ახალი ამბები

12:23 | 13 ივლისი, 2026 — უკრაინა

ალიევი უკრაინელებს: არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას

"არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას," - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო გორდონის კითხვის საპასუხოდ.

ვითარების არსი: "არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელისულებას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა დღესაც იმავე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას. უკრაინა სწორედ ასე იქცევა. ის არ ეგუება ოკუპაციას, მიუხედავად გასული წლის ძალიან რთული მომენტებისა. ჩვენ მოწმენი გავხდით გარკვეული წრეების მხრიდან ზეწოლისა, რათა ბრძოლა შეწყვეტილიყო ოკუპაციის ფაქტობრივი გაფორმების პირობით. თუმცა, ამას არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელისუფლება არ დათანხმდა." - აღნიშნა ალიევმა.

  • "რაც შეეხება იმას, თუ რა რჩევას მივცემდი მეორე მხარეს - მათ რომ ჩემთვის ეკითხათ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამდი ჩემს აზრს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ თქვენი კითხვის ფარგლებში ამის განხილვა მიზანშეწონილი იქნება. ჩემი შეფასება ომის მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თქვენი შეფასებისგან. მიმაჩნია, რომ ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეცნობიერებინა - ეს ომი უნდა შეწყდეს. და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს არის ჩემი პირადი პოზიციაც. ეს ასევე არის ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის პოზიცია, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებული იყო და რომელმაც შემდგომში ამ ოკუპაციას ბოლო მოუღო." - ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

სტრიქონებს შორის: ილჰამ ალიევმა, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციის გამოცდილებაზე ისაუბრა. მან გაიხსენა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის, თუ სხვა საერთაშორის აქტორების ზეწოლით, ქვეყანას მოუწოდებდნენ უარი ეთქვა ყარაბაღზე, სანაცვლოდ კი სომხეთის მიერ ოკუპირებული ხუთი რაიონის დაბრუნებას პირდებოდნენ. თუმცა, ალიევის თქმით, ამას ვერც ის და ვერც აზერბაიჯანელი ხალხი ვერ დათანხმდებოდა.

  • "სხვადასხვა დიპლომატიური საშუალების გამოყენება მოგვიხდა. არაერთხელ გავგზავნე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ვაშინგტონსა და ევროპაში. მათი მიზანი იყო, ხელი შეეშალათ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან ხალხის ნების გატეხვა შეუძლებელია. ერი, რომელიც ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და ინარჩუნებს თავის ეროვნულ იდენტობას, დაუმარცხებელია. ასეთი ხალხის დამორჩილება ან სხვისი ნების მისაღებად იძულება შეუძლებელია. მათ, ვისაც დღესაც სურთ ამ ომის გაგრძელება, უნდა გააცნობიერონ ეს რეალობა." - თქვა აზერბაიჯანის პრეზიენტმა.

დიდი სურათი: ილჰამ ალიევმა აპრილში, აზერბაიჯანში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი გაიხსენა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

  • "აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალისმიერი გზით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხში თანმიმდევრული და მტკიცეა." - ხაზი გაუსვა ალიევმა.
  • მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას: "რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ამაზე ბევრი საუბარი არ მსურს, რადგან ამას პიარისთვის არ ვაკეთებთ. ეს გულწრფელი ჟესტია. დახმარებას მხოლოდ სახელმწიფო არ აწვდის - მასში რიგითი ადამიანები და კერძო კომპანიებიც მონაწილეობენ. ეს სოლიდარობის ერთიანი მაგალითია."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე