დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:58 | 30 ოქტომბერი, 2026 — აშშ

აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება მოსთხოვა - Reuters

პენტაგონმა NATO-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას მოუწოდა, რუსეთის საფრთხეზე საჯარო განცხადებები შეარბილონ. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ევროპელი ლიდერების მკაცრი რიტორიკა კონტინენტის უსაფრთხოებას აზიანებს და რუსეთთან დაძაბულობას ზრდის.

ამის შესახებ Reuters ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიურად იუწყება.

ვითარების არსი: ბოლო კვირებში პენტაგონის წარმომადგენლებმა ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს რუსეთის მიმართ საჯარო განცხადებებში მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

  • Reuters-ის ცნობით, ეს გზავნილი მოკავშირეებს ორმხრივი შეხვედრებისას გადასცეს. უცნობია, მიიღეს თუ არა მსგავსი თხოვნა NATO-ს სხვა ევროპულმა წევრებმაც.

  • ამერიკული მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო პენტაგონის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ელბრიჯ კოლბი, რომელიც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების გადახედვაშიც მონაწილეობს.

  • სააგენტოს წყაროების თქმით, ამერიკელების მოთხოვნა მკაცრი ან კონფრონტაციული ტონით არ გაჟღერებულა.

რამ გამოიწვია ვაშინგტონის უკმაყოფილება: Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნების ყურადღება მიიპყრო ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებმა, რომელთა თანახმადაც, უკრაინაში გაჭიანურებული ომის გამო რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს დგამს.

  • ერთ-ერთი ასეთი განცხადება სექტემბრის ბოლოს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა გააკეთა, რომელმაც ვლადიმირ პუტინი "კუთხეში მომწყვდეულ ვირთხას" შეადარა.

  • მიხალის თქმით, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთი ევროპაში დივერსიულ ოპერაციებს აძლიერებს.

  • Reuters-ის წყაროს ცნობით, კოლბიმ ერთ-ერთ ბალტიისპირელ მაღალჩინოსანს უთხრა, რომ ევროპელები რუსეთის "გაღიზიანებას" უნდა მოერიდონ.

  • "ჩვენ გეხმარებით, ამერიკელები აქ ვართ. უბრალოდ, ხმაურს ნუ ატეხთ", - ასე აღწერა პენტაგონის გზავნილი ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

  • პენტაგონმა ესტონეთის დელეგაციას ცალკე შეხვედრაზეც მოუწოდა, საჯარო განცხადებებში უფრო მოზომილი ყოფილიყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: NATO-ში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, როგორ უნდა ისაუბრონ მოკავშირეებმა რუსეთის საფრთხეზე.

  • ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ მოსკოვის საფრთხის მუდმივმა ხაზგასმამ შესაძლოა კრემლის ინტერესებს შეუწყოს ხელი, რადგან რუსეთი ევროპაში შიშის გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ცდილობს.
  • სხვების აზრით, მთავრობებმა საფრთხე საზოგადოებას ღიად უნდა აუხსნან, რათა თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი ხარჯებისა და რესურსების გამოყოფის აუცილებლობა დაასაბუთონ.

დიდი სურათი: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპას ერთდროულად ორი მოთხოვნით მიმართავს - საკუთარი უსაფრთხოებისთვის მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და, ამავე დროს, რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

კონტექსტი: ვაშინგტონი რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილებას იმ დროს ითხოვს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს.

  • აშშ მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს, პარალელურად კი კიევს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

  • ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთთან შესაძლო ეკონომიკურ გარიგებებზეც მსჯელობენ.

  • პენტაგონი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას გადახედავს, რამაც შესაძლოა კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვიოს.

  • ამასთან, ვაშინგტონი ევროპელი მოკავშირეებისგან საკუთარი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს, რადგან აშშ სამხედრო ყურადღებას ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიისკენ მიმართავს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე