ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის პედაგოგთა სახლში უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მონაწილე, მოხალისე დიმიტრი ცვიჟბას დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ის რუსეთის მხარეს მებრძოლი "პიატნაშკას" ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა.
ამ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.
27-28 დეკემბრის ღამეს დონეცკის ოლქში, ავდიივკასთან ახლოს, სამი აფხაზი მოხალისე დიმიტრი ცვიჟბა, ნოდარ აბიჟბა და ადამ ლაგვილავა დაიღუპა.
ცვიჟბას დაკრძალვაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი ბესლან ჯოპუა, ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა, თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ ანუა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვალტერ ბუთბა და პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ.
მანამდე უკრაინაში ოთხი აფხაზი მოხალისე მოკვდა - ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი და ბესლან თაფაგუა.