16:03 | 02 ივნისი, 2026 — აშშ
აშშ ევროპაში დამატებითი ბირთვული შესაძლებლობების განთავსებას განიხილავს
აშშ ბირთვული იარაღისა და მათი მატარებელი თვითმფრინავების დამატებით ევროპულ სახელმწიფოებში განთავსებას განიხილავს. ინფორმაციას Financial Times-ი საკითხში გაცნობიერებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარების არსი: აშშ მზადაა, ბირთვული იარაღის მატარებელი თვითმფრინავები დამატებით ქვეყნებში განათავსოს და გააფართოოს იმ ექვსი სახელმწიფოს ნუსხა, სადაც ეს შესაძლებლობა უკვე არსებობს.
- ეს კონფიდენციალური მოლაპარაკებები ევროპაში არსებული შეშფოთების ფონზე მიმდინარეობს, რაც უკავშირდება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, შეამციროს კონტინენტზე აშშ-ის ჯარებისა და კრიტიკული სისტემების რაოდენობა.
ჩაშლილად: წყაროების თქმით, გაფართოების განხილვა აშშ-ის მხრიდან „ბირთვული ქოლგის“ გარანტიის დემონსტრირებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მოკავშირეებს მოუწოდებენ, კონვენციური თავდაცვის ტვირთი მეტად გაინაწილონ.
- ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირეთის რამდენიმე სახელმწიფო, DCA-ის [ორმაგი შესაძლებლობების თვითმფრინავები, რომლებსაც კონვენციური და ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ - რედ.] ბაზების მასპინძლობით დაინტერესებულნი არიან.
- რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ ამ ინტერესს კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
სიღრმისეულად: „აშშ-ის ბირთვული შეკავება ევროპაში ნაკლებად სანდოა, როცა ამერიკული კონვენციური სამხედრო ძალები მცირდება. ბირთვული შეკავება ეფექტურია მაშინ, როცა არსებობს ბირთვულ ზღვარს ქვემოთ მოქმედების სანდო ვარიანტები; განსაკუთრებით საგანგაშოა აშშ-ის ღრმა დარტყმების შესაძლებლობის დაკარგვა“, - აცხადებს შაშან ჯოში, The Economist-ის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი რედაქტორი.
- ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის საერთო თავდაცვა უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო ნებისმიერი თავდასხმის პასუხი „გამანადგურებელი“ იქნება. თუმცა, წყაროების ცნობით, ბირთვული იარაღის მასპინძლობის გაფართოება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
კონტექსტი: ნატოს ბირთვული გაზიარების პროგრამა ამჟამად ბელგიას, გერმანიას, იტალიას, ნიდერლანდებს, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს მოიცავს. ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯებმა, ჯარების აზიის რეგიონში გადანაწილების შესახებ, ევროპელ მოკავშირეებს შორის შიში გააჩინა, რომ კონტინენტის დაცვაში სისუსტეები გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა თავდაცვის ხარჯებს ზრდის, „ბირთვული ქოლგა“ შეუცვლელად მიიჩნევა.