ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კურსკზე: რუსული დათვი ყველაზე დაუცველ ადგილას დაკბინეს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონში ომის მიმდინარეობას შეცვლის და მას დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა აქვს.
ამის შესახებ მან ესტონეთის Radio 4-ის ეთერში განაცხადა.
ცაჰკნას ცნობით, უკრაინის ქმედებები კურსკის რეგიონში "ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია, ძალიან სარისკო, მაგრამ მათ მიაღწიეს წარმატებას, მათ მოახერხეს დიდი რუსული დათვის დაკბენა ყველაზე დაუცველ ადგილას."
"და ეს, რა თქმა უნდა, შეცვლის ომის მიმდინარეობას, ეს აიძულებს რუსეთს გადააჯგუფოს თავისი ჯარები და შექმნის დაუცველობის განცდას თავად რუსეთში," - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და განმარტა, რომ რუსეთში ცენზურის მიუხედავად, კურსკის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ვრცელდება.
მან ასევე განაცხადა, რომ დასავლური სამყარო მხარს უჭერს უკრაინის ქმედებებს კურსკის რეგიონში და ეს "სრულიად შეესაბამება ომის საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა წესს."
"თუკი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია მიმდინარეობს, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა არსებული საშუალებების გამოყენებით, მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ უკრაინა ომს გამარჯვებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჯერ არ ჩანს," - დაასკვნა ცაჰკნამ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის უფლება, გაეროს წესდების მიხედვით, მოიცავს კიევის უფლებას დაბომბოს სამხედრო ობიექტები რუსეთის ტერიტორიაზე და უკრაინის ოპერაცია კურსკის რეგიონში არის თავდაცვის ელემენტი.