1999 წლის დეკემბრის მიწურულს კონსტანტინ ერნსტი ბორის ელცინის საახალწლო მიმართვის ჩასაწერად ემზადებოდა. რამდენიმე თვით ადრე ერნსტი რუსეთის პირველი არხის დირექტორად დაინიშნა - პოსტზე, რომელსაც დღესაც იკავებს.
ლიდერების სატელევიზიო მიმართვების ტრადიცია რუსეთში 1970-იან წლებში, ლეონიდ ბრეჟნევის გენერალური მდივნობის პერიოდში დაიწყო. ტრადიცია 'პერესტროიკის' წლებში გააგრძელა მიხაილ გორბაჩოვმაც. უკვე პოსტ-საბჭოთა ეპოქაში ბორის ელცინის საახალწლო მიმართვები მთელ ქვეყანაში სადღესასწაულო ღამის უცვლელი ატრიბუტი გახდა.
1999 წელი მძიმედ დაავადებული და მოხუცებული ელცინის მეორე ვადის ბოლო წელი იყო. კარიერა, რომელიც დემოკრატიის მამაცი დამცველისა და რეფორმატორის ამპლუაში დაიწყო, დეკადის მიწურულს დამარცხებული და ხელმოცარული მოხუცის გამოსახულებით სრულდებოდა. ელცინის მთავარი საზრუნავი 'სწორი' შემცვლელის პოვნა იყო - ღირსეული მემკვიდრის, რომელიც ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას მისცემდა.
საახალწლო მიმართვის ჩასაწერად პირველი არხის გადამღები ჯგუფი კრემლში 29 დეკემბერს მივიდა. მალევე ელცინის კაბინეტში საახალწლო ნაძვის ხის ფონზე მიმართვის ჩაწერა დაიწყო. ჩაწერის დასრულებიდან მალევე, ელცინი ერნსტთან მივიდა და უთხრა, რომ უკმაყოფილო იყო მისი ხმის ტემბრით და სთხოვა მომდევნო დღეებში მიმართვა ხელახლა ჩაეწერათ.
31 დეკემბრის დილით, კრემლში დაბრუნებულ ერნსტს, ელცინის ახალი მიმართვის ტექსტის ასლი გადასცეს. პირველი არხის დირექტორი გაოცებას ვერ მალავდა - ელცინი თანამდებობას ვადის ამოწურვამდე ტოვებდა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი ახალგაზრდა პრემიერმინისტრი, ვლადიმირ პუტინი ინიშნებოდა. ამ მომენტამდე 2 თვით ადრე პუტინის საზოგადოებრივი ცნობადობა სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში მერყეობდა.
რამდენიმე საათში ერნსტის გადამღებმა ჯგუფმა უკვე ვლადიმირ პუტინის საახალწლო სიტყვა ჩაწერა - "ძვირფასო თანამემამულეებო (соотечественники), გარწმუნებთ არც ერთი წუთით არ დავუშვებ ძალაუფლების ვაკუუმს." - მიმართავდა პუტინი მოსახლეობას.
კონსტანტინ ერნსტს აღმოაჩნდა ნიჭი შეერჩია 'სწორი' ვიზუალური სტილი პუტინის რუსეთისთვის - მთლიანი რეჟიმისთვის. ერნსტი რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის საკვანძო ფიგურა და ვლადიმირ პუტინის საყვარელი რეჟისორია.
გიყვებით რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორის, კონსტანტინ ერნსტის ისტორიას.
პირველი ნაბიჯები
მომავალი პროპაგანდისტი გარუსებული გერმანელების ოჯახში დაიბადა - მისი ბაბუა, ლეო ერნსტი რუსეთში მოსკოვი-ნიჟნი ნოვგოროდის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე სამუშაოდ ჩავიდა. მალევე ლეო ერნსტმა ადგილობრივ ქალზე იქორწინა და რუსეთში საცხოვრებლად დარჩა. ერნსტის ყველა წინაპარი იმავე რკინიგზაზე მუშაობდა.
გამონაკლისი გახდა კონსტანტინ ერნსტის მამა - ლევ ერნსტმა უარი თქვა ოჯახურ ტრადიციაზე და თავისი ბავშვობის გატაცებას მიჰყო ხელი. ლევ ერნსტი რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გამოჩენილი ბიოლოგი და საბჭოთა გენური ინჟინერიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა.
ერნსტი მოსკოვში დაიბადა, თუმცა მთელი ბავშვობა მამის სამსახურის გამო ლენინგრადში გაატარა, აქვე დაამთავრა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა. კონსტანტინ ერნსტი კარგი მოსწავლე იყო განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, თუმცა მისი ნამდვილი გატაცება კინო იყო. მოზარდისთვის კინო ნამდვილ ობსესიაში გადაიზარდა, რეჟისორობა მისი სანუკვარი ოცნება გახდა.
კინოს სიყვარულის მიუხედავად, ბიოლოგ მამას ახალი ოჯახური დინასტიის დაფუძნება სურდა და სკოლის შემდეგ, კონსტანტინ ერნსტმაც სწავლა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. სკოლის მსგავსად ერნსტი უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო და უკვე 26 წლის ასაკში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც დაიცვა.
კემბრიჯის უნივერსიტეტმა მომავალ პროპაგანდისტს 2-წლიანი პრესტიჟული სტაჟირება შესთავაზა, თუმცა ერნსტმა ბიოლოგიის მიმართ ინტერესი დაკარგა და რეჟისორობა გადაწყვიტა.
კონსტანტინ ერნსტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის წინადადებაზე უარი თქვა და ახალი კარიერა დაიწყო.
პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა - ერნსტი როლან ბიკოვის საბავშვო კინოს სახელოსნოში მოხვედრას შეეცადა, თუმცა გამარჯვებულ ხუთეულში ვერ მოხვდა. ერნსტმა დახმარებისთვის ხელოვან მეგობრებს მიმართა, მის სოციალური წრეში კი უმეტესად შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ.
«Взгляд»
მალევე ერსნტი მეგობრებმა შემოქმედებით გაერთიანება Видеофильм-თან დააკავშირეს, სადაც მას ლენინგრადულ როკ-ჯგუფ Алиса-ს სიმღერაზე კლიპის გადაღება დაავალეს. რეჟისორობის პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და მალევე ერნსტი ჯგუფ Аквариум-ისა და ბრიტანული პოპ-ბენდის, Eurythimics-ის კონცერტის ისტორიაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას შეუდგა.
ერნსტს დოკუმენტური კინოს ნიჭიც აღმოაჩნდა - მოგვიანებით საბჭოთა კინოაკადემიამ ფილმი მონტროს კინო-ფესტივალზეც გაგზავნა.
ახალბედა რეჟისორისთვის საბედისწირო აღმოჩნდა შეხვედრა ევგენი დოდელევთან - პერესტროიკულ საბჭოთა კავშირში არანორმალურად პოპულარული ტელე-პროგრამა Взгляд-ის ერთ-ერთი წამყვანთან. დოდელევმა ერნსტი მოსკოვის ბოჰემურ წრეებში შეიყვანა.
ის მალევე დაუახლოვდა Взгляд-ის შემოქმედებით ჯგუფს, მათ შორის მათ ლიდერს ვლად ლისტიევს, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი იყო. ძველი მეგობრები იხსენებენ, რომ 1990 წელს, მამის დახმარებით ერნსტმა მეგობრებს იალტის ყველაზე პრესტიჟული სანატორიუმის საგზურები აჩუქა.
იგივე მეგობრები ამბობენ, რომ საგზურების გარდა ერნსტმა Взгляд-ისთვის ძალიან დეფიციტური და ძვირადღირებული ვიდეო კამერებიც იშოვა.
მალევე შედგა სატელევიზიო დებიუტიც - ერნსტს მიჰყავდა რუბრიკა სახელწოდებით სახეები და სიმბოლოები (Образы и символы). ციკლის ფარგლებში ერნსტი აკეთებდა ინტერვიუებს 1980-იანი წლების სექს-სიმბოლოსთან, ნატალია ნეგოდასთან, ცნობილი წერილის ავტორ ნინა ანდრეევასთან, მოხულიგნო ალექსანდრ ნევზოროვთან და სხვა კონტრავერსიულ პერსონებთან.
ერნსტის იდეამ ამჯერადაც გაამართლა და რამდენიმე თვეში Взгляд-ის ერთ-ერთი რეჟისორიც გახდა.
ერნსტს გაუმართლა - ის ტელევიზიაში მივიდა მაშინ, როდესაც მთავრდებოდა ძველი და იწყებოდა ახალი ეპოქა, მთავრდებოდა საბჭოთა ხელისუფლება და მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ცენტრალური ტელევიზია რევოლუციურ ცვლილებებს განიცდიდა. ამ რევოლუციური ცვლილებების ყველაზე დიდი სიმბოლო კი სწორედ პროგრამა Взгляд-ი იყო, რომლის რიგით თანამშრომლობიდან დაიწყო კონსტანტინ ერნსტის სატელევიზიო კარიერა.
მატადორი
უკვე 1991 წლისთვის Взгляд-ის გუნდში დაშლის პროცესი დაიწყო, ყველა მათგანი საკუთარ მედია პროექტზე გადაერთო. ერნსტმა არხის ხელმძღვანელობა დაარწმუნა გაეკეთებინათ გადაცემა ხელოვნების შესახებ. ასე გამოჩნდა რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის ეთერში გადაცემა «Матадор» - ერნსტის თქმით, მას სიტყვის ჟღერადობა მოსწონდა.
გადაცემის ფარგლებში ერნსტი წამყვანის, პროდიუსერისა და რეჟისორის ფუნქციებს ითავსებდა, ატარებდა ექსპერიმენტებს - ხანდახან გამოშვების გმირადაც გარდაისახებოდა. ხელგაშლილი სპონსორების წყალობით ერნსტი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. Матадор-ის გამოშვებების თემები ყოფილა: პარიზის მოდის კვირეული, ვენეციის კინო-ფესტივალი, ფილმ 'აპოკალიფსი დღეს' (Apocalypse now) გადაღების ისტორია, ვიმ ვენდერსისა და რაინერ ვერნერ ფასბინდერის შემოქმედება.
Матадор-ის პარალელურად კონსტანტინ ერნსტი პირველ ნაბიჯებს დგამდა პროდიუსერობაშიც - ცნობილ ჟურნალისტ, ლეონიდ პარფიონოვთან ერთად მათ საპროდიუსერო სტუდია «Мастер ТВ» დააფუძნეს.
სტუდიის პროგრამებს არ ჰქონიათ ესთეტიკის და სტილის ისტორიის ღრმა ანალიზის ამბიცია და ძირითადად სხვადასხვა საგნებისა და სიმბოლოების ევოლუციაზე მოგვითხრობდა. წარმატების მიუხედავად ერნსტი ტელევიზიას მაინც გარდამავალ ეტაპად აღიქვამდა, რადგან მისთვის ეს იყო ტრამპლინი კინოში შესასვლელად.
«ОРТ»
1990-იან წლებში რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის სტუდია 'ოსტანკინო' ტელემწარმოებლებს ფულს არ უხდიდა და მათთან ანგარიშსწორება სარეკლამო დროით ხდებოდა. ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე უკვე არსებობდა რამდენიმე შედარებით მსხვილი ტელემწარმოებელი, რომლებმაც 1994 წელს რუსეთის პროფესიული ასოციაცია დააფუძნეს. ამ ასოციაციაში შედიოდა ერნსტის სტუდიაც.
მალევე ფედერაცია რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Общественное российское телевидение) შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, ირენა ლესნევსკაიამ პროექტის დაფინანსების თხოვნით «Альфа-банк»-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიოტრ ავენს მიმართა. ტელევიზია იმ დროის რუსეთში ჯერ კიდევ არ იყო მომგებიანი ბიზნესი და ავენმა მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა ლესნევსკაიას იდეის შესახებ მის მეგობარს, ბორის ბერეზოვსკის მოუყვა.
ბერეზოვსკის იდეა მოეწონა, თუმცა ტელევიზიის დასაფინანსებლად საკმარისი თანხები არ ჰქონდა, ამიტომაც სქემაში სხვა ოლიგარქები ჩართო, მათ შორის მისი მთავარი პარტნიორი რომან აბრამოვიჩი გახდა. ფინანსების გამოჩენის შემდეგ ახალი იდეის საქმე სწრაფად წავიდა წინ, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო მთლიანად კერძო ტელევიზია.
პროექტის იდეის ავტორების გეგმით ახალი ტელევიზიის 51% ანუ საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს რჩებოდა, ხოლო 49% კერძო მოთამაშეებზე ნაწილდებოდა. სქემაში მონაწილეობდა რამდენიმე მსხვილი კერძო და სახელმწიფო ბანკი, სხვადასხვა ფონდები და პროფესიული გაერთიანებები.
უკვე 1994 წლის 29 ნოემბერს პრეზიდენტ ელცინის განკარგულებით დაფუძნდა რუსეთის საზაგოდოებრივი მაუწყებელი - ОРТ.
მალევე პროექტში ჩართულმა კერძო ბანკებმა ტელევიზიის მიმართ ინტერესი დაკარგეს - კერძო ბიზნესმენები ტელევიზიიდან სწრაფი მოგების მიღების საშუალებას ვერ ხედავდნენ, ხოლო პოლიტიკური მიზნებით ტელევიზიის კეთება მათთვის საინტერესო არ იყო.
ტელევიზიის პოლიტიკურ პოტენციალს ყველაზე კარგად ბორის ბერეზოვსკი ხედავდა, დიდწილად სწორედ მისი ენთუზიაზმის დამსახურებაა ტელეკომპანია ОРТ-ს გამოჩენა.
Взгляд-ის ერთ-ერთი წამყვანი ევგენი დოდელევი თავის წიგნში რუსეთის მედია სივრცეში შექმნილ ვითარებას შემდეგნაირად აღწერს - "ბერეზოვსკი და მისი მეგობრები ხვდებოდნენ, რომ დუმის მომდევნო არჩევნებზე კომუნისტები რევანშის აღებას შეეცდებოდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ ტელევიზია პოლიტიკური ბრძოლის მძლავრი ინსტრუმენტია".
მართლაც, რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ არ იყო იმდენად მძლავრი, რომ ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი ჰყოფნოდათ, აქედან გამომდინარე ტელევიზია წმინდად პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
ეს დადასტურდა 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც НТВ და ОРТ კომუნისტი გენადი ზიუგანოვის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და პრაქტიკულად ღიად ჩაერთნენ ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიაში.
ОРТ-ს აქციონერთა პირველმა კრებამ გენერალურ დირექტორად ვლად ლისტიევი დანიშნა. ლისტიევის პირველი გადაწყვეტილება ახალ სარეკლამო კონტრაქტებზე მორატორიუმის დაწესება იყო. მორატორიუმი, რომელმაც უმსხვილესი აქციონერების განაწყენება გამოიწვია, 1995 წლის პირველ აპრილს უნდა ამოქმედებულიყო.
პირველ მარტს ლისტიევი საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. 'ქილერის' და დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.
ლისტიევის დაკრძალვიდან მალევე ბორის ბერეზოვსკიმ გენერალური დირექტორის პოსტი კონსტანტინ ერნსტს შესთავაზა. ერნსტმა ბერეზოვსკის წინადადებაზე უარი თქვა, რადგანაც ტელევიზიაში დიდი ხნით დარჩენას არ აპირებდა და კინოში გადასვლას გეგმავდა.
2006 წლის ინტერვიუში ერნსტი ამბობს, რომ ლისტიევის მკვლელობის მომენტში ის უკვე წერდა არხის ტრანსფორმაციის გეგმას. ერნსტის თქმით, ლისტიევს სურდა თვითონ ადმინისტრატორი ყოფილიყო, ხოლო იდეოლოგიური ნაწილის მმართველი კი ერნსტი უნდა გამხდარიყო - "მას (ლისტიევს] მიაჩნდა, რომ მე არხის მომავალს უფრო ზუსტად ვხედავდი".
პირველი უარის მიუხედავად ბერეზოვკსკიმ რამდენიმე თვის შემდეგ ერნსტს კვლავ შესთავაზა ხელმძღვანელის პოსტი, რაზეც ამჯერად თანხმობა მიიღო. უფრო ზუსტად, ერნსტმა კვლავ უარი თქვა გენერალურ დირექტორობაზე და გენერალურ პროდიუსერობას დასთანხმდა. დანიშვნიდან 6 თვის შემდეგ ერნსტმა ОРТ-ს გენერალური პროდიუსერის რანგში პირველი ინტერვიუ გაზეთ коммерсантъ-ს მისცა.
ინტერვიუში ის ამაყობდა, რომ მოკლე დროში ურეიტინგო გადაცემების დახურვა, კინოჩვენების ხარისხის გაზრდა და არხის იმიჯის რეფორმირება შეძლო. ერნსტის ინიციატივით არხზე გამოჩნდნენ ახალი სახეები, რომლებიც ამ არხის სიმბოლოები გახდნენ, მან ფუნდამენტურად შეიცვალა ატმოსფერო და ინფორმაციის მიწოდების ფორმა.
"ჩემი მთავარი საქმე საეთერო ბადეა, მე დაკავებული ვარ ყველაფრით პოლიტიკის და ფინანსების გარდა. პოლიტიკის საკითხებს სერგეი ბლაგავოლინი მართავს, ხოლო ფინანსებს ბადრი პატარკაციშვილი. მე ამით ძალიან კმაყოფილი ვარ", - ამბობდა ერნსტი.
მთავარი პროდიუსერის რანგში ყოფნისას არხს ერთიანი სტილი და კონცეფცია გაუჩნდა - განახლებულ ბადეში გამოჩნდა გადაცემები და პროექტები, რომლებიც ხალხს საკუთარი ისტორიით სიამაყისკენ უბიძგებდა. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული პროექტი საახალწლო კონცერტ-პროგრამა იყო სახელწოდებით "ძველი სიმღერები მთავარის შესახებ" (старые песни о главном).
პროექტის იდეა ერნსტის მეგობარს, ლეონიდ პარფიონოვს ეკუთვნოდა, რომელიც იმ დროს უკვე დამოუკიდებელი НТВ-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე იყო, თუმცა პროექტი სწორედ ОРТ-მ განახორციელა. ეს წარმოადგენდა კოსტიუმირებულ შოუს, რომელშიც ძველ საბჭოთა ჰიტებს ახალი თაობის ვარსკვლავების ასრულებდნენ. ეს პოსტ-საბჭოთა რუსეთში საბჭოთა ნოსტალგიის პირველი სატელევიზიო გამოხატულება იყო.
"მნიშვნელოვანი იყო ადამიანებს სცოდნოდათ, რომ მათ წარსულში ყველაფერი ცუდი არ ყოფილა", - ამბობს ერნსტი.
ერნსტმა თავისი კოსმოპოლიტური და გამჭრიახი ხედვა ძალიან მოხერხებულად შეუხამა სახელმწიფოს მსახურებას. მან შეინარჩუნა შემოქმედებით ხულიგნობის განცდა და გაიაზრა თუ რა ტიპის ინსტრუმენტს აკონტროლებდა.
"კოსტიას სურდა ყოფილიყო არტისტიც და კრეატიული დირექტორიც, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შეუძლებელია იყო კრეატიული დირექტორი და ამა თუ იმ ფორმით არ ემსახურებოდე ხელისუფლებას", - ამბობს ლეონიდ პარფიონოვი.
გენერალური დირექტორი
მთავარი პროდიუსერის რანგში ერნსტი არხის ყველაზე გავლენიანი მენეჯერი იყო - ის ბერეზოვსკისთან ერთად სრულად აკონტროლებდა საეთერო ბადეს. სწორედ ამიტომ, 1999 წლის ოქტომბერში, როდესაც არხის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის დრო მოვიდა კონსტანტინ ერნსტი პრაქტიკულად უალტერნატივო კანდიდატი იყო.
უკვე ოქტომბერში ერნსტი რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ქაოტური იყო გადაადგილებები რუსეთის მთავრობაში - ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდიდა, ოპოზიციური დუმის პირობებში ხელისუფლება პარალიზებული იყო. 1998 წლის მიწურულს გამოცხადებულმა დეფოლტმა ელცინისა და ხელისუფლების რეიტინგი გააცამტვერა, 1 წლის განმავლობაში რუსეთში 3 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა.
1999 წლის აგვისტოში პრემიერობის ახალ კანდიდატად, ბორის ელცინმა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) დირექტორი, ვლადიმირ პუტინი დანიშნა. პრემიერად დანიშვნის მომენტიდან გასაგები გახდა, რომ ბორის ელცინი და მისი გარემოცვა ვლადიმირ პუტინს არამხოლოდ პრემიერ-მინისტრად, არამედ მის მემკვიდრედ და რუსეთის ახალ პრეზიდენტად განიხილავდა.
თავის მხრივ ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას მხარს უჭერდა ელცინის ოჯახთან დაახლოებული ბერეზოვსკიც. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო კამპანიაში ОРТ ვლადიმირ პუტინის მხარეს ჩაერთო. ბერეზოვსკის მიაჩნდა, რომ პუტინი სინამდვილეში არაფერს წარმოადგენდა და მისი მართვა იოლი იქნებოდა, საჭირო იყო მხოლოდ სწორი სატელევიზიო იმიჯის შექმნა.
ბერეზოვკი ფიქრობდა, რომ პუტინი თვინიერი 'სილოვიკი' იქნებოდა, რომელიც ქაოტური და დამამცირებელი წლების შემდეგ დააკმაყოფილებდა საზოგადოების მოთხოვნას პატრიოტიზმზე, ძლიერ ხელზე, ხოლო მეორეს მხრივ, ისევ ბერეზოვსკის მარიონეტად დარჩებოდა. თუმცა ბერეზოვსკი მწარედ ცდებოდა.
პუტინის წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი პრაქტიკულად მისი საახალწლო მიმართვისთანავე დაიწყო - უკვე პირველი იანვრის დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა დიდი სიუჟეტი ვლადიმირ პუტინის ვიზიტზე ჩეჩნეთში. სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი ვლადიმირ პუტინი რუს ჯარისკაცებს საჩუქრად დანებს გადასცემდა.
"თქვენ იცავთ არამხოლოდ სამშობლოს ღირსებასა და პატივს, არამედ თქვენ წერტილს უსვამთ რუსეთის დაშლის პროცესს", - მიმართავდა პუტინი სამხედროებს
წინასაარჩევნო კამპანიაში პუტინის მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ОРТ გახდა. არხის ეთერებში ვლადიმირ პუტინი ბორის ელცინის ერთადერთ შესაძლო შემცვლელად იყო წარმოდგენილი, უალტერნატივო კანდიდატად, რომელიც ქვეყანაში წესრიგს დაამყარებდა და ხალხს ღირსებას დაუბრუნებდა.
პარალელურად, მთელი სიმძლავრით მიმდინარეობდა პუტინის კონკურენტების გაშავება, რომლებსაც არხი კორუმპირებულ და არასანდო პოლიტიკოსებად წარმოადგენდა.
საუბარია ძირითადად მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვისა და ევგენი პრიმაკოვის საარჩევნო ბლოკზე. თავის მხრივ, ლუჟკოვ-პრიმაკოვის ტანდემს ზურგს ვლადიმირ გუსინკის კუთვნილი НТВ უმაგრებდა.
პუტინის კონკურენტების გაშავების საქმეში უპირობო ლიდერი სერგეი დორენკო გახდა, რომელიც პოსტ-საბჭოთა რუსეთის პირველი 'მედია-ქილერი' გახდა.
ОРТ ადრეც უჭერდა მხარს სხვადასხვა პოლიტიკოსებს, მაგრამ ეს რაღაც ახალი იყო - ეს იყო პოლიტიკოსის გამოგონება, კანდიდატის შექმნა ჰაერისგან, ვლადიმირ პუტინი თავიდანვე წმინდად სატელევიზიო ფენომენი იყო.
ამ დროისთვის უკვე მომხდარი იყო ტერაქტები მოსკოვსა და რუსეთის რამდენიმე მსხვილ ქალაქში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოების მოთხოვნა ძლიერ ხელზე. ტერაქტებიდან მალევე დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რასაც კრემლი ამ დრომდე კონტრ-ტერორისტულ ოპერაციას უწოდებს.
ამ ყველაფრის ფონზე მანამდე საზოგადოების ფართო ფენებისთვის უცნობი ვლადიმირ პუტინის რეიტინგი კვირაში 4-5%-ით იზრდებოდა. გასაგები გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი არჩევნებს იოლად მოიგებდა.
მართლაც, თავის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ პუტინმა ხმათა 53%-ით, პირველივე ტურში გაიმარჯვა. პუტინის ტრიუმფის შემდეგ, ერნსტს ტელევიზიის გარდა სახელმწიფო ღონისძიებების რეჟისორობაც შესთავაზეს.
ერნსტის რეჟისორობით დადგმული პირველი სახელმწიფო ღონისძიება ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია გახდა - მისი ინიციატივით შეიცვალა ცერემონიის ადგილი და პროცესი კრემლის ანდრეევსკის სასახლეში გადაიტანეს. ერნსტის აზრით, მოდერნისტული სასახლეში ინაუგურაცია იმპერიული სპექტაკლი იქნებოდა, რომელიც ძველი დროების დასრულების სიმბოლო უნდა გამხდარიყო.
"მასთან (პუტინი) ერთად ჩვენ ახალი ინტონოცია მოვნახეთ", - ამბობს ერნსტი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინის პირველი ინაუგურაციის ცერემონიაზე საუბრისას.
რეჟიმის კრეატიული დირექტორი
ერნსტისგან განსხვავებით ახალ პრეზიდენტთან საერთო 'ინტონაცია' ვერ გამონახა ბორის ბერეზოვსკიმ. არჩევნებიდან მალევე მათ შორის ღია დაპირისპირება დაიწყო.
ოფიციალური ვერსიით თავიდან უთანხმოება ჩეჩნეთის მეორე ომს უკავშირდებოდა და ამ ვერსიით ბერეზოვსკი ომის წინააღმდეგი იყო. რეალურად ვლადიმირ პუტინსა და ბერეზოვსკის შორის გავლენების გადანაწილება მიდიოდა - 1990-იან წლებში კულისებიდან მოქმედი ბერეზოვსკი საკუთარი გავლენის შენარჩუნებას ცდილობდა, ხოლო ვლადიმირ პუტინს ახალი წესრიგის დამყარება და "ძალაუფლების ვერტიკალის გამართვა" სურდა.
ბერეზოვსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის დაპირისპირებამ პიკს 2000 წლის ზაფხულში მიაღწია, ამ წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში კატასტროფა განიცადა ატომურმა წყალქვეშა ნავმა Курск-მა. წყალქვეშა ნავზე საბრძოლო ტორპედო აფეთქდა, შემთხვევის შედეგად ადგილზევე დაიღუპა 95 სამხედრო. აფეთქებას გადაურჩა ნავის სხვა განყოფილებაში მყოფი 23 სამხედრო, რომლებმაც კატასტროფის სიგნალი გაგზავნეს და მაშველებს ელოდებოდნენ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ შემთხვევის ადგილზე ჩატარებული სამაშველო ოპერაციის მცდელობა კრახით დასრულდა. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უარი თქვა ნორვეგიის შეთავაზებაზე დახმარების შესახებ. აფეთქებიდან 9 დღის შემდეგ, კრემლი დათანხმდა ნორვეგიელების შემოთავაზებას. მრავალსაათიანი ოპერაციის შედეგად ნორვეგიელმა მყვინთავებმა ნავში შეაღწიეს. ნავზე მყოფი 118-ივე სამხედრო გარდაცვლილი იყო.
ბერეზოვსკიმ მომენტით სარგებლობა გადაწყვიტა და მის მიერ კონტროლირებადმა ОРТ-მ კრემლის მწვავე კრიტიკა დაიწყო. არხის ეთერში კურსკის შემთხვევას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფას ადარებდნენ, ასევე დიდ დროს უთმობდნენ დაღუპულთა ნათესავებს, რომლებიც ყველაფერში მთავრობას ადანაშაულებდნენ.
ცხადია, ბერეზოვკის ქცევამ კრემლის განრისხება გამოიწვია. დაღუპული სამხედროების ნათესავებთან შეხვედრაზე მისულმა პუტინმა თავისი გამოსვლა ტელევიზიების ლანძღვით დაიწყო:
"ტელევიზიები? ისინი მხოლოდ იტყუებიან და იტყუებიან".
ხელისუფლებისა და საკუთარი ტელევიზიის დაპირისპირებაში ერნსტმა ხელისუფლების მხარე დაიჭირა - რუსეთის ჟურნალისტურ წრეებში სწრაფად გავრცელდა ამბავი, რომ ერსნტმა კრემლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს მოუყვა, თითქოს არხის მიერ გამოკითხული ნათესავების უმეტესობა სინამდვილეში მსახიობები იყვნენ და რეპორტაჟები უბრალოდ დადგმული იყო.
მალევე ვლადიმირ პუტინმა ბერეზოვსკის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიში მიიტანა - მას ОРТ-ს წილების გაყიდვა მოსთხოვეს. კრემლმა ბერეზოვსკის წილი რომან აბრამოვიჩს გამოასყიდინა, რომელმაც მალევე ეს წილი სახელმწიფოს დაუთმო. ბერეზოვსკის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ოლიგარქი იძულებული გახდა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა.
"მე ვფიქრობდი, რომ ერნსტი განათლებული და ნიჭიერი ადამიანია, ეს ყველაფერი მართალი აღმოჩნდა. როგორც ბოლო მოვლენებმა გამოაჩინა, მას არ აქვს მყარი პოლიტიკური პოზიცია და შეხედულებები. ეს მისაღებია დემოკრატიულ სახელმწიფოში, თუმცა ტოტალიტარული რეჟიმის ჩასახვის პერიოდში ეს ძალიან სახიფათოა. ერნსტმა გააკეთა არჩევანი არა იმდენად ჩემს წინააღმდეგ, რამდენადაც პუტინის სასარგებლოდ - ეს იყო არჩევანი ძალაუფლების სასარგებლოდ", - ამბობდა ბერეზოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში.
2013 წელს ბერეზოვსკიმ სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.
New Yorker-თან ინტერვიუში კონსტანტინ ერნსტი ამბობს, რომ თავი სახელმწიფოს მსახურად (Государственник) მიაჩნია. ამ ტერმინით რუსულ ენაში სახელმწიფოს თანდაყოლილ სიკეთეში დარწმუნებულ ჩინოვნიკებს ახასიათებენ. ამ ტერმინით ახასიათებს საკუთარ თავს ვლადიმირ პუტინიც.
მართლაც, პუტინის რეჟიმის კონსოლიდაციის პარალელურად, ერნსტი პირდაპირ ჩადგა სახელმწიფოს, უფრო სწორად კი ხელისუფლების სამსახურში. მისი რეჟისორობით დადგმული პუტინის ინაუგურაციები კიდევ უფრო ამბიციური და ტექნიკურად დახვეწილი გახდა, რომელშიც ხანდახან 100-მდე ოპერატორი მონაწილეობდა.
ერნსტმა შექმნა 9 მაისის სამხედრო აღლუმის ახალი ფორმატიც, რომელიც ჰოლივუდური ბლოკბასტერის, Top Gun-ის სცენებით იყო შთაგონებული. ეფექტური კადრებისთვის ერნსტმა ვიდეოკამერები ბომბდამშენებზე დაამაგრა, რამაც განსაკუთრებული სანახაობრივი ეფექტი შექმნა.
კონსტანტინ ერნსტს არ ჰყავს ბადალი, როდესაც საქმე ქვეყნის ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი და სანუკვარი სპექტაკლის დადგმას ეხება.
ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან რუსეთში კვაზი-პატრიოტული აღტკინება დაიწყო - ცოტამ თუ იგრძნო პატრიოტიზმის დაკვეთა ისე ზუსტად, როგორც ერნსტმა, და კიდევ უფრო ცოტას შეეძლო ამ დაკვეთის შესრულება.
მალევე ერნსტმა ვლადიმირ პუტინს მოსახლეობასთან პირდაპირი ეთერის გაკეთება შესთავაზა - ფორმატის ფარგლებში თითქოსდა ჩვეულებრივი მოქალაქეები პრეზიდენტს კითხვებს დაუსვამდნენ და მოუყვებოდნენ მათთვის პრობლემურ საკითხზე. ვლადიმირ პუტინს იდეა მოეწონა და პირდაპირი ეთერიც რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი შემადგენელი გახდა. პირდაპირი ჩართვები ვლადიმირ პუტინთან ხშირად 4-5 ხუთის საათი გრძელდებოდა.
"რუსული მენტალიტეტი იმ დაშვებაზე დგას, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე პასუხისმგებელი ქვეყნის ლიდერია. ერთი ადამიანი მთლიანი სახელმწიფოს სიმბოლო ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანს რა ერქმევა: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მეფე თუ კომპარტიის გენერალური მდივანი", - ამბობს ერნსტი.
თავის მხრივ, ერნსტი ღიად და დაუფარავად პასუხობდა არხის პრო-სახელისუფლებო პოლიტიკის შესახებ დასმულ კრიტიკულ კითხვებს - 2004 წელს Financial Times-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ტელევიზიის მთავარი მიზანი ხალხის მობილიზებაა, ხოლო მოსახლეობის ინფორმირება მეორეხარისხოვანი ამოცანაა.
"უცნაური იქნებოდა, რომ სახელისუფლებო არხი, ანტი-სამთავრობო განწყობას ატარებდეს", - ამბობს ერნსტი.
მალევე ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ მედია-მენეჯერებისთვის ახალი ფორმატი შექმნა - მოსკოვის ძველ მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ყოველკვირეულად იმართებოდა მენეჯერების და მაღალი რანგის ჩინოვნიკების შეხვედრები, რომლებზეც განისაზღვრებოდა მომავალი კვირის გეგმები და სხვადასხვა აუცილებელი 'აქტივობები'. ამ იდეის ავტორიც კონსტანტინ ერნსტი იყო.
ერნსტს აღმოაჩნდა სწორი ალღო გამოეცნო ცვლილება ხელისუფლების ტონსა და განწყობებში და მათი სურვილებისთვის სწორი ვიზუალური ენა შეერჩია.
როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ჰიმნად სსრკ-ს ჰიმნი აღადგინა, კონსტანტინ ერნსტმა ახალი ამბების მთავარი გამოშვების ქუდად საბჭოთა მუსიკალური გაფორმება დააბრუნა. "Время" 1990-იანებში გამეფებული ქაოსის ანტიდოტს წარმოადგენდა - სტაბილურობისა და რუტინის წყაროს, მატრიცას.
ყოველი გამოშვება ერთსა და იმავე პატერნს იმეორებდა: გადაცემა იწყებოდა პუტინის კადრებით, ხშირად მისი საქმიანი მოგზაურების ამბით, ამას მოჰყვებოდა ამბავი ნებისმიერი სოციალური სფეროდან, რომელიც მაყურებელს რუსეთის გამოღვიძების, ქვეყნის აღზევების ისტორიას უყვებოდა. გამოშვება ყოველთვის სრულდებოდა ცუდი ამბით უცხოეთიდან. სხვა პროგრამებისგან "Время" იყო ერთადერთი გადაცემა, რომელიც სარეკლამო ჭრაზე არ გადიოდა.
"არსებითად "Время" ახალ ამბებს არ აშუქებდა, ის ქმნიდა ახალ ამბებს. ის ქმნიდა ვირტუალურ რეალობას, რომელიც სახელმწიფოსა და პირადად ვლადიმირ პუტინის სურვილებზე იყო დაფუძნებული", - წერს თავის წიგნში ჟურნალ Economist-ის რუსეთის სექციის რედაქტორი, არკადი ოსტროვსკი.
ერნსტის მიერ მოდელირებული რეალობა ყველაზე თვალსაჩინოდ ბესლანის ტერაქტის დროს გამოჩნდა - რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავიდანვე ცდილობდა მომხდარის მასშტაბის შემცირებას. არხი იტყუებოდა, რომ სკოლაში სულ 354 მძევალი იყო, სინამდვილეში სკოლაში 1 000 მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.
ტერაქტის მესამე დღეს, როდესაც სპეცრაზმმა სკოლის შტურმი დაიწყო, რუსეთში აკრედიტირებული ყველა საერთაშორისო მედია მოვლენებს უწყვეტ ეთერში აშუქებდა, ხოლო ერნსტის ტელევიზიაში ამბავს 3-წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა. სიუჟეტის შემდეგ ეთერში ბრაზილიური სერიალის, "შეყვარებული ქალების" ჩვენება გაგრძელდა.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების მიზანი იყო მოსახლეობისთვის სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდა შეექმნა. მოსახლეობას უნდა ჰქონოდა განცდა, რომ მათ მშვიდ ძილს საფრთხე არ ემუქრება, სანამ ქვეყანას ბრძენი და მამაცი ადამიანი მართავდა. ლიდერი, რომელიც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, დასჯის და გაანადგურებს კრიმინალებს და ტერორისტებს.
"თუ ახალი ამბები მუდმივად ნერვული გამაღიზიანებლის ფუნქციას ასრულებს, როგორც ეს 1990-იან წლებში იყო, ეს უფრო არასტაბილურობის ნიშანია, ვიდრე სიტყვის თავისუფლების", - ამბობდა ერნსტი.
სინამდვილეში ახალი ამბები არ ასახავდა ქვეყნის სტაბილიზაციას. იქმნებოდა სტაბილურობის ილუზია, ზუსტად ისევე, როგორც კრიმინალური სერიალები ქმნიდნენ ტოტალური უკანონობის განცდას. თუ კი ახალი ამბების გამოშვებებს უნდა დაემშვიდებინა მოსახლეობა, მრავალრიცხოვანი კრიმინალური დრამები ზრდიდა ადრენალინის დონეს მოსახლეობის თვითშეგნებაში.
ძალადობრივი კონტენტის ნიაღვარი მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის გამო არ იქმნებოდა - სინამდვილეში ეს კრემლის მაღალ ეშელონებში მოფიქრებული და გათვლილი პოლიტიკა იყო. ამ პოლიტიკას ერთი მიზანი ჰქონდა: ეროვნულ დონეზე დამკვიდრებულიყო განცდა, რომ მოწყვლადი მოსახლეობის დაცვა მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოს, ძლიერ პრეზიდენტს შეუძლია.
"ექიმი არ ეკითხება საოპერაციო პაციენტს, რა არის მისთვის უკეთესი, ის აკეთებს იმას, რაც მის მოვალეობაა", - ამბობს ერნსტი. ახალ რუსეთში 'საოპერაციო პაციენტებისთვის' საჭირო მედიკამენტების გამოწერა და პროცესის ადმინისტრირება ერნსტის და ოლეგ დაბროდეევის ფუნქცია გახდა.
ოლეგ დაბროდეევი და კონსტანტინ ერნსტი ახალი რუსეთის დემიურგები გახდნენ - მათ შექმნეს მითი და ახსნეს რეალობა.
დაბროდეევისგან განსხვავებით, რომელიც დროთა განმავლობაში პოლიტიკურ აპარატჩიკად გარდაისახა, ერნსტი თავს უფრო შემოქმედებით, არტისტულ პერსონად მოიაზრებს.
ეს პერსონალური განსხვავება პირდაპირ აისახებოდა, ტელევიზიების პროდუქტზეც - დაბროდეევის მიერ კონტროლირებად РОССИЯ-სა და НТВ-სთან შედარებით, ერნსტის პროპაგანდა უფრო 'დახვეწილი' და 'გემოვნებიანი' იყო. ამგვარი აღმატებულობის განცდა ჰქონდათ ერნსტის თანამშრომლებსაც - მათ მიაჩნდათ, რომ შესაძლებელია პროპაგანდის კეთება გემოვნებით და წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე.
"მაშინ როდესაც ახალი ამბები დროებითია, არტისტული გადმოცემა უფრო ღრმაა, ის შესაძლოა ადამიანების გონებაში სამუდამოდ დარჩეს", - ამბობს კონსტანტინ ერნსტი.
ომის რეჟისორი
2000-იანი წლებში რუსეთში წარმოქმნილ კვაზი-პატრიოტულ აღტკინებას და რუსეთის აღორძინების მოთხოვნას კრემლის პროპაგანდა ძირითადად სპორტული მიღწევებით, დახვეწილი გასართობი შოუებით და სამხედრო აღლუმებით აკმაყოფილებდა.
ამ კუთხით განსაკუთრებულ მოვლენად იქცა 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წარმატება. ჰოლანდია-რუსეთის მეოთხედფინალურ მატჩს მოსახლეობის 80% უყურებდა - რუსეთმა ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ერთი შეხედვით სპორტული წარმატებებით ეგზალტირებული რუსების სანახაობა ევროპელი ქომაგების განწყობებისგან არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ თუ ევროპაში სპორტი უკვე დიდი ხნის წინ გადაიქცა ომის ჩამნაცვლებლად, რუსეთში იგივე მოვლენა სრულიად რეალურ ომის დასაწყისს წარმოადგენდა.
სპორტულ გამარჯვებებს მალევე მოჰყვა ნამდვილი ომი - ომი საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო პირველი სრულად სატელევიზიო ომი, რომელმაც შესაბამისი რეაქციაც წარმოშვა.
რუსეთი მზად იყო ომისთვის არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ იდეოლოგიურადაც. სანამ რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებს ნამდვილი ჭურვებით ბომბავდა, რუსეთის მოსახლეობის თავზე პროპაგანდისტული ბომბები ცვიოდა. სატელევიზიო არხები რუსეთის სამხედრო აგრესიის შემადგენელი ნაწილი გახდა, ხოლო კონსტანტინ ერნსტს და ოლეგ დაბროდეევს ამ წარმოდგენაში წამყვანი როლები ჰქონდათ.
ნახევრად სპორტულ ჟაკეტში გამოწყობილმა ვლადიმირ პუტინმა კი წარმოდგენაში სუპერმენის როლი შეასრულა - რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები ერთი-მეორეს მიყოლებით აჩვენებდნენ პეკინის ოლიმპიადიდან ჩრდილოეთ ოსეთში ჩასულ პრეზიდენტს. პუტინი პირადად ისმენდა თითქოსდა ცხინვალელი დევნილების მიერ მოყოლილ შემზარავ ისტორიებს ქართული ჯარის მიერ ჩადენილ "სამხედრო დანაშაულებზე".
ქალი N1: მათ ჩვენი გოგონები ცოცხლად დაწვეს
პუტინი: ცოცხლად?
ქალიN1: დიახ. ახალგაზრდა გოგონები.
ქალი N2: მათ წლინახევრის ბავშვი აკვანში დაჭრეს.
პუტინი: ამის მოსმენაც არ შემიძლია.
ქალი N3: ქალს 2 ბავშვთან ერთად ტანკით გადაუარეს.
პუტინი: ისინი გიჟები არიან, ეს გენოციდია.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ქართველების მიერ ჩადენილ გენოციდზე ლაპარაკობდა; პროპაგანდა ირწმუნებოდა, რომ დევნილად იქცა ათი ათასობით და მოკლულია 3 ათასამდე ეთნიკური ოსი (ოსური მხარის ცნობით, ომის შედეგად, 133 ადამიანი დაიღუპა). რუსი პოლიტიკოსები საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლებას მოითხოვდნენ და მიხეილ სააკაშვილს ადოლფ ჰიტლერს ადარებდნენ.
სინამდვილეში ომის სცენარი თავიდან ბოლომდე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწერა, ხოლო გამამართლებელ საბაბად სერბეთის წინააღმდეგ ნატოს მიერ 2000-იანი წლების დასაწყისში მიტანილი საჰაერო დარტყმები და კოსოვოს აღიარების პრეცედენტი იყო მოყვანილი.
რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობები ქართველთა მიერ ჩადენილი გენოციდის შესახებ მოგვიანებით ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ უარყო. სანაცვლოდ ამავე პროპაგანდამ ხელი შეუწყო ქართველთა ეთნიკურ წმენდას სეპარატისტული შენაერთების მხრიდან. მიუხედავად ამისა, რუსეთის პროპაგანდის მთავარი სამიზნე არა საქართველო, არამედ რუსეთის მოსახლეობა იყო.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების ეთერის ყურების შემდეგ მაყურებელს უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი პატარა, ღარიბ საქართველოს კი არა, იმპერიალისტური დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ საშიშ აგრესორს ეომებოდა.
ამ პროპაგანდისტული გზავნილის ფორმულირება იმდროინდელი დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა შემდეგნაირად მოახდინა:
"დღეს მკაფიოდ ვხედავთ ვინ არის კონფლიქტის მხარე. ესენი არიან აშშ, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, რომელიც წვრთნიდა ქართულ ჯარს და უკრაინა, რომელიც საქართველოს იარაღს აწვდიდა. ჩვენს წინაშეა ნატოს სამხედრო აგრესია რუსეთის წინააღმდეგ".
მოგვიანებით რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ერნსტის და დაბროდეევის მეთაურობით საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საინფორმაციო სპეცოპერაციას კიდევ ორჯერ გაიმეორებს და ორივეჯერ უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა ნატოს ჩართულობის შესახებ ტყუილებს ამჯერად არა დუმის დეპუტატები, არამედ პირადად ვლადიმირ პუტინი გაავრცელებს.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას მკაცრი საერთაშორისო რეაქცია და სანქციები არ მოჰყოლია. ეს ბევრი ობიექტური და სუბიექტური გარემოებებით იყო განპირობებული.
მალევე აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დმიტრი მედვედევს ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა შესთავაზა. დასავლეთის არაერთ პოლიტიკურ ლიდერს მიაჩნდა, რომ მედვედევი არ იყო ცარიელი ადგილი და მასთან საქმის დაჭერა შეიძლებოდა.
საერთაშორისო იზოლაციის არ არსებობის პირობებში ვლადიმირ პუტინმა შეუფერხებლად გააგრძელა სვლა მომდევნო გამარჯვებებისკენ.
საერთაშორისო პრესტიჟის ახალი საგანი ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი გახდა, რომელიც რუსეთში უნდა გამართულიყო. ცხადია, ღონისძიების ხელმძღვანელად კონსტანტინ ერნსტი დაინიშნა.
იმდროინდელ ინტერვიუებში ერნსტი ამბობდა, რომ ევროვიზია მისი საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი კარიერის მთავარი ღონისძიება იყო. ერნსტმა არ იცოდა, რომ მისი კარიერის მთავარი გეოპოლიტიკური პროექტი ჯერ კიდევ წინ ელოდა.
Time Forward
სწორედ კონსტანტინ ერნსტს ანდეს ვლადიმირ პუტინის მმართველობის დამაგვირგვინებელი - სოჩის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის რეჟისორობა.
ოლიმპიადის მასპინძლობას რუსეთში პოლიტიკური განზომილებაც ჰქონდა - ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების ლეგიტიმაცია.
ღონისძიებაზე ფული არ დაზოგილა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ღონისძიებად რჩება, ოლიმპიადის მასპინძლობაზე გამაოგნებელი 50 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. გახსნისა და დახურვის ცერემონიისთვის სპეციალურად აშენდა გიგანტური სპორტული არენა. პროექტში მონაწილეობდნენ მსოფლიოს საუკეთესო ინჟინრები, დიზაინერები და მუსიკოსები. ათასობით ადამიანის შრომა რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და დახვეწილ სანახაობაში უნდა გარდასახულიყო.
