ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გაწყვიტეს კავშირი რუსეთის ენერგოსისტემასთან
![](https://realpolitika.ge/storage/images/cache/900x440/baltian21.png)
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი წარმატებით დაუკავშირდნენ ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელს, რის შედეგადაც გაწყვიტეს კავშირი რუსეთის და ბელორუსის ენერგეტიკულ სისტემასთან.
ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 9 თებერვალს, ვილნიუსში განაცხადა.
"რამდენიმე წუთის წინ კარგი ამბავი გავიგე, ბალტიისპირეთის ქვეყნების ელექტროენერგიის სისტემის სინქრონიზაცია კონტინენტური ევროპის სისტემასთან წარმატებით დასრულდა," - თქვა მან. "ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გრძელი გზის დასასრულია... ჩვენ მივაღწიეთ სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის პერიოდი საბოლოოდ დასრულდა."
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები ალარ კარისი და ედგარს რინკევიჩი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.
დაახლოებით 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა ტრანზიტის მომზადებაში, ძირითადად ევროკავშირის ფონდებიდან.
უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ნაუსედამ "ევროკავშირის დონეზე" არსებითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა ბალტიისპირეთის ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
საბჭოთა კავშირის დროიდან 2025 წლის 8 თებერვლამდე, სამივე სახელმწიფო იყო ბელორუსის, რუსეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილი (БРЭЛЛ). ევროპასთან მათი ენერგოსისტემის სინქრონიზაცია პოლონეთის გავლით მოხდა.
ერთობლივ დეკლარაციას სინქრონიზაციის შესახებ 2023 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი, გეგმა შეთანხმებული იყო ევროკომისიასთან.
შედეგად, БРЭЛЛ-იდან გათიშვა დაგეგმილზე 10 თვით ადრე მოხდა.
ეს წმინდა სიმბოლური ნაბიჯია, რადგან ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას 2022 წლის მაისის შემდეგ არ შეუძენია რუსული ან ბელორუსული ელექტროენერგია.
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირის ბოლო ქვეყნებია, რომლებიც შეუერთდნენ სისტემას, რომელშიც ასევე შედის თურქეთი, უკრაინა და მოლდოვა.