-

ბოლო დღეებში დონეცკის რაიონში ЗСУ-ს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტზე მოქმედი უკრაინული დანაყოფების მდგომარეობა არსებითად გაუარესდა - საუბარია ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენზე, განსაკუთრებით კი სოლედარზე. 

ოკუპანტების დანაყოფებმა, რომლებიც ძირითადად ვაგნერის "ბოევიკებისგან" არის დაკომპლექტებული, შეძლეს უკრაინის არმიის თავდაცვის ხაზი გადაწევა სოლედარში.

ამგვარად, უკვე ბახმუტიც და სოლედარიც ნახევარალყაში მოექცა. 

იმის შესახებ, რომ ბახმუტზე წარუმატებელი შტურმის შემდეგ ოკუპანტები სოლედარის მიმართულებით გადაჯგუფდნენ, Wall Street Journal 4 იანვარს წერდა. ოკუპანტების შეტევები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა მომდევნო დღეებში.

უკვე 8 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანნა მალიარი, ქალაქის ფარგლებში მძიმე ბრძოლებისა და რუსების განახლებული შტურმის შესახებ იტყობინებოდა

თავის მხრივ, სოლედარში მოქმედი უკრაინული შენაერთებისთვის მთავარი პრობლემა არა იმდენად შტურმის მცდელობა, არამედ ალყაში მოქცევის საფრთხეა. ოკუპანტების პირდაპირი შტურმის მოსაგერიებლად სოლედარში გამაგრებულ უკრაინულ დანაყოფებს რესურსი ეყოფათ, მაგრამ თუ რუსებმა ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლების - პოდგოროდნოესა და კრასნაია ჰორას დაკავება შეძლეს, უკრაინელები ბახმუტისკენ უკან დასახევ გზას კარგავენ. საფრთხის ქვეშ დგება სოლედარისა და სივერსკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც ამ დროისთვის მათი მომარაგების ძირითადი ხაზია. 

სწორედ ამ საშიშროებაზე მიუთითებს უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტი იური ბუტუსოვი, რომელიც მოვლენებს ადგილიდან აშუქებს. ბუტუსოვის თქმით, ქალაქში რთული ვითარებაა და საჭიროა ისეთი მოქმედებები, რომელიც ამ ვითარებას გამოასწორებს. 

დონეცკის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო დღეებში გააქტიურებული საომარი მოქმედებების გამო, ქალაქი პრაქტიკულად სრულად განადგურდა. პაველ კირილენკოს თქმით, ხელმძღვანელობამ მიიღო ყველა საჭირო ზომა - სამხედრო ნაწილების გადაჯგუფებიდან და ადგილზე დამატებითი ძალების გადასროლით. 

კომენტატორთა ყურადღება მიიქცია პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებმაც. უკრაინის პრეზიდენტმა 9 იანვრის მიმართვაში განაცხადა, რომ "სამხედროებმა სოლედარში დამატებითი დროის და ძალების მოგება შეძლეს". ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველი სავსეა ოკუპანტების გვამებით, ხოლო ქალაქში პრაქტიკულად აღარ დარჩა მთელი კედელი. 

ბევრს ზელენსკის განცხადებამ ომის პირველი ფაზა გაახსენა, როდესაც უკრაინის ლიდერების მსგავსი განცხადებები ქალაქის თითქმის სრული გადანდგურების შესახებ, როგორც წესი, ამ ქალაქებიდან ორგანიზებული უკან დახევის გადაწყვეტილებას მოასწავებდა. 

რით არის მნიშვნელოვანი სოლედარი?

2022 წლის 24 თებერვლის მონაცემებით, სოლედარში 10 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სოლედარში მდებარეობს სახელმწიფო საწარმო Артемсоль, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საკვები მარილის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. ქარხანამ მუშაობა ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა, რამაც ქვეყანაში საკვები მარილის დეფიციტი გამოიწვია. 

