-

 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, არსებობდა მოსაზრება, რომ რუსეთი დასავლეთის მოკავშირე უნდა გამხდარიყო და უარი ეთქვა იმ ტრადიციის გაგრძელებაზე, რაც მეტოქეობას ეფუძნებოდა და განსაკუთრებით მძაფრად, ცივი ომის დროს გამოჩნდა.

1990-იანი წლების პირველ ნახევარში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსისა და დასავლეთთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენის ფონზე, ეს მიდგომა ერთი შეხედვით უალტერნატივო ჩანდა, მაგრამ ვითარება მკვეთრად მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1996 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გახდა. 

მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის საგარეო დაზვერვის უფროსად და ერაყში გორბაჩოვის წარმომადგენლად. წინამორბედისგან განსხვავებით, მას მკაფიოდ მიაჩნდა, რომ რუსეთს დასავლეთის მოკავშირის გზიდან უნდა გადმოეხვია და სხვადასხვა, ირიბი თუ პირდაპირი მეთოდებით, ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა შეემცირებინა. 

მულტიპოლარული სამყარო, სადაც ერთი სახელმწიფოს დომინაცია არ არსებობს და რუსეთს ამ გზით მთავარ მოთამაშედ ყოფნა შეუძლია - სწორად ეს იყო პრიმაკოვის მთავარი პრინციპი და ამ პოლიტიკის საჩვენებლად, ხშირად მის მიერ ვაშინგტონში შეწყვეტილი ვიზიტს იხსენებ, როდესაც 1999 წელს, თვითმფრინავის პილოტს გეზი ჰაერში შეაცვლევინა და უკან, მოსკოვში დაბრუნება უბრძანა, რისი მიზეზიც, ნატოს ჯარების მიერ სერბეთის დაბომბვა იყო. 

პრიმაკოვის დოქტრინა - ძირითადი მიზნები

ევგენი პრიმაკოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1996-1998 წლებში იყო, ხოლო 1999 წლამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ბორის ელცინის გადადგომის შემდგომ, მან საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, თუმცა კანდიდატურა მალევე მოხსნა და მოგვიანებით, ახლად არჩეული ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე გახდა. 

მთავრობაში ყოფნის დროს შეიმუშავა მან დოქტრინა, რომლის თანახმადაც, რუსეთისთვის მიუღებელია ისეთი საერთაშორისო სისტემა, სადაც დომინანტი ერთი სახელმწიფოა. ამ კონცეფციის შემუშავება 90-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოხდა, რა დროსაც, მთავარ საფრთხედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დომინანტური როლი იყო აღქმული. ცხადია, ეს პირობა ახლაც არ კარგავს მნიშვნელობას და რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. 

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, რუსეთის ეროვნული ინტერესების სათანადოდ დაცვა ისეთ საერთაშორისო სისტემაშია შესაძლებელი, სადაც რამდენიმე ძლიერი მოთამაშე არსებობს და მათი განსხვავებული ინტერესები, ერთი სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატების როლსა და გავლენას შეზღუდავს. მისი აზრით, საჭიროა "ქაოსი", რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ კონსენსუსის გზით მოგვარდება და არა რომელიმე ერთი მოთამაშის დომინაციით. 

ამ თვალსაზრისით, ხაზგასასმელია ჩინეთისა და ინდოეთის როლი, რადგანაც სწორად ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს რუსეთისთვის ისეთ გლობალურ მოთამაშეს, რომელთან თანამშრომლობითაც, აშშ-ს დომინაციის შემცირება და ძალთა ბალანსი შესაძლებელია. 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ევგენი პრიმაკოვის დოქტრინა სამ ძირითად პრინცის ეფუძნება, ესენია: 

1) რუსეთის დომინაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში - ამ პირობის თანახმად, უმნიშვნელოვანესია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, კრემლის ინტერესებს უალტერნატივოდ იყვნენ დაქვემდებარებულნი. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უპირობო როლს წარმოადგენს ამ ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც მოსკოვს მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.

ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ამ პრინციპით გათვალისწინებული პირობა ცენტრალურ აზიასა და ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთსაც ეხება. 

2) ნატოს გაფართოების ხელშეშლა - ეს პუნქტი გარკვეული თვალსაზრისით დოქტრინის პირველ ნაწილშიც არის ასახული, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ექსკლუზიურ ინტერესებს ეხება, თუმცა, ცალკე გამოყოფას მაინც იმსახურებს.

რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს მათ საზღვრებთან ნატოს გაფართოების ხელშეშლა, რაც ამერიკისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ინტერესების შესუსტებას ემსახურება. ტრანსატლანტიკური კავშირის (აშშ,კანადა,ნატო) განეიტრალება, კრემლისთვის ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხის წარმოადგენს. 

3) ჩინეთისა და ინდოეთის როლი - როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოტენციურ გლობალურ მოთამაშეებთან პარტნიორობა, ამ გზით ამერიკის შეერთებული შტატების დასუსტება და მულტიპოლარული საგარეო სისტემის შექმნა, რუსეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ევგენი პრიმაკოვს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ კრემლს არ შესწევდა ვაშინგტონთან პირდაპირი მეტოქეობა, სწორად ამიტომ, საჭირო იყო სხვადასხვა ცენტრების გაჩენა, რითაც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, ერთი ქვეყნის დომინაცია შეუძლებელი იქნებოდა. 

ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთსა და შემდგომ უკვე ინდოეთზე გაკეთდა, ვინაიდან, რუსეთის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, რაც ამერიკის ჰეგემონიის შეზღუდვის პირობას წარმოადგენს. 

სწორედ ეს გახლავთ ის სამი ძირითადი პრინციპი, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და რუსეთისთვის საგარეო პოლიტიკის წარმოების ფუნდამენტს წარმოადგენს. 

პრიმაკოვის დოქტრინა პრაქტიკაში

ისე გამოვიდა, რომ პრიმაკოვის მიერ შემუშავებული დოქტრინის პრაქტიკაში გატარება სწორად ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო და ამის თვალსაჩინო მაგალითს, 2008 წელს საქართველოსთან დაწყებული ომი წარმოადგენს.

თუკი კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, პრიმაკოვის დოქტრინის ძირითად პრინციპებსა და სულისკვეთებას ეფუძნება.

უფრო კონკრეტულად, შესრულდა დოქტრინის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, პოსტ-საბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენს და სხვა მოთამაშეებს  სტატუს ქვოს შეცვლა არ უნდა შეეძლოთ. მეტიც, რუსეთმა ამ გზით, მთელ მსოფლიოს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ იგი ამ გეოგრაფიულ არეალს, საკუთარ გავლენის სფეროდ მიიჩნევს, სადაც სხვების ადგილი არ არის. მოსკოვისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფერადი რევოლუციების ფონზე, რომელსაც საფრთხის შემცველად და მკაფიოდ ნეგატიურად უყურებდა. 

ამავდროულად, ჯერ ვერბალური მუქარის, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო, ხოლო მომდევნო წელს, საქართველოში დაკანონებული ოკუპაციის საშუალებით, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოება შეფერხდა. ვლადიმერ პუტინმა მკაფიო სიგნალი გააგზავნა, რომ რუსეთის საზღვართან ნატოს მოახლოებას ხელს შეუშლიდა, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც. აქედან გამომდინარე, მან შეასრულა პრიმაკოვის დოქტრინის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პირობები.  

საბოლოო ჯამში, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს დასჯით, პუტინმა სრულად უპასუხა იმ ამოცანებს, რაც მისი იმდროინდელი მრჩევლის - ევგენი პრიმაკოვის მიერ, გასული საუკუნის მიწურულს შემუშავდა. 

ცხადია, საქართველო არ იყო უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც პრიმაკოვის დოქტრინის მსხვერპლი გახდა. განსხვავებული ვითარების მიუხედავად, ზუსტად იგივე პრინციპებზე დაფუძნებით, 2014 წელს უკრაინასთან ომი დაიწყო, ხოლო მომდევნო წელს, რუსი სამხედროები სირიაში გამოჩნდენ, რამაც მსოფლიო კიდევ უფრო მეტად გააკვირვა. 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პრიმაკოვის დოქტრინა პუტინის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს და მოიცავს, როგორც სამხედრო ძალის გამოყენებას, ასევე რბილი ძალის საშუალებით (დეზინფორმაცია, შპიონაჟი, შანტაჟი) შედეგის მიღწევას.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა  რუსეთის გაერთიანებული შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის "დოქტრინა", რომელიც თანამედროვე გარემოებებზეა მორგებული, სადაც დეზინფორმაციას, როგორც საგარეო პოლიტიკურ ისნტრუმენტს, განსაკუთრებული როლი ეკისრება და პრიმაკოვის დოქტრინის ფარგლებში, ახალ საოპერაციო გეგმას წარმოადგენს. მეორე ნაწილში, სწორად ამ დოკუმენტს მიმოვიხილავთ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები