნენ პირატული მასალის გასავრცელებლად, რის გამოც არაერთმა ქვეყანამ საქმე აღძრა.
საბოლოოდ, Kazaa-ს შემქმნელები ციხეს გადაურჩნენ, თუმცა გადაწყვიტეს, ახალ პროექტზე გადართულიყვნენ. 2003 წელს მათ სკაიპი შექმნეს, რომელიც ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, მაიკროსოფტმა, 2011 წელს $8.5 მილიარდად იყიდა.
„სკაიპის წარმატებამ ახალგაზრდების დამოკიდებულება გარდაქმნა. აზრი, რომ ამ შორეულ, პროვინციულ, ცივ, წვიმიან, ჩამორჩენილ წუმპეში - სწორედ ასე წარმოედგინათ ახალგაზრდა ესტონელებს სამშობლო - მათემატიკა ვისაც გამოსდიოდა, შეეძლო მსოფლიოში განთქმული ბრენდი შეექმნა და გამდიდრებულიყო, უზარმაზარი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა ადამიანებისთვის, ტექნოლოგიებით დაინტერესებულიყვნენ,“ - ამბობს ტომას ჰენდრიკ ილვესი.
კიდევ ერთი მიმართულება, საიდანაც ესტონეთი ეკონომიკურ სარგებელს იღებს, ელექტრონული მოქალაქეობის პროგრამაა. ელექტრონულ მოქალაქედ დარეგისტრირება ნებისმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი, თუ ესტონეთში ბიზნესის კეთება გსურთ.
ამგვარად, კომპანიებს შეუძლიათ, ბიზნესი ევროკავშირში დაარეგისტრირონ, ჰქონდეთ წვდომა ევროპის ერთიან ბაზარზე და ისარგებლონ ესტონეთის დაბალი გადასახადებით და მოქნილი სისტემით.
2014 წლის შემდეგ, ესტონეთში ათიათასობით ელექტრონული მოქალაქე დარეგისტრირდა, რომლებიც ქვეყანაში ჩაუსვლელად ავსებენ ხაზინას მილიარდობით ევროთი.
ესტონეთი გაჩერებას არ აპირებს
2021 წლის ოქტომბერში ესტონეთის მთავრობამ ესტონური ციფრული საზოგადოების განვითარების გეგმა წარადგინა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი. გეგმა მოიცავს მონახაზს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ესტონური ეკონომიკა, მთავრობა და საზოგადოება შემდეგ ათწლეულში.
2030 წლისთვის, ესტონეთის მთავრობის მთავარი სამიზნეები ციფრული სახელმწიფოს განვითარება, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესება და კავშირგაბმულობის დახვეწა იქნება.