"სიზმრები რუსეთზე"- ასე უწოდა ერნსტმა მის მოფიქრებულ წარმოდგენას. შოუ ერთდროულად ორ სივრცეში დაიწყო - არენის გარდა მოქმედება მიმდინარეობდა ჰაერშიც. ჩამოკიდებული ხელოვნური ღრუბლები რუსეთის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენდნენ. პარალელურად ისმოდა სიმღერა ოპერიდან პრინც იგორზე, რომელიც აღქმულ მიწაზე მოგვითხრობს.
წარმოდგენა გვიყვებოდა არა ხალხის, მოქალაქეების, არამედ იმპერიის, სახელმწიფოს ისტორიას. ნაცვლად იმისა, რომ წარმოდგენას ხაზი გაესვა ქვეყნის მრავალფეროვნებისთვის, ყურადღების ცენტრში ერთი დროშის ქვეშ გაერთიანება იყო.
მალევე ხელოვნური ღრუბლები რუსეთის ფოლკლორულმა ტროიკის ინსტალაციამ გაარღვია. გამოჩნდა სხვადასხვა რუსეთის სხვადასხვა ტაძრების გუმბათების ინსტალაციაც. რამდენიმე წუთში მაყურებლების თვალწინ პეტრე პირველის პერიოდი გაცოცხლდა, რომელიც მის მიერ ჩადენილ დიდ საქმეებს აჩვენებდა - პირველ რიგში სანქტ-პეტერბურგის მშენებლობას.
სანქტ-პეტერბურგის დაფუძნების სცენა კი ორგანულად გარდაისახა საცეკვაო ვალსის სცენაში ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობიდან". ვალსის დადგმას, ბოლშევიკური კონსტრუქტივიზმის სცენებითა და საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის ამსახველი გრანდიოზული სცენით გაგრძელდა.
გეორგი სვირიდოვის Время, вперёд-ის ფონზე ჰაერი საბჭოთა ორთქმავლის გიგანტურმა ინსტალაციამ გაჭრა. სვირიდოვის სიუიტა 1965 წლიდან რუსეთის ახალი ამბების მთავარი გამოშვების, Время-ს ქუდად გამოიყენება.
სტალინური ინდუსტრიალიზაცია შეუმჩნევლად შეცვალა შედარებით უფრო ოპტიმისტურმა და ხალისიანმა 1960-იანი წლების სანახაობამ. გახსნის ცერემონია ქრონოლოგიას აღარ გაჰყოლია, წარმოდგენა საერთოდ არ შეხებია რუსეთის უახლეს ისტორიას, პერესტროიკას და 1990-იან წლებს.
ერნსტმა საკუთარ თავს გადააჭარბა: ეს ჰაერში გამართული ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური სანახაობა იყო, სალუტის დასრულების მომენტში ერნსტი საკუთარი სკამიდან წამოხტა და დაიყვირა - "ჩვენ ეს შევძელით".
ერთი შეხედვით ქვეყანა, რომელიც ერნსტმა გახსნის ცერემონიაზე აჩვენა ავანგარდული არტისტების, გამოჩენილი მეცნიერების, დიდი ხელოვანებისა და მწერლების სამშობლოა. ეს იყო დახვეწილი ევროპული ქვეყანა, რომელიც ამაყობს საკუთარი ისტორიითა და კულტურით.
შოუმ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეების მოწონებაც დაიმსახურა, ზოგი მათგანი წერდა, რომ სწორედ ეს იყო ქვეყანა, რომელშიც ცხოვრება სურდათ, თუმცა ასეთი ადგილი არ არსებობს. ეს რუსეთის გამოგონება მცდელობა იყო.
ერნსტის მიერ დადგმულ გახსნის ცერემონიას იგივე მითოლოგიური დანიშნულება ჰქონდა, რაც სტალინურ ხალხთა მიღწევების გამოფენას. 1930-იან წლებში გახსნილი გამოფენა სსრკ-ს მიღწევების მუდმივმოქმედ ექსპოზიციად იქცა. გამოფენა საბჭოთა ცხოვრების მატრიცას წარმოადგენდა.
წლის ადამიანის ჯილდოს მიღებისას ერნსტმა თქვა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე დაძაბული მომენტი იყო.
შოუს მთელი კომპლექსურობისა და გრანდიოზულობის მიუხედავად, წარმოდგენის შედეგად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის აწმყო მისი წარსულია. იქმნებოდა განცდა, რომ საბჭოთა კავშირი საერთოდაც არ დაშლილა. მიუხედავად ამისა შოუმ შეასრულა დასახული ამოცანა, რაც მოსახლეობის მობილიზაციაში გამოისახებოდა.
თავად რუსეთის პირველი არხი, ოლიმპიადის პერიოდში პირველ "ოლიმპიურ არხად" გადაკეთდა, არხის წამყვანები რუსეთის ოლიმპიური ნაკრების სპორტულ ფორმებში გამოეწყვნენ. ნებისმიერი, ვინც ოლიმპიადის პერიოდში არნახულ კორუფციაზე საუბრობდა უმალვე ხალხის მტრად ცხადდებოდა. რუსი სპორტსმენების ყოველ წარმატებას მთელი ქვეყანა ისე ზეიმობდა, როგორც სამხედრო გამარჯვებას.
საყოველთაო ზეიმში ცუდი ნოტები ოლიმპიადის გახსნიდან მალევე გამოერია - როგორც აღმოჩნდა ოლიმპიური შედეგების გასაუმჯობესებლად რუსეთის სპეცსამსახურები დოპინგის მასშტაბურ პროგრამას ახორციელებდნენ. აღნიშნულ პროგრამაში, რომელიც აკრძალული ნივთიერებების ხანგრძლივ თერაპიას და შარდის ნიმუშების შეცვლას ემსახურებოდა, რუსეთის თითქმის ყველა ოლიმპიელი იყო ჩართული.
სოჩის პარალელურად გაცილებით უფრო დრამატული და ისტორიული სანახაობა ვითარდებოდა კიევის მთავარ მოედანზე - ათასობით უკრაინელი მაიდანზე კლეპტოკრატიული, დისფუნქციური და ავტორიტარული, პოსტ-საბჭოთა წესრიგის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინაში მოგანგსტერო და კორუფციონერი ვიქტორ იანუკოვიჩის სახით იყო პერსონალიზებული. ხალხი გამოდიოდა ევროკავშირის დროშებით იმ ღირსეული ცხოვრების ნიშნად, რომელსაც ესწრაფოდნენ.
Майдан Незалежності
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც იანუკოვიჩმა რუსეთის წნეხის შედეგად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. მალევე დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში კარვები გაშალეს. მოქალაქეები არ შეუშინდნენ სიკვდილი საფრთხეს და იმ ღამით, როდესაც პოლიციელები შეტევაზე გადავიდნენ, დამოუკიდებლობის მოედანზე კიდევ უფრო მეტი ხალხი მივიდა. პროტესტმა პერმანენტული ხასიათი მიიღო.
თუკი სოჩში დადგმული სანახაობა ქვეყნის გამოგონებას მოგვაგონებდა, კიევში განვითარებული მოვლენები სხვას არაფერს წარმოადგენდა, თუ არა ერის დაბადებას.
სოჩის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიისას კიევში უკვე სისხლი იღვრებოდა - იანუკოვიჩის სპეცრაზმმა, საბრძოლო შეიარაღების გამოყენებით, მაიდნის შტურმი დაიწყო, მშვიდობიან მოქალაქეებს სნაიპერები ესროდნენ. მოლოტოვის კოქტეილებით პასუხობდნენ დემონსტრანტები. კიევის ცენტრი ცეცხლში გაეხვა.
ღამით იანუკუვოჩი რუსეთში გაიქცა.
კიევში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთში შექმნილი საყოველთაო ზეიმის განწყობა თავდაყირა დააყენა. განწყობა შეეცვალა ვლადიმირ პუტინსაც - რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ მაიდანი მის წინააღმდეგ მიმართული და დასავლეთის მიერ ორგანიზებული პროცესი იყო.
ვლადიმირ პუტინის კონსპიროლოგიას იზიარებდა კონსტანტინ ერნსტიც - 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ერნსტი ამბობს: "ოლიმპიადა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სპორტული ღონისძიება, ეს გეოპოლიტიკაა. ჩვენ გავაკეთეთ კარგი ოლიმპიადა, რამაც ჩვენი არაკეთილმოსურნეების რეაქცია გამოიწვია".
ოლიმპიადის დახურვიდან 3 დღის შემდეგ უკრაინაში ერნსტის მიერ დადგმული კიდევ ერთი შოუ დაიწყო - ყირიმში ამომცნობი ნიშნების გარეშე ჩასულმა რუსმა სამხედროებმა, ე.წ. მწვანე კაცუნებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.
კრემლმა ყირიმის ანექსია დაიწყო.
ტელევიზია სამხედრო აგრესიის წინა ფლანგზე იმყოფებოდა. პროპაგანდისტულ ძალებს კი კონსტანტინ ერნსტი და ოლეგ დაბროდეევი მეთაურობდნენ. ზუსტად ისევე, როგორც სახელმწიფო 'სვამდა' ათლეტებს დოპინგზე, პროპაგანდა მოსახლეობას სამხედრო ტრიუმფისა და ანტი-ამერიკული პროპაგანდის 'ნემსზე' ხდიდა დამოკიდებულს.
ეს მოსახლეობას სიძლიერის ხელოვნურ განცდას უვითარებდა. სოჩში გამართული ყველაზე ძვირფასი, მაგრამ უსისხლო შოუსგან განსხვავებით, კრემლის შოუს უკრაინაში 10 ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკან მომავალში
იანუკოვიჩის მთავრობის მოულოდნელმა დამხობამ ქვეყანაში ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა, რამაც ვლადიმირ პუტინს მოქმედების არეალი მისცა. ერთი ღამის შუალედში ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობის უმეტესობისთვის ისტორიულ ფიგურად გადაიქცა. ფანტომური ტკივილებით დატანჯულ ქვეყანას ვლადიმირ პუტინმა დაუბრუნა მისი ნაწილი, რომელიც 1991 წელს "დაკარგა".
მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა - იანუკოვიჩი 21 თებერვალს გაიქცა, უკვე 22 თებერვლის ღამით პუტინმა შეკრიბა უსაფრთხოების საბჭო და დილისთვის მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმა დაიწყო.
უკვე 27 თებერვალს ყირიმში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, ისინი შეიჭრნენ პარლამენტში. ადგილობრივმა დეპუტატებმაც ავტომატების ლულის ქვეშ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამოცხადება გადაწყვიტეს. ოპერაცია სამხედრო გადატრიალებების შესახებ სახელმძღვანელოებს იმეორებდა.
სანამ სამხედროები ადგილზე მუშაობდნენ, კრემლის პიარ-ტექნოლოგებმა - ვლადისლავ სურკოვის ხელმძღვანელობით ყოფილი ბანდიტები და თაღლითები თავისუფლებისთვის მებრძოლი და ჩაგრული რუსულენოვანი უმცირესობის ლიდერებად გაასაღა. ბანდიტები რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერებად დანიშნა. მათ შორის იყო დენის პუშილინიც, რომელიც 1990-იან წლებში МММ-ის სახელით ცნობილი ფინანსური პირამიდის ერთ-ერთი სახე იყო.
ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა რუსული ტელევიზიები, რომლებიც ყირიმში მაუწყებლობდნენ. ტელევიზიებმა შექმნეს ნარატივი, ხოლო სამხედროებმა ეს ნარატივი რეალობად აქციეს. ჯერ იქმნებოდა გამოსახულება და მას მოსდევდა სინამდვილე. ნარატივი კრემლის საჭიროებებისა და პრიორიტეტების მიხედვით იცვლებოდა.
ჯამურად, რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული დიდი ტყუილის შინაარსი შემდეგი იყო: იანუკოვიჩის განგსტერული მთავრობის დამხობა არა სახალხო წინააღმდეგობის, არამედ ამერიკული შეთქმულების შედეგი იყო; გადატრიალება უკრაინელმა ნეონაცისტებმა, ანტისემიტებმა და რადიკალებმა მოაწყვეს, რომლებიც ნაციზმთან კოლაბორანტი უკრაინელების მემკვიდრეები არიან; აშშ-ს და ნატოს მიერ მხარდაჭერილი რადიკალების ხელისუფლება საფრთხეს უქმნიდა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაგრულმა მოსახლეობამ კი დახმარებისთვის ვლადიმირ პუტინს მიმართა, რომელმაც ეს დახმარება ღირსეულად გაუწია.
რუსი სამხედროები წარმოდგენილები იყვნენ არა როგორც ოკუპანტები, არამედ როგორც გამათავისუფლებლები. სოციალურ ქსელებში მოქმედებდა ბოტებისა და ტროლების არმია, რომლიც რუსი სამხედროების ჰეროიკულად წარმოჩენაზე მუშაობდა.
მართლაც, ყირიმის ანექსიას ნახევარკუნძულზე და რუსეთშიც დიდი ზეიმი მოჰყვა, მაგრამ იყო ერთი პრობლემაც - მტერი, რომლისგანაც რუსეთმა ყირიმი იხსნა, სინამდვილეში არ არსებობდა. უკრაინელი "ნაცისტები" რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი ფანტომები არიან.
მიუხედავად ამისა, ყირიმის ანექსიას კრემლისთვის სასურველი შედეგი მოჰყვა - პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი 60-დან 80%-მდე გაიზარდა. წარმოიქმნა ფენომენი, რასაც ლევადა ცენტრის დირექტორმა ლევ გუდკოვმა "ყირიმის კონსენსუსი" უწოდა.
რუსები, რომლებიც ცოტა ხნით ადრე ანტი-კორუფციულ პროტესტებზე გამოდიოდნენ, წამიერად პუტინის მხარეს გადავიდნენ - პერსონალური უკმაყოფილებები ქვეყნის სიმბოლურმა 'გამარჯვებამ' გადაყლაპა. ყირიმმა რუსეთის მოსახლეობას გაუჩინა მიზნის განცდა, რომლის მისაღწევადაც მათგან მხოლოდ ქომაგობა და ტელევიზორის ჩართვა იყო საჭირო.
ყირიმის ანექსიამ რუსეთის შიგნით კიდევ ერთი ცვლილება გამოიწვია - საქმე ის არის, პოსტ-საბჭოთა პერიოდში ყირიმის მიტაცება რუსი ფაშისტებისა და ულტრანაციონალისტების იდეაფიქსი იყო. ყირიმი რუსეთის იმპერიული ნოსტალგიის მთავარი ნერვული ცენტრი იყო და მისი ანექსირების შემდეგ, რუსეთის მოსახლეობა სწორედ რუსი ფაშისტების იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანდა. მოსახლეობის მხოლოდ 3% ეწინააღმდეგებოდა ანექსიას.
კრემლის გეორგიევსკის სასახლეში ყირიმის ანექსიის გამოცხადებისას ვლადიმირ პუტინმა თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა რუსული ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, იგორ შაფარევიჩის სიტყვები, რომელიც 1994 წელს, გაზეთ День-ში გამოქვეყნდა.
"ყირიმში ყველაფერი ჩვენს საერთო ისტორიასა და სიამაყეზე საუბრობს. ეს არის ადგილი, სადაც მოინათლა პრინცი ვლადიმირი, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი გმირი წინაპრების საფლავებია, რომლებიც ყირიმისთვის იბრძოდნენ", - ამბობდა ვლადიმირ პუტინი.
თუკი 1993 წელს რუსი ფაშისტები საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად ოსტანკინოს ანძის შტურმს ცდილობდნენ, 2014 წელს მათ აზრებს პირდაპირ პრეზიდენტი ტრანსლირებდა. ფაშისტების აღქმაში ყირიმის ანექსიით ვლადიმირ პუტინმა შეატრიალა ისტორია და რუსეთს იმპერიული დიდება დაუბრუნა. სწორედ ეს იყო რუსი კომუნისტებისა და ფაშისტების ყველაზე დიდი ოცნება საბჭოთა კავშირის დანგრევის მომენტიდან - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყირიმის ანექსიით რუსეთში ახალი სოციალურ-პოლიტიკური ალიანსი ჩამოყალიბდა.
ყირიმი მხოლოდ დასაწყისი იყო. როგორც მალევე აღმოჩნდა, ვლადიმირ პუტინს საკუთარი პროტექტორატის შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაშიც სურდა. რუსეთის მიერ შექმნილ სეპარატისტულ მოძრაობებს უნდა შეეფერხებინათ უკრაინის სვლა ევროპისკენ.
უკრაინის დანაწევრების პროექტს რუსულმა პროპაგანდამ "არაბულ გაზაფხულთან" ანალოგიით "რუსული გაზაფხული" უწოდა. ამ გაზაფხულის ფარგლებში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, ნოვოროსიის ქვეშ უნდა გაერთიანებულიყო.
მალევე აღმოსავლეთ უკრაინაში აღმოჩნდა ФСБ-ს მიერ დასპონსორებული ასობით ჯაშუში და პროვოკატორი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ სქემაში ФСБ-ს აგენტი, იგორ გირკინი იყო. გირკინი უკრაინაში ყირიმის ანექსიამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა. აგენტი "სტრელკოვის" ფსევდონიმით მოქმედებდა.
რუსეთის იმპერიის ისტორიით გატაცებულმა გირკინმა პირველი საბრძოლო გამოცდილება იუგოსლავიის სამოქალაქო ომში მიიღო, სადაც სერბეთის არმიის რიგებში იბრძოდა. სერბეთს მოჰყვა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომი. ჩეჩნეთში გირკინი უკვე ФСБ-ს თანამშრომლის ამპლუაში მოქმედებდა. გირკინ/სტრელკოვისთვის ყველაზე დიდი ინტერესის საგანს რუსეთის სამოქალაქო ომი წარმოადგენდა. ახალი ომის წამოწყების შანსი სტრელკოვს ვლადიმირ პუტინმა 2014 წლის გაზაფხულზე მისცა.
2014 წლის აპრილში 30 შეაიარაღებულ პირთან ერთად სტრელკოვმა ქალაქ სლოვიანსკის ადმინისტრაციის შენობა დაიკავა. პირველი რაც სტრელკოვმა და მისმა თანამზრახველებმა გააკეთეს ქალაქში უკრაინული ტელეარხების სიგნალის გათიშვა და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების მაუწყებლობის აღდგენა იყო. უკვე რამდენიმე დღეში აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო.
კიდევ ერთხელ: ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა რუსული ტელევიზიები. ტელევიზიის ფენომენმა დაკარგა მისი რეალურ იარაღად გამოყენების შესახებ მქონე მეტაფორული დატვირთვა. ტელევიზია რეალურ, ნამდვილ იარაღად გადაიქცა, რომელიც ისეთივე ნგრევას და უბედურებას იწვევს, როგორც ნამდვილი.
პროპაგანდა და ტელევიზია მანამდეც გამოიყენებოდა ინსტრუმენტად, მაგრამ აქამდე არასდროს, არც ერთ ქვეყანას არ მიუტაცებია მეორე ქვეყნის ტერიტორიები უმთავრესად ტელევიზიებისა და პროპაგანდის მეშვეობით. ამ ვითარებაში სამხედროებს მხოლოდ ტელევიზიების დამხმარე ფუნქცია ჰქონდათ.
რუსული პროპაგანდა არ აღწერდა მოვლენებს, ის იგონებდა რეალობას - იგონებდა მსხვერპლებს და მოძალადეებს. პროპაგანდა აყალბებდა ციტატებს, კადრებს და ქმნიდა ალტერნატიულ რეალობას. 2014 წლის 12 ივლისს რუსეთის პირველი არხის მთავარ გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომლის გმირიც დევნილი უკრაინელი ქალი იყო. ქალი ყვებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე 3 წლის რუსი ბავშვი ჯვარზე გააკრეს და ტანკით გადაუარეს.
ცხადია, ასეთი რამ არასდროს მომხდარა და "რესპონდენტი" ჩვეულებრივი მსახიობი იყო, მაგრამ ამ ისტორიით რუსულმა პროპაგანდამ გააცოცხლა ტყუილი, რომელსაც რუსეთის იმპერიაში ებრაული პოგრომების მიზეზად იყენებდნენ.
რუსული ტელევიზიები ფსიქო-აქტიური აგენტის, ჰალუცინოგენის ფუნქციას ასრულებდნენ. ტყუილებისა და დეზინფორმაციის ნიაღვრის მიზანი იყო არა იმდენად რუსების დარწმუნება რამიმენაირ ხედვაში, არამედ სიძულვილის და ბრაზის გაღვივება. რუსულმა პროპაგანდამ მიზანს მიაღწია. ამგვარი საინფორმაციო დამუშავების ფონზე ათასობით მოქალაქე უკრაინელების მოსაკლავად მოხალისედ წავიდა.
მათი უმეტესობა სოციალურად გაჭირვებული და გაუნათლებელი, საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანები იყვნენ. რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენა მათი სისუსტეები და ისინი გაუშვა საომრად ქვეყნისთვის, რომელმაც არსებობა 23 წლით ადრე შეწყვიტა. რუსულმა პროპაგანდამ ეს ადამიანები საკუთარი არსებობიდან ამოჭრა, ტელეგმირებად წარმოადგინა - დააჯერა, რომ ისინი არიან გმირები - მათ მისცეს იარაღი და მიუთითეს მტერზე.
საქმე ის არის, რომ პროპაგანდისტების მიერ შექმნილმა ჰალუცინაციებმა საკუთარი ცხოვრებით დაიწყეს ცხოვრება. ჯვარცმული ბიჭის შესახებ სიუჟეტის გასვლიდან 5 დღის შემდეგ, რუსმა "მოხალისეებმა" დონბასის თავზე მალაიზიური ბოინგი რუსეთისგან მიღებული შეიარაღებით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
რუსების უმრავლესობისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი ტელევიზიის მიერ მიწოდებული უფასო შოუ იყო, რომლის ყურებაც დივანზე კომფორტულად მოკალათებულებს შეეძლოთ. წლების განმავლობაში ახალი ამბების გამოშვებები თითქმის მთლიანად უკრაინას ეძღვნებოდა - ომი რუსეთის მოსახლეობას სერიალის სახით მიეწოდებოდა. სერიალის, რომლის ეპიზოდებიც სავსე იყო ძალადობით, სისხლითა და დაძაბულობით.
ახალი ამბების გამოშვებებში დაინერგა კინემატოგრაფიული დრამატიზებისა და მონტაჟის მეთოდები. ახალმა ამბებმა და პოლიტიკურმა ტოკ-შოუებმა რეიტინგებით ყვითელ, სკანდალურ შოუებსა და საპნის ოპერებსაც გადაუსწრო. ყველაზე რეიტინგული გადაცემა, რა თქმა უნდა, Время იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროპაგანდისტები ყიდდნენ მათ მიერ დადგმულ "საომარ დრამას".
ამ პროპაგანდისტული შოუების არნახული პოპულარობა პირდაპირ აისახა ვლადიმირ პუტინის მხარდაჭრის რეიტინგზეც, რომელიც გასული 8 წლის განმავლობაში დროგამოშვებით 90%-საც აჭარბებდა. არნახული რეიტინგების მიუხედავად, გასაგები გახდა, რომ ამ სასტიკი შოუს დასრულებისთანავე ეს რეიტინგი ბანქოს სახლივით ჩამოიშლებოდა.
მაყურებლებისა და ინტერესის შესანარჩუნებლად სცენარი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. აგრესიისა და სიძულვილის დონის გასაზრდელად საჭიროა ახალი მტრები, ეს კი რუსეთის შემთხვევაში ახალ ომებს ნიშნავს. უკრაინაში დროებით ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, ახალი სასტიკი სატელევიზიო დრამის ფუნქციას რუსეთის მოსახლეობისთვის სირიის ომი ასრულებდა.
ზოგი მკვლევარი პროპაგანდის მოქმედებას ნარკოტიკულ ეფექტს ადარებს - ნარკოტიკული ნივთიერებების მსგავსად პროპაგანდა აღელვების განცდას წარმოშობს, რაც ანგრევს ჯანსაღი განსჯის უნარს და ამცირებს მორალურ ბარიერებს, რაც შიშის გაძლიერებით სრულდება.
პროპაგანდა ადამიანების მოწყვლად მხარეს ააშკარავებს. მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მუშაობს რუსული პროპაგანდა ის არის, რომ მისი დაჯერება საკმარისი რაოდენობის ადამიანებს სურს. პროპაგანდისტის ყველა მსხვერპლი არ არის ღარიბი და ჩამორჩენილი, ხშირად მათ რიგებში კარგად ინფორმირებულ და ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებსაც შეხვდებით. მათ ატყუებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურთ, რომ ატყუებდნენ.
2014-2015 წლებში რუსეთში ჩატარებული დამოუკიდებელი სოციოლოგიური გამოკითხვებით ჩანდა - მოსახლეობის უმეტესობამ იცოდა, რომ კრემლი იტყუებოდა, როცა ყირიმში რუსი სამხედროების არყოფნაზე საუბრობდა. და მიუხედავად ამისა, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა ამ ტყუილს. ისინი ამას სიძლიერის ნიშნად აღიქვამდნენ. ამავე გამოკითხვებით მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნორმალურად მიიჩნევდა მედიის მიერ ინფორმაციის დამახინჯებას თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა.
ამერიკისგან ძლევამოსილი და სასტიკი მტრის შექმნა რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას კეთილშობილად აგრძნობინებს თავს, რადგან მტრის ძლევამოსილება, მათ პერსონალურ სისუსტეს აკომპენსირებს. ასეთი ხედვა მათ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
ამ ფონზე რუსეთი აგრესიისა და სიძულვილის ზედოზირების რისკის ზონაში შევიდა - ნაციონალური ეიფორიისა და აღტკინებას ტელევიზორივით ვერ გამორთავ, ეს უბრალოდ შეუძლებელია. პუტინმა რუსეთი აგრესიისა და მილიტარიზმის ციკლში შეიყვანა და ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ერთ ომს მეორე მოყვა.
2014 წლის მიჯნაზე რუსული პროპაგანდა სამუდამოდ შეიცვალა და მისი არსებობის მთავარი მიზეზი და მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება გახდა.
ამ სასტიკი სერიალის დასრულება შეუძლებელი გახადა რუსეთის შიდა პრობლემებმა, კორუფციამ და არაეფექტურობამ. რეალობასა და ქვეყნის წარმოსახვით გამარჯვებებს შორის მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა. პუტინის საზოგადოებრივი მხარდაჭერა ძირითადად 2 ბოძზე იდგა - რუსეთის ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი, რომელიც უმთავრესად აშშ-სთან კონფრონტაციის პრიზმაში იზომება.
მოსახლეობის კლებადი შემოსავლებისა და ცხოვრების დონის გაუარესების ფონზე, სასტიკი საომარი სერიალის გამორთვა პუტინის ძალაუფლებისთვის საშიში იყო. უკრაინაში მიმდინარ ომი წლების განმავლობაში საზოგადოების მთავარი გამაღიზიანებლის ფუნქციას ასრულებდა.
ამ ფონზე უკრაინაში გენოციდური ომის წამოწყება ვლადიმირ პუტინისთვის მოვლენათა ბუნებრივი განვითარების სცენარს წარმოადგენდა.
2015 წელს ანტი-უკრაინული ისტერიის ფონზე, გაზეთ კომერსანტის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ იაკოვლევმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებდა შეეწყვიტა სიძულვილის გაღვივება და რეპრესიები ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.
"ჩვენი პროპაგანდის მტკიცების მიუხედავად, რომ ევროპა და ამერიკა სოციალური კატასტროფის წინაშე დგანან, სინამდვილეში სოციალური კატასტროფის წინაშე ჩვენ ვდგავართ. ეს პროპაგანდა და საინფორმაციო ომი პირველ რიგში ჩვენ გვანადგურებს."
P.S.
კონსტანტინ ერნსტს ამ დრომდე არც ერთი მხატვრული ფილმი არ გადაუღია.
გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი:
The Kremlin’s Creative Director - Joshua Yaffa
Интеллигентный пропагандист: история успеха Константина Эрнста - Republic.ru
The Invention of Russia: The Rise of Putin and the Age of Fake News - Arkady Ostrovsky