გრძლად საკითხავი

17:03 | 02 ივნისი, 2026 — რუსეთი

მშვიდობა, პენსია და ეკონომიკური ზრდა: რა განაპირობებს ფაშინიანის პოპულარობას?

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნევადის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასისტენტ-პროფესორს, ნერსეს კოპალიანს ვესაუბრეთ. მისმა ორგანიზაციამ სომხეთში უკვე სამი საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა და კოპალიანმა სომხეთის მოქალაქეების განწყობაზე მისი დაკვირვებები გაგვიზიარა.

7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. რა სძენს ამ არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას?

სომხეთში არსებული ვითარება ძალიან საინტერესოა. მას აქვს როგორც შიდაპოლიტიკური, ისე გეოპოლიტიკური თუ რეგიონული განზომილება. 

შიდა დონეზე, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიული პოლიტიკური ფასეულობებისა და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ზოგად კონსოლიდაციას, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ კულტურა ნამდვილად შეიცვალა და მნიშვნელოვნად ამაღლდა 2021 წლის არჩევნებთან და უფრო ადრინდელ პერიოდთან შედარებით. 

ასევე ბოლო წლებში უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა იყო. სომხეთს ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკა აქვს, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, თუ რატომ სარგებლობს მოქმედი მთავრობა ასეთი დიდი მხარდაჭერით, რადგან მოქალაქეების უმეტესობა, რა თქმა უნდა, საკუთარი შემოსავლის მიხედვით წყვეტს ვის მისცეს ხმა.

მაგრამ, ცხადია, იმ რეგიონში ყოფნისას, სადაც ჩვენ ვართ, შიდა პოლიტიკასა და გეოპოლიტიკას შორის ზღვარი ყოველთვის ბუნდოვანია და სწორედ აქ შემოდის რუსეთის ფაქტორი. 

2022 წლიდან სომხეთმა დაიწყო ის, რაც ცნობილი გახდა “დასავლეთისკენ შემობრუნების” სახელით. ეს მიზნად ისახავდა რუსეთისგან მოწყვეტას, რუსეთისგან დისტანცირებას და დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე გადასვლას, რაც გულისხმობს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებას როგორც დასავლელ, ისე აღმოსავლელ პარტნიორებთან, თუმცა ორიენტაციის შეცვლის მიზანი რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაა. 

2021 წელს, 2020 წლის ყარაბაღის ომიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთი საკმაოდ დარწმუნებული იყო, რომ ფაშინიანის მთავრობა ვერ გადარჩებოდა. თუმცა, 2021 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დემოკრატია რეალურად ძალიან კარგად მუშაობს სამხედრო მარცხის შემდეგაც კი. 

ამიტომ, 2026 წლისთვის რუსეთმა გადაწყვიტა გეომეტრიული პროგრესიით გაეზარდა თავისი ჰიბრიდული და დივერსიული საქმიანობა. სწორედ ამიტომ არის 2026 წელი ასეთი ინტენსიური, ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფართომასშტაბიან ჩარევასა და დივერსიულ ოპერაციებს. 

სომხეთის შიდა პოლიტიკურ სტრუქტურა ასეთია - პოლიტიკური პარტიები დაყოფილია ორ ძირითად ბანაკად: 

პროდასავლური და დემოკრატიული ბანაკი, რომელშიც არის მოქმედი მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული პარტიების დიდი ნაწილი და პრორუსული ან ანტიდასავლური ბანაკი, რომელთა დაფინანსება და სტრატეგია ძირითადად კრემლიდან მოდის. 

შესაბამისად, ეს ბანაკი წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს სომხეთში, ხოლო დემოკრატიული ბანაკი პროდასავლურია საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ შიდა დონეზე ის ორიენტირებულია სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ კონსოლიდაციაზე. აი, ამ სახის კონფლიქტებს ვხედავთ. 

2026 წლის არჩევნები მიჩნეულია უკიდურესად მნიშვნელოვნად, რადგან ეს არჩევნები განსაზღვრავს, მოხდება თუ არა სომხეთის დასავლეთისკენ შემობრუნების და დემოკრატიის პროგრესის კონსოლიდაცია, თუ პირიქით, პრორუსული ფრაქციები გაიმარჯვებენ, რის შემდეგაც სომხეთი დაუბრუნდება რუსეთის ავტორიტარულ ორბიტას.

ახლა, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრის კვლევების უმეტესობა აჩვენებს, რომ მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკმაოდ მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, პრორუსული ოპოზიციის გამარჯვების ალბათობა ძალიან, ძალიან დაბალია. 

მიუხედავად ამისა, რადგან მსოფლიოს ამ ნაწილში, განსაკუთრებით ასეთ პოლარიზებულ გარემოში პოლიტიკა დიდწილად ნულოვანი ჯამის თამაშია, ლოგიკა შემდეგია: თუ ერთი მხარე აგებს, მეორე მხარის გამარჯვება მთლიანად ცვლის ქვეყნის ტრაექტორიას. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც არჩევნებში გამარჯვება ან მარცხი იწვევს შიდა პოლიტიკის ცვლილებებს კონკრეტულ საკითხებზე, ეს მთელი ტრაექტორიას ცვლის.

თქვენ ახსენეთ საზოგადოებრივი აზრის კვლევები და თითქმის ყველა გამოკითხვის მიხედვით, მმართველი პარტია პირველ ადგილზეა დიდი უპირატესობით. რა არის მათი პოპულარობის მთავარი მიზეზი?  

ეს ფაქტორების კომბინაციაა. როგორც აღნიშნეთ, მე წარმოვადგენ ერთ-ერთ ორგანიზაციას (EVN Report - რედ.), რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ატარებდა ინტენსიურ კვლევებს. გამოვაქვეყნეთ სამი გამოკითხვა და ყველა მათგანი აჩვენებს სამ ზოგად ტენდენციას. 

Armenian Election Study-ს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც EVN Report-მა აპრილში გამოაქვეყნა

პირველი: მშვიდობის ფაქტორი ნამდვილად თამაშობს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან როლს,  ეს არ არის მხოლოდ მშვიდობაზე საუბარი, არამედ ის ფაქტი, რომ ამ მთავრობის პოლიტიკამ პრაქტიკულად მოიტანა შეტაკებების დასრულება აზერბაიჯანთან სასაზღვრო ზონაში. გვაქვს დე ფაქტო მშვიდობა, არ არის მიღწეული დე იურე მშვიდობა, სამშვიდობო შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ არ მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი, აძლიერებს სამშვიდობო ნარატივს და ეს არის ძალიან, ძალიან პოპულარული საკითხი. 

სომხური საზოგადოება 35 წლის განმავლობაში მილიტარიზებული და ომის რეჟიმში იყო. ხოლო 2020 წლის ომისა და 2023 წლის “ეთნიკური წმენდის შემდეგ” (2023 წლის ომის შემდეგ მთიანი ყარაბაღი 100 ათასმა ეთნიკურად სომეხმა დატოვა - რედ.), ეს იყო საზოგადოება, რომელიც ომისგან დაღლილი იყო და ჰქონდა შიში, რომ კონფლიქტი კვლავ განახლდებოდა. ის ფაქტი, რომ ამჟამად საზოგადოებას აქვს შვების გრძნობა, რადგან ომის ალბათობა მაღალი არ არის და ეს აშკარად პოზიტიურად მოქმედებს მმართველ პარტიაზე.

მეორე: მნიშვნელოვანია სომხეთის ეკონომიკური ზრდა. ზოგადად, ჩვენ ამას ვხედავთ როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად დემოკრატიებში - ეკონომიკური ზრდა არჩევნების დროს ყოველთვის მმართველ პარტიას ეხმარება. თუ არის მშვიდობა, სტაბილურობა, ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოქალაქეები ნამდვილად დაუჭერენ მხარს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას.

მესამე ფაქტორი არის სოციალური პოლიტიკა. მაგალითად, მთავრობამ დაიწყო პენსიების გაზრდა, რაც ძალიან პოპულარული იყო, ასევე გაზარდა სოციალური ხარჯები, სომხეთმა აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვა. ეს ნაბიჯები აჩვენებს, რომ მთავრობა საზოგადოებაზე ზრუნავს, განსხვავებით წინა რეჟიმებისგან, რომლებიც კორუმპირებულები იყვნენ.

ამავდროულად, ამ საკითხებში მთავრობის შედარებით წარმატებული მუშაობის მიღმა, სომხეთის ოპოზიცია ძალიან ცუდი პოლიტიკური მოთამაშეა. მათი პოლიტიკა მოძველებულია და ისინი ასოცირდებიან წინა კორუმპირებულ რეჟიმთან, მათ განიხილავენ როგორც რუსეთის სატელიტებს, ხოლო რუსეთმა სრულად დაკარგა თავისი „რბილი ძალა“ და პოპულარობა სომხეთში. ასე რომ, სომხეთში პრორუსულ აქტორად ყოფნა დიდი მხარდაჭერის მომტანი ვერ იქნება.

მაშინ როდესაც მმართველი პარტია მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, პრორუსული ოპოზიციის რიტორიკის დიდი ნაწილი კონფლიქტის ენას შეიცავს, ასევე დაკარგული ტერიტორიების ხელახლა განხილვასა და საომარი მოქმედებების განახლებისკენ მინიშნებებს.

გარდა ამისა, სომხეთის ოპოზიციას აქვს ლიდერების კრიზისი. ამჟამად მთავარი ოპოზიციური პარტია (სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ - რედ.), თუ შეიძლება ამას პარტია ვუწოდოთ, რადგან ის მხოლოდ ორი თვის წინ შეიქმნა და არ არის რეალურად ინსტიტუციონალიზებული პარტია, გაურკვეველია ვინ არის მისი ლიდერი. ჩვენ ვიცით, მაგალითად, სიმბოლური ლიდერი, რომელიც არის კრემლთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქი (სამველ კარაპეტიანი - რედ.), მაგრამ ის სამართლებრივად არ არის უფლებამოსილი იყოს პრემიერ-მინისტრი. 

მას პარლამენტის წევრობაც კი არ შეუძლია, რადგან აქვს ორმაგი მოქალაქეობა, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციას. ასე რომ, ის უფრო პარტიის დამფინანსებელია, მაგრამ არ შეიძლება იყოს არჩეული ლიდერი. და მათ სიაში პირველი ნომერი არის ამ ოლიგარქის ძმისშვილი (ნარეკ კარაპეტიანი - რედ.). ეს საარჩევნო პროცესში დიდ დაბნეულობას იწვევს. პოლიტიკური წონის, ქარიზმისა და იდეების მქონე სერიოზული ლიდერის არარსებობა აზიანებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას.

პარტია "ძლიერი სომხეთის" ლიდერი ნარეკ კარაპეტიანი, ოლიგარქ სამველ კარაპეტიანის ძმის შვილი

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიას აქვს, არის ის, რომ მათ ვერ შეძლეს თავი დაეღწიათ იმ იარლიყებისთვის, რომლებსაც მმართველი პარტია თავიდანვე იყენებდა „ძლიერი სომხეთის“ წინააღმდეგ. პარტია ძალიან თავდაცვითი სტრატეგიით აწარმოებს კამპანიას, მათი გზავნილების უმეტესობა ნეგატიურია. ის ცდილობს იმ შიშზე კაპიტალიზებას, რომ აზერბაიჯანელები სომხეთის ოკუპაციას აპირებენ.

და რომ თითქოს მთავრობა აპირებს “სამასი ათასი აზერბაიჯანელის სომხეთში ჩამოსახლებას.”

დიახ და რომ ეს მთავრობა აპირებს ქვეყნის ტერიტორიების თურქებისთვის მიყიდვას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ეს ხშირია, მაგრამ ნეგატიური გზავნილები იშვიათად ზრდის ამომრჩეველს და სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს მათ ძალიან ძლიერი ამომრჩეველთა ბაზის შექმნა. 

რაც ამ ოპოზიციურმა პარტიამ, „ძლიერმა სომხეთმა“, შეძლო, არის ის, რომ მოახერხეს ფაშინაინის მოწინააღმდეგეთა ხმების მობილიზება, მაგრამ ეს ლიმიტირებული რაოდენობაა. მათ ვერ შეძლეს თავისი ბაზის გაზრდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხარჯზე. 

მეორე ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი (1998-2008 წლებში - რედ.) რობერტ ქოჩარიანი, რომელიც რუსეთის მარიონეტად მიიჩნევა. მას ასევე აქვს ავტორიტარიზმის, კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის მემკვიდრეობა და მისი კოალიცია კვლევებში მაღალი მხარდაჭერით ვერ სარგებლობს.

ასე რომ, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ ასე პოპულარული, პოლიტიკური ფაქტორების გარდა, არის ის, რომ ოპოზიცია რეალურად ძალიან ცუდად მუშაობს.

და მესამე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ამას, არის საარჩევნო კამპანია. ფაშინიანის პარტია ძალიან ეფექტური კამპანიას აწარმოებს, რადგან მათი წევრების უმეტესობა სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდის, რევოლუციაში მონაწილეობდნენ - ისინი აქტივისტები არიან, ამიტომ ძალიან კარგად ეხერხებათ ქუჩის პოლიტიკა. მაშინ როდესაც ოპოზიცია შედგება ყოფილი ოლიგარქებისგან ან ადამიანებისგან, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ და მათ არ იციან როგორ დაამყარონ კავშირი რიგით მოქალაქეებთან. 

დემოკრატიული პოლიტიკა კი მოითხოვს კომუნიკაციისა და ჩართულობის გარკვეულ დონეს მოქალაქესთან. პრორუსულ ოპოზიციას საკმარისად არ ესმის კამპანიის წარმოების დემოკრატიული ეთოსი, მაშინ როდესაც „სამოქალაქო ხელშეკრულებისთვის“ ეს ძირითადი საქმეა. ისინი გადიან ქუჩებში და მართლაც კარგად ურთიერთობენ უბრალო ადამიანთან. აი, ეს არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხსნის დიდ სხვაობას გამოკითხვებში მმართველ პარტიასა და ყველა დანარჩენს შორის.

ნიკოლ ფაშინიანი წინსაარჩევნო შეხვედრაზე

ფაშინიანის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ბაზა სოფლის და უფროსი ასაკის ამომრჩევლები არიან. ასევე საინტერესოა როგორია სომხეთში ახალგაზრდების განწყობა. ვისაუბროთ ამომრჩევლის დემოგრაფიული კომპოზიციაზე.

ნამდვილად, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ძირითადად სოფლებიდან მოდის, მაგრამ მას ასევე აქვს საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა იმ ჯგუფისგან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მუშათა კლასს ან ერევნის საშუალო და დაბალი საშუალო კლასის უბნებს. სომხეთში არ გვხვდება ქალაქისა და სოფლის ისე გაყოფა, რასაც ბევრ დემოკრატიაში ვხედავთ.

საინტერესოა, რომ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც უფრო კრიტიკულები არიან ფაშინიანის მიმართ, მაინც ძალიან პროევროპულები არიან.

დასავლურ კურსს სომხეთში დაახლოებით 80%-იანი მხარდაჭერა აქვს. ასე რომ, ქალაქისა და სოფლის გაყოფა ამას რეალურად არ ხსნის. დიდი განსხვავება არ არის. ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხი კი ძალიან, ძალიან საინტერესოა. როგორც უმეტეს დემოკრატიულ საზოგადოებებში, ახალგაზრდები რეალურად არ მიდიან არჩევნებზე ხმის მისაცემად. ახალგაზრდების აქტივობა არჩევნების დროს ყოველთვის საკმაოდ დაბალია.

ასევე, ახალგაზრდები, ზოგადად, ანტისისტემურები არიან. ისინი ყოველთვის მისცემენ ხმას ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წინააღმდეგ, თუ საერთოდ მივლენ არჩევნებზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომეხი ახალგაზრდები — და არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამას ადასტურებს — ხმას პრორუსულ პარტიებს მისცემენ.

სომხეთში არის ახალგაზრდების აპათია, მათ შეიძლება არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ან თუ მივლენ, შეიძლება ხმა მისცენ სხვა პარტიებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ბარიერს. 

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ახალგაზრდები არ არიან ფაშინიანის წინააღმდეგ, ისინი უფრო მეტად ანტისისტემურები არიან, მაგრამ ამავდროულად ძალიან პროდასავლურები.

როდესაც 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა, ანუ რვა წლის წინ. თუ იმ დროს იყავით 11, 12 წლის, ან 16 წლის, და ახლა ხართ 20 წლის ან 25 წლის, თქვენ არ იყავით ძალიან აქტიურად დაინტერესებული პოლიტიკით და თქვენ პოლიტიკურ ველზე შემოხვედით მაშინ, როდესაც „სამოქალაქო ხელშეკრულება“ და ნიკოლ ფაშინიანი უკვე ხელისუფლებაში იყვნენ.

ამიტომ ახალგაზრდები მას არ განიხილავენ როგორც რევოლუციონერს ან ლიდერს, ვინც სისტემა შეცვალა. მას აღიქვამენ როგორც მოქმედ მთავრობას. ხოლო ახალგაზრდობა, როგორც ვთქვი, ყოველთვის მიდრეკილია ხმა მისცეს სტატუს კვოს წინააღმდეგ.

როგორ მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე რუსეთის მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე იმპორტის აკრძალვა და რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან მუქარები? ეხმარება ეს ოპოზიციას?

არცერთ კვლევაში არ ჩანს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერას ზრდის. როდესაც ეს საქართველოს წინააღმდეგ გააკეთეს, გვახსოვს, რომ საპირისპირო ეფექტი ჰქონდა. 

ეს იწვევს იმას, რასაც პოლიტიკურ მეცნიერებაში ვუწოდებთ „დროშის გარშემო გაერთიანების“ ეფექტს. როდესაც მოქალაქეებს ესმით, რომ მათ არაფრისთვის სჯიან, რადგან არაფერი დაუშავებიათ თავიანთი ჩრდილოელი მეზობლისთვის. და ეს შეზღუდვები — და რუსები ძალიან შერჩევითად აწესებენ, ისინი არ აკეთებენ იმ დონეზე, რომ ეს გავლენას ახდენდეს ეკონომიკაზე — ტესტავენ მას. მაგრამ აქამდე მას არ ჰქონია ეფექტი ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან ეკონომიკური შედეგები არ ყოფილა საგრძნობი. ეს არის პირველი ფაქტორი. 

მეორე: საჯარო დისკურსში ოპოზიციაც კი თავს არიდებს ამაზე საუბარს, რადგან წარმოიდგინეთ, თუ ხართ ოპოზიციონერი და დაგისვამენ კითხვას: უჭერთ თუ არა მხარს რუსულ შეზღუდვებს სომხური ბიზნესის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა, თქვენ არ შეგიძლიათ ამის მხარდაჭერა, ხომ ასეა? ეს გაყენებთ რთულ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მთავრობას შეუძლია გამოვიდეს და გააკრიტიკოს ეს ნაბიჯები, ხოლო მოქალაქეები, ცხადია, მხარს დაუჭერენ ამას, რადგან არცერთი მოქალაქე, თუნდაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, არ დაუჭერს მხარს თავისი ქვეყნის ეკონომიკურად დასჯას გეოპოლიტიკური მიზეზების გამო.  

ვფიქრობ, რუსეთის მიზანი უფრო მეტად არის მოქმედი მთავრობის შეშინება და ამის გამოყენება მოლაპარაკებების ტაქტიკად პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, რათა გააფრთხილონ ისინი, რომ თუ გააგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას, ჩვენ ეკონომიკას იარაღად გამოვიყენებთ. მაგრამ ვფიქრობ, რუსები საკმარისად ჭკვიანები არიან იმის დასანახად, რომ ასეთი ტაქტიკა არ იძლევა საარჩევნო შედეგებს. 

ამ ტიპის შეზღუდვებს წარსულში არ უმუშავია და ბევრად უფრო მეტად დააზიანებენ რუსეთის ისედაც შელახულ რეპუტაციას. ეს რუსეთისთვის წაგებიანი ნაბიჯია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს საარჩევნოდ მიღებული ზომებია. 

თქვენი გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს რეგიონულ სატრანსპორტო-ეკონომიკურ პროექტ TRIPP-ს (ზანგეზურის ანუ სიუნიქის დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე - რედ.)?

ამ პროექტს საზოგადოების დაახლოებით 42-34% უჭერს მხარს, ხოლო 28-30% არ ფიქრობს, რომ ეს პროექტი მოიტანს მშვიდობასა და ეკონომიკურ ზრდას. ჯანსაღ უმრავლესობას აქვს ძალიან პოზიტიური შეხედულება მშვიდობის მიმართ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს. ასევე არსებობს ძალიან დიდი ჯგუფი, დაახლოებით 25%, რომელიც უბრალოდ ამბობს: „არ ვიცი“. 

არსებობს სტრატეგიული კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ამ პროექტის, მისი ეკონომიკური, სამშვიდობო თუ გეოპოლიტიკური დივიდენდების სწორად განხილვა ან საზოგადოების ინფორმირება არ მომხდარა. მაგრამ მთლიანობაში, ყველა კვლევამ აჩვენა ამ TRIPP-ის პოპულარობა. ბოლო საერთაშორისო ვიზიტებისა და პროექტის განხორციელების ჩარჩოს გაფორმების ფონზე, სომხური საზოგადოება ახლა ძირითადად იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საუბარი არ არის, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც ხდება. 

დიდი მადლობა. 


ასევე ნახე