გრძლად საკითხავი

11:51 | 29 ივლისი, 2026 — რუსეთი

რატომ გახდა რუსული Wildberries უკრაინული დრონების სამიზნე?

უკრაინა-რუსეთის ომი ბოლო თვეებში ახალ ფაზაში გადავიდა. ის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, როდესაც რუსეთი უკრაინის სიღრმეში სამხედრო თუ სამოქალაქო ობიექტებს ბომბავდა, უკრაინას კი ამის უნარი არ გააჩნდა.

ბოლო წლებში უკრაინაში დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო და რუსეთი აშკარად ვერ ახერხებს საშუალო მანძილზე მოქმედი უკრაინული დრონების დარტყმების შეჩერებას, რომლის სამიზნეც რუსეთის სამხედრო ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურაა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ, უკრაინული მხარის მოულოდნელი სამიზნე Amazon-ის რუსული ანალოგი, Wildberries აღმოჩნდა. მასზე დარტყმებით ერთდოულად ზიანს იღებს კრემლთან დაახლოვებული ელიტა, რუსული მცირე და საშუალო ბიზნესი და ნაწილობრივ რუსეთის შეიარაღებული ძალებიც.

2026 წლის ივლისის მეორე ნახევარში უკრაინელებმა 8 დღის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით დაბომბეს კომპანიის 10 მსხვილი ლოჯისტიკურ ჰაბი სხვადასხვა რეგიონში - მოსკოვის ოლქში, ტამბოვის ოლქში, კრასნოდარის მხარესა და სტავროპოლში.

Forbes Russia-ს პირველადი შეფასებით, მხოლოდ იერიშების პირველივე დღეს ზარალმა 150-დან 235 მილიარდ რუბლამდე ($1.9 - $3 მილიარდი) შეადგინა. საერთო ჯამში, განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა კომპანიის სასაწყობო და ლოჯისტიკური სიმძლავრეების სულ მცირე 10%.

უკრაინული დრონების დაბომბვები ამ კომპანიის ობიექტებზე უმძიმეს დარტყმად იქცა რუსეთის საცალო გაყიდვების სექტორისთვის. Wildberries ფაქტობრივად “რუსული Amazon-ია,” რომელიც ქვეყნის ონლაინ გაყიდვების ბაზრის თითქმის 50%-ს აკონტროლებს. ობიექტების მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია მიწოდების ჯაჭვის კოლაფსი, ათასობით მცირე და საშუალო მეწარმის პროდუქციის სრული განადგურება და მილიონობით მომხმარებლისთვის სერვისების შეწყვეტა.

მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ 29 ივლისს, RWB ჯგუფმა, რომელიც Wildberries-ს ფლობს, ყაზახეთში საწყობების ძებნა დაიწყო.

Wildberries-ის სამხედრო მიზნებით გამოყენება

Wildberries, რომელიც წლების განმავლობაში რიგითი მომხმარებლისთვის ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების პლატფორმად აღიქმებოდა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის „ჩრდილოვანი სამხედრო ლოგისტიკის“ ერთ-ერთ მთავარ არტერიად გარდაიქმნა. 

პირველ რიგში, ეს კომპანია ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტაქტიკური ეკიპირების დისტრიბუციისთვის გამოიყენება. ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის მომარაგების ქრონიკულმა პრობლემებმა წარმოშვა ე.წ. “მოხალისეთა და სამოქალაქო დაფინანსების” უზარმაზარი ქსელი. 

Wildberries გახდა ცენტრალური პლატფორმა, სადაც მილიარდობით რუბლის ღირებულების ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იყიდება. საუბარია ისეთ კრიტიკულ რესურსებზე, როგორებიცაა:

  • ჩინური წარმოების FPV დრონები და მათი სათადარიგო ნაწილები;
  • თბოვიზორები, ღამის ხედვის ხელსაწყოები და ოპტიკური სამიზნეები;
  • ტაქტიკური მედიცინის ნაკრებები, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები.

ამ პლატფორმას რუსეთში ყველაზე განვითარებული ლოგისტიკური ქსელი აქვს, მათ შორის, უკრაინის საზღვართან მდებარე რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, როსტოვი, ვორონეჟი), ამიტომ სამხედროები პირდაპირ ფრონტისპირა რაიონებში სარგებლობენ მისი მომსახურებით. 

Wildberries-ის საწყობებზე პირველი დარტყმების შემდეგ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონების ძალებმა დაარტყეს “ლოჯისტიკურ ცენტრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული არმიისთვის დრონების კომპონენტების, სანავიგაციო აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში.”

აღსანიშნავია, რომ უკრაინული დრონების დარტყმების შემდეგ, Wildberries-მა წაშალა გვერდი სახელწოდებით “ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის,” რომელიც მოქალაქეებს ისეთ ნივთებს სთავაზობდა, როგორებიცაა ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები.

Wildberries-მა თავისი პლატფორმიდან ამოიღო სპეციალური საძიებო თეგი და განყოფილება „ყველაფერი СВО-სთვის“

“ეს კატეგორია, თუ ძიებას დაიწყებდით, თითქმის 250 ათას სხვადასხვა პროდუქტს მოიცავდა,” - განუცხადა TVP World-ს პიტერ დიკინსონმა Atlantic Council-იდან. “მეოთხედი მილიონი სხვადასხვა სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქტი, ამ ჰაბების მეშვეობით იყიდებოდა.”

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ Wildberries-ის საწყობები გამოიყენება სანქცირებული კომპონენტების, დრონების დეტალებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის შესანახად. თუმცა, სამხედრო ეფექტთან ერთად, უკრაინას სხვა მიზანიც აქვს.

პირველ რიგში, ეს ფსიქოლოგიური და სოციალური ეფექტია, რომ სადღაც შორს კი არ მიმდინარეობს “სპეციალური სამხედრო ოპერაცია,” ომმა უკვე რუსების სახლებამდე მიაღწია. 

Wildberries-ითა და მისი კონკურენტი Ozon-ით რუსეთის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 85-90% სარგებლობს. 

ამასთანავე, ეს არის სიმეტრიული პასუხი რუსეთის დარტყმებზე უკრაინაში ასეთივე ობიექტებზე. ბოლო წლებში რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინული Нова пошта-ს და სხვა კერძო კომპანიების საწყობებს.

Wildberries-ის კავშირები კრემლთან 

Wildberries თავდაპირველად მცირე პროექტი იყო, რომელიც ტატიანა კიმმა თავის ყოფილ ქმართან, ვლადისლავ ბაკალჩუკთან ერთად შექმნა. სწრაფი განვითარებისა და ზრდის შემდეგ, კომპანია საბოლოოდ შეერწყა რუსულ გარე რეკლამის ოპერატორ Russ-ს. რუსული მედიის ცნობებით, ამ კომპანიას რუსი დეპუტატის, სულეიმან კერიმოვის ნათესავები აკონტროლებენ.

ორი კომპანიის შეთანხმება პირადად დაამტკიცა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც თავის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, მაქსიმ ორეშკინს დაავალა გარიგების ზედამხედველობა. 

ტატიანა კიმი და ვლადისლავ ბაკალჩუკი

Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმიდან მალევე, ვლადისლავ ბაკალჩუკი ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს შეხვდა, სადაც ორივე ამტკიცებდა, რომ ტატიანა კიმი “სახლიდან წავიდა და გაურკვეველ ადამიანებთან დაიჭირა საქმე, რომლებიც ბიზნესს იტაცებენ და ამას შერწყმად ნიღბავენ.” მათი დრამატული დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ კიმმა შეიტანა სარჩელი ბაკალჩუკთან განქორწინებაზე, რაც მოსკოვის სასამართლომ 2025 წლის თებერვალში დააკმაყოფილა. 

უკრაინის ბოლო დარტყმების შემდეგ, რუსულმა საგამოძიებო მედიებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ პუტინთან დაახლოებული პირები იღებენ Wildberries-ის მიერ გამომუშავებული მოგების უმეტეს ნაწილს.

“ტატიანა კიმი Wildberries-ის მფლობელად რჩება, მაგრამ საკმაოდ აშკარაა, რომ კომპანიის დიდ წილებს ახლა პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ფლობენ,” - განუცხადა The Kyiv Independent-ს კონსტანტინ სონინმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და დევნილობაში მყოფმა რუსმა ეკონომისტმა.

რა საფრთხე ემუქრება რუსეთის ეკონომიკასა და საბანკო სისტემას?

უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, რუსი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას 2021 წლის განცხადებას:

“Wildberries-ის გაკოტრება დაანგრევს საბანკო სისტემას.”

ეს პროგნოზი დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, Wildberries-ს ისედაც აქვს სულ მცირე 1.3 ტრილიონი რუბლის (თითქმის €15 მილიარდი) ვალი, საიდანაც ნახევარი ტრილიონი რუბლი ქვეყნის უდიდესი კრედიტორის - Sberbank-ის წინაშე არსებული ვალდებულებაა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის, კონსტანტინ სონინის განმარტებით, თუ Wildberries ვერ შეძლებს ვალების დაფარვას და ათასობით დაზარალებული მეწარმის კომპენსირებას, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა Sberbank-ისთვის შეღავათიანი სესხებისა და სუბსიდიების გამოყოფით. ცენტრალური ბანკის მიერ ამ უიმედო ვალების დაფარვა პირდაპირ გარდაიქმნება ჰიპერინფლაციაში, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს რუსეთის ისედაც კრიზისულ ფინანსურ სისტემას.

პრობლემები რუსეთის ეკონომიკაში 

Wildberries-ზე დარტყმები დაემთხვა რუსეთის ეკონომიკაში არსებულ სისტემურ კრიზისს.

2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთში 209 ათასი მცირე და საშუალო კომპანია დაიხურა (9%-ით მეტი, ვიდრე 2025-ში). საწყობების დაბომბვებმა ათასობით მეწარმეს მარაგები სრულად გაუნადგურა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში რუსი ბიზნესმენები, მათ შორის ცნობილი ინფლუენსერები, აცხადებენ, რომ “ხაზინაში გადასახადების შეტანას წყვეტენ“ და ხელისუფლებას საგადასახადო შეღავათებს სთხოვენ.

თავდასხმებამდე 11 დღით ადრე, Wildberries-მა კონტრაქტებში შეიტანა პუნქტი, რომლითაც დრონების დარტყმები „ფორსმაჟორად“ გამოაცხადა და პასუხისმგებლობა მოიხსნა. თუმცა, მოგვიანებით კომპანიის მფლობელმა ტატიანა კიმმა პრიორიტეტულ 88 ათას მცირე გამყიდველს კომპენსაცია აღუთქვა, მაგრამ რეალური ანაზღაურება მიზერულია - მაგალითად, 4.6 მილიონი რუბლის ზარალზე მოქალაქეებს მხოლოდ 19 ათას რუბლს უხდიან.

გარდა ამისა, 2026 წლის იანვრიდან რუსეთში დღგ 20%-დან 22%-მდე გაიზარდა, რისი მიზეზიც უკრაინაში პუტინის აგრესიის კოლოსალური ხარჯებია. ამას დაემატა უკრაინული დარტყმებით გამოწვეული საწვავის დეფიციტი და ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა, რაც ნეგატიურ ეფექტს ახდენს ეკონომიკაზე.

price-tag icon დაკავშირებული თეგები
users icon დაკავშირებული პიროვნებები

ასევე ნახე