დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:47 | 12 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

Axios: ტრამპი ენერგეტიკულ ზავში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს გულისხმობდა

დონალდ ტრამპის მიერ 11 ოქტომბერს გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავში ნაგულისხმევი იყო ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები - ამერიკელი პრეზიდენტი ზრდის წნეხს ვოლოდიმირ ზელენსკიზე.

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს. 

ვითარების არსი: თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე დარტყმების შეჩერება მხოლოდ პირველი ნაწილი იქნება და შეთანხმება მალე სხვა ტიპის ენერგეტიკულ ობიექტებზეც გავრცელდება.

  • ამასთანავე, გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ რუსეთი ჯერჯერობით არანაირ ზავს არ დათანხმებია.

ჩაშლილად: ამასთანავე, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე დარტყმების შეჩერების შეთანხმებას უკრაინელები უსამართლოდ მიიჩნევენ, რადგანაც უკრაინას ერთადერთი მსგავსი საწარმო აქვს, რომელიც რუსეთმა რამდენიმეჯერ დაბომბა და სრულადაც ვერ ფუნქციონირებს.

  • საპირისპიროდ, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ფართო ქსელი მოქმედებს - საუბარია 35-მდე საწარმოზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინულმა დრონებმა გასულ თვეებში დაბომბეს.

  • "ჩვენ იმპორტით შემოგვაქვს ჩვენი დიზელი და ბენზინი. რაც გვჭირდება, ის არის, რომ რუსებმა შეწყვიტონ დარტყმები ჩვენს ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე", - ამბობს გამოცემასთან საუბარში უკრაინელი წყარო.

  • "რუსები ჯერ კიდევ ფიქრობენ, ცოტა ხანში გვეცოდინება, მზად არიან თუ არა შეთანხმებისთვის", - მიუთითებს ამერიკელი მაღალჩინოსანი.

დიდი სურათი: ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში რუსულმა დრონებმა ქალაქ ხარკივის ელექტროსადგურები დაბომბეს.

  • ზავის გამოცხადება მოულოდნელი იყო ვოლოდიმირ ზელენსკისთვისაც - უკრაინელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კიევი მზად არის ზავისთვის, თუ რუსეთიც შეწყვეტს დარტყმებს უკრაინის ელექტრომომარაგების სისტემაზე.

სტრიქონებს შორის: Axios-ის წყაროების ცნობით, ტრამპი ზრდის წნეხს ზელენსკიზე, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ეს უკრაინული დარტყმები ზრდის გლობალურ ფასებს დიზელზე და აზიანებს რესპუბლიკური პარტიის პოზიციებს მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე.

  • "უკრაინის დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე უფრო მეტად აზიანებს მის ურთიერთობებს ტრამპთან, ვიდრე რუსეთის ეკონომიკას", - ამბობს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.

კონტექსტი: კრიზისის ფონზე, მოსკოვში ოქტომბრის მიწურულისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადეს ტრამპის ემისრებმა - ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა.

  • ტრამპის გუნდი ელოდება უკრაინელებისა და ევროპელების პასუხს, მისაღები იქნება თუ არა მათთვის ახალი წინადადება, რომელიც ვლადიმირ პუტინს უნდა წარუდგინონ.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე