-

1991 წლის ნოემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად აღარ არსებობდა, მოვლენათა შემდგომი სახიფათო განვითარებით შეწუხებულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა მიხაილ გორბაჩოვის ერთ-ერთ თანამოაზრეს, ალექსანდრ იაკოვლევს ჰკითხა გამოიწვევდა თუ არა უკრაინის დამოუკიდებლობა რუსეთის ძალადობრივ წინააღმდეგობას.

იაკოვლევი რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივას სკეპტიკურად აფასებდა და ბეიკერს შემხვედრი კითხვა დაუსვა - "უკრაინაში 12 მილიონი რუსი ცხოვრობს, მათ შორის ხშირია შერეული ოჯახები, რა ტიპის ომი შეიძლება იყოს ეს?", ბეიკერმა მარტივად უპასუხა - "ჩვეულებრივი ომი".

30 წლის შემდეგ მთელი მსოფლიო დაძაბულად ადევნებს თვალს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ესკალაციას. რეგიონში დაძაბულობა პერიოდულად მწვავდება, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ტემპერატურა განუხრელად მატულობს. კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: შეიჭრება რუსეთი უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში? და მივიღებთ თუ არა რუსეთ-უკრაინის კონვენციურ ომს, რომელსაც 30 წლის წინ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა.

 

იარაღის ჟღარუნი თუ ომის პრელუდია?

 

 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეს მოუყარა თავი. ბევრი საუბრობდა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრაზე, თუმცა დროებითი დაძაბულობის შემდეგ, აპრილის ბოლოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სწავლება დასრულებულად გამოაცხადა და საჯარისო ნაწილების უმეტესობა მუდმივი დისლოკაციის წერტილში დააბრუნა.

6 თვის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო რთულად გამოიყურება - ნოემბრის დასაწყისში გამოცემა POLITICO-მ უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსული არმიის არნახული მასშტაბით მობილიზაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამას თან მოჰყვა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის საფრთხე არსებობდა.

ვითარების სერიოზულობაზე მეტყველებს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვს ვიზიტით ეწვია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი. აშშ-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას მომდევნო წლის დასაწყისში გეგმავს.

2015 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ეს ყველაზე მსხვილი სასაზღვრო ესკალაციაა.

მედიაში გავრცელებული რუკა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ცხადყოფს, რომ საქმე კრემლის მიერ მორიგ „იარაღის ჟღარუნთან“ არ გვაქვს. ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გარდა, რუსეთს საიერიშო პოზიციები თითქმის ყველა სხვა მხრიდან აქვს მზად: სამხრეთით - ოკუპირებულ ყირიმში, ჩრდილოეთით - ბელარუს-უკრაინის საზღვართან, სამხრეთ-აღმოსავლეთით - დონბასში და დასავლეთით - დნესტრისპირეთში. აშკარაა, რუსეთის სამხედრო მობილიზაციის მასშტაბი ამჯერად ნებისმიერი სამხედრო სწავლების თუ სხვა მშვიდობიანი მანევრის ფარგლებს სცდება.

ესკალაციის სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხეზე მიუთითებს ისიც, რომ ვლადიმირ პუტინი საჯარო გამოსვლებში უკრაინის განხილვას სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. მიმდინარე წელს უკრაინის თემაზე საუბრისას პუტინმა არაერთხელ მიანიშნა, რომ რუსეთის „მოთმინება იწურება“.

რუსეთის პრეზიდენტის საჯარო განცხადებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო ინტერვენციის გასამართლებელი რეკვიზიტების უმეტესობა უკვე ადგილზეა. აშკარაა, რომ კრემლი უკრაინაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტატუს-კვოთი უკმაყოფილოა და კიევის სულ უფრო მზარდ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უსაფრთხოების საკუთარ ხედვასთან შეუთავსებლად მიიჩნევს.

 

უკრაინა: იმპერიის გასაღები

 

 

რუსეთის და შემდგომ საბჭოთა იმპერიის არცერთი რეგიონი არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი რუსეთის ევროპული სტრატეგიის განსაზღვრაში, როგორც უკრაინა. რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის უკრაინა გარდამტეხი ფაქტორია, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის წამყვანია უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობა, აბსოლუტურად ცენტრალური იყო უკრაინა ეკონომიკური თვალსაზრისით როგორც რუსეთის, ასევე, საბჭოთა იმპერიისთვისაც.

უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ემატება რუსეთთან კულტურული, ისტორიული და ლინგვისტური სიახლოვე - კრემლი კიევს რუსული ცივილიზაციის აკვნად მიიჩნევს. ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ უკრაინის პოზიციამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის დაშლაშიც. 1991 წლის აგვისტოში განვითარებული ГКЧП-ს პუტჩის შემდეგ მალევე უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც საბოლოოდ იმავე წლის პირველი დეკემბრის რეფერენდუმის შედეგებით განმტკიცდა. საბჭოთა კავშირი ვეღარ იარსებებდა უკრაინის გარეშე, ამ ქვეყნის როლი როგორც რუსეთის მთავარი პარტნიორისა შეუცვლელი იყო.

საყურადღებოა კიდევ ერთი ასპექტიც - უკრაინა ვლადიმირ პუტინისთვის პერსონალური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. რუსეთის მმართველის რანგში გატარებული 20 წლის განმავლობაში პუტინი არაერთხელ შეეცადა ვითარება მისთვის ხელსაყრელად შეეცვალა და უკრაინა რუსულ ორბიტაზე საბოლოოდ დაებრუნებინა. ამის პირველი შესაძლებლობა პუტინს 2004 წელს მიეცა, როდესაც ლეონიდ კუჩმას ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ ქვეყანა ახალ პრეზიდენტს ირჩევდა. ამ არჩევნებზე მთავარი კონკურენტები პრო-დასავლურად განწყობილი ვიქტორ იუშენკო და პრო-რუსული განწყობების ვიქტორ იანუკოვიჩი იყვნენ.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კრემლმა მთელი ძალით აამუშავა იანუკოვიჩის სასარგებლო პროპაგანდა და დეზინფორმაცია. არჩევნები მასობრივი დარღვევებით ჩატარდა და იანუკოვიჩის გამარჯვებულად გამოცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელახალ არჩევნებში ვიქტორ იუშჩენკომ გაიმარჯვა - ეს კი პუტინისთვის პერსონალური მარცხი იყო, რომელიც პროცესში იანუკოვიჩის სასარგებლოდ პირადად ჩაერთო.

პუტინმა უკრაინაზე შურისძიების შანსი უკვე 2010 წელს მიიღო, როცა არჩევნებში ამჯერად მისმა ფავორიტმა - იანუკოვიჩმა გაიმარჯვა - თუმცა ეს შანსიც მალევე იმედგაცრუებით დასრულდა. სანამ პუტინი დაუღალავად ცდილობდა უკრაინა რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენის სფეროში დაებრუნებინა, პარალელურად იანუკოვიჩი ევროკავშირთან სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთო, რომლის მიზანიც უკრაინის ევროპასთან დაახლოება იყო.

დასავლეთთან ფლირტი იმით დასრულდა, რომ ბოლო მომენტში იანუკოვიჩმა უარი თქვა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ტალღა მოჰყვა. მოგვიანებით ეს მოვლენები ევრომაიდნის სახელით გახდება ცნობილი.

პუტინის უკრაინულმა სტრატეგიამ ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ 2014 წლის ზამთარში მიიღო, როდესაც პრორუსმა იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, ხოლო უკრაინის ხელისუფლებაში პრო-დასავლელი პოლიტიკოსები მოვიდნენ. სწორედ ამ დროს პუტინმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს, სეპარატისტული მოძრაობები დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის მხარდაჭერის რეიტინგები არნახულად გაიზარდა, ამას თან გვერდითი ეფექტიც ახლდა- რუსეთის მოქმედებებმა კიდევ უფრო განამტკიცა უკრაინელების დასავლური არჩევანი. უკრაინის ის მაცხოვრებლები, რომლებსაც პუტინი კულტურულ რუსებად მიიჩნევდა, სინამდვილეში უკრაინელები, მეტიც - უკრაინის პატრიოტები აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანი რუსეთის წინააღმდეგ ომში მოხალისედ ჩაერთო.

 

პუტინის დაუმთავრებელი საქმე

 

 

გასული 20 წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა რუსეთის დაღმასვლის შეჩერება და გეოპოლიტიკაში აქტიურად დაბრუნება შეძლო. პუტინის ინიციატივით დაწყებულმა ჩეჩნეთის მეორე სამხედრო კამპანიამ სასტიკი მეთოდების გამოყენებით მოაგვარა სეპარატისტული რეგიონის პრობლემა.

ამავე წლებში მოწესრიგდა ქვეყნის ფისკალური სისტემა, გაიზარდა სახელმწიფო შემოსავლები, მნიშვნელოვნად მოდერნიზდა ჯარი. 1990-იანი წლების სრულ განუკითხაობასთან და ქაოსთან შედარებით, პუტინის მმართველობის წლები რუსეთის მოსახლეობისთვის სტაბილურობის ოაზისად აღიქმება. პუტინმა შეძლო რუსეთის გეოპოლიტიკური გაძლიერებაც.

ამ დრომდე რუსეთი ეფექტურად ბლოკავს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს. ამავე პერიოდში რუსეთი ანგარიშგასაწევ მოთამაშედ დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც პუტინის ჩარევამ ასადების დინასტია გადაარჩინა.

როგორც რუსეთში ამბობენ, რომ „ქვეყანა დაჩოქილი აღარაა - ფეხზე წამოდგა“. რაც მთავარია, 2014 წელს ყირიმის ანექსიით პუტინს გაუჩნდა ისტორიული მისიის განცდა. ამ მომენტიდან განისაზღვრა მისი ისტორიული მემკვიდრეობა როგორც რუსეთის პირველი მმართველისა, იოსებ სტალინის შემდეგ, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიები „გაამრავლა“.

რუსეთის ისტორიაში ამა თუ იმ მმართველის სიდიადე ძირითადად ერთი ფაქტორით - დაპყრობილი ტერიტორიების სიდიდით განისაზღვრება. ვლადიმირ პუტინი მისი მმართველობის მესამე დეკადაში შედის, ახლოვდება მისი 70 წლის იუბილეც. ამასთან, ის სულ უფრო მეტად ფიქრობს თავის ისტორიულ მემკვიდრეობაზე.

2020 წელს შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით მას აღარაფერი უშლის ხელს 2036 წლამდე იპრეზიდენტოს. არსებობს ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი დაუმთავრებელი საქმე, რომლის გარეშეც პუტინის მიღწევების ჩამონათვალი სრული ვერ იქნება. ეს ისტორიული იმპერიის დღეს გაბნეულ მიწებზე კონტროლის დაბრუნებაა.

ამ მისიაში ცენტრალური ადგილი სწორედ უკრაინას უკავია. ამ მხრივ საყურადღებოა ე. წ. სტრატეგიული სიღრმის კონცეფცია. სტრატეგიულ სიღრმეში კრემლი რუსეთის ცენტრალურ ნაწილსა და ძლიერ ევროპულ სახელმწიფოებს შორის ბუფერულ ზონას მოიაზრებს. სწორედ სტრატეგიული სიღრმის საკითხი განსაზღვრავს რუსეთის საგარეო პოლიტიკას პეტრე პირველის დროიდან.

ბევრი თვლის, რომ ამგვარმა სიღრმემ რუსეთი 1812 წელს ნაპოლეონის არმიისგან და 1941 წელს ნაცისტური გერმანიისგან გადაარჩინა. ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთის მიმართება მეზობლებთან მიმართებით პუტინის წასვლის შემდეგაც არსებითად შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რუსეთისგან განსხვავებით ნატო არავის დასხმია თავს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან და ბლოკის გაფართოებასთან ერთად რუსეთში მიაჩნიათ, რომ მათ დაკარგეს სტრატეგიული სიღრმის უპირატესობა.

პუტინისა და მისი გარემოცვისთვის ყოფილი იმპერიის "სლავური შუაგულის" აღდგენა არამხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ სტრატეგიული და პერსონალური ამოცანაცაა. ეს გვაფიქრებინებს, რომ პუტინი ნამდვილად გულწრფელი იყო, როცა საბჭოთა კავშირის დანგრევით გამოწვეულ უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფაზე საუბრობდა.

 

გარდამტეხი მომენტი: რუსეთის „წითელი ხაზები“

 

 

მიმდინარე წელს უკრაინით პუტინის ობსესიამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ხშირად რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები რადიკალურობის ხარისხით 2014 წლის გამოსვლებს შეედრებოდა. ივლისში ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 5 000-სიტყვიანი ნაშრომში პუტინი წარმოადგენდა უკრაინის ისტორიის მისეულ ხედვას წარმოადგენდა:

• უკრაინა არ არის და არც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო;

• უკრაინა რუსეთის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც არ აქვს ავთენტური ეთნიკური, კულტურული თუ ლინგვისტური იდენტობა;

• ტერიტორიული თვალსაზრისით დღევანდელი უკრაინას არ აქვს ისტორიული საფუძველი, ის შედგება მიწებისგან, რომელიც ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა;

• უკრაინა ყოველთვის ყვაოდა რუსეთის ბატონობის დროს და იტანჯებოდა, როდესაც სხვები აკონტროლებდნენ;

• სინამდვილეში უკრაინის დამოუკიდებლობის იდეა შთაგონებული და განხორციელებულია რუსეთის მტრების მიერ, რომლებმაც ეს რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს.

უკრაინის ისტორიის მცდარი ინტერპრეტაციის შემდეგ, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლების ცენტრალური ნაწილად იქცა. გასულ თვეებში უკრაინაში ნატოს აქტივობები პუტინმა რუსეთის ეროვნული ინტერესების საფრთხედ შეაფასა და განმარტა, რომ ეს რუსეთისთვის „წითელი ხაზია“. უნდა აღინიშნოს, რომ პუტინი ამ ფორმულირებას იშვიათად იყენებს.

ქვეყნის პირველ პირს მხარი რუსულმა ოფიციოზმაც აუბა.რუსული პროპაგანდისტული არხები უკვე ქმნიან საომრად მომართული უკრაინის და თავდასხმის მსხვერპლი რუსეთის ხატს. მალე პუტინის ისტორიულ ექსკურსს საკუთარი სტატიით მისმა ყოფილი კოლეგა და მეგობარი დიმიტრი მედვედევი შეუერთდა.

მედვედევი ირწმუნება რომ უკრაინის ლიდერებთან საუბარს აზრი აღარ აქვს, რადგანაც ისინი დასავლეთის მარიონეტები არიან, ხოლო დასავლელი სპონსორები კი უკრაინას რუსეთის შესაკავებლად და დასასუსტებლად იყენებენ. კრემლის განსაკუთრებულად ხისტი რიტორიკა და საზღვარზე გაზრდილი სამხედრო აქტიურობა ბუნებრივად ბადებს კითხვას - რა სურს პუტინს?

 

უჩვეული „გაყინული“კონფლიქტი

 

 

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა რუსეთის მიერ 2015 წელს დაკავებული პოზიციის გამო შეუძლებელია - კიევს არ სურს მისთვის ძალით თავსმოხვეული მინსკის შეთანხმებების უპირობო შესრულება. საფრანგეთის და გერმანიის მაღალი რანგის დიპლომატიურმა მცდელობებმა, რასაც ნორმანდიის ფორმატის სახელით ვიცნობთ, შედეგი ვერ გამოიღო.

დასავლეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის სტრატეგიული გათვლები ვერ შეცვალა. ამ ჩიხური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბევრი პოლიტიკური კომენტატორი რეგიონში სტატუს-კვოს შენარჩუნებას ვარაუდობდა. ეს კი აღმოსავლეთ უკრაინულ კონფლიქტის რიგით პოსტ-საბჭოთა გაყინულ კონფლიქტად ტრანსფორმაციას ნიშნავს. ეს ასე არ აღმოჩნდა.

როგორც ითქვა, უკრაინა რუსეთისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ვლადიმირ პუტინი ხშირად საუბრობს უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიუღებლობაზე, თუმცა ამ დროისთვის რუსეთისთვის უფრო დიდ პრობლემას შესაძლოა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა წარმოადგენდეს. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ბედი ეწევა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხს.

შესაძლოა რაოდენობრივზე უფრო მეტადაც კრემლს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების ხარისხობრივი ზრდა აწუხებდეს. რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების კიბერ-თავდაცვისა და დაზვერვის სტრუქტურების გაუმჯობესებით. ცხადია, ამ ყველაფერს უკრაინა დასავლეთის, უმეტესად დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დახმარების ხარჯზე აკეთებს.

ცოტა ხნის წინ უკრაინაში განაცხადეს, რომ პირველად საბრძოლო პირობებში ეფექტურად გამოიყენეს თურქეთისგან შეძენილი „ბაირაქთარების“ უპილოტო საფრენი აპარატი. ამან, ბუნებრივია, რუსეთის ყურადღება მიიქცია. თურქეთის როლი რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში ძალიან სენსიტიურია. დამატებით სირთულეს ქმნის თურქეთისა და რუსეთის ინტერესების გადაკვეთა სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში.

უამრავი პრობლემის და რეფორმების ჩავარდნის მიუხედავად, 2014 წელს, ე.წ. ღირსების რევოლუციის ღამეს, თითქმის სრულად დანგრეული უკრაინული სახელმწიფო დღეს აღდგენის გზაზეა. სწორედ უკრაინის შეიარაღებული წინააღმდეგობისა და საერთაშორისო წნეხის შედეგია, რომ დღეს რუსეთი მხოლოდ ყირიმს და დონეცკის გარკვეულ მონაკვეთს აკონტროლებს.

ამავდროულად, კრემლი ვერ ეგუება, რომ უკრაინა პუტინისთვის სასურველ, ავტორიტარული კლეპტოკრატიის ყალიბში არ ჯდება. ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი დიდი სხვაობით დაამარცხა კრემლისთვის არაფერს ნიშნავს - "უკრაინელ ხალხს არ აძლევენ და არც მომავალში დართავენ ნებას ჩამოაყალიბონ მათთვის სასურველი მთავრობა, რომელიც მათ ინტერესებს მოემსახურებოდა."

უკრაინის ამგვარი წარმოდგენა არსებულ ესკალაციის დამატებითი ფაქტორია - მარტივად, რომ ვთქვათ, კრემლში მთელ უკრაინას როსტოვის ოლქთან მდგომ ამერიკულ ავიამზიდად წარმოიდგენენ. ეჭვგარეშეა, რომ რუსული დაზვერვა ყურადღებით აკვირდება ნატოს აქტივობებს უკრაინაში, თუმცა რუსეთის ამის აღკვეთა არ შეუძლია. ამასთან ერთად ეს ყველაფერი თავად პუტინის მიერ მოწყობილი ავანტიურის პირდაპირი შედეგია.

2021 წლის დასაწყისში მომხდარი ესკალაციაც ამის ნაწილია - რუსეთი ვაშინგტონს და კიევს ახსენებს, რომ კონფლიქტის ესკალაციის ნებისმიერ წარმოსახვით განვითარებაში, მას ფიზიკური უპირატესობა აქვს. მიმდინარე ესკალაცია კიდევ უფრო აძლიერებს დასავლეთში მღელვარებას. სავარაუდოა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის სასურველიც კია - მას უყვარს, როცა დასავლეთს ძლიერი შფოთვის მდგომარეობაში ამყოფებს.

ფაქტია, რომ პუტინი შექმნილი სტატუს-კვოთი უკმაყოფილოა, ამავდროულად მიმდინარე წლის დასაწყისში მომხდარმა ესკალაციამ და 2018 წელს ქერჩის სრუტეში მომხდარმა ინციდენტებმა ნათლად გამოავლინეს დასავლეთის ჩარევის ლიმიტები. ცხადია, რომ აშშ, ნატო ან ალიანსის რომელიმე ცალკეული წევრი რუსეთთან ომის რისკზე არ წავა.

მეორე მხრივ, 2013-2014 წლებში, ცოტა თუ წარმოიდგენდა ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის სწრაფ ანექსიას და გამოუცხადებელ, ჰიბრიდულ ომს აღმოსავლეთ უკრაინაში. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ პუტინის ცივი გონებით მოთამაშე მოჭადრაკის იმიჯის მიღმა ხშირად იმპულსურად და ემოციურად მოქმედი ავტოკრატი დგას.

ცხადია, პუტინს სურს უკრაინის საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს, სანამ ის ხელისუფლებიდან წავა. ზელენსკის არჩევის შემდეგ კრემლში მის შეფასებას არ ჩქარობდნენ და ბევრი ფიქრობდა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნებოდა. უკრაინის პრეზიდენტი ირონიულად გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის სტატიას უკრაინაზე - შესაძლოა, ზელენსკიმ უნებურად უკვე გადაკვეთა არამხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ პუტინის პერსონალური წითელი ხაზებიც.

გაზაფხულის ესკალაციის შემდეგ, დასავლეთის და უკრაინის სამხედრო თანამშრომლობამ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. შავ ზღვაში ალიანსის აქტივობას რუსეთი უკრაინის ნატოში „უკანა კარიდან შეთრევად“ აფასებს. რუსული დეზინფორმაციული მანქანა დაუღალავად ავრცელებს ცნობებს, რომ ნატო უკრაინას შეიარაღებით ავსებს და რუსეთზე თავდასხმისთვის ამზადებს.

ამასთან, რუსეთში არ მოსწონთ უკრაინის ახალი ხელისუფლების მიდგომა მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. რუსეთი ჯიუტად მოითხოვს, უკრაინამ შეასრულოს შეთანხმება, რომელიც ქვეყანას დეცენტრალიზებულ ფედერაციად აქცევს და დაანაწევრებს. რუსეთში ფიქრობენ, რომ დასავლეთი უკრაინასთან ერთად დროის გაწელვას და მინსკის ხელშეკრულების შეცვლას ცდილობს.

კრემლში ფიქრობენ, რომ წითელ ხაზებზე გამოხატული პოზიციების და ღია განცხადებების შემდეგ, ისევ დროებითი დეესკალაცია და რუსეთის უმოქმედობა ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს დააზიანებს. ამავდროულად, რუსეთში არ სურთ დაუშვან მათ მეზობლად ანტი-რუსული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონსოლიდაცია, ეს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქმება.

პოლიტიკური კომენტატორების აზრით კრემლში პოპულარულია აზრი, რომ შექმნილ ვითარებაში უმოქმედობის ფასი ძალიან მაღალი იქნება. პუტინი თვლის, რომ აშშ-ის რუსეთთან დაძაბული, მაგრამ სტაბილურ ურთიერთობებს ესწრაფვის. ახალი ადმინისტრაციის სტრატეგია რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად „ზიანის შემცირებაზეა“ ორიენტირებული. ამ ფაქტორების გათვალისწინებით პუტინი, შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მოქმედებისთვის ხელსაყრელი მომენტია. მაინც, რა გარემოებებმა შეიძლება უბიძგოს პუტინს რადიკალური ქმედებისკენ?

 

პუტინისთვის კარგი წელი

 

 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და შიდა პოლიტიკური მღელვარების მიუხედავად 2021 წელი ვლადიმირ პუტინისთვის კარგი წელი იყო. კარგად დამკვიდრებული სიბრძნის მიუხედავად, რომ რუსეთი დაღმავალი სახელმწიფოა, მოსკოვი გარკვეულ უპირატესობებს კვლავ ინარჩუნებს.

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია კრემლში მეგობრულად არ აღიქმება. რუსეთისთვის ცნობილი იყო ჯო ბაიდენის განწყობები, რომელიც მისი წინამორბედისგან განსხვავებით ტრანს-ატლანტიკური ალიანსის და უკრაინის დიდი გულშემატკივრად მიიჩნევა. ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების ერთადერთი შანსი START-ის ახალი შეთანხმება იყო.

ბაიდენის წინასაარჩევნო რიტორიკიდან გამომდინარე ბევრი შიშობდა რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებასაც - ბაიდენი იმუქრებოდა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯენდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და და კიბერშეტევებს. საბოლოოდ, თეთრი სახლის ფოკუსში ჩინეთი მოექცა და რუსეთთან ურთიერთობებში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.

აპრილში უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის არმიის მობილიზაციას ორი ძირითადი ადრესატი ჰყავდა - კიევი და ვაშინგტონი. კიევისთვის განკუთვნილი გზავნილი მარტივი იყო - „მე შემიძლია უკრაინის დაპყრობა და აშშ და ევროპა ვერაფერს გახდებიან“.

ვაშინგტონისთვის გზავნილი კი უფრო კომპლექსურ ხასიათს ატარებდა: რუსეთი დასავლეთის თვალში კვლავ ზესახელმწიფოდ უნდა აღიქმებოდეს, რომლის მარგინალიზაციაც დაუშვებელია. საფიქრებელია, რომ პუტინმა მიზანს მიაღწია - მან მიიღო პირისპირ შეხვედრა ჯო ბაიდენთან და ამასთანავე "თანასწორი მოწინააღმდეგის" სტატუსი. გაგრძელდა ორმხრივი დიალოგი კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული შეიარაღების საკითხზე, რაც 2014 წლის მერე შეწყდა.

ახალმა ადმინისტრაციამ შეარბილა პოზიციები Nord Stream 2-ის გაზსადენის მიმართ, რითაც პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო გაზპრომის ახალ მილსადენს გერმანიაში. პროექტისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას მიესალმნენ კრემლში, თუმცა ამან კიევის იმედგაცრუება და ტრანს-ატლანტიკური ალიანსში სერიოზული უთანხმოებები გამოიწვია.

ამასობაში ვითარება პუტინის სასარგებლოდ განვითარდა რუსეთის შიგნითაც. სექტემბერში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებიც წინასწარ იყო ცნობილი კიდევ ერთხელ განამტკიცა მისი პერსონალური ძალაუფლება. გაუარესებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ძალიან პასიური და გათიშულია პოლიტიკური პროცესისგან.

გაძლიერდა რეპრესიებიც, რომლის მთავარი მიზანიც ამჯერად ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ნარჩენები, ოპოზიციური ინტერნეტ გამოცემები და უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან.

სერიოზული სირთულეები აქვს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაანონსებულ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სტრატეგიას. ევროპაში ბუნებრივ აირზე რეკორდულად გაზრდილმა ფასებმა კიდევ ერთხელ გაახსენა ევროპელ ლიდერებს, რომ რუსეთთან პოლიტიკური კონფრონტაცია შესაძლოა თავისი მოსახლეობისთვის გაზრდილი გაზის ქვითრებით დასრულდეს. ეს კი დამატებით საფრთხეს უქმნის მათ ელექტორალურ პერსპექტივებს.

გასულ კვირას გაზპრომმა მიმდინარე წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გაზზე რეკორდულად გაზრდილი ფასების პირობებში კომპანიამ თავისი არსებობის ისტორიაში არნახული მოგება მიიღო. კომპანიის ცნობით, ევროპის ბუნებრივი აირის ბაზრის 53%-ს სწორედ გაზპრომი აკონტროლებს.

რუსეთის ეკონომიკამ დამატებითი სტიმული მიიღო ნავთობზე არსებული მოულოდნელად მაღალი ფასებისგანაც. ბოლო თვეების განმავლობაში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 80 დოლარის ფარგლებშია. რუსეთის საბიუჯეტო წესის მიხედვით, ბალანსისთვის ნავთობის ფასი 42 დოლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო ზემოგება კი პირდაპირ რუსეთის სავალუტო რეზერვების ფონდში ირიცხება, რომელიც ამჟამად 620 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზრდილი შემოსავლები რეჟიმს საშუალებას აძლევს გაზარდოს სამხედრო ხარჯები და შეუფერხებლად გააგრძელოს სხვადასხვა სოციალური პროგრამა, ეს კი კიდევ უფრო ამცირებს მოსახლეობის უკმაყოფილებას და აქტიურობას. კრემლის აღქმაში აშშ-ში არსებული არნახული პოლარიზაცია სერიოზულ სისუსტეს წარმოადგენს. ეს იძლევა საშუალებას გაძლიერდეს პროპაგანდა და დეზინფორმაციის კამპანია, რომ აშშ ულმობელი დაღმასვლის ფაზაშია, რასაც ვერაფერი უშველის.

ზემოთჩამოთვლილმა ფაქტორებმა ვლადიმერ პუტინის დამატებითი თავდაჯერება შესძინა. მისი აღქმით - რუსეთში ყველაფერი წესრიგშია, განსაკუთრებით თუ მსოფლიოს სხვა წერტილებს შევხედავთ. მწვანე მომავლისთვის მებრძოლ ევროპას სულ უფრო მეტი რუსული გაზი და ნავთობი ჭირდება, აშშ-ში კი მზარდ ინფლაციაზე ღელავენ და ძირითადად ჩინეთის შეკავებაზე მუშაობენ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ არსებული განლაგება მას აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფალი და ნაკლებად ძვირიანი მოქმედების საშუალებას აძლევს.

რას უნდა ველოდოთ?

 

ანალიტიკოსების აზრით, მოვლენათა განვითარების სულ ოთხი ძირითადი სცენარი არსებობს, რომლითაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს შეცვლას შეეცდება:

 

1. "უსაფრთხოების გარანტიები" მშვიდობის ნაცვლად

 

 

ბოლო თვეების განმავლობაში პუტინი ხშირად საუბრობს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია "მტრული სამხედრო ბლოკების მიერ უკრაინის ტერიტორიის ათვისება". კრემლთან დაახლოებული ექსპერტები პუტინისთვის სასურველ, ფინეთიზაციის მოდელზე საუბრობენ, რაც უკრაინას ერთგვარ გეოპოლიტიკურ ბუფერულ ზონად გადააქცევს. რამდენიმე დღის წინ პუტინმა მოითხოვა წერილობითი გარანტიები, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. რუსეთშიც და დასავლეთშიც იციან, რომ ამგვარი გარანტიები ვერ იარსებებს.

მიმდინარე ესკალაციით პუტინი შესაძლოა უკრაინაში ნატოს სამხედრო აქტიურობის შემცირებას ცდილობდეს. სამხედრო ნაწილების გადაყვანას საზღვართან პუტინი წნევის და დაძაბულობის ხელოვნურად გასაზრდელად იყენებს. რუსეთმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების შეშფოთება. ომზე მუდმივმა მუქარებმა შესაძლოა გერმანიას, რომელსაც აშშ-სგან განსხვავებული პოზიციები აქვს უფრო რბილი პოზიციებისკენ უბიძგოს. ამ მეთოდით რუსეთი ნატოს ბანაკში არსებული უთანხმოების გამოყენებას ცდილობს.

 

2. მინსკის შეთანხმების ნაძალადევი შესრულება

 

რუსეთის კიდევ ერთი ტაქტიკური მიზანი შესაძლოა მინსკის ხელშეკრულების ძალადობრივი აღსრულება იყოს - რუსეთის პირველი პირებისთვის მინსკის შეთანხმება ბევრ პრობლემას ხსნის. ამ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია უკრაინის დეცენტრალიზებულ ფედერაციად ქცევას ისახავს, რომელშიც დონბასს ფართო ავტონომია ექნება - არსებითად ეს დანაწევრებულ და ნეიტრალური სტატუსის მქონე უკრაინას ნიშნავს.

ეს სცენარი დონბასში ე.წ. შეხების წერტილზე სამხედრო ესკალაციას და ამავე ოლქის სიღრმეში რუსი მოსახლეობის დაცვის საფარქვეშ რუსეთის არმიის შეჭრას გულისხმობს. უკრაინის სუვერენული ტერიტორიის კიდევ უფრო სერიოზულ სიღრმეში შეჭრის მუქარით, რუსეთმა მარტივად შესაძლოა შექმნას პოლიტიკური წნეხი, რომელსაც უკრაინის მთავრობა გაუძლებს.

 

3. სიცარიელის ამოვსება

 

კონფლიქტის ადრეულ ფაზებში ხშირი იყო საუბრები იმაზე, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრას შეეცდებოდა. ამ სცენარის მიხედვით, რუსეთმა შესაძლოა განიზრახოს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის მარიუპოლის დაკავება, რითაც სრულად მოჭრის უკრაინის აზოვის ზღვიდან და ყირიმს ხმელეთით დაუკავშირდება. ეს რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სარისკო განვითარება იქნება.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, უკრაინაში რუსული ოკუპაციის ზონის ასეთი გაფართოება დასავლეთის უმკაცრესს პასუხს გამოიწვევს. სექტორული ეკონომიკური სანქციები რუსული ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ, სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის თუ გარდაუვალი არა, ძალიან მაღალი ალბათობისაა.

 

4. "სრულმასშტაბიანი ომი"

 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომი მაინც რთული წარმოსადგენია, ვლადიმირ პუტინის მსგავსი ავტოკრატების შემთხვევაში რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, უკრაინული არმიის მოდერნიზაციის მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელი იქნება. მოსალოდნელია, რომ უკრაინის არმიის ახალი შეიარაღებაც არ იქნება საკმარისი არგუმენტი რუსეთის დასაოკებლად.

ზოგი სამხედრო ექსპერტის აზრით რუსეთმა შესაძლოა წამოიწყოს სრულმასშტაბიანი სწრაფი თავდასხმა, რომლის შედეგადაც უკრაინულ ძალებს დნეპრის მეორე ნაპირზე გადაიყვანს. ეს არსებითად უკრაინას ორად გაყოფს. რუსეთის კონტროლ ქვეშ მოექცევა უკრაინის მთელი მარცხენა სანაპირო, მათ შორის კიევის ისტორიული ნაწილი, რომელსაც პუტინი რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

ამავე სცენარით მოსალოდნელია, რომ რუსეთმა კიევში მარიონეტული მთავრობის ჩამოყალიბება სცადოს და ამით მისია შესრულებულად გამოაცხადოს. ეჭვგარეშეა, რომ ეს რუსეთისთვის ყველაზე მძიმე და სარისკო გადაწყვეტილება იქნება - რომ არაფერი ვთქვათ რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ადამიანებით დასახლებული ტერიტორიების კონტროლის სირთულესა და შესაძლო პარტიზანულ წინააღმდეგობაზე, რუსეთის ამგვარ გადაწყვეტილებას დასავლეთის ყველაზე მკაცრი რეაქცია მოჰყვება.

პუტინის წინაშე არსებული ვერსიები მხოლოდ ამ ოთხი სცენარით არ შემოიფარგლება. ცხადია სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში პუტინს ეს წამოწყება სხვა ვარიანტებთან შედარებით ყველაზე ძვირად დაუჯდება, თუმცა შედარებით "მოკრძალებული სცენარებიც" არ იქნება უფასო.

ამ სცენარებს კიდევ ერთი რამ აკავშირებთ - ჩამოთვლილი ოთხიდან ნებისმიერის და თითოეულის განხორციელება კიდევ უფრო გაამტკიცებს უკრაინის ეროვნულ ცნობიერებას, რომ რუსეთი მათი მთავარი მტერია. თუ 2014 წლის მსგავსად, დასავლეთი რუსეთის ეფექტიანად „შეკავებას“ ვერ შეძლებს, ამას რუსეთის სავალალო შედეგები არა მხოლოდ უკრაინისთვის მოჰყვება.

დასავლეთის უმოქმედობა კრემლის მადას გაზრდის - პუტინის შემდეგი მიზანი შესაძლოა ბელარუსთან დიდი ხნის ჩაფიქრებული ალიანსის დაგვირგვინება აღმოჩნდეს. კრემლისთვის „მახლობელ სამეზობლოში“ გავლენის ზონების შექმნისთვის მწვანე შუქი კარგს არც საქართველოს უქადის.

 

მსგავსი სიახლეები