ახალი ამბები

10:49 | 22 ივლისი, 2026 — გერმანია

ალიევი მერცს შეხვდა: გერმანია აზერბაიჯანისგან მეტი გაზის შესყიდვას გეგმავს

გერმანიამ და აზერბაიჯანმა დაადასტურეს საერთო სწრაფვა ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებით გაღრმავების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია 21 ივლისს, ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვითარების არსი: გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მომავალში ბაქოსგან მეტი გაზის შესყიდვას გეგმავს.

  • "მას შემდეგ, რაც ოთხნახევარი წლის წინ რუსეთისგან გაზის მიღება შევწყვიტეთ, ბუნებრივია, მიწოდების ახალ წყაროებს ვეძებთ და აქ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს," - აღნიშნა მერცმა.
  • მისი თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის არის, რომელიც იმაზე მეტ ენერგიას აწარმოებს, ვიდრე თვითონ მოიხმარს.
  • "ამ გაგებით, აზერბაიჯანი ჩვენთვის საინტერესო პარტნიორია, როდესაც საქმე ეხება გერმანიის ენერგომომარაგების უზრუნველყოფას," - ხაზი გაუსვა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.  

სტრიქონებს შორის: გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მთლიანობაში აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების იმპორტი დივერსიფიცირებული უნდა იყოს და წყალბადსაც მოიცავდეს. ენერგოეფექტურობის საკითხებს ერთობლივ დეკლარაციაში ცალკე აბზაცი დაეთმო.

  • ბერლინი და ბაქო უზრუნველყოფენ ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში გერმანია-აზერბაიჯანის მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის მუშაობის გაგრძელებას ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულია დოკუმენტში.
  • dpa-ს ცნობით, ამ მომენტისთვის შეთანხმებულია გერმანიაში აზერბაიჯანული გაზის იმპორტის წლიური მოცულობა, რომელიც 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ბერლინში ალიევმა მოცულობის გაზრდის იმედი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის შესაძლოა დამატებითი გაზსადენების გაყვანა გახდეს საჭირო.
  • "რუსული ენერგოინფრასტრუქტურა ნადგურდება და მწყობრიდან გამოდის. რუსეთს აღარ შეუძლია საკუთარი ტრადიციული პარტნიორების უმეტესობა საკმარისი გაზითა და ნავთობით უზრუნველყოს. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ "მწვანე დღის წესრიგზე," თუმცა ამავდროულად ევროპულმა ბანკებმა გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას, რათა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა კვლავ შეძლონ ინვესტიციების მიღება. თუ ეს მოხდება, აზერბაიჯანი შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ექსპორტი ევროპაში, მათ შორის გერმანიაში." - ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

დიდი სურათი: ფრიდრიხ მერცმა ილჰამ ალიევს მიულოცა 2025 წელს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.

  • "ეს ისტორიული ხელშეკრულება ხსნის შესაძლებლობას, გადაილახოს ათწლეულების მანძილზე არსებული კონფლიქტი," - განაცხადა კანცლერმა. მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობის ამაღლება ასევე ქმნის პირობებს ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.

ასევე ნახე