აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ტრამპმს ჰორმუზის სრუტეში ავიაიერიშების შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა. ამ ინფორმაციას Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარების არსი: გამოცემის ცნობით, კუპერის რეკომენდაციამ, სხვა მრჩევლების მოსაზრებებთან ერთად, გავლენა იქონია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის დაბომბვის შეჩერების გადაწყვეტილებაზე.
- ორი კვირის განმავლობაში პირველად, ტრამპმა ამერიკელ სამხედროებს ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის სამხრეთ სანაპიროსა და ჰორმუზის სრუტეში არსებულ სამიზნეებზე დაბომბვის შეწყვეტის ბრძანება მისცა.
- წყაროების თქმით, მანამდე ადმირალმა კუპერმა შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციები პენტაგონს, შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტსა და თეთრ სახლს წარუდგინა.
- ისინი აღნიშნავენ, რომ შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმაც კერძო საუბარში გააფრთხილა თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და ტრამპი იმის შესახებ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების ნაკლებობამ შესაძლოა შეზღუდოს რეგიონში ამერიკული ჯარებისა და მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობა.
სტრიქონებს შორის: როგორც პრეზიდენტის სამხედრო, ისე სამოქალაქო მრჩევლებმა აღიარეს, რომ არსებობს ზღვარი, რისი მიღწევაც სამხედრო მოქმედებებით, კერძოდ კი ავიაციის გამოყენებით არის შესაძლებელი.
- წყაროების ცნობით, შეხვედრის წინა დღეებში ტრამპი ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლებას ფიქრობდა, მაგრამ ხუთშაბათს საღამოს მისი პოზიცია შეიცვალა. სრუტის დაბომბვის შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილება საბოლოოდ პარასკევს ჩამოყალიბდა.
- მან ხაზი გაუსვა, რომ ჰორმუზის სრუტის რაიონში ორკვირიანმა დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა ირანის შესაძლებლობა, გემებზე დარტყმები განახორციელოს.
- კუპერმა აღნიშნა, რომ დაბომბვისთვის განსაზღვრული სამიზნეების უმეტესობა უკვე განადგურებულია. სარდალმა განაცხადა, რომ შემდეგი შესაძლო ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლება იმ სამიზნეების 20%-ის გასანადგურებლად, რომლებიც ამერიკელმა სამხედროებმა განსაზღვრეს, მაგრამ ოპერაცია "ეპიკური რისხვის" (Epic Fury) მსვლელობისას ვერ განადგურდა.
დიდი სურათი: წყაროებმა განაცხადეს, რომ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლების შესახებ გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა: აზრი არ აქვს წინა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე დაბომბვების კამპანიის გაგრძელებას.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივლისში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს "გადაუდებელი საჭიროებებისთვის" 87.6 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
- მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ომში გადამწყვეტ გზაგასაყარს უახლოვდება, ამასთან, ოფიციალური პირები მხოლოდ ორ შესაძლო გამოსავალს ხედავენ: მიაღწიონ ახალ 10-დღიან ზავს ან ისრაელთან ერთად დაიწყონ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რათა თეირანს კაპიტულაცია აიძულონ.