ენდი ბერნჰემი გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის შემდეგ, იგი მეშვიდე პოლიტიკოსი იქნება, ვინც ეს პოსტი დაიკავა.
კირ სტარმერის უფერული მმართველობის ფონზე, ენდი ბერნჰემზე, როგორც ანგარიშგასაწევ მეტოქეზე, საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ეს პერსპექტივა კი განსაკუთრებით რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც მეიკერფილდის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა.
საპარლამენტო მანდატის მოპოვებით, მას გზა გაეხსნა ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისკენ, რის შემდეგაც კირ სტარმერს სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა უხასიათოდ გაკეთებული განცხადებისა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
გამარჯვების შემდეგ, სახალისო ფაქტი მოხდა პარლამენტში: სადეპუტატო ფიცის დადების წინ, ერთ-ერთმა დეპუტატმა დარბაზისკენ მომავალი ენდი ბერნჰემი შენიშნა და დაიყვირა, რომ „ის არ არის მესია“, რაზეც დამსწრე საზოგადოებას, ბერნჰემის ჩათვლით, გულიანად გაეცინა.
ბერნჰემი ნამდვილად არ არის მესია, მაგრამ 10-წლიანი განშორების შემდეგ, იგი ინგლისის ჩრდილოეთიდან ლონდონში დაბრუნდა: გამოწვევებით სავსე ქალაქში, რომელიც მისთვის ძალიან ნაცნობი, მაგრამ ნაკლებად საყვარელია.
როგორც თავად ამბობს, ეს არის ბოლო შანსი, რათა მისმა თაობის პოლიტიკოსებმა ქვეყანა და პოლიტიკური ინსტიტუტების რეპუტაცია გადაარჩინონ.
დასაწყისი: ლივერპული, ტეტჩერი და პოლიტიკური გამორკვევა
ბრიტანული პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუკი ვსაუბრობთ ლივერპულის მიდამოებში მცხოვრებ კათოლიკურ ოჯახზე, რომელსაც ირლანდიური ძირი აქვს, ავტომატურად უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქმე ლეიბორისტების მხარდამჭერებთან გვაქვს.
ენდი ბერნჰემს ამ კუთხით სიურპრიზი არ შემოუთავაზებია: იგი ლეიბორისტული პარტიის წევრი 15 წლის ასაკში გახდა.
ამ პერიოდის ბრიტანულ პოლიტიკაში მთავარი ფიგურა მარგარეტ ტეჩერია, შესაბამისად, პრივატიზაციის, დერეგულაციისა და დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკები აქტიურ ფაზაშია. ჩრდილოეთ ინგლისის სამრეწველო ქალაქები — მაღაროები, პორტები, ქარხნები — ამ პოლიტიკის მთავარი მსხვერპლნი არიან. ეპოქა, რომელშიც საბაზრო ეკონომიკა რელიგიური რწმენის თანაზომიერ დოგმად არის ქცეული, ახალგაზრდა ბერნჰემისთვის ნეგატივის მეტს არაფერს წარმოადგენს.
შეიძლება ითქვას, რომ ბერნჰემის პოლიტიკურ სინტაქსზე ამ პერიოდს დღემდე დიდი გავლენა აქვს. იგი ტეტჩერის ეპოქის დეინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსია, რასაც დღემდე ხშირად იმეორებს.
პოლიტიკისადმი ინტერესის გარდა, მისი თანამედროვეები ამბობენ, რომ ბერნჰემი გატაცებული იყო ინგლისური ლიტერატურით, რაც პრაქტიკაშიც პირდაპირ აისახა: კემბრიჯში სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა.
განათლების მიღების გარდა, უნივერსიტეტს ერთი უხილავი მნიშვნელობაც ჰქონდა მისთვის: იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი, მისგან განსხვავებით, მაღალი სოციალური სტატუსის ოჯახებიდან მოდიოდა, კემბრიჯმა მისი კლასობრივი თვითაღქმა კიდევ უფრო მკაფიო გახადა.
„იცით, როგორი სტუდენტი იყო ენდი? წლების შემდეგ მისი წარმატება, რომ არავის გაუკვირდებოდა, რადგანაც უნივერსიტეტის დროიდან ეტყობოდა, რომ იგი დიდ საქმეებს შეეჭიდებოდა“, — ამბობს მისი ყოფილი ჯგუფელი.
მან ისიც აღნიშნა, რომ ბერნემი ხშირად დადიოდა „ევერტონის“ მაისურით, რაც უნივერსიტეტში იშვიათობას წარმოადგენდა, რადგანაც საფეხბურთო მაისურებით მათი თაობის კემბრიჯელი სტუდენტები ძალიან იშვიათად იმოსებოდნენ.
ენდი ბერნემი კემბრიჯში, მომავალ მეუღლესთან ერტად
ენდი ბერნჰემის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკის გარდა, თუკი რამით არის გატაცებული, ეს სწორედ ფეხბურთია — „ევერტონის“ თავგადაკლული გულშემატკივარი თავადაც ხშირად ბურთაობს ხოლმე.
თუმცა ფეხბურთს მხოლოდ სპორტული მნიშვნელობა მისთვის არასდროს ჰქონია. მეტიც, რომ არა ერთი საფეხბურთო შემთხვევა, შესაძლოა, იგი პოლიტიკაში არც არასდროს გვენახა.
ჰილსბოროს ტრაგედია: პოლიტიკური გამოღვიძებსი წამი
1989 წლის 15 აპრილს, „ლივერპულსა“ და „ნოტინგემ ფორესტს“ შორის ინგლისის ასოციაციის თასისნახევარფინალური მატჩი შეფილდში, „ჰილსბოროს“ სტადიონზე უნდა გამართულიყო.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დაპირისპირებაზე დღეს ვინმეს ესაუბრა, რომ არა ტრაგედია, რომელსაც 97 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო თავად ამ ტრაგედიის ექო ბრიტანულ პოლიტიკას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გაჰყვა.
და მაინც, რა მოხდა ჰილსბოროს სტადიონზე?
საფეხბურთო მატჩის წინ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ორი დაპირისპირებული გუნდის გულშემატკივრები სტადიონის სხვადასხვა მხარეს უნდა განთავსებულიყვნენ. ეს ნაცადი სტრატეგიაა ფეხბურთში, განსაკუთრებით ეპოქაში, როდესაც საფეხბურთო „ხულიგანიზმი" უმაღლეს ნიშნულზე იყო ასული.
(აქვე ხაზგასასმელია, რომ საუბარია ფეხზე დასადგომ სექტორებზე, რაც თანამედროვე ფეხბურთში ფაქტობრივად აღარ გვხვდება — მათ შორის სწორედ ჰილსბოროს გამო.)
მოხდა ისე, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივრების დიდი ნაწილი სტადიონზე ერთდროულად მივიდა. თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი ცხადი გახდა, რომ ჭყლეტა გარდაუვალი იქნებოდა, რაც უსათუოდ გამოიწვევდა ადამიანების მძიმედ დაშავებას.
ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, გამოუცდელმა პასუხისმგებელმა პირებმა სტადიონის A, B და C კარიბჭეების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ხალხი სტადიონზე სწრაფად შესულიყო — გადაწყვეტილება,რომელიც გამართლებული ნამდვილად არ აღმოჩნდა.
ფეხზე დასადგომი სექტორი (რასაც გალიებსაც ეძახდნენ) ჰილსბოროს სტადიონზე. ჭყლეტვას ბევრმა ვერ გაუძლო.
C კარიბჭიდან შესული ხალხი სტადიონის იმ ნაწილში მოხვდა, სადაც გულშემატკივრებისრაოდენობა დასაშვებს უკვე ორჯერ აღემატებოდა. ისედაც სავსე სექტორს უკნიდან ხალხის დიდინაკადი მიაწვა, რის გამოც საშინელი ჭყლეტა დაიწყო.
თავის საშველად ხალხმა ღობეებზე გადასვლა და ზედა იარუსებზე აძრომა დაიწყო, თუმცა ყველამ ვერ მოახერხა, რის გამოც ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 800-მდე გულშემატკივარი დაშავდა.
დაღუპულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 10 წლის ჯონ-პოლ გილჰული იყო — „ლივერპულის“ მომავალი ლეგენდარული კაპიტნის, სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი.
თუმცა ეს ისტორია აქ არ სრულდება და სწორედ ამიტომაც ეძახის „ჰილსბოროს ტრაგედიას“ ენდი ბერნემი პოლიტიკური გამოღვიძების მომენტს. იმ დღეს, მისი ოჯახის წევრებთან ერთად „ევერტონის“ მატჩზე იმყოფებოდა და სტადიონზე მოკრა ინფორმაციას ყური დატრიალებული საშინელების შესახებ.
ჰილსბოროს ტრაგედია ჩემთვის პირადი და პოლიტიკური საკითხია. ეს ეხება იმას, თუ ვინ ვარ მე,საიდან მოვდივარ და ვინ მიყვარს" - განაცხადა მოგვიანებით ენდი ბერნემა.
ტრაგედიის დადასტურების შემდეგ, თანაქალაქელების მსგავსად, მისთვის მთავარ პრობლემას ის რეაქცია წარმოადგენდა, რომელიც ხელისუფლებისგან და მედიის ნაწილისგან მოდიოდა: საფეხბურთო „გალიებში“ შეყრილი მუშათა კლასის წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომში სახელმწიფომ ტრაგედიაში დაადანაშაულა და ამით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სცადა.
სწორედ ამ მომენტს დაერქვა მოგვიანებით „მეორე ტრაგედია“: პოლიციამ მომხდარში „ლივერპულის“ „მთვრალი“და „უბილეთო“ გულშემატკივრები დაადანაშაულა, რის შემდეგაც 100-ზე მეტი ოფიცრის ჩვენება სურვილისამებრ ჩასწორდა, ხოლო ყველაფერს „უბედური შემთხვევა“ ეწოდა.
მეტიც, გაზეთმა The Sun-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც „სიმართლე“ (The Truth) დაარქვა და რომელიც სრულად იყო გაჟღენთილი პოლიციის ყალბი ვერსიით. ფაქტობრივად გამეორებული იყო ვერსია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო და ორგანიზატორები არაფერ შუაში იყვნენ.
სტატიაში ისიც კი ეწერა, რომ„ლივერპულის“ გულშემატკივრები პოლიციელებსა და მაშველებს ურტყამდნენ, ხოლო დაშავებულებს ძარცვავდნენ. ამის გამო ლივერპულში The Sun ფაქტობრივად დღემდე ბოიკოტირებულია.
ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ ამ ნომრის გამოცემით, The Sun-მა, წლების განმავლობაში, რეპუტაციასთან ერთად, რამდენიმე ათეული მილიონი ფუნტი დაკარგა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ მოგვიანებით, გაზეთის იმდროინდელმა რედაქტორმა - კელვინ მაკკენზიმ ბოდიში მოიხადა და ყველაფერი ერთ-ერთი კონსერვატორი დეპუტატს არასწორ ინფორმაციას დააბრალა.
The Sun-ის ტყუილებით სავსე პუბლიკაცია ტრაგედიაზე
სახელმწიფოსა და პრესის ნაწილის კოორდინირებული ტყუილი, რომელსაც სისტემა ათწლეულების მანძილზე იცავდა, ენდი ბერნემისთვის არა ცალკეული ტრაგედია, არამედ კლასობრივი უსამართლობის სიმბოლო გახდა.
ეს ტრაგედია მისთვის აქ არ სრულდება. 20 წლის შემდეგ, უკვე მინისტრის პოსტზე, ტრაგედიის დღე კვლავაც გახდება მისთვის, როგორც პიროვნებისთვის და პოლიტიკოსისთვის, გარდამტეხი მომენტი.
პოლიტიკა: პირველი ნაბიჯები
ლეიბორისტების ახალი ლიდერის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას „დიდი პოლიტიკის“ გამოცდილება არ აქვს. ბევრმა მისი სახელი და გვარი ქვეყნის გარეთ არ იცის, მათ შორის დონალდ ტრამპმა, რომლისთვისაც იგი „რომელიღაც ქალაქის მერი“ და რადიკალი ლიბერალია.
ამის საპასუხოდ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საუბარი გვაქვს ადამიანზე, რომელმაც პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გაერთიანებულ სამეფოში ტონი ბლერის მზეს იფიცებდნენ.
სავაჭრო ჟურნალსა და ფეხბურთის სამთავრობო სამუშაო ჯგუფში (აქაც ჰილსბოროს კვალია — ჯგუფი სწორედ სტადიონების უსაფრთხოებას იკვლევდა) ადმინისტრატორად მუშაობის შემდეგ, ენდი ბერნჰემი 2001 წელს დეპუტატი გახდა.
ფორვარდად თამაში და გოლების გატანა ბერნემისთვის უცხო არაა
მან ჩრდილოელი მაღაროელებისა და მუშათა კლასის გული ლის ოლქში მოიგო და მათი წარმომადგენელი გახდა — ოლქისა, რომელიც სიმბოლურად სწორედ იმ მეიკერფილდის მეზობლადაა, საიდანაც იგი 2026 წელს პარლამენტში დაბრუნდება.
პოლიტიკური კარიერის საწყის წლებში იგი კლასიკურ „ბლერისტად“ შეგვიძლია მივიჩნიოთ: იკავებდა უმცროსი მინისტრის პოზიციებს და ნაკლებად უჩანდა იმის პირი, რომ მოგვიანებით „ისტებლიშმენტის“ წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსი გახდებოდა.
2003 წელს მან მხარი დაუჭირა ერაყის ომში მონაწილეობას, რასაც ოპონენტები დღემდე ხშირად ახსენებენ, ხოლო თავად ბერნჰემი ამ პოზიციას შეცდომად მიიჩნევს.
თუმცა მისი პოლიტიკური „ნათლია“, ალბათ, სერ ტონი ბლერის შემდგომი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრი, გორდონ ბრაუნია, რომელმაც ახალგაზრდა ბერნემში ნიჭიერი პოლიტიკოსი დაინახა და კაბინეტის სრულფასოვან წევრად აქცია.
2007 წელს იგი ხაზინის მთავარი მდივანი გახდა, რაც არაოფიციალურად ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას უტოლდება ხარჯვით პოლიტიკაში.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: 2008 წლის იანვარში იგი სპორტის, კულტურისა და მედიის მინისტრი ხდება, რაც მინისტრთა კაბინეტის სრულფასოვან წევრობასთან ერთად, კიდევ ერთხელ ნიშნავს ჰილსბოროსთან პირდაპირ შეხებას.
„ენფილდის“ მომენტი: პოლიტიკური შეჯანჯღარება
სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 2009 წლის 15 აპრილი — ტრაგედიიდან 20 წლის თავზე „ენფილდზე“ გამართული ღონისძიება, სადაც იგი, როგორც მინისტრი, სიტყვით გამოვიდა ათიათასობით გულშემატკივრის პირისპირ. მათ სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს და ერთხმადსკანდირებდნენ: „Justice for the 96“ — სამართლიანობა 96-ისთვის.
ეს არ იყო ენდი ბერნჰემის წინააღმდეგ მიმართული მტრობა. ეს იყო უნდობლობა მთავრობისა და სახელმწიფო სისტემის მიმართ, რომელსაც იმ მომენტში ტრიბუნაზე მდგომი ბერნჰემი განასახიერებდა.
ამ მომენტმა იმდენად მძლავრად იმოქმედა მასზე, რომ ლონდონში დაბრუნებულმა გორდონ ბრაუნის მთავრობა ფაქტობრივად აიძულა, ყველა სახელმწიფო დოკუმენტი გაესაჯაროებინა.
ეს იყო მომენტი, როდესაც გავაცნობიერე: რაღაც მართლაც უნდა გამეკეთებინა, ან პოლიტიკიდან წავსულიყავი.“ - განაცხადა ბერნემა, წლების შემდეგ ამ მომენტის გახსენებისას.
ბრაუნის მთავრობა დათანხმდა ბერნჰემის ინიციატივას და დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც 450 ათასი დოკუმენტი შეისწავლა.
2012 წელს გამოქვეყნებულმა დასკვნამ დაადასტურა ის, რაც ლივერპულელებმა ისედაც იცოდნენ: გულშემატკივრების ბრალეულობა აბსურდი და მანიპულაცია იყო, პოლიციელებმა ჩვენებები მართლაც გააყალბეს, ხოლო სისტემების გამართულად მუშაობის შემთხვევაში 41 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.
გაუქმდა ყველა ვერდიქტი, რომელიც მანამდე იყო გამოტანილი, ხოლო ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კონსერვატორმა დევიდ კემერონმა, პარლამენტის ტრიბუნიდან საჯარო ბოდიში მოიხადა.
მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ, კირ სტარმერის პრემიერობის ბოლო დღეებში, პარლამენტმა დაამტკიცა „ჰილსბოროს კანონi“, რომელიც საჯარო მოხელეებს კრიზისის დროს გულწრფელობის სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს.
კანონპროექტის მთავარი ლობისტი წლების განმავლობაში სწორედ ენდი ბერნემი იყო.
ბრაუნის კაბინეტის მინისტრი
სპორტის, მედიისა და კულტურის მინისტრის პოსტზე მან უფასო ცურვის პროგრამა შემოიღო ახალგაზრდებისა და პენსიონერებისთვის, დააფუძნა „გაერთიანებული სამეფოს კულტურის ქალაქის“ პროგრამა (ევროპის კულტურის დედაქალაქის ანალოგი) და აქტიურობდა მედია რეგულაციების კუთხით, რის გამოც ხშირად აკრიტიკებდნენ.
ლეიბორისტების ოპოზიციაში გადასვლამდე იგი ჯანდაცვის მინისტრის პოსტსაც იკავებდა, სადაც ბლერისტული ფლანგისგან განმასხვავებელი მემარცხენე ინიციატივები ჰქონდა. ასეთი იყო კერძო მომწოდებლებთან შედარებით NHS-ის [ჯანდაცვის ეროვნული სამსახური] უპირატეს პირობებში ჩაყენება.

ენდი ბერნემი „ენფილდზე", ტრაგედიიდან 20 წელი.

ლივერპულელები სამართლის გაგებას ითხოვდნენ
მოგვიანებით, როდესაც ენდი ბერნჰემი მანჩესტერში გადავა, იტყვის, რომ მას სძულდა ლონდონში, ვესტმინსტერის (ბრიტანეთის პარლამენტი - რედ.) ბუშტში გატარებული პერიოდი:
რაც უფრო დიდხანს ხარ იქ, მით უფრო საზიანო ხდები საზოგადოებისთვის. ხმას აძლევ გადაწყვეტილებებს, რომელთაც სანახევროდ თუ იჯერებ. შენ უბრალოდ კარგავ საკუთარ თავს.“
ამ სიტყვების მიუხედავად, ენდი ბერნჰემი ორჯერ შეეცდება ოპოზიციაში მყოფი ლეიბორისტული პარტიის ლიდერობას, თუმცა ორივეჯერ დამარცხდება: 2010 წელს — ედ მილიბენდთან, ხოლო 2015 წელს — ჯერემი კორბინთან (რომელიც, ისტორიის ირონიით, წლების შემდეგ საკუთარი პარტიიდან აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გარიცხა).
2015 წლის კამპანია განსაკუთრებით სიმპტომური იყო: ბერნჰემი ფავორიტად შევიდა და მესამე ადგილზე გავიდა. ანალიტიკოსები დღემდე ამბობენ, რომ იგი ორ სკამზე ჯდომას ცდილობდა — არც ბლერისტების გაღიზიანება სურდა და არც მემარცხენე ფრთის დაკარგვა — და საბოლოოდ ორივე გამოეცალა. ეს გაკვეთილი მან კარგად დაიმახსოვრა: ავთენტურობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკური კალკულაცია.
სწორედ ამ მომენტში ბერნემი ხვდება, რომ ჩანთის ჩალაგებისა და ლონდონის დატოვების დრო მოვიდა. პოსტბრექსიტული ბრიტანეთის დეცენტრალიზაციის ტალღა — ე.წ. „დევოლუციის“ (Devolution) პროცესი და ახლად შექმნილი „მეტრო-მერების" ინსტიტუტი — ამისთვის იდეალური საშუალება იყო.
ბრექსიტის შემდეგ ლონდონში გაჩნდა აზრი, რომ ევროკავშირის ფონდების დაკარგვა და რეგიონული უთანასწორობის შემცირება ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებით უნდა ანაზღაურებულიყო. ამიტომ ცენტრალურმა მთავრობებმა (ჯერ კონსერვატორებმა, შემდეგ ლეიბორისტებმა) დეცენტრალიზაცია კიდევ უფრო გააფართოეს.
შედეგად, შეიქმნა და იქმნება ახალი რეგიონული მერების პოზიციები. ეს მერები აღარ არიან მხოლოდ ქალაქების მერები – ისინი ხელმძღვანელობენ რამდენიმე მუნიციპალიტეტისგან შემდგარ რეგიონებს (Combined Authority) და მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები აქვთ.
პირადი წარუმატებლობისა და ქაოსური პოლიტიკური გარემოს ფონზე, ლონდონიდან ჩრდილოეთით მიმავალი მატარებელი ლივერპულამდე ცოტა ადრე, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში - მანჩესტერში ჩერდება, სადაც ენდი ბერნემის პოლიტიკური აღმავლობის ხანა იწყება.
მანჩესტერი: პოლიტიკური რეინკარნაცია
2017 წლის მაისში ენდი ბერნჰემი დიდი მანჩესტერის მერად ხმების 63%-ით აირჩიეს. ვესტმინსტერიდან წამოსული პოლიტიკოსისთვის ეს შეიძლებოდა კარიერულ ჩიხად აღქმულიყო — ბერნჰემმა კი ეს პოსტი ბრიტანული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ხილვად პლატფორმად აქცია.
არჩევიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას უმძიმესი გამოცდა ელოდა: მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტის დასასრულს, თვითმკვლელმა ტერორისტმა 22 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობა ბავშვი და მოზარდი იყო. ბერნჰემის რეაქციამ — თავშეკავებულმა, გამაერთიანებელმა, ისტერიკის გარეშე — ქალაქი გააერთიანა და მას ეროვნული მასშტაბის ავტორიტეტი შესძინა.
მერობის წლებში მან ის გააკეთა, რასაც ვესტმინსტერში ვერასდროს ახერხებდა — კონკრეტული, ხელშესახები პოლიტიკა:
- უსახლკარობა: პროგრამა „A Bed Every Night“ („საწოლი ყოველ ღამეს“) შექმნა, რომელმაც ქუჩაში მძინარეთა რაოდენობა თვალსაჩინოდ შეამცირა, ხოლო საკუთარი ხელფასის 15%-ს უსახლკაროთა ფონდში რიცხავდა.
- ტრანსპორტი: 2023 წელს ამოქმედა „Bee Network" - 1986 წლის დერეგულაციის შემდეგ პირველი შემთხვევა ლონდონის ფარგლებს გარეთ, როდესაც ქალაქმა ავტობუსების ქსელზე საჯარო კონტროლი დაიბრუნა: ერთიანი ყვითელი ბრენდი, დაწეული ტარიფები, ინტეგრირებული სისტემა. ბერნჰემისთვის ეს იდეოლოგიური განაცხადიც იყო — პასუხი ტეჩერის ეპოქის პრივატიზაციაზე.
- ეკონომიკა: ზოგადი ფინანსური პრობლემებისა და გამოწვევების ფონზე, მანჩესტერი ლონდონის შემდეგ ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდა. მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მეტი ფინანსური ავტონომია, უმუშევრობის შემცირება - ეს რეგიონი, ხშირადაა მიჩნეული, როგორც ფინანსური დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი.
2020 წელი: მომენტი, როდესაც „ჩრდილოეთის მეფე" დაიბადა
მომენტი, რომელმაც ბერნჰემი ეროვნულ ფიგურად აქცია, პანდემიის დროს დადგა. 2020 წლის ოქტომბერში ბორის ჯონსონის მთავრობამ დიდი მანჩესტერისთვის ყველაზე მკაცრი, მესამე დონის შეზღუდვების შემოღება გადაწყვიტა — თუმცა რეგიონისთვის ადეკვატური ფინანსური კომპენსაციის გარეშე.
ბერნჰემი მთავრობას ღიად დაუპირისპირდა: იგი დაბალანაზღაურებადი მუშაკებისთვის დამატებით 65 მილიონ ფუნტს ითხოვდა. მოლაპარაკებები ჩაიშალა, ხოლო ის კადრი, სადაც ბერნჰემი პრესკონფერენციის მსვლელობისას, პირდაპირ ეთერში, ტელეფონიდან იგებს მთავრობის საბოლოო, შემცირებულ, შეთავაზებას, ბრიტანული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელსცენად იქცა.
პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ბერნემი ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას ეცნობა
ფორმალურად, ბერნემმა ეს ბრძოლა წააგო: მთავრობამ შეზღუდვები ცალმხრივად შემოიღო. პოლიტიკურად კი — მოიგო.
სწორედ მაშინ დაერქვა მას „ჩრდილოეთის მეფე“ (King of the North), სერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან“ ნასესხები ტიტული, რომელიც თავიდან ირონიული იყო, ხოლო სულ მალე სრულიად სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი გახდა. ბერნჰემი გახდა ხმა იმ ინგლისისა, რომელიც ლონდონს ათწლეულებია უგულებელყოფილად გრძნობს თავს.
ამ კაპიტალის საზომი ციფრებია: 2021 წელს იგი მერად ხმების 67%-ით აირჩიეს, 2024 წელს კი — მესამე ვადით დარჩა თანამდებობაზე, მაშინ, როცა ლეიბორისტების საერთო ეროვნული რეიტინგი უკვე კლებას იწყებდა. თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებას მოყვა დეპუტატის მანდატის მოპოვება და ნაიჯელ ფარაჯის პოპულისტური პარტიის დამარცხება, რამაც პრემიერ-მინისტრობისკენ გზა გაუკაფა.
ლონდონში დაბრუნება და სტარმერის დაისი
კირ სტარმერის 2024 წლის საარჩევნო ტრიუმფი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორც ამას ლეიბორისტები ისურვებდნენ: უზარმაზარი საპარლამენტო უმრავლესობის მიუხედავად, რეიტინგმა კლება მალევე დაიწყო, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებები უკმაყოფილებას ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლებს შორისაც იწვევდა.
ეს იმ ფონზე, როდესაც მემარჯვენე-პოპულისტი ნაიჯელ ფარაჯის Reform UK გამოკითხვებში პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო მწვანეთა პარტიამ — ასევე პოპულისტი ზაკ პოლანსკის ლიდერობით, ლეიბორისტებიდან ბევრი ამომრჩეველი გადაიყვანა.
ბერნჰემი ამ ფონზე დისციპლინირებულად, მაგრამ ხმამაღლა საუბრობდა: ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე, ლეიბორისტების კონფერენციის წინ, იგი აცხადებდა, რომ ბრიტანეთს „ძირეული ცვლილება“ სჭირდება და რომ კურსის შეუცვლელობა ფარაჯს დაუნინგ-სტრიტის კარს გაუღებს.
მისი ალტერნატიული ხედვა უკვე მაშინ იკვეთებოდა: ძვირადღირებულ საცხოვრებელზე გაზრდილი გადასახადი, მასშტაბური მუნიციპალური მშენებლობები, საშემოსავლო გადასახადის შემცირება დაბალი შემოსავალის მქონე მოქალაქეებისთვის და გაზრდილი საგადასახადო ტვირთი ყველაზე მდიდარი მოსახლეობისთვის.

ჩაცმის სტილი ბერნემის პოლიტიკური რენომეს ნაწილია

ჰალსტუხისა და პიჯაკის გარეშე - ხალხთან სიახლოვის კიდევ ერთი უხილავი სიმბოლოა
2026 წლის იანვარში, როდესაც მეიკერფილდის მანდატი გათავისუფლდა, ბერნემმა პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო — წერილში, რომელიც პარტიის ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა, იგი ჰპირდებოდა, რომ სტარმერის მთავრობის მუშაობას „მხარს დაუჭერდა და არ შეარყევდა“. ვესტმინსტერში ამ დაპირების ცოტას თუ სჯეროდა — და, როგორც აღმოჩნდა, სამართლიანადაც.
მაისის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტების მძიმე მარცხმა პროცესი შეუქცევადი გახადა. სტარმერი გადადგა, ხოლო ლიდერობის კონკურსში ბერნჰემი — მესამე მცდელობაზე, 16 წლის ლოდინის შემდეგ — საბოლოოდ გაიმარჯვა.
რას ამბობს ახალი პრემიერ-მინისტრი?
17 ივლისს, ლონდონში, პროფკავშირების კონგრესის შენობაში გამართულ საგანგებო პარტიულ კონფერენციაზე ბერნჰემმა ლიდერობა ოფიციალურად ჩაიბარა — და პირველივე გამოსვლა სიმბოლურად სწორედ იქიდან დაიწყო, საიდანაც მისი პოლიტიკური ბიოგრაფია: ტეჩერის ეპოქიდან.
ამ ქვეყანაში მშრომელთა კლასის საკითხებზე არ მუშაობენ“, — განაცხადა მან და 1980-იანი წლების დეინდუსტრიალიზაცია და პრივატიზაცია ბრიტანეთის დღევანდელი კრიზისის ფესვებად დაასახელა.
ბერნემა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკა კრიტიკულ წერტილშია მისული და ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც საზოგადოების ნდობის დაბრუნება და სიტუაციის შემოტრიალებაა შესაძლებელი. იგი დიდი ხანია, რაც გამაერთიანებელი მესიჯებით გამოდის და არც ეს შეხვედრა ყოფილა განსხვავებული.
მისი თქმით, საჭიროა ხალხზე ორიენტირებული ახალი პოლიტიკა, რომლის განხორციელებასაც პრემიერის მანდატიდან აპირებს, რაც საფუძველი გახდა ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე-პოპულისტური მოძრაობის დასამარცხებლად.
„გაერთიანებული ლეიბორისტული პარტია და ლეიბორისტული მოძრაობა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო იმედია“, — დასძინა მან, რაც სტარმერის ეპოქის შიდაპარტიულ ფრაქციულ ომებზე გამჭვირვალემინიშნება იყო.
ბერნემის გუნდი უკვე აცხადებს, რომ დაუნინგ-სტრიტის დახურული, „ბიჭების კლუბის“ კულტურა უნდა შეიცვალოს — ფრაზა, რომელიც პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლუსი პაუელს ეკუთვნის.
რას უნდა ველოდოთ შიდა პოლიტიკაში?
თუკი ბერნემის პოლიტიკას ერთი სიტყვით აღვწერთ, ეს დეცენტრალიზაციაა. მის მიერ დასმული დიაგნოზი წლებია უცვლელია: ბრიტანეთი ანომალიურად ცენტრალიზებული ქვეყანაა, სადაც ფული და ძალაუფლება ლონდონშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი ქვეყანა დეინდუსტრიალიზაციასა და სტაგნაციაშია მიტოვებული.
მისი პასუხი, რასაც თავად „უაითჰოლიდან ძალაუფლების გადაცემას“ უწოდებს თაობების განმავლობაში, რეგიონებისთვის ტრანსპორტის, საბინაო პოლიტიკისა და ზრდასრულთა განათლების კონტროლის გადაცემაა.
ეკონომიკური დღის წესრიგის კონტურებიც უკვე ცნობილია: წყლის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მეტი საჯარო კონტროლი, მუნიციპალური საცხოვრებლის მასშტაბური მშენებლობა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ხანდაზმულთა მოვლის საყოველთაო სისტემა — იმ იდეის რეინკარნაცია, რომელსაც კონსერვატორებმა 2010 წელს „სიკვდილის გადასახადი“ დაარქვეს.
გადასახადების ნაწილში ორიენტირები 2025 წლის ინტერვიუებიდანვე იკვეთება: გაზრდილი გადასახადი ლონდონისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ძვირადღირებულ საცხოვრებელზე, შემცირებული საშემოსავლო დაბალ შემოსავლიანებისთვის.
მთავარი გამოცდა კი ის იქნება, რამაც სტარმერი წააქცია: როგორ შეძლებს ბიუჯეტის დაბალანსებას ისე, რომ პარტიის შედარებით იდეოლოგიზირებული ნაწილი არ აჯანყდეს, ასევე, სოციალური დახმარებების რეფორმა, რამაც კირ სტარმერი საბოლოოდ წააქცია. ფინანსური პრობლემების ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს სამხედრო ხარჯები, რომელიც ყველა კალკულაციით მნიშვნელოვნად გასაზრდელია, თუმცა რის ხარჯზე უნდა მოხდეს ეს, ჯერჯერობით უცნობია.
"მე მზად ვარ," - განაცხადა ბერნემა პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგზე, ფონად New Order-ის მუსიკის ფონზე
საგარეო პოლიტიკა - უწყვეტობა, ერთი გამონაკლისით
საერთაშორისო ასპარეზზე ბერნჰემი ნაკლებად ცნობილი ფიგურაა და მოლოდინიც შესაბამისია: ძირეულ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ანალიტიკოსების შეფასებით, იგი ძირითადად სტარმერის კურსს გააგრძელებს: მტკიცე მხარდაჭერა კიევისადმი და ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი დათბობა ბრექსიტის წლების სიმწარის შემდეგ.
თავდაცვის მიმართულებით ბერნჰემი უკვე დაფიქსირდა: ინვესტიციები ბრიტანულ თავდაცვით ინდუსტრიაში უცხოურ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და 2035 წლისთვისთავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3.5%-მდე გაზრდის ვალდებულების შენარჩუნება.
ერთადერთი მიმართულება, სადაც კურსის კორექცია მოსალოდნელია, ახლო აღმოსავლეთია: პარტიის მემარცხენე ფრთის მზარდი წნეხის ფონზე, რომელიც ღაზის ომით არის აღშფოთებული, ბერნჰემისგან ისრაელის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას ელიან.
და ბოლოს: ტრამპის ფაქტორი. ამერიკის პრეზიდენტისთვის ბერნჰემი ჯერჯერობით „რომელიღაც ქალაქის მერი“ და რადიკალი ლიბერალია. მისი და ტრამპის ურთიერთობა, სავარაუდოდ, ამ მთავრობის საგარეო პოლიტიკის ყველაზე არაპროგნოზირებადი ცვლადი იქნება — განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაშინგტონთან ურთიერთობა უკრაინის საკითხზეც და სავაჭრო პირობებზეც გადამწყვეტია.
------
ენდი ბერნჰემი დაუნინგ-სტრიტის ბინადარი გახდა მაშინ, როდესაც ბრიტანული პოლიტიკური სისტემა 2016 წლის შემდეგ ერთ წუთსაც არ დამშვიდებულა: Brexit-ის დაუსრულებელი ნეგატიური კვალი, ექვსი პრემიერი ათ წელიწადში, ინსტიტუტებისადმი ნდობის კლება და ჰორიზონტზე — ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც ამ ყველაფრის მთავარი ბენეფიციარია.
მისი ფსონი მარტივად ჟღერს, თუმცა რთული აღსასრულებელია: დაუბრუნოს ინსტიტუციურ პოლიტიკას ის, რასაც თავად „ემოციურ კავშირს“ უწოდებს — კავშირი იმ ქალაქებთან, სამეზობლოებთან და ტრიბუნებთან, სადაც თავად გაიზარდა.
დეპუტატი მართალი იყო: ბერნემი არ არის მესია. ის არის კაცი ლივერპულის გარეუბნიდან, რომელმაც 37 წლის წინ თავად დაინახა, როგორ ტყუის და ძალადობს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე — და მთელი კარიერა ამ ტყუილთან ბრძოლას მოანდომა.
ახლა, ეს სახელმწიფო თავად უნდა მართოს.