ზოგი ექსპერტი სოლედარს ბახმუტის გასაღებსაც უწოდებს, თუმცა გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ზედაპირული შეფასებაა. სოლედარის დაკარგვა უკრაინისთვის ბახმუტის თავდაცვის მარცხენა ფლანგის დასუსტებას ნიშნავს. ამავდროულად, ეს მისცემს რუსებს საშუალებას, ბახმუტზე შეტევა ჩრდილოეთიდანაც განავითარონ, რაც მათი წარმატების შანსებს არსებითად გაზრდის. 

მიუხედავად ამისა, სოლედარის დაკავება ბახმუტში გარანტირებულ წარმატებას ნამდვილად არ ნიშნავს. ბახმუტში გამაგრებულ უკრაინულ ნაწილებს კვლავ შეეძლებათ, მინიმუმ ორი საავტომობილო გზით მიიღონ მომარაგება. ამასთანავე, ჩრდილოეთიდან ურბანული მასივის შტურმი სხვა ნებისმიერ მიმართულებაზე მარტივი არაფრით იქნება.

სოლედარიც და ბახმუტიც კრემლისთვის, პირველ რიგში,  რეპუტაციული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. 2022 წლის ივლისამდე რუსეთის არმია ერთი მეორეს მიყოლებით იკავებდა უკრაინულ ქალაქებს. აგვისტოდან მოყოლებული კი დაკავებულ ქალაქებს ერთი მეორეს მიყოლებით კარგავდა. დამამცირებელი სამხედრო მარცხების შემდეგ, კრემლს წარმატების დემონსტრირება სჭირდება.

სამხედრო-ანალიტიკური ცენტრ Rochan Consulting-ის უფროსი მკვლევარის, კონრად მუზიკას თქმით, სოლედართან რუსეთის არმიის მიერ მიღწეული წარმატების მიზეზი ერთადერთია - "უთვალავი შტურმის მცდელობა, რომლის ფარგლებშიც არავინ ფიქრობს დანაკარგებზე."

Rochan Consulting-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ სოლედარის მიმართულებით ოკუპანტები უმთავრესად ქვეითებისა და არტილერიის გამოყენებით უტევს, ხოლო ჯავშანტექნიკა საბრძოლო მოქმედებებში მინიმალურად მონაწილეობს. 

რა საფრთხეს ქმნის ЗСУ-სთვის სოლედარის შესაძლო დაკარგვა

კონრად მუზიკას თქმით, სოლედარის დაცემის შემთხვევაში, ბახმუტზე ოკუპანტების შეტევების ინტენსივობა აუცილებლად გაიზრდება. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსები ბახმუტთან მიახლოებას სამხრეთის მიმართულებიდანაც ცდილობენ. 

უკრაინელი სამხედრო მიმომხილველის, კონსტანტინ მაშოვეცის თქმით, ბახმუტის მიმართულებით სულ მოწინააღმდეგის 32-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოქმედებს. პირადი შემადგენლობის კომპლექტაციაში, საბრძოლო მოქმედებების ხარისხში თვალსაჩინო პრობლემებისა და მძიმე დანაკარგების მიუხედავად, მაშოვეცის თქმით, რუსები კვლავ აგრძელებენ გაუმართლებელ შეტევებს. 

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ვაგნერელების ტაქტიკური დაწინაურების მიზანი თავიდან ბახმუტის ალყაში მოქცევა, შემდეგ კი დაკავებაა. 

ბრიტანელები მიუთითებენ, რომ ამ რაიონში ბრძოლები ხშირად მარილის ძველი მაღაროების მახლობლად მიმდინარეობს, რომლებიც არსებითად ურბანული დასახლებების ქვეშ გადის. ამ გვირაბების გამოყენება მტრის ზურგში გასვლის მიზნით შესაძლოა, ორივე მხარემ სცადოს. 

ბრიტანული დაზვერვის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსეთი ბახმუტის ალყაში მალე მოქცევას ვერ შეძლებს, რადგანაც უკრაინელები ინარჩუნებენ სტაბილურ და ღრმა თავდაცვას და აკონტროლებენ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გზებს. 

ბახმუტი - ოკუპანტების გამოფიტვის ახალი წერტილი?

10 იანვარს New York Times-მა ბახმუტში მიმდინარე ბრძოლების შესახებ ვრცელი ანალიტიკური მასალა გამოაქვეყნა. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ ზელენსკის განსხვავებულ აქცენტირებაზე ბახმუტთან დაკავშირებით - თუ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის შემთხვევაში მისი რიტორიკა უფრო რბილი იყო, ბახმუტი უკრაინული წინააღმდეგობის ახალ სიმბოლოდ გადაიქცა. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია და საუკეთესო შემთხვევაში, მისი დაკავება რუსეთისთვის ტაქტიკური დაწინაურება იქნება, რომელიც ფრონტის ხაზის გარღვევით ვერ დასრულდება. 

სტრატეგიული ღირებულების არქონის მიუხედავად, ბახმუტს ორივე მხარისთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ბახმუტი მიმდინარე ომის ყველაზე ხანგრძლივ ცალკეულ ბრძოლად გადაიქცა.

New York Times-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების თქმით, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში ЗСУ-ს ხელმძღვანელობამ სწორი ტაქტიკა აირჩია. ამ ორი ქალაქისთვის ბრძოლაში რუსეთის არმია გამოიფიტა, განიცადა უმძიმესი დანაკარგები ცოცხალ ძალაში და გახარჯა საარტილერიო ჭურვების უდიდესი მარაგი. 

საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამის დირექტორის, მაიკლ კოფმანისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) რობ ლის მტკიცებით, სწორედ რუსეთის არმიის გამოფიტვა გახდა შემობრუნების წერტილი დონბასის კამპანიისას. მათი აზრით, სწორედ ამან შექმნა წინაპირობა წარმატებული უკრაინული კონტრიერიშისთვის ჯერ ხარკივში,  მოგვიანებით კი - ხერსონშიც. 

ამის შესახებ ლი და კოფმანი თავიანთ ერთობლივ სტატიაში წერენ

ახლა მთავარი შეკითხვაა, გაიმეორებს თუ არა რუსეთი იგივე შეცდომას და შეძლებს თუ არა უკრაინა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ძალების კიდევ ერთხელ გამოფიტვას. იგივე კითხვა შეიძლება საპირისპირო მიმართულებითაც დავსვათ. 

ბევრი დასავლელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებზე ჩაერთო. მათი აზრით, ბახმუტისთვის ტაქტიკური მნიშნველობის ბრძოლებში უკრაინა კარგავს რეზერვებს, რომელიც გაზაფხულზე დაგეგმილი უფრო მნიშვნელოვანი იერიშისთვის დაჭირდება. 

არაერთი სამხედრო ექსპერტის აზრით, უკრაინის არმიისთვის უფრო გონივრული იქნება, თუ მოწესრიგებული უკან დახევით ბახმუტის დასავლეთით დაიკავებს ახალ თავდაცვით სიმაღლეებს. ამგვარი უკან დახევის ორგანიზებულა მოწესრიგებულად და შედარებით მცირე დანაკარგებით ჯერ კიდევ შესაძლებელია. 

"ეს ჩემი აზრი არ არის, ეს მეფე ლეონიდასი იყო, რომელიც მიხვდა, რომ მტერს შენთვის ხელსაყრელ პირობებსა და გარემოში უნდა ეომო",- ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში ერთ-ერთი უკრაინელი მეთაური, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. 

საუბარია ანტიკური სპარტის მეფეზე, რომელმაც სპარსეთის არმიასთან საბრძოლველად მცირერიცხოვანი სპარტანელებისთვის ხელსაყრელი თერმოპილეს ვიწრო ხეობა შეარჩია. 

ამავე უკრაინელი მეთაურის თქმით, დანაკარგების თანაფარდობა ამ დროისთვის რუსებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე უკრაინელებისთვის - "თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შეიძლება გამოვიფიტოთ".

 

მსგავსი სიახლეები