-

დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, გარდა უზარმაზარი სოციალური და სამართლებრივი სარგებლისა, გავლენის მოხდენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც შეუძლია.

ამის ყველაზე ადრეული მაგალითი ჯერ კიდევ მე-11 საუკუნის, ნორმანდიელების დაპყრობის შემდგომი ინგლისია. ნორმანდიელების ოკუპაციამდე ინგლისში დავებს ფეოდალური და ადგილობრივი სასამართლოები წყვეტდნენ. დავები დიდხანს გრძელდებოდა და როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ზიანი მოჰქონდა. ნორმანდიელებმა ეს ინსტიტუტები სამეფო სასამართლოთი ჩაანაცვლეს, რომელიც კონფლიქტებს უფრო მალე და მარტივად განიხილავდა.

გარკვეული ხნით ძველებური და ახლებური სისტემები თანაარსებობდნენ, თუმცა ახლის უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ ინგლისელებმა ტრადიციულ ინსტიტუტს ზურგი აქციეს და დავებმა დამპყრობლის სამეფო სასამართლოში გადაინაცვლა.

რამდენადაც იმდროინდელ ინგლისში დავის მთავარი საგანი მიწის განაწილება იყო, ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ წესების ქმედითი ჩარჩოს შექმნით და დავების ეფექტიან გადაწყვეტით ისეთი სისტემის შემქნაა შესაძლებელი, რომლის გამოყენებას ადამიანები თავად არჩევენ და მათთვის სარგებელი მოაქვს.

დამოუკიდებელი სასამართლოს სარგებელი - სამი არქეტიპული შემთხვევა

ზოგადად, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის მნიშვნელობა სამ ძირითად შემთხვევაში ჩნდება. პირველი ასეთი ვითარება მოქალაქეებს შორის კონფლიქტია. იმ შემთხვევაში, როცა ორი მხარე რაიმეზე ნებაყოფლობით თანხმდება, ხოლო შემდეგ რომელიმეს აქვს განცდა, რომ მეორე მხარე შეთანხმების პირობებს პირნათლად არ ასრულებს, დავის გადაწყვეტის მიუკერძოებელი საშუალების არსებობა ფასდაუდებელია. თავის მხრივ, დავის მარტივი გადაწყვეტა მხარეებს ზედმეტი ხარჯებისგან ათავისუფლებს, რაც სხვა შემთხვევაში ძნელი ასარიდებელი იქნებოდა. შედეგად, დაბალი ტრანზაქციური დანახარჯი ადამიანებს მეტი აქტივობისკენაც უბიძგებს.

მეორე შემთხვევა, როცა დამოუკიდებელი სასამართლოს როლი საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მოქალაქესა და მთავრობას შორის დავაა. დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში ადამიანებს კანონის უზენაესობის მიმართ მეტი ნდობა აქვთ და საკუთარ თავსა თუ საკუთრებას უფრო დაცულად გრძნობენ. ნაკლებია იმის შანსი, რომ მთავრობამ ძალაუფლება მოქალაქის წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენოს და ამ შემთხვევაში, მისი საკუთრება თუ საქმიანობა პოლიტიკური ან რაიმე სხვა უსამართლო ნიშნით ხელყოს.

მესამე არქეტიპული შემთხვევა, როცა დამოუკიდებელი სასამართლო საზოგადოებრივი წესრიგის გარანტორია, მთავრობის სხვადასხვა შტოს შორის წარმოშობილი დაპირისპირებაა. ასეთ დროს დამოუკიდებელ სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელ არბიტრს, შეუძლია, რომ დაპირისპირება სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს და შედეგად, საზოგადოებას უფრო დიდი ზიანი აარიდოს.

როგორ ითარგმნება სასამართლოს თავისუფლება ეკონომიკურ ზრდაში? - ზოგადი არგუმენტი

გარდა სამართლებრივი ჩარჩოს გაჩენისა, რომელსაც დამოუკიდებელი არბიტრი უზრუნველყოფს და ზემოთ ჩამოთვლილი კონფლიქტებით გამოწვეული დიდი პოტენციური ზარალის აცილებისა, დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის რწმენა ადამიანებში მომავლის გაურკვევლობის განცდას ამცირებს.

გაურკვევლობის შეგრძნების არქონა და სტაბილურობის განცდა მოქალაქეს საშუალებას აძლევს, თავიანთი ცხოვრება და საქმიანობა გრძელვადიან მონაკვეთში გათვალონ - ჩადონ გრძელვადიანი ინვესტიციები, დაუთმონ დიდი დრო სპეციალიზებასა და განათლებას, იმ იმედით, რომ მომავალი მეტნაკლებად დაცული იქნება და მათ საშუალება ექნებათ, უფრო დიდი ინვესტიციიდან უფრო დიდი ამონაგები მიიღონ. ბუნებრივია, რომ ადამიანების ამგვარი ქცევა ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად ისახება.

ამისათვის საჭიროა, ადამიანებს სჯეროდეთ, რომ მთავრობის წარმომადგენლები კანონს დაემორჩილებიან. დამოუკიდებელი სასამართლო სწორედ ამის გარანტი უნდა იყოს. მას შეუძლია, მთავრობის მიერ გაცემული დაპირებები სანდო ვალდებულებებად აქციოს. საკუთრების უფლებებისა და მისი ჩამორთმევისგან დაცვა ეკონომიკური საქმიანობის საწინდარი ხდება.

რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო?

თავის მხრივ, სასამართლოს რომ საზოგადოების ნდობა ჰქონდეს და ზემოთჩამოთვლილ ფუნქციებს წარმატებულად ემსახუროს, საჭიროა, რომ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას წინ აღარაფერი უღდგებოდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილებები მთავრობის სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლების მოკლევადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამდენად, სასამართლო დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია, რომ მოსამართლეები ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების შედეგად მოსამართლეები სხვადასხვა ფორმით საზღაურის გადახდას არ ელოდნენ, იქნება ეს თანამდებობის დაკარგვა, ხელფასის შემცირება თუ გავლენის მორყევა.

დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობა

გერმანელმა ეკონომისტებმა ლარს ფელდმა და შტეფან ფოიგტმა 2003 წელს გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეკონომიკურ ზრდას შორის მიზეზშედოგობრივ კავშირს ზომავდა. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას, ფელდი და ფოიგტი ერთმანეთისგან სასამართლოს დამოუკიდებლობას ორ ნაწილად, დე იურე და დე ფაქტო დამოუკიდებლობად ყოფენ. სასამართლოს დე იურე  დამოუკიდებლობაში ისინი ქაღალდზე დაწერილ სამართლებრივ საფუძვლებს მოიაზრებენ, დე ფაქტო დამოუკიდებლობაში კი ფაქტობრივ დამოუკიდებლობას, ანუ რამდენად პირნათლად სრულდება სინამდვილეში ის, რაც ქაღალდზე წერია.

სასამართლოს დე იურე დამოუკიდებლობის განსაზღვრისთვის  ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კარგადაა სასამართლოს როლი დაცული კონსტიტუციაში, მეორე მხრივ კი რამდენად ადვილია კონსტიტუციის ცვლილება. ამასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დიდი გავლენა აქვს იმას, თუ როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს. ფელდის და ფოიგტის შეფასებით, რამდენად დიდია პოლიტიკოსების ან კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის ჩართულობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურაში, იმდენად მცირდება სასამართლოს დამოუკიდებლობის შანსი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი მოსამართლეთა დანიშვნის ვადებია. მიჩნეულია, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხზე დადებითი გავლენა აქვს მათ უვადო დანიშვნას. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს ნაკლებად უწევს დარდი იმაზე, რომ მისმა ქმედებებმა შეიძლება გაანაწყენოს ისინი, ვისზეც მისი ვადის გახანგრძლივებაა დამოკიდებული, რაც, შესაძლოა, თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს.

ამასთან, თუ მოსამართლეების ანაზღაურების განსაზღვრა მთავრობის ხელშია, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე ესეც უარყოფითად ისახება. ასეთ დროს მოსამართლე მეტადაა მიდრეკილი, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნაკლებად აღიზიანებდეს. სასამართლოს დე იურე დამოუკიდებლობას ასევე განსაზღვრავს სასამართლოს ფართო ხელმისაწვდომობა, საქმეების განაწილების პროცედურა და გამჭვირვალობა.

სასამართლოს დე ფაქტო დამოუკიდებლობის შესაფასებლად ფელდი და ფოიგტი პირველ რიგში იმას აკვირდებოდნენ, თუ რამხელა იყო მოსამართლის საშუალო ვადა. გარდა ამისა, ფაქტობრივი დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენი მოსამართლე ჰყავს ამა თუ იმ სასამართლოს. თეორიულად, რაც უფრო დიდია მოსამართლეთა რაოდენობა, მით უფრო დიდია იმის შანსი, რომ ისინი ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლების პრეფერენციებს არ დაჰყვნენ.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ხშირად იცვლება კონსტიტუცია და მასში განსაზღვრული სასამართლოს როლი - თუ ეს ხშირად ხდება, სასამართლოს ფაქტო დამოუკიდებლობის ხარისხი შედარებით დაბალია. ასევე გასათვალისწინებელია, თუ როგორაა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლოს დე ფაქტო დამოუკიდებლობის ხარისხი მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მეტადაა გადაწყვიტილების აღსრულება დამოკიდებული ხელისუფლების სხვა შტოებზე.

ამასთან, მკლევართა შეფასებით, სასამართლოს ფაქტობრივ დამოუკიდებლობაზე ისეთი დეტალებიც კი ახდენს გავლენას, როგორიც სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისა და თანამედროვე კომპიუტერების რაოდენობაა.

ქცევითი დამოუკიდებლობა

თუმცა რიგ შემთხვევებში სრულიად შესაძლებელია, სასამართლო აკმაყოფილებდეს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო დამოუკიდებლობის სტანდარტებს, ამისდა მიუხედავად კი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მაინც არ იყოს.

ამ ფენომენის აღსაწერად ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსის, კენეტ დამის შემოტანილი ცნება „ქცევითი დამოუკიდებლობა“ გამოგვადგება. დამი, რომელიც სხვადასხვა დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თავის წიგნში „კანონის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება“ წერს, რომ ქცევითი დამოუკიდებლობის ცნება კარგად აღწერს ისეთ შემთხვევებს, როცა მოსამართლის ქცევა განათლებით, ღირებულებებით და კონკრეტული ქვეყნის სოციალური მოწყობითაა განპირობებული და მის გასაგებად მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი სტანდარტები არ გამოგვადგება.

დამის თანახმად, მოსამართლის ქცევის დამოუკიდებლობა სწორედ მის პიროვნებაზეა დამოკიდებული - რამდენად შეუძლია კონკრეტულ მოსამართლეს, იყოს დამოუკიდებელი და არ დაყვეს პოლიტიკურ წნეხს, რამდენად გაუძლებს ცდუნებას, თავი აარიდოს კორუფციას. ამ ყველაფერს კი განაპირობებს როგორც ადამიანების აღზრდა, მორალური და კულტურული ფაქტორები, ისევე მოსამართლეების ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, განათლება და კარიერული გამოცდილება.

ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადი განვითარებადი ქვეყნები არიან, განსაკუთრებით კი ისეთები, სადაც ხელისუფლებაში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს არცთუ ისე ხშირად ენაცვლებიან. ფელდისა და ფოიგტის მსგავსად, კენეტ დამიც მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე პოტიზიური გავლენა აქვს მათ უვადო დანიშვნასა და კარგ ანაზღაურებას.

თუმცა, ანაზღაურების გარდა, ქცევას ისიც განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება დაბალი რანგის მოსამართლეების მომზადება, მართვა და დაწინაურება. თუ მოსამართლეების დაწინაურება პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, ბუნებრივია, მათი დამოუკიდებლობის ხარისხზე ეს უარყოფითად აისახება. თუ დაბალი რანგის მოსამართლეების დაწინაურებას მაღალი რანგის მოსამართლეები წყვეტენ, შედეგი სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული.

სრულიად შესაძლებელია, რომ საბოლოოდ, მოსამართლეები მთავრობასთან დაპირისპირებას კარიერული კეთილდღეობის ფასად ერიდებოდნენ. როგორც დამი წერს, „კარიერული სასამართლოს საფრთხე ისაა, რომ შეიძლება ჩამოყალიბდეს ბიუროკრატია, რომელიც რისკს გაურბის, ორიენტირებულია დაწინაურებაზე და შორსაა ქცევითი დამოუკიდებლობის გამომჟღავნებისგან“.

ამდენად, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს გამოვლენა კიდევ უფრო ჭირს. რამდენადაც როცა საქმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინტერესებს ეხება, შეიძლება, რომ დე იურე დამოუკიდებლობის, უვადო დანიშვნის, კარგი ანაზღაურებისა და მაღალი ხარისხის პროფესიული მომზადების შემთხვევაშიც, მოსამართლეების ქცევა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არ იყოს.

კავშირი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის - ემპირიული გამოცდილება

სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის არსებული კავშირი არაერთი აკადემიური კვლევით დასტურდება, რომლებიც ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობა.

აივი ლიგის უნივერსიტეტების ოთხი პროფესორის 2004 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების ყველა  ასპექტზე, იქნება ეს საკუთრების დაცვა, რეგულაციების ხარისხი თუ მთავრობის როლი ეკონომიკაში. თავის მხრივ, ამ კრიტერიუმების სათანადო დაკმაყოფილება ეკონომიკური განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

თუმცა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ ზრდაზე ჩატარებული კვლევებიდან ყველაზე ვრცელი ისევ ლარს ფელდისა და შტეფან ფოიგტის 2003 წლის კვლევაა, სადაც გაანალიზებულია 57 ქვეყნის ეკონომიკური და სასამართლოს დამოუკიდებლობის მონაცემები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

როგორც სტატისტიკური მონაცემების ანალიზიდან ჩანს, სასამართლოს დე იურე დამოუკიდებლობის გავლენა ეკონომიკურ გავლენაზე მინიმალურია. გერმანელი ეკონომისტების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე სასამართლოს დე იურე დამოუკიდებლობას ჯამურად მაინც დადებითი ეფექტი აქვს, თუმცა ეს ეფექტი ნულს მცირედით აღემატება.

განსხვავებულია შედეგი სასამართლოს დე ფაქტო დამოუკიდებლობის შემთხვევაში. ფელდის და ფოიგტის კვლევის მიხედვით, დე ფაქტო დამოუკიდებლობას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე თვალშისაცემი შედეგი აქვს და დე იურე დამოუკიდებლობის ეფექტს მნიშვნელოვნად აღემატება.

ლარს ფელდისა და შტეფან ფოიგტის მიერ ერთი წლის შემდეგ ჩატარებული კვლევით, სადაც უკვე 80 ქვეყნის მონაცემებია განხილული, დგინდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მინიმალური დამოუკიდებლობის მაქსიმალური დამოუკიდებლობით შეცვლა სულ მოსახლეზე რეალურ მთლიან შიდა პროდუქტს 33-დან 47-მდე წელიწადში გააორმაგებს.

ჩიკაგოსა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორების, კრიშნა კუმარის, რაგურამ რაჯანისა და ლუიჯი ზინგალესის 1999 წლის კვლევაში „რა განსაზღვრავს კომპანიების ზომას“ დგინდება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო თავის ფუქნციას კარგად ასრულებს, კომპანიების ზომაც უფრო დიდია.

2000 წელს სტენფორდის და სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორებმა, ჯონ მაკმილანმა და კრისტოფერ ვუდრაფმა გამოიკვლიეს, თუ რა გავლენა ჰქონდა სასამართლოს განვითარებას ეკონომიკაზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. კვლევის მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო ცუდად მუშაობდა, ადამიანები და კომპანიები „ურთიერთობების ბიზნესს“ მისდევდნენ, ანუ იმ პირობებში, როცა სამართლიანი არბიტრი არ ეგულებოდათ, საქმეს მხოლოდ იმათთან იჭერდნენ, ვისაც პირადად იცნობდნენ და ენდობოდნენ. ამის გამო, ისინი ბევრ ისეთ შეთანხმებაზე ამბობდნენ უარს, რაც პოტენციურად გაცილებით დიდი სარგებლის მომტანი იქნებოდა.

სასამართლოს ხარისხიანი საქმიანობა განსხვავებულ შედეგებს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის, არამედ ქვეყნებს შიდა რეგიონებს შორისაც იძლევა. მაგალითისთვის, არგენტინასა და ბრაზილიაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ იმ რეგიონების კომპანიებს, სადაც სასამართლო უკეთ მუშაობს, ბანკები სესხს უკეთესი პირობებით აძლევენ. მექსიკაში კი დიდი და მაღალშემოსავლიანი ფირმების უმეტესობა სწორედ იმ შტატებშია, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი შედარებით მაღალია. სხვა განვითარებად ქვეყნებში ჩატარებული კვლევებში ისიც ჩანს, რომ უფრო დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში კომპანიებს მეტი ინვესტიციების გაკეთება ენდომებოდათ.

რეკომენდაციები დამოუკიდებელი სასამართლოსა და ეკონომიკური განვითარების ნიადაგისთვის

ფელდისა და ფოიგტის კვლევაში საუბარია იმაზეც, თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის რომელ კრიტერიუმებს აქვს ყველაზე მეტი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე.

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, ეკონომიკურ ზრდაზე ყველაზე დიდი ეფექტი დე ფაქტო დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს აქვთ, როგორიცაა მოსამართლეთა მსახურების საშუალო ვადა, მათი რაოდენობის იშვიათი ცვლილება და შემოსავლის სტაბილურობა. ამდენად, კვლევის ავტორები დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლად ორ ფაქტორს მიიჩნევენ: სასამართლოსთან მიმართებით მთავრობის სხვა შტოების გავლენის შემცირებასა და მოსამართლეებისთვის კარგი ანაზღაურების დანიშვნას.

თუმცა როგორც გამოცდილება აჩვენებს, შესაძლოა, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც არ იყოს საკმარისი, რაც, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარებისთვისაც შემაფერხებელი იქნება. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, სამართლებრივ საფუძვლებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, უშუალოდ მოსამართლეების პირადი ნება, მდგრადობა და პროფესიული სინდისია აუცილებელი.

 

მსგავსი სიახლეები