-

ვენის ჰუმანიტარული მეცნიერებების მკვლევარი და ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარე, ივან კრასტევი Financial Times-სზე გამოქვეყნებულ სვეტში უკრაინის წარმატებულ კონტრიერიშსა და მის შედეგებზე წერს. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ ივან კრასტევის სვეტის თარგმანს.

"უკრაინის სამხედრო გენია მდგომაროებდა იმაში, რომ აიძულა რუსები გაეყვანა ჯარები იქ, სადაც ისინი (უკრაინელები) არ იყვნენ და გასულიყვნენ იქიდან სადაც თვითონ (უკრაინელები) იმყოფებოდნენ",- წერს უკრაინის წარმატებულ კონტრიერიშზე კანადელი სამხედრო ექსპერტი მაიკლ მ'აკკეი. 

ზუსტად ეს მოხდა რუსეთის საშინაო ფრონტზეც - სანამ რუსეთის ჯარები უკან იხევდნენ და ცდილობდნენ ალყაში არ აღმოჩენილიყვნენ, მანამ ვლადიმირ პუტინმა თავი პოლიტიკურ ალყაში აღმოაჩინა. 

გასულ კვირას, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პირველად გაჟღერდა სიტყვა ომი (მანამდე რუსეთის შეჭრას უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მოიხსენიებდნენ). მკაცრი ხაზის მიმდევრები რომლებიც ტოტალურ მობილიზაციას მოითხოვდნენ, სწორედ ეს ხალხი იქცა ვლადიმირ პუტინისთვის ყველაზე დიდ პრობლემად. 

მას შემდეგ რაც რუსეთის არმიამ ვერ დაიკავა კიევი და ვერ დაამხო პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა, კრემლის მიერ არჩეული სტრატეგია შეგვიძლია შემდეგნაირად შევაჯამოთ: ჩვენ ხელთ არსებული ცოცხალი ძალით დავიკავოთ იმდენი ტერიტორია რამდენსაც შევძლებთ, მივაყენოთ მაქსიმალური ზიანი უკრაინის ეკონომიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავატაროთ რეფერენდუმები ანექსიის შესახებ, რითიც შევქმნით გარდაუვალობის განცდას. 

კრემლში სჯეროდათ, რომ ეს სტრატეგია გატეხავდა უკრაინის წინააღმდეგობას, ხოლო დასავლეთს უბიძგებდა შეეწყვიტა უკრაინის შეიარაღება. 

კონფლიქტის მისთვის ხელსაყრელ პირობებზე გაყინვით პუტინი უპირატესობის მოპოვებას და იძულებითი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებისგან თავის არიდებას იმედოვნებდა.

უკრაინის კონტრიერიშამდე 64 დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ამბობდა - "გათავისუფლებული ტერიტორიები ჩვენი იმპერიის, ჩვენი სახელმწიფოს ნაწილად მიგვაჩნია". 

გარკვეული დროით კრემლის სტრატეგია მომგებიანი ჩანდა - უკრაინა ემზადებოდა გამოფიტვის ომისთვის, ხოლო ენერგომატარებლებზე მაღალმა ფასმა შეარბილა დასავლური სანქციების უარყოფითი ეფექტი რუსეთის ეკონომიკაზე. 

მართალია, რუსეთის ეკონომიკური ელიტა უხასიათოდ იყო, თუმცა ისინი მაინც დამჯერედ იქცეოდნენ. ამასთანავე, გამოკითხვები აჩვენებდა, რომ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. 

ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ეს შესაძლოა არ იყო მათი ომი, თუმცა რუსეთი მაინც მათ სამშობლოდ რჩებოდა. 

ფრთხილად გათვლილი და მოფიქრებული სტრატეგიიდან რამდენიმე დღეში არაფერი დარჩა - უკრაინის წარმატებულმა კონტრიერიშმა გააძლიერა დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უკრაინისთვის მეტი საჭირო შეიარაღების მიწოდებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საკმარისი არ იქნება რუსეთის არმიის შეჩერება, საჭიროა მისი დამარცხება.

აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე განახლებული სამხედრო შეტაკებები აჩვენებს, რომ მეზობლები გრძნობენ რუსეთის სისუსტეს და მზად არიან გაალღონ გაყინული კონფლიქტები პოსტ-საბჭოთა სივრცეში. 

ამასობაში, ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინს უზბეკეთში გამართულ სამიტზე  სი ძინგფინგთან და სხვა ავტოკრატ ლიდერებთან შეხვედრაზე იმის ახსნა მოუწია, თუ რატომ ვერ იმარჯვებს რუსეთი. 

პუტინის მიმართ გაზრდილმა წნეხმა გამოაცხადოს ომი და დაიწყოს საყოველთაო მობილიზაცია კრემლი კუთხეში მოაქცია. ეს რუსეთის ლიდერს აიძულებს გააკეთოს არჩევანი, რომლის თავიდან არიდებასაც ომის დაწყების წუთიდან ცდილობს. 

კეთილგონიერი ადამიანებისთვის ვლადიმირ პუტინის სიჯიუტე არ დაარქვას უკრაინაში მიმდინარ ომს თავისი სახელი მწვავე ცინიზმია. თუმცა რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობისაა - 'სპეციალური სამხედრო ოპერაცია' ისეთი რამ არის რასაც უნდა უგულშემატკივრო, ხოლო ომის კი უნდა გეშინოდეს. 

მათ სამყაროში რუსეთის შეჭრა საქართველოში 2008 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაცია იყო, როგორც სირიის სამოქალაქო ომში ჩართვა. ხოლო ნაცისტურ გერმანიასთან დაპირისპირება კი უკვე ომია. 

სპეციალური სამხედრო ოპერაციები არის ომის სახეობა, რომლის წაგებაც ისე შეგიძლია, რომ მოსახლეობამ ვერც შეამჩნიოს, ხოლო ომის წაგება კი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის არსებობას. 

ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც რუსეთის მოსახლეობამ ცივი ომიდან გამოიტანა ის იყო, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ბირთვული სახელმწიფო ხარ შენს არსებობას უდიერად არ უნდა მოეპყრა. 

იმის წინასწარმეტყველება თუ რა მოხდება რუსეთში უკრაინისგან მიღებული სამხედრო დამცირების შემდეგ მარტივი არ არის. მაგრამ ერთი რამის თქმა მაინც შესაძლებელია - პუტინს შესაძლოა არ ემუქრება ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე, თუმცა მან უკვე ცალსახად დაკარგა სივრცე მანევრისთვის. 

კრემლში ეშინიათ, რომ მასობრივი მობილიზაციის გამოცხადება შიდა სისუსტეებს გამოავლენს.

მასობრივმა მობილიზაციამ შესაძლოა გამოავლინოს კრემლის ელიტის ეგოიზმი - ამ შემთხვევაში პუტინისტური ელიტის შვილები ან ქვეყნიდან გაიქცევიან ან ომში წასვლისგან თავის ასარიდებლად საავადმყოფოებში დაწვებიან. კორუფცია სისტემის პარალიზებას გამოიწვევს. 

მიუხედავად ამისა, მასობრივი უკმაყოფილება და აჯანყება ნაკლებად მოსალოდნელია, რუსები გააკეთებენ იმას რაშიც საუკეთესოები არიან - ყველაფერს უკიდურესად გააჭიანურებენ. 

პუტინის საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება იმავე მიზეზით არ სურს, რა მიზეზითაც არ სურდა სავალდებულო ვაქცინაციის გამოცხადება კორონავირუსის პანდემიის დროს: მას ეშინია, რომ ეს გამოავლენს, რომ მას არ აქვს საყოველთაო კონტროლი. 

სწორედ ეს არის კარდინალური განსხვავება დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის: სუსტ დემოკრატიულ მთავრობებსაც კი შეუძლიათ საკუთარი ლეგიტიმაციის შენარჩუნება, მაშინ როდესაც ავტოკრატები დამოკიდებულები არიან იმაზე, თუ რამდენად ძლიერად აღიქვამს მას მოსახლეობა. 

კრემლის პროპაგანდის მტკიცების მიუხედავად, რომ მოსახლეობა თავის არმიას ქომაგობს, გაცილებით უფრო ნაკლებია მათი მზაობა შეუერთდნენ ამ არმიას. 

თუ პუტინი უარს იტყვის მასობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე მისთვის მხოლოდ ერთი მოკლევადიანი გამოსავალი არსებობს - კიდევ უფრო სიბნელეში ჩაძიროს უკრაინა. 

აქედან გამომდინარე კიევის კონტრიერიში უფრო მეტად კონფლიქტის ესკალაციაზე მიანიშნებს, ვიდრე პირიქით. 

მსგავსი სიახლეები