14:36 | 13 ივლისი, 2026 — აშშ
აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია იზრდება, თუმცა ნამდვილი ომისთვის საკმარისი არ არის - CSIS
პენტაგონმა მიზნად დაისახა ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის „საომარ რეჟიმზე“ გადაყვანა, რათა სისტემამ ხანგრძლივ კონფლიქტებს გაუძლოს.
სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის (CSIS) ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ პროგრესი რეალურია, თუმცა ბაზა მასშტაბური ომისთვის მაინც არ არის მზად.
ციფრებში: 10 ათასი ახალი კომპანია შევიდა თავდაცვის ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამაც მრავალწლიანი ვარდნის ტენდენცია შემოატრიალა.
120 მილიარდი დოლარი: არასამხედრო პროფილის (ტექნოლოგიურმა) კომპანიებმა ბოლო ფისკალურ წელს კონტრაქტებით ორჯერ მეტი თანხა მიიღეს, ვიდრე ათი წლის წინ.
7.6 მილიარდი დოლარი: ამ მოცულობის სახელმწიფო ინვესტიცია ჩაიდო იშვიათ მიწათა ელემენტების პროექტებში ბოლო თვეებში.
4.6% მშპ-იდან: 2027 წლისთვის დაგეგმილი სამხედრო ბიუჯეტი (1.5 ტრილიონი დოლარი) ხარჯებს ამ ნიშნულამდე გაზრდის, რაც მაინც ჩამორჩება ცივი ომისდროინდელ დონეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პენტაგონი სასწრაფოდ ცდილობს საბრძოლო და საზენიტო რაკეტების [ანტიბალისტიკური რაკეტების] მარაგების აღდგენას, რომლებიც ირანის ომის დროს შეთხელდა. ახალი გეგმით, 2030 წლისთვის წარმოება მკვეთრად უნდა გაიზარდოს:
Patriot-ის (PAC-3 MSE) ანტიბალისტიკური რაკეტა: წლიური გამოშვება 600-დან 2,000 ერთეულამდე გაიზრდება.
THAAD-ის ანტიბალისტიკური რაკეტა: წარმოება წელიწადში 96-დან 400 ერთეულამდე ავა.
PrSM-ის ბალისტიკური რაკეტა: წარმოება 4-ჯერ გაიზრდება (წელიწადში 550 ერთეულამდე). ამ რაკეტებმა ძველი ATACMS-ები უნდა ჩაანაცვლოს.
ვაშინგტონი აქცენტს იაფ, მასობრივ შეიარაღებაზე აკეთებს. გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის შესყიდვებში დაბალბიუჯეტიანი საბრძოლო მასალების წილი 70%-მდე გაიზრდება.
- ამის მაგალითია სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი პროგრამა, რომელიც 27,000 იაფი რაკეტისა და 300,000 დრონის წარმოებას ითვალისწინებს.
ჩინეთის ფაქტორი: პეკინი კვლავ აკონტროლებს იშვიათ მიწათა ელემენტების გლობალური მოპოვების დიდ ნაწილს, გადამუშავების თითქმის 90%-სა და მაგნიტების წარმოებას.
- ეს ის მასალებია, რომლებზეც რაკეტების მართვის (სანავიგაციო) სისტემები და რადარებია დამოკიდებული.
- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა საკუთარი წარმოება 95 ტონიდან (2022 წელს) 8,900 ტონამდე (2025 წელს) გაზარდა, ვაშინგტონი სტრუქტურულად მაინც ვერ ხდება დამოუკიდებელი, რადგან ნედლეულის საბოლოო გადამუშავება ისევ ჩინეთში ხდება.
თუმცა: ფურცელზე არსებული პროგრესი რეალურ მზადყოფნას არ ნიშნავს. CSIS-ის ანგარიშის მთავარი გაფრთხილებებია:
ირანის ომში დახარჯული საბრძოლო მასალების ჩანაცვლებას სამ წელზე მეტი დასჭირდება;
კრიტიკული იარაღის დამზადების ციკლი (შეკვეთიდან მიწოდებამდე) კვლავ 2-დან 4 წლამდე მერყეობს;
კერძო, ტექნოლოგიური სექტორიდან პროტოტიპების მასობრივ სამხედრო წარმოებაში გადატანის რეფორმა ჯერჯერობით ეფექტური არ აღმოჩნდა.
დიდი სურათი: საომარი დროის ეკონომიკა სრულიად სხვაგვარად გამოიყურება.
- უკრაინა თავდაცვაზე მშპ-ის 39.6%-ს ხარჯავს;
- ისრაელი - 7.8%-ს;
- რუსეთი კი - ოფიციალურად 7.5%-ს;
- აშშ თავისი 3.1%-ით ახლოსაც არ არის ამ ციფრებთან, ხოლო მისი უახლოესი მოკავშირეები კიდევ უფრო ჩამორჩებიან (დიდი ბრიტანეთი - 2.4%, ავსტრალია - 1.9%, იაპონია - 1.4%).
მთვარი სათქმელი: CSIS-ის ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ: საომარი მზადყოფნა არ არის სტატუსი, რომელიც შეგიძლია უბრალოდ გამოაცხადო.
- ეს არის მდგომარეობა, რომელიც მუდმივად უნდა აშენო, გამოსცადო და შეინარჩუნო.