ახალი ამბები

14:51 | 26 ივნისი, 2026

ABC: ჯონ ბოლტონი ბრალის აღიარებას გეგმავს

დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, პარასკევს მერილენდის ფედერალურ სასამართლოში წარდგება, სადაც საიდუმლო ინფორმაციის არასათანადო გამოყენების/შენახვის საქმეზე დანაშაულს აღიარებს.

ინფორმაციას ABC News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: ABC News-ის წყაროების ცნობით, ბოლტონი მზად არის აღიაროს ბრალი სენსიტიური დოკუმენტების უკანონო შენახვის ერთ ეპიზოდში და, ამასთანავე, 2.25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს.

  • გამოცემის ინფორმაციით, ბრალდება, რომელშიც ბოლტონი დანაშაულს აღიარებს, ეხება დღიურებში ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაციის შენახვას.

  • ამავდროულად, ტრამპის ყოფილი მრჩეველი აპირებს მტკიცედ დაიცვას პოზიცია, რომ მას სამთავრობო ოფისებიდან საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტები ფიზიკურად არ გაუტანია.

წარსული ბრალდებები: 2025 წლის ოქტომბერში დიდმა ჟიურიმ ბოლტონს ბრალი 18 ეპიზოდში წაუყენა, რაც მოიცავდა თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გადაცემასა და შენახვას.

  • პროკურორები მას სდებდნენ ბრალს არასამთავრობო პერსონალური ელექტრონული ფოსტისა და მესენჯერის გამოყენებაში, რომლითაც ოჯახის ორ წევრს გადაუგზავნა სულ მცირე 8  გრიფით „საიდუმლო“ და „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტები.

კონტექსტი: ABC News-ი აღნიშნავს, რომ ბოლტონის მიერ დანაშაულის აღიარება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა: ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წარმატებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევა დონალდ ტრამპის იმ ფართომასშტაბიან „შურისძიების კამპანიაში“, რომელსაც იგი საკუთარი პოლიტიკური ოპონენტებისა და „მტრების“ წინააღმდეგ აწარმოებს.


ასევე ნახე