15:03 | 01 ივნისი, 2026 — რუსეთი
სომხეთის ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ წარსულად აღიქმება - ინტერვიუ ერიკ ჰაკოფიანთან
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე, ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვების შანსებზე, მმართველი პარტიის უპირატესობებზე, რუსეთის ჩარევასა და აზერბაიჯანთან მშვიდობის პერსპექტივაზე პოლიტიკის ანალიტიკოსს, CivilNet-ის გადაცემა Insights-ის წამყვან ერიკ ჰაკოფიანს ვესაუბრეთ.
პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რატომ მიიჩნევა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის არის და რა სახის გზაჯვარედინზე დგას დღეს სომხეთი?
მომდევნო არჩევნებს არაერთი ფუნდამენტური მიზეზი სძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია კონტექსტი: ეს არის პირველი კენჭისყრა ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შემდეგ. პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მკაფიო სწრაფვას ავლენს დასავლეთისკენ, კერძოდ, ევროკავშირისკენ. შესაბამისად, ეს კენჭისყრა ერთგვარ ორიენტირად იქცევა
არსებობს რიგითი, რუტინული არჩევნები და არსებობს ისტორიული მომენტები, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიულ კურსს ცვლიან. მოცემული არჩევნები, სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება.
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენის რეალური მასშტაბის შეფასება მხოლოდ დროთა განმავლობაში, ისტორიული პერსპექტივიდანაა შესაძლებელი. სავსებით დასაშვებია, რომ ერთი წლის გადასახედიდან ამ თარიღმა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი როლი შეიძინოს, ვიდრე დღეს გვეჩვენება, ან, პირიქით.
როგორ მოახერხა ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე საარჩევნო პროცესის ტრანსფორმაცია თავისებურ რეფერენდუმად ომსა და მშვიდობას შორის? 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა იდენტური ნარატივი გამოიყენა - ოპოზიცია ომის მხარდამჭარედ წარმოაჩინა, რაც საკმაოდ ეფექტურ იარაღად იქცა. ფიქრობთ, რომ მართლაც ომსა და მშვიდობაზე გადის ხაზი?
ყველაფერი ბევრად უფრო კომპლექსურია. იცით, სომხეთის ამ არჩევნების რეალურად დასანახად, არსებობს ის გამარტივებული ვერსია, რასაც მე დასავლურ ვერსიას ვუწოდებ: სადაც ყველაფერი რუსეთსა და დასავლეთს შორის ომია. ამ არჩევნების გასაგებად უნდა გააცნობიეროთ, რომ რამდენიმე რამ შეიძლება ერთდროულად იყოს მართალი.
მართალია, რომ ეს არჩევნები დიდწილად არის დაპირისპირება რუსეთს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებსა და დასავლეთს შორის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რეალურად რუსეთს უჭერენ მხარს. მათ სხვა მიზეზები აქვთ. ყველაზე მეტად – რისი დამალვაც ამ ხელისუფლებას უყვარს და რასაც დასავლელი ანალიტიკოსების უმეტესობა ვერ ამჩნევს – არის ის, თუ რატომ უჭერენ მოქალაქეები მხარს ოპოზიციას (არა კონკრეტულ პარტიებს). ეს არის განცდა, რომ ამ ხელისუფლებამ შექმნა “ფინლანდიზებული” სომხეთი, რომელიც ბრძანებებს “ბაქოს დიქტატორისგან” (ილჰამ ალიევი - რედ.) იღებს, ეს კი ამ ქვეყანაში ადამიანების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.
უპირველეს ყოვლისა, სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ ამ „მშვიდობის ნარატივს“ საზოგადოებაში ნდობა პრაქტიკულად არ გააჩნია. არავის სჯერა გრძელვადიანი სტაბილურობის, რადგან ბაქოდან მუდმივად ისმის აგრესიული, მუქარის შემცველი რიტორიკა, რაც მყისიერი ინტერვენციის მუდმივ განცდას აჩენს. მოქალაქეებმა შესაძლოა დადებითად შეაფასონ ბოლო ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში შეტაკებების შეწყვეტა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ამ პროცესის მდგრადობის სჯერა. ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობისთვის მშვიდობა კვლავ ხელუწვდომელ ფუფუნებად რჩება, ხოლო საზოგადოების მნიშვნელოვან უმცირესობას საერთოდ არ სჯერა, რომ მოცემულ რეალობაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საერთოდ შესაძლებელია
ასე რომ, ის, რასაც “პრორუსულ” მხარეს უწოდებენ, რეალურად არის იმ ადამიანების ბუნებრივი ბაზა, რომლებსაც სძულთ ეს ხელისუფლება და ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრი მეზობელი დიქტატორისგან იღებს ბრძანებებს ეროვნული ფასეულობების დასაკნინებლად, ქვეყნის დასასუსტებლად და ბაქოზე სრულად დასამორჩილებლად.
აი, ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და არა ილუზორული პრორუსული განწყობები. თქვენც კარგად იცით, რადგან ჩვენს რეგიონში ცხოვრობთ, რომ რეალურად არანაირი პრორუსული ამომრჩეველი არ არსებობს, გარდა მარგინალური 5-10%-ისა. ეს არის საბჭოთა ნოსტალგიის მქონე ამომრჩეველი, რომელიც ძირითადად ასაკოვანია, მათ ახსოვთ დრო, როცა 20 წლის იყვნენ, დაივიწყეს ყველაფერ ცუდი და მხოლოდ კარგი ახსოვთ. სწორად, ამასთან გვაქვს საქმე და არა ილუზორული პრორუსული ძალების მობილიზებასთან. ეს მცდარი მოსაზრებაა.
ნიკოლ ფაშინიანი წინასაარჩევნო შეხვედრაზე
რა თქმა უნდა, ბევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსაც, არ სურთ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა. ეს რთული საკითხია. ვიტყოდი, რომ სომხეთში 15% ან 20% არის რადიკალურად ანტირუსი, პროევროპული მოქალაქე. ამის საპირისპიროდ - მოსახლეობის 10% ან 15% რუსოფილია, ღიად პრორუსია, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს კრემლი. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი შუაში ხვდება.
რუსეთი ჰგავს იმ ბიძას, რომელიც არ გიყვარს, მაგრამ იძულებული ხარ, რომ შენი ნების საწინააღმდეგოდ საქმე დაიჭირო მასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ გინდა შენი ცხოვრება მართოს. სომხეთის კონტექსტში, რუსებმა სრულიად დაკარგეს ნდობა, როგორც უსაფრთხოების გარანტმა. ასე რომ, რუსეთის მიმართ ეს დამოკიდებულებები ძალიან კომპლექსურია. ამ ფონზე, ფაშინიანის ხელისუფლებას დიდი ინტერესი აქვს, ეს ყველაფერი წარმოაჩინოს როგორც ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის: ან რუსეთის მომხრე ხარ, ან წინააღმდეგი. რაც არასწორია. ისინი განზრახ აკეთებენ ამას, რათა ადვილად გაყიდონ მესიჯი დასავლეთში, რომელიც სრულად არაა აქ ჩართული.
ცალსახაა, რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან აგრესიულად მოქმედებს საკუთარი გეგმის წინ წასაწევად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგაა განწყობილი - პრორუსია.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ პოლიტიკურ ველზე უამრავი საპირისპირო დინება იკვეთება. ანალიტიკოსთა ყურადღების მიღმა ხშირად რჩება ის გარემოება, რომ არსებობს რამდენიმე პროდასავლური პარტია, რომლებიც, ამავდროულად, მოქმედი ხელისუფლების მკაფიო ოპოზიციას წარმოადგენენ. მათგან ორი პოლიტიკური სუბიექტის პარლამენტში შესაძლო შესვლამ, შესაძლოა, სრულად შეცვალოს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ლანდშაფტი. ეს იქნება პრეცედენტი, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ძველი რეჟიმის რევანშისტული ძალების ნაცვლად, ახალი, პროდასავლური ოპოზიცია გამოჩნდება.
ბუნებრივია, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამ ახალი ძალების მარგინალიზაციისთვის. ხელისუფლებისთვის გაცილებით მისაღები და კომფორტულია ძველ, დაუძლურებულ პარტიებთან დაპირისპირება, რომლებსაც წარსულის კორუფციული კავშირები ამძიმებთ. მათთვის მიუღებელია ოპოზიციურ ფლანგზე ორმოციოდე წლის, დასავლური, კერძოდ კი ამერიკული განათლების მქონე იურისტების ხილვა, რომლებიც პოლიტიკურ ბრძოლაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ
გულისხმობთ არმან ტატოიანს (სახალხო დამცველი 2016-22 წლებში - რედ.) და ჰაიკ მარუთიანს (ერევნის მერი 2018-21 წლებში, ფაშინიანის ყოფილი თანაგუნდელი - რედ.)?
დიახ, ასევე არიან ეს ძალიან ექსცენტრიული IT სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ყველა პარტიის წინააღმდეგ გამოდიან. ანუ, ვგულისხმობ, რომ მათ ყველას ჰყავთ თავისი ამომრჩეველი. ასევემ ერთი რამ, რაც მხედველობიდან რჩებათ და ვფიქრობ, თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება: ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს სძულთ ეს ხელისუფლება. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტად უჭერს მხარს ფაშინიანს, ამ ხელისუფლების ბაზა 60 წელს ზემოთ ადამიანები არიან. 30 წლამდე მოქალაქეები კი მათ ვერ იტანენ.
არმან ტატოიანი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს
სოციოლოგიური კვლევები საგულისხმო პარადოქსს ავლენს, განსაკუთრებით საქართველოსთან შედარებით. თუკი ჩვენთან ახალგაზრდობა და ურბანული საშუალო კლასი პროევროპული და ანტისამთავრობო მუხტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ერევანში სრულიად საპირისპირო სურათს ვაწყდებით - ფაშინიანის ხელისუფლების ძირითად საყრდენს უფროსი ასაკის ამომრჩეველი წარმოადგენს. მიზეზები გაცილებით კომპლექსურ შიდაპოლიტიკურ ფაქტორებშია საძიებელი?
როგორც დემოკრატიული იდეალებისა და ქვეყნის დასავლური ვექტორის მომხრემ, მსურს მკაფიოდ აღვნიშნო: ჩემი პოზიცია მიმართულია რუსული სახელმწიფოებრივი სისტემის და არა რუსი ხალხის წინააღმდეგ.
ამ კონტექსტში, მოქმედი ხელისუფლების უმთავრესი პოლიტიკური დანაშაული ისაა, რომ მან დემოკრატიზაციისა და ვესტერნიზაციის იდეა ეროვნულ დამარცხებასა და დამცირებასთან გააიგივა. ამ სტრატეგიული შეცდომის ფასს ქვეყანა მომავალი თაობების განმავლობაში გადაიხდის.
საერთაშორისო სოციოლოგიური მონაცემები საგანგაშო ანომალიაზე მიუთითებს: მსოფლიოში მხოლოდ ორი სახელმწიფოა, სომხეთი და ისრაელი, სადაც ახალგაზრდა თაობა საკუთარ მშობლებზე მეტად კონსერვატიულია. ეს პარადოქსი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესი შეინიშნება, რაც გლობალურ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სექტორში ინტეგრირდება. ხელისუფლების უდიდესი მარცხიც სწორედ ესაა, ამ დინამიკური და ტექნოლოგიურად ნიჭიერი ახალი თაობის ცნობიერებაში დემოკრატიული ღირებულებები კაპიტულაციისა და იდენტობის დაკარგვის სინონიმად იქცა
მიგაჩნიათ, რომ ვნახავთ ამასთან დაკავშირებულ გრძელვადიან შედეგებს?
აუცილებლად ასე იქნება. ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება, სულ მცირე ორი ათწლეული დაჭირდება ზიანის გამოსასწორებლად. სომხეთის მომავალი სამ ძირითად საყრდენს დაეფუძნება: ნაციონალიზმი, კონსერვატიზმი და მილიტარიზმი.
აზერბაიჯანელებს არ ესმით, რომ კოლექტიური დამცირების სინდრომს ექნება საპასუხო რეაქცია, რომელიც საშიშია. დარწმუნებული ვარ, რომ ალიევს მშვიდობა არ აინტერესებს, რადგანაც მისთვის პოლიტიკურად ხელსაყრელი არაა. ის ამჟამად კუთხეშია მიმწყვდეული ვაშინგტონისა და სხვა მოთამაშეების მიერ, მაგრამ ვითარება შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიცვალოს, რაც სომხეთის მოსახლეობას კარგად ესმის.
თითქმის ყველა გამოკითხვის თანახმად, რომელსაც ვკითხულობთ, ფაშინიანს მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს. მშვიდობის ნარატივის გარდა, კიდევ რა განაპირობებს მის პოპულარობას?
უკანასკნელი თვის სოციოლოგიური მონაცემები სრულიად უნდა უგულებელვყოთ, ვინაიდან ამ ეტაპზე გამოქვეყნებული მაჩვენებლები ყოველგვარ რეალობასაა აცდენილი. მმართველი პარტიის 65%-იანი რეიტინგი სრულიად არარეალისტურია და სცილდება პოლიტიკური მოცემულობის საზღვრებს. ავტორები ამ შედეგს იმით ამართლებენ, რომ მონაცემებიდან სრულად გამორიცხეს გამოკითხულთა 51% - ანუ მათ, ვინც პასუხს თავი აარიდა ან გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მსგავსი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევა კარგავს სამეცნიერო ფასეულობას და უფრო მეტად ფსიქოლოგიურ ოპერაციას ემსგავსება, რომლის მიზანიც ამომრჩევლის ქცევაზე მანიპულირებაა.
არსებობს სამი ფუნდამენტური ფაქტორი, რაზე საუბარიც შეგვიძლია:
- ფაშინიანს მხარს უჭერს ამომრჩეველთა ყველაზე დიდი უმცირესობა, სადღაც 30-35%. ესენი არიან ასაკოვანი, სოფლად მცხოვრები ღარიბი ამომრჩევლები; ისინი მასთან არიან და არსად წავლენ.
- სომხეთში ამომრჩეველთა სულ მცირე 50-დან 60%-მდე ხმას მისცემდა ალტერნატივას, ასეთი რომ არსებობდეს.
- პრემიერ-მინისტრი ერთადერთი ფიგურაა მოცემულ პოლიტიკურ ველზე, რომელსაც არა უბრალოდ ფორმალური ელექტორატი, არამედ იდეოლოგიური მხარდამჭერების ერთგული ბირთვი ჰყავს. ყველა სხვას, უბრალოდ ამომრჩევლები ჰყავს.
სრულიად წარმოუდგენელია, რომ ნიკოლ ფაშინიანის გუნდმა ხმების 35%-ზე ნაკლები მიიღოს, თუმცა, ამავდროულად, აშკარაა, რომ მათ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამ დინამიკაში გადამწყვეტი როლი შესაძლოა ამომრჩეველთა მაღალმა აქტივობამ ითამაშოს: მოქალაქეების მასობრივმა მობილიზაციამ, საარჩევნო ბარიერის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა მოქმედი ხელისუფლების მმართველობის დასასრული განაპირობოს.
ამ ეტაპზე ქვეყანაში არაპროგნოზირებადი პოლიტიკური სცენარის განვითარების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ფაშინიანი სტაბილურად ინარჩუნებს დაახლოებით 30%-იან მხარდაჭერას, თუმცა არსებობს ამომრჩეველთა კიდევ ერთი, რადიკალურად ანტისამთავრობო 30%-იანი სეგმენტი, რომლის მთავარი სისუსტეც ფრაგმენტაცია და ერთიანი, კონსოლიდირებული ცენტრის არარსებობაა.
შესაბამისად, საარჩევნო მათემატიკა ორ უკიდურეს სცენარს გვთავაზობს: თუკი მცირე ოპოზიციური პარტიები ხმების მხოლოდ 3.5%-ს მოაგროვებენ და ვერ გადალახავენ 4%-იან საპარლამენტო ბარიერს, ხმების გადანაწილების სისტემის წყალობით, მმართველმა გუნდმა, რეალური 38%-იანი ან 40%-იანი მხარდაჭერის პირობებშიც კი, შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მყარი უმრავლესობა მოიპოვოს. საპირისპირო შემთხვევაში, თუკი ბარიერს ხუთი ან ექვსი პარტია გადალახავს, ქვეყანა, სავარაუდოდ, ღრმა საპარლამენტო ფრაგმენტაციისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში შევა
დიახ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქოჩარიანის ალიანსი „სომხეთი“ ვერ გადალახავს 8%-იან ბარიერს – ეს კოშმარი იქნება ოპოზიციისთვის. (სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე 1 პარტიისთვის ბარიერი 4%-ია, თუმცა თუ 2 პარტია ქმნის ბლოკს - 8% - რედ.)
ვადასტურებ, რომ ასეა. იმ შემთხვევაში, თუკი ქოჩარიანი 7%-ს აიღებს, ხოლო სხვა პარტიები, თუნდაც პროდასავლურები, 4%-ზე ნაკლებსმიიღებენ, მაშინ ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნება. ასე რომ, ფაქტობრივად, 3 ან 4%-ით აქტივობის ზრდას ან კლებას შეუძლია სრულად შეცვალოს შედეგი ორივე მიმართულებით.
რა არის ამ ხელისუფლების მხარდაჭერის მიზეზი? ყველაზე დიდი პოზიტივი არის ეკონომიკა, რაზეც არ საუბრობენ. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში სომხეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაორმაგდა. ეკონომიკაში ახლა ბუმია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რაც მსოფლიოში ხდება.
საინტერესოა, რომ ციფრებით ძალიან ჰგავს საქართველოს. არ ვიცი, როგორ აისახება ეს ადამიანების ცხოვრებაზე იქ, მაგრამ აქ რეალურად ხედავთ, რომ ადამიანების ცხოვრებაზე აისახება. საქართველოში როგორაა, არ ვიცი. ეკონომიკური ზრდა არის მთავარი ფაქტორი. სომხეთის ხელისუფლებას ეკონომიკის ასეთი ზრდა რომ არ ჰქონოდა, მკვდარი იქნებოდა, ეს კოზირი აქვთ, რაც მათი მამოძრავებელი ძალაა.
რობერტ ქოჩარიანი, სომხეთის ექს-პრეზიდენტი
რა არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა? არაპოპულარული ლიდერები, თუ ის, რომ ძალიან დაქსაქსულები არიან, რაც საარჩევნო სისტემის გამო დიდ პრობლემას ქმნის?
ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა რუსული ჩარევაა, რაც პრობლემებს იწვევს და ოპოზიციის დელეგიტიმაციას ახდენს.
პრობლემა ისიცაა, რომ პროდასავლურ, ახალ ოპოზიციას ფინანსური პრობლემები აქვს და აკლია ძლიერი კანდიდატები, რომლებიც ოპოზიციის მთავარ სახედ გამოდგებოდნენ. წარმოდგენა, რომ რუსეთის მიერ მოსყიდული ოლიგარქი, ოპოზიციის მთავარი სახეა - ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც ამ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს. მეტიც, წარმოიდგინეთ რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრე ადამიენები დილემის წინაშე: „ბელარუსის მოდელი თუ პოლონეთის განვითარების გზა?“, საზოგადოებრივი აზრი მკაფიო უპირატესობას ევროპულ ვარიანტს ანიჭებს, სადაც პოლონური მოდელი, პირობითი პროპორციით, 90%-ით 10%-ის წინააღმდეგ იმარჯვებს. ეს ალბათ, საქართველოშიც ასეა.
ოპოზციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ აღიქმება მომავლად. ის აღიქმება წარსულად. რუსეთი წარსულია. ოლიგარქები წარსულია. ძველი რეჟიმი წარსულია. ეს ახალი ძალები კი არ არიან ოპოზიციის დომინანტური ნაწილი.
ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ შევქმენით ან ვერ განვავითარეთ (და ეს ჩვენი ბრალია) ნამდვილი პროდასავლური ოპოზიცია, არის ის, რაც დღეს აფერხებს ჩვენს პოლიტიკურ განვითარებას.
თქვენს ინტერვიუებში ხშირად საუბრობთ ფინანსურ უთანასწორობასა და დისბალანსზე ოპოზიციურ პარტიებს შორის. ამის მაგალითია, სოციალურ მედიაში კარაპეტიანის მხარდამჭერი რეკლამების სიუხვე. რა როლს თამაშობს ეს ფინანსური უთანასწორობა ოპოზიციაში?
ფინანსური რესურსების გავლენა მიმდინარე პროცესებზე განუზომლად დიდია. რიგითი მოქალაქე, რომელიც აქტიურად არ არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ოპოზიციური ალტერნატივის ძიებისას, ბუნებრივად ექცევა იმ ფიგურის გავლენის ქვეშ, რომლის საინფორმაციო კამპანიაც ყველაზე აგრესიული და თვალსაჩინოა.
ამ დისბალანსის მასშტაბების აღსაქმელად საკმარისია ციფრების შედარება: წინასწარი შეფასებებით, სამველ კარაპეტიანის ფინანსური დანახარჯები საარჩევნო კამპანიაში 100 მილიონ დოლარს უახლოვდება, მმართველი პარტია სავარაუდოდ 50 მილიონზე მეტს ხარჯავს, მაშინ როდესაც ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტის ბიუჯეტი 2 ან 3 მილიონ დოლარს ძლივს აღწევს.
საარჩევნო რეალობაში ეს კოლოსალური სხვაობა გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა. მოსახლეობის უმრავლესობა არ წარმოადგენს პოლიტიკურ ელიტას. ისინი ყოველდღიურად არ ადევნებენ თვალს ანალიტიკურ მიმოხილვებს. ჩვეულებრივი მასწავლებელი თუ ბუღალტერი პოლიტიკური დღის წესრიგით მხოლოდ არჩევნების წინა კვირას ინტერესდება, არჩევანს კი იმ სუბიექტების სასარგებლოდ აკეთებს, რომელთა სახელებიც მედიასივრცეში ყველაზე ინტენსიურად ტირაჟირდება.
პოლიტიკურ გიგანტებსა, ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტსა“ და კარაპეტიანის ბლოკს „ძლიერი სომხეთი“, და დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს შორის არსებული ასიმეტრია უპრეცედენტოა და არღვევს ყველა ძველ ისტორიულ პარადიგმას. ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც არჩევნების ბედს რეალურად მასშტაბური, გლობალური კაპიტალის მობილიზება წყვეტს.
რუსეთში მოღვაწე სომეხი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, რომლის პარტიაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მეორე ადგილზეა
ნაკლებად წარმომიდგენია, რომ 2021 წელს მმართველ პარტიას 2 მილიონ დოლარზე მეტი დაეხარჯა. დღეს კი საუბარია დასავლელ კონსულტანტებზე, მაგალითად კარაპეტიანის კონსულტანტი, ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილი კონსულტანტია, საუბარია მოშე კლუგჰაფტზე, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა.
ეს არის საჩუქრები, რასაც თელ-ავივიდან გვიგზავნიან. ასე რომ, კამპანიებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა რაღაცას 75 მილიონჯერ ხედავ, სხვა რამეს კი - სამჯერ, ხმას მისცემ იმას, რაც 75 მილიონჯერ ნახე.
აშკარაა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს გავლენა მოახდინოს მიმდინარე საარჩევნო პროცესზე, რაც ვლინდება როგორც ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაში, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებში, ისე კრემლის მაღალჩინოსნების მკაფიო პოლიტიკურ განცხადებებში. რა სტრატეგიულ მიზანს ისახავს მოსკოვის ეს ღია ინტერვენცია და რა წარმოადგენს რუსეთის რეალურ მოტივაციას ამ საარჩევნო წინაპირობებში?
ცხადია, მოსკოვის ეს ქმედებები მიზნად ისახავს კრემლისთვის სასურველი კანდიდატის, ამ შემთხვევაში, სამველ კარაპეტიანის მხარდაჭერას. რა გავლენა აქვს ამას საარჩევნო ქცევაზე? აქ ორი ძირითადი ეფექტი იკვეთება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეფასება ეფუძნება ზოგად პოლიტიკურ დაკვირვებებსა და ტენდენციებს და არა მყარ, ემპირიულ სოციოლოგიურ მონაცემებს.
აგრარულ რეგიონებში ეკონომიკურ ბერკეტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან, მაგალითად, მეყვავილეობასა თუ მებაღეობაში (კერძოდ, გარგარის ექსპორტში), სადაც მოსავლის რეალიზაციის ვადები მკაცრადაა შეზღუდული, რუსული ემბარგო მწვავე ფინანსურ დარტყმას ნიშნავს. შესაბამისად, მათზე ეს გავლენა აბსოლუტურად პირდაპირი და მატერიალურია. თუმცა, სხვა სოციალურ ჯგუფებში ამავე ფაქტორმა შესაძლოა სრულიად საპირისპირო, პროტესტის ეფექტი გამოიწვიოს, რაც ფორმულირდება როგორც საგარეო დიქტატის მიუღებლობა.
ამასთანავე, ქვეყანა უკვე დიდი ხანია გარე ჩარევის მუდმივ რეჟიმში იმყოფება. თვეების განმავლობაში აზერბაიჯანული მედია და ოფიციალური პირები ღიად ტირაჟირებდნენ გზავნილს, რომ ნიკოლ ფაშინიანის დამარცხება ახალი ომის დაწყების სინონიმი იქნებოდა. მსგავსი ფსიქოლოგიური წნეხის ზუსტი კუმულაციური ეფექტის პროგნოზირება რთულია: ამომრჩევლის ნაწილი უსაფრთხოების მოტივით ნებდება ამ შანტაჟს, ხოლო მეორე ნაწილი რადიკალიზდება. საბოლოო ჯამში, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ურთიერთსაპირისპირო საგარეო ეფექტები საარჩევნო ველზე ერთმანეთს აბათილებს
თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ურთიერთობები რუსეთსა და სომხეთს შორის, თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს? მოხდება გარკვეული ნორმალიზება, თუ ყველაფერი გაუარესდება?
ვითარება გარდაუვლად გაუარესდება, ეს იქნება ეტაპობრივი რეგრესი, რადგან ადრე თუ გვიან მოსკოვი აუცილებლად მოითხოვს მკაფიო არჩევანის გაკეთებას. ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უფრო გვიან დადგება ეს მომენტი, მით უკეთესი.
ეს პოზიცია ეფუძნება რეალისტურ მოცემულობას: უახლოესი 10-15 წლის პერსპექტივაში ევროკავშირის ახალი გაფართოების ტალღა ნაკლებად სავარაუდოა. ცხადია, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არაეფექტური და პოლიტიკურად ანაქრონისტული გაერთიანებაა, პირდაპირ ვთქვათ - ნაგავია, თუმცა, რა რაციონალური აზრი აქვს კრემლთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლას იმ ორგანიზაციის გამო, რომლის კარიც უახლოეს მომავალში არ გაიღება?
პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები გვერდზე უნდა გადავდოთ. შესაძლოა, თეორიულად აბსოლუტურად მიუღებელი იყოს მოსკოვის ორბიტაზე ყოფნა და მიმზიდველი, ევროპული ოჯახი, თუმცა პოლიტიკა პრაგმატიზმს მოითხოვს. თუკი ინტეგრაციის პერსპექტივა გრძელვადიან და გაურკვეველ რიგში დგომას ნიშნავს, ამ მიზნის გამო დღესვე მძიმე ეკონომიკური ზარალის მიყენება საკუთარი ქვეყნისთვის, ბაზრების დაკარგვა და მოქალაქეების სოციალური გაღარიბება, ყოველგვარ სტრატეგიულ სარგებელს მოკლებულია.
ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი
მაშინ, რა არის ლოგიკა სომხეთის ხელისუფლების ქმედებებში? ფიქრობთ, რომ ფაშინიანს შესაძლოა ეს არ ესმოდეს?
აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი მნშვნელოვანი ფაქტორი, რაც ვფიქრობ ხელისუფლების მოქმედების ასახსნელად გამოგვადგება:
- ფაშინიანზე ზეწოლის ფონზე მოქმედებს. დასავლური მხარე შეიძლება ისეთივე აგრესიული იყოს გადაწყვეტილებების მიღების იძულებაში, რომ მათ მხარეს გადახვიდე, თუნდაც ეს შენს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს.
- დარწმუნებული ვარ, ადამიანები ფიქრობენ, რომ რუსეთში რაღაცები იცვლება. ვიტყოდი, რომ არსებობს შანსი, რომ მომავალ წელს ამ დროს რუსეთს პუტინის ნაცვლად სხვა მართავდეს. ჩვენ ერთგვარ გარდამტეხ წერტილში ვართ. კრიზისში მყოფმა რუსეთმა შეიძლება ეს ტრანზიცია გააადვილოს, ან პირიქით – გააუარესოს, მაგრამ რა იქნება, ზუსტი წარმოდგენა არ გვაქვს. მე არ ვარ დარწმუნებული ვარ, რომ მაგალითად, პუტინი რომ დაამხონ, ისინი, ვინც მოვლენ, უფრო უარესები არ იქნებიან. 80%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უარესები იქნებიან, რადგან რუსული ოპოზიცია რეალურად მისგან მარჯვნივ (უფრო რადიკალურ პოზიციებზე - რედ.) დგას.
ხალხს ჰგონია, რომ რუსული ოპოზიცია თბილისში, ერევანში ან ვილნიუსში მყოფი ლურჯთმიანი გოგონები არიან. რეალურად კი ისინი რეაქციონერი ნაძირლები არიან, რომლებსაც სტალინის დაბრუნება სურთ. ასე რომ, ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან.
მოსკოვის შესაძლო სტრატეგია ორ უკიდურეს სცენარს შორის მერყეობს: გეოპოლიტიკური ინდიფერენტულობა ან, პირიქით, საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება ერევნის სრული დამორჩილების მიზნით. თუმცა, კრიზისში მყოფი იმპერიის მხრიდან საკუთარი რესურსების გადაფასების რისკი მაღალია.
მიუხედავად ამისა, რუსეთს სომხეთის შიდაპოლიტიკური არქიტექტურის დესტაბილიზაცია ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში. თუკი თბილისში მოსკოვი ფიზიკურ, სამხედრო ყოფნაზე აკეთებს აქცენტს, ერევანში მისი გავლენის „გრძელი ხელი“ ძირითადად ინსტიტუციურ და ეკონომიკურ ბერკეტებს ეყრდნობა.
რუსეთში შრომითი მიგრაციის მასშტაბები ყოველწლიურად მცირდება, რაც გამოწვეულია სომხეთში ხელფასების ზრდითა და ეკონომიკური სხვაობის შემცირებით, თუმცა ეს ფაქტორი მაინც რჩება მოწყვლადობის წყაროდ. მიგრაციულ ნაკადებზე ხელოვნური ბარიერების დაწესება მთლიან ეკონომიკას ვერ ჩამოშლის, მაგრამ მძიმე დარტყმას მიაყენებს მოსახლეობის იმ ყველაზე ღარიბ 20%-ს, რომელიც კვლავაც რუსეთიდან მიღებულ გზავნილებზეა დამოკიდებული.
რუსეთის გავლენის არსენალში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი სტრატეგიული ბერკეტები, როგორიცაა ენერგეტიკული სექტორი (კერძოდ, ბუნებრივი აირი) და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
ამ კონტექსტში, ჩემი ბოლო კითხვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს ეხება. ცნობილია, რომ ბაქოს ერთ-ერთ მთავარ ულტიმატუმად სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რჩება. ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო საარჩევნო გამარჯვების შემთხვევაში, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ძირითადი კანონის რეფორმა და გახდება თუ არა ეს ნაბიჯი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარანტი?
სომხეთის მიერ კონსტიტუციის შეცვლის შემთხვევაშიც კი, ილჰამ ალიევი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვინაიდან მას მუდმივი დაპირისპირების დღის წესრიგი სჭირდება. ძირითადი კანონის რეფორმირების შემდეგ, ბაქო, სავარაუდოდ, ახალ ულტიმატუმს წამოაყენებს, მაგალითად, ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანელთა“ სომხეთის ტერიტორიაზე დაბრუნების მოთხოვნას.
ალიევის პერსპექტივიდან, კონფლიქტის დასრულება მის პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. იმ მომენტში, როდესაც აზერბაიჯანული საზოგადოება სომხეთთან პრობლემებს მოგვარებულად ჩათვლის, ქვეყნის შიდაპოლიტიკური კრიზისი და სოციალური უთანასწორობა დღის წესრიგში პირველ პლანზე წამოიწევს.
ამ დინამიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პოლიტეკონომიური ფაქტორი: აზერბაიჯანის ნავთობის რესურსები იწურება. თავად ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზებით, ვინაიდან მოპოვება ყოველწლიურად 5-10%-ით მცირდება, 2035 წლისთვის აზერბაიჯანი დაკარგავს მსხვილი ნავთობექსპორტიორის სტატუსს.
ბუნებრივი აირის სექტორშიც მდგომარეობა ანალოგიურია, ახალი მსხვილი საბადოების არარსებობის გამო, ბაქო უკვე აწყდება სირთულეებს ევროკავშირის წინაშე აღებული ენერგეტიკული ვალდებულებების შესრულებისას.
შესაბამისად, რეჟიმი უახლოვდება სტრუქტურულ ეკონომიკურ კრიზისს, რის ფონზეც საგარეო მტრის ხატის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება შიდა აუდიტორიის კონსოლიდაციისთვის. ალიევი ვერ დაუშვებს ყარაბაღის თემის პოლიტიკური სივრციდან გაქრობას, მას ეს კოზირი მუდმივად ჯიბეში უნდა ჰქონდეს. სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის მოთხოვნაც სწორედ ამ კალკულაციის ნაწილია, მან წინასწარ იცის, რომ ერევნისთვის ამ პირობის შესრულება შიდაპოლიტიკურად თითქმის შეუძლებელია.
და ამას რეფერენდუმი სჭირდება, თუ პარლამენტს შეუძლია კონსტიტუიის შეცვლა?
სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობის მკაცრი სპეციფიკითაა განპირობებული. ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესასვლელად აუცილებელია საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, სადაც ინიციატივას მხარი უფლებამოსილი ამომრჩევლის სულ მცირე 25%-მა, ანუ მინიმუმ 650 ათასმა მოქალაქემ უნდა დაუჭიროს. სტატისტიკურად, სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე საშუალო აქტივობა 1.2 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მობილიზება მკვეთრად იკლებს. შესაბამისად, რეფერენდუმის პირობებში, ცვლილებების გასასვლელად კენჭისყრაზე მოსული მოქალაქეების არარეალისტური, დაახლოებით 65%-იანი თანხმობაა საჭირო.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, პროცესი სამ გარდაუვალ გეოპოლიტიკურ და შიდაპოლიტიკურ რისკს აგენერირებს:
შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია: რეფერენდუმის ინიცირება სომხეთს მწვავე შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ფაზაში ჩაითრევს და ქვეყნის პოლიტიკურ არქიტექტურას სრულ ფრაგმენტაციამდე მიიყვანს.
საინფორმაციო კოლაფსი: არსებული საზოგადოებრივი განწყობების ფონზე, თითქმის გამორიცხულია, რომ სომხურმა ელექტორატმა ამ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.
რეფერენდუმის ჩავარდნის შემთხვევაში, ბაქო მიიღებს მყარ პროპაგანდისტულ კოზირს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე სომეხი ხალხი მშვიდობის უარყოფასა და რევანშიზმში დაადანაშაულოს.
შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების მხრიდან ამ პირობაზე დათანხმება კატასტროფულ სტრატეგიულ შეცდომად, ფაქტობრივად, პოლიტიკურ დანაშაულად ფასდება, რადგან მას საერთო არაფერი აქვს კლასიკურ სამშვიდობო პროცესთან. კონსტიტუციის პრეამბულა ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური საბაბია.
თუ მოვლენებს გლობალურ ჭრილში შევხედავთ, ბაქოს ავტორიტარული რეჟიმის რეალური სურვილი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს. მისი მიზანია, აიძულოს სომეხი ამომრჩეველი, ხმა მისცეს საკუთარ კოლექტიურ დამცირებას. ეს არის გათვლილი სტრატეგია: ან ერევანი თანხმდება ეროვნულ კაპიტულაციას, რაც ქვეყანას შიგნიდან ააფეთქებს, ან უარს ამბობს რეფორმაზე, რაც აზერბაიჯანს ახალი სამხედრო ინტერვენციისთვის სრულფასოვან დიპლომატიურ და საინფორმაციო საბაბს მისცემს.
დიდი მადლობა.
* აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულაში ნახსენები დამოუკიდებლობის დეკლარაცია ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს აზერბაიჯანის მიმართ (კერძოდ, ყარაბაღთან გაერთიანების შესახებ) და სანამ ეს მუხლები ძალაშია, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია.