-

ფულისა და ინფორმაციის დეფიციტი

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2023 წლის საერთაშორისო უსაფრთხოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსი დიპლომატების ყოველდღიურ საქმიანობაზეცაა საუბარი.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსმა დიპლომატებმა არ იციან, დაერიცხებათ თუ არა ხელფასი თავის დროზე და იმაზე შფოთავენ, თუ რომელი კოლეგისგან ისესხონ ფული.

ესტონური დაზვერვის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუს დიპლომატებს შარშან უკრაინაში შეჭრამდე პუტინის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ჩვენი ინფორმაციით, მათ ამის შესახებ 24 თებერვლის დილით მედიიდან შეიტყვეს," - ამბობენ ესტონელები.

ამის შემდეგ კი დაბნეულობამ და ქაოსმა დაისადგურა, რამდენადაც გასაჟღერებელი გზავნილები წინასწარ არავის მოუმზადებია.

ესტონური დაზვერვის ცნობით, დიპლომატების ნაწილმა "მხარე შეიცვალა", თუმცა მათი დიდი უმრავლესობა რეჟიმს დამორჩილდა.

ანგარიშის თანახმად, დასავლეთში რუსი დიპლომატები "პროპაგანდის ტყუილების მონოტონური გამეორებით" არიან დაკავებულნი და რამდენადაც კრემლს ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავს, საერთაშორისო შეხვედრებზე ხშირად "იმპროვიზაცია უწევთ."

მკაცრი დრესკოდი

მიმდინარე ოფის შესახებ ინფორმაციული დეფიციტის მიუხედავად, რუს დიპლომატებს მოსკოვიდან მკაფიო დირექტივები აქვთ მიღებული იმის შესახებ, თუ რა უნდა ეცვათ.

კაცი დიპლომატები ვალდებულნი არიან, მუქი ლურჯი ან რუხი კოსტუმები ეცვათ. დაშვებულია სხვადასხვა ფერის პიჯაკისა და შარვლის ჩაცმა, ოღონდ მხოლოდ თავსებად ფერებში.

აკრძალულია ჯიბეში ხელების ჩაყოფა. სუნამო "ზომიერად" უნდა იხმარონ, ხელები და ფრჩხილები მუდამ კარგად უნდა იყოს მოვლილი, ხოლო ტატუ ან პირსინგი არ შეიძლება, ჩანდეს.

კიდევ უფრო მკაფიოდაა გაწერილი რეგულაციები ქალი დიპლომატებისთვის.

ისინი ვალდებულნი არიან, ატარონ "ასაკისა და თანამდებობის შესაფერისი კონსერვატიული ვარცხნილობა."

მხრებს ქვემოთ თმა კარგად უნდა იყოს მოვლილი, აკრძალულია არაბუნებრივ ფერებში შეღებვაც.

შეზღუდულია სამუშაო დღის განმავლობაში მაკიაჟის წასმა - ტონალური კრემი "ზომიერად" უნდა იყოს გამოყენებული. აკრძალულია კაშკაშა მაკიაჟი, ისევე, როგორც "ზედმეტი" ტუში.

ამასთან ერთად, ქვედაბოლოს შემონაკეცი მუხლიდან ან მუხლამდე 5 სანტიმეტრში უნდა იყოს.

მეხუთე კოლონა

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ჯამში 400 რუსი დიპლომატი გააძევეს.

მათ შორის იყო ესტონეთიდან გაძევებული 13 დიპლომატიც.

ბრიუსელში კი რუსეთის საელჩო 19 ადამიანმა დატოვა - შტატის ნახევარმა.

ესტონური დაზვერვის თანახმად, фСБ "წარმართავს მეხუთე კოლონის შენახვას და განახლებას, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მსხვილი რუსულენოვანი მოსახლეობით".

 

მსგავსი სიახლეები