დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:47 | 30 ოქტომბერი, 2026 — აშშ

ევროპის ქვეყნები რუსეთთან მოლაპარაკებებზე წარმომადგენელზე ვერ თანხმდებიან - FT

აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია წარმოადგენენ ევროპას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე. ამ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ვითარების არსი: ამავდროულად, სხვა ევროპულ ქვეყნებს პროცესს მიღმა დარჩენის ეშინიათ: ევროპის შიგნით არ არის ერთიანობა წარმომადგენლობის მექანიზმზე.

  • ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი წინა თვეში უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ, რომ ე.წ. E3 ჯგუფი გახდება მოლაპარაკებებზე ევროპული წარმომადგენლობის მექანიზმი. მასში შედიან ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.
  • მთლიანობაში, ოთხმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა გამოცემას, რომ ვაშინგტონი და კიევი E3-ს განიხილავენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის ყველაზე სავარაუდო ფორმატად.
  • თუმცა, ეს იდეა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს კონტინენტის შიგნით: შედარებით მცირე ევროპულ ქვეყნებს ეშინიათ, რომ სამი ყველაზე დიდი სახელმწიფო ევროპის საერთო პოზიციის ნაცვლად საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს.

სტრიქონებს შორის: ერთ-ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე ევროპა შეეცდება მიჰყვეს E3 ფორმატს.

  • თუმცა სერიოზულ მოლაპარაკებებზე გადასვლის შემთხვევაში, საჭირო გახდება ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართვაც, კერძოდ ევროკავშირთან უკრაინის მომავალი ურთიერთობებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გაუქმების განხილვისთვის.
  • წარმომადგენლობაზე დავა იმ ფონზე მიმდინარეობს, რომ ევროპულ დედაქალაქებში არსებობს შიში, თითქოს ტრამპმა და პუტინმა შესაძლოა ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ თვითონ ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე.
  • კერძოდ, საუბარია რუსეთისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებზე, რომლებიც შეიძლება ითვალისწინებდეს შეზღუდვებს ნატოსთვის.

დიდი სურათი: ბერლინში "კარნეგის რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის ცენტრის" დირექტორ ალექსანდრ გაბუევს მიაჩნია, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ევროპელების ჩართვით პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ არა უშუალო მოლაპარაკებებში.

  • ასეთი მიდგომა, მისი აზრით, ტრამპს აძლევს მეტ შესაძლებლობას, ზეწოლა მოახდინოს ევროპულ მთავრობებზე, რათა ისინი დაეთანხმონ რუსეთისთვის დათმობებების პოლიტიკას.
  • გაბუევს ასევე მიაჩნია, რომ რუსეთი ნაკლებად სავარაუდოა დაინტერესდეს ომის დასრულებაზე სერიოზული მოლაპარაკებებით ზამთრის დასრულებამდე. მოსკოვი ვარაუდობს, რომ მასირებული საჰაერო შეტევების მეშვეობით შეასუსტებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებებში.

კონტექსტი: მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებს აქვთ გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები მოლაპარაკებების პროცესზე - სანქციები, 200 მილიარდ ევროზე მეტი გაყინული რუსული აქტივები და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა - მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის დიპლომატიურ გავლენად გარდაქმნა.

  • ამავდროულად, აშშ ინარჩუნებს კონტაქტებს ევროპელ ლიდერებთან. კერძოდ, უიტკოფი რუსეთში ვიზიტისას და უკან დაბრუნებისას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს შეხვდა.
  • სამშაბათს ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებმა პუტინთან ტელეფონით ისაუბრეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
  • ამან გამოიწვია კრიტიკა დანიის, იტალიისა და ლიეტუვის მხრიდან. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ მოსკოვთან ნებისმიერი კონტაქტი უნდა ეყრდნობოდეს საერთო ევროპულ პოზიციას, გავლენის რეალურ ბერკეტებსა და მოთხოვნების მკაფიო ჩამონათვალს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